ქართული კინოს

ვარსკვლავი

სოფიკო ჭიაურელი

საქართველოი იმ ადამიანებს ვინ უყვართ, სახელს ულამაზებენ, ვინც ძალიან უყვართ - სახელით მოიხსენიებენ, არის კიდევ განსაკუთრებული რამ, როცა  ადამიანს ქალაქის სახეს  უწოდებენ. სოფიკო ჭიაურელს ყველა, ქართველი და არაქართველი, ახლობელი და შორით ნაცნობი,  სოფიკოთი  ახსენებდა და არ  მეგულება ადამიანი, ვისაც ასე ერგებოდა სიტყვა ქალაქელი, თბილისელი, როგორც სიფიკო ჭიაურელს. თბილისელობაში არის გარდა დედაქალაქის მასშტაბურობის,  კიდევ რაღაც, რაც მისი ისტორიის, მისი ტრადიციის  ნაწილად  გაქცევს, როცა შენი თანამოქალაქე უსიტყვოდ გიგებს, სოფიკოს ასეთად თვლიდა ყველა, ვინც მას იცნობდა. ამასთან, სოფიკო არ იყო გეოგრაფიულ საზღვრებს მიკუთვნებული პიროვნება, ის  ყველგან თანაბრად აღქმადი იყო და ეს შთაბეჭდილება, განპირობებული, მშვენებიერებისა  და ნიჭის ერთობით, მსახიობის  სამშობლოს სახესაც ასახიერებდა.

სოფიკო ქართული საცენისა და  ეკრანის დიდი მსახიობის,  ვერიკო ანჯაფარიძის და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ქალიშვილი იყო, მაგრამ  ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში იგი მშობლებისაგან დამოუკიდებლადაც,  თავისი  შემოქმედებითი ბიოგრაფიით იქნებოდა გამორჩეული.

 დაწყებული მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, მისი პირველი როლიდან  სპექტაკლში  "ბაბთიანი გოგონა", დამთავრებული  საკუთარ სახლში გახსნილ ერთი მსახიობის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებით –  სახეთა კალეიდოსკოპია, რომლის გასულიერებაც მხოლოდ სულიერად მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ და მით უმეტეს იმგვარად გასულიერება, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდნენ მნახველს. სოფიკოს ჰქონდა ეს ნიჭი.

კინოში დიდი და ჭეშმარიტად ვარსკვლავის ცხოვრება განვლო სოფიკო ჭიაურელმა, ფილმებში –"ჩვენი ეზო", "ვერის უბნის მელოდიები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ხევსურული ბალადა", "საიათნოვა", "სურამის ციხე" და მრავალი სხვა. მან მრავალი დაუვიწყარი  სახე შექმნა.  სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფის ფილმები სოფიკო ჭიაურელისათვის სახელისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა და იგი ჭეშმარიტად ცნობადი სახე გახდა მილიონობით

 

მაყურებლისთვის.  მაგრამ სოფიკოს არ უცხოვრია ვარსკვლავის მედიდურობით და სიცივით. არაჩვეულებრივად  სტუმართმოყვარე, ხალისიანი ადამიანი, ქმედითი და არა მოჩვენებითად საქმიანი ადამიანი, ასეთი დამამახსოვრდა პირადად მე და ალბათ ბევრს, ვინც მას იცნობდა და სულაც არ არის მნიშვნელოვანი ხშირად სტუმრობდი, თუ იშვიათად ხედავდი მას. ის  გავსებდა თავისი პიროვნული ხიბლით და ამიტომაც, როცა მისი შეუძლოდ ყოფნა გავიგე, ვერა და ვერ წარმოვიდგინე  პირადად მე,  რა შეიძლება მოჰყოლოდა ყოველივე ამას.   სოფიკო ჩვენ დაგვაკლდა, იგი ყოველი ჩვენგანის პირადი დანაკარგია.

 

 

 

 

 

 

 

სოფიკო ჭიაურელი მშობლებთან –ვერიკო ანჯაფარიძესთან და მიხეილ ჭიაურელთან ერთად.

# 1

URL: index.htm

 

Используются технологии uCoz