ეთერ ოკუჯავა

 

 

დასაწისი

 

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კინოხელოვნებებს შორის ქართული კინემატოგრაფი განსაკუთრებულია, როგორც ესთეტიკური ფენომენით, ისე ისტორიით. მსოფლიოს ბევრი მოწინავე  ქვეყანა  მსგავს ისტორიულ წარსულს  არ ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო  პატარა ქვეყანაა, რომელიც ევრაზიის გასაყარზე მდებარეობს და მუდმივად რთულ პოლიტიკურ–ეკონომიკურ ყოფაში იმყოფება, კინემატოგრაფი აქ მკვიდრდება და ევროპაში  კინოს დაბადებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ წარმატებასაც აღწევს.

 

მართალია, ამ დროს (1896–1910) კინო ჯერ შეუცნობია თავისი ესთეტიკური მნიშვნელობით და ჯერჯერობით მიეკუთვნება  „ბალაგანურ“, თავშესაქცევ გასართობთა რიცხვს (მეტნაკლებად კომერციასთან ნაზავსაც), მაგრამ როგორც იტყვიან, მაცდუნებელი ნაპერწკალი მძლავრად დაინთო და ძმების ლუი და ოგიუსტ ლუმიერების სინემატოგრაფად წოდებული გამოგონება საქართველოში წარმატებით „ამუშავდა“.

 

 ცხადია, ამ მოვლენას კონკრეტული მიზეზი გააჩნია, ისეთი როგორიცაა გამოგონების პოპულარიზაციისათვის ფრანგული კინოფირმების „პატესა“ და „გომონის“ აქტიური მუშაობა და იმავდროულად, არანაკლებად მნიშვნელოვანი, საქართველოს რუსეთთან და ევროპასთან, უფრო ზუსტად, მათ საბაზრო სივრცესთან მჭიდრო კავშირი. მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს  განსაკუთრებული გეოგრაფიული, ისტორიული და განსაკუთრებით კი ისტორიულ–კულტურული წინაპირობები, ყოველ თანაზიარობას მსოფლიო კულტურაში ახალმოვლენილ ნოვაციების მიმართ  – ბენებრივად წარმოაჩენდა. ზემოთქმულთან ერთად, დაინტერესების უპირველესი მიზეზი თვით ხალხი გახლდათ. კონკრეტულ შემთხვევაში კი კულტურის სფეროში ცნობილი ადამიანები. შალვა დადიანი – მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ქართულ კინოში არსებობის პირველივე წლებიდან მუშაობს, როგორც მსახიობი და სცენარისტი.  გერმანე გოგიტიძე – კინოგადაღების ორგანიზატორი, ან პროდიუსერი – დღევანდელი ტერმინოლოგიით... და რაღა თქმა უნდა, პირველი კინოოპერატორები ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი, რომლებიც თავისი პატარა მოკრძალებული ფილმ–ჩანახატებით, პირველი ფრანგული ფილმებისა არ იყოს, ხან სადგურზე ძვირფასი სტუმრების ჩამოსვლას, ხან ნადირობას, ტვირთის გადაზიდვას და ხანაც უბრალოდ, ხალხის სეირნობას ასახავდნენ. იმხანად, ამ პატარა ფილმებს, მართლაც ადამიანების გაოცების ფუნქცია ჰქონდა (დღეს დღეობით თითოეული მათგანი უძვირფასესი ისტორიიული დოკუმენტია), ასე გაგრძელდა ვიდრე ვასილ ამაშუკელმა არ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“ (1912), რომელიც მსოფლიოში პირველი სროლმეტრაჟიან დოკუმენრურ ფილმად ითვლება და რომელმაც არა თუ შემოუნახა სამშობლოს  უდიდესი მგოსნისა და მწერლის სახე, არამედ, ასახა ხალხის განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა პოეტის მიმართ. ეს მეტად ძვირფასი დეტალი გახლავთ, რადგან დაწყებული პირველი კინოჩანახატებიდან  ხსენებული დოკუმენტური ფილმის გადაღების პერიოდის ჩათვლით, მსოფლიო კინემატოგრაფში,  ოპერატორები აღბეჭდავდნენ ხელისუფალს ან ტახტის მემკვიდრესან, ან  წარჩინებულ სახელმწიფო მოღვაწეს  და არსად – პოეტსა და ხელოვანს, საზოგადო მოღვაწეს.

 

მართალია, პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ შეიქმნა ე.წ. რევოლუციამდელ საქართველოში 1916 წელს, მაგრამ პროცესი,  რასაც ხელოცნებაში სისტემატური შემოქმედებითი საქმიანობა ჰქვია და მასთან ერთად კინოწარმოება – ამ ფილმით არ დაწყებული. უპირველესად იმიტომ, რომ კინემატოგრაფისთვის საჭირო გახლდათ  (და დღესაც გახლავთ) მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, იგი ჯერ–ჯერობით არ არსებობდა საქართველოში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

 

რაც შეეხებათ „ქრისტინეს“ შემქმნელებს, მათ მხოლოდ ყურმოკვრით იცოდნენ, რომ ევროპაში ვიაცას ისტორიულ თემაზე, კოსტიუმირებული და დეკორაციებით მდიდარი ფილმი გადაეღო. სწორედ ეს ინფორმაცია გახდა ალექსანდრე წუწუნავასათვის  „ქრისტინეს“ გადაღების შთამაგონებელი წყარო (გერმანე გოგიტიძე ალექსანდრე წუწუნავასადმი მიწერილ თავის ერთ წერილში აღფრთოვანებით იხსენიებს ფილმს, სავარაუდოა, რომ იგი წერდა ჯოვანი პასტრონეს (1883–1959) „კაბირიას“–1914 შესახებ),  მაგრამ კინოწარმოება, როგორც გააზრებული საორგანიზაციო საქმიანობა, რომელიც ხელოვნებას გზასაც გაუკვალავდა და კომერციულ  უკუგებასაც მოუტანდა – როგორც ზემოთ ითქვა, ჯერ გააზრებული არ იყო კინომესვეურთა მიერ, ამიტომაც გაუჭირდათ მათ არა მხოლოდ პროცესის წარმართვა, არამედ ერთი ფილმის, „ქრისტინეს“ გადაღება. სამუშაო სირთულეებზე აღარ შევჩერდები, მათ მრავლად აღწერენ ქართული კინოს მკვლევარები, საკმარისია, ითქვას, რომ ახალბედა კინემატოგრაფისტთა მუშაობა გართულდა, უფრო ზუსტად დროში გაიწელა  უამრავი ყოფითი  თუ შემოქმედებითი  პერიპეტიით, მაგრამ საბოლოოდ მაინც წარმატებით დასრულდა.  ის, რომ ქართულმა კინომ დაიწყო არსებობა – უდიდესი  მნიშვნელობის ფაქტი იყო, რომელიც ემსახურებოდა  ერის ცნობიერი სისტემის ზრდას,  მის მენტალურ სრულყოფას, საზოგადოებრივი აზრის ღიად გამოთქმის ჩვევის გამომუშავება და ა.შ., თუ გნებავთ,  ეროვნული უიმედობის  გადალახვასაც, რაც  გასაბჭოებულ საქართველოში უთუოდ არსებობდა საზოგადოების ფართო მასებში. მკაცრი პოლიტიკურ–სიციალური რეალობებიდან, საზოგადოების სულიერი დეპრესიები უაღრესად ხელშესახები და თვალსაჩინო იყო. მოგეხსენებათ, 1918 წლის 26 მაისს არჩევნების საფუძველზე საქართველო დამოუკიდებელ დემოკრატიულ ესპუბლიკად გამოცხადდა. გაიმარჯვეს მენშევიკებმა  – სოციალ–დემოკრატებმა. საქართველომ ამ ფაქტით კვლავ აღიდგინა სახელმწიფოებრიბი დამოუკიდებლობა. თუმცა, ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა  კრიზისმა, სოციალურმა პრობლემებმა კინემატოგრაფის განსავითარებლად პირობები ვერ შექმნა. სამაგიეროდ, სწორედ ამ დროს დიდ წარმატებას აღწევს მუსიკალური, კერძოდ საოპერო ხელოვნება, იდგმება ფალიაშვილის ოპერები „ლატავრა“, „დაისი“ და რაც მთავარია 1918 წელს თბილისში დაარსდა  განათლების ეროვნული კერა, უნივერსიტეტი.

 

20–იანი წლების დასაწყისში საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად იცვლება; ისტორიული სინამდვილე  იმგვარად გადაწყდა, რომ 1921 წლის თებერვალში რუსეთი, რომელიც ამ დროს ბოლშევიკთა ძალაუფლებასია საქართველოს ანექსიას ახერხებს და საქართველო იძულებულია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შემავალი ქვეყანა გახდეს.

 

ამგვარად, 1921 წლიდან საქართველოს  კინოწარმოება აიღებს სათავეს, და მოხდება  კინოხელოვნების წარმოებასთან დაკავშირება. ერთი სიტყვით, შემოქმედებითი პროცესი, უწყვეტი მდინარებით წარიმართება და ამას ხელს უწყობს კინოწარმოების სახელმწიფო დაფინანსების ჭერ ქვეშ ყოფნა, მაგრამ მეორეს მხრივ, მატერიალური უზრუნველოფა ქართული კინოს პროდიქციაზე იდეურ–თემატურ, მხატვრულ ზედამხედველობასაც ნიშნავდა უთუოდ.

 

 

XX  საუკუნის ხელოვნების – კინემატოგრაფის დაბადებას საქართველოში და საზოგადოებაში მის პოპულარობას  რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შესახებ ავღნიშნეთ და კიდევ დავაზუსტებთ: პირველ ეტაპზე – კინო, მსოფლიოში გავრცელებული სიახლე, ქართული საზოგადოების ცნობისმოყვარეობისა და წაბაძველობის  წყალობით მზარდი ინტერესით სარგებლობდა და ამ სწრაფვაში მას კინოფირმების – „პატე“ და „გომონის“ აქტიურობაც ეხმარებოდა.

 

მეორე ეტაპზე – ანუ გასაბჭოების შემდგომ, წმინდად კომერციული ასპექტის გვერდით არსებობდა კინემატოგრაფის კიდევ ერთი და ძალზედ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც, იგი სახელმწიფოებრივ ინტერესებში უმალ მოექცა. ეს იყო ღრმა მნიშვნელობის სახელმწიფო ინტერესი. იგი პოლიტიკური ხასიათისა იყო  და მას იდეოლოგია ერქვა.

 

ამგვარად, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს ანექსირებული საქართველო „დიდი რუსეთის“ ყველა დირექტივას იზიარებდა, მათ შორის კინოხელოვნების დარგში. ამ ნიშნის დასტურია ისიც, რომ კინოფაბრიკას 1923 წელს „სახკინმრეწვი“ ეწოდა, რაც სახელმწიფო კინომრეწველობას ნიშნავდა, ანუ სახელმწიფო კინტროლის მანქანის ამოქმედებას კინომრეწველობაზე. კონტროლს დამორჩილებული ხელოვნება – ასეთი იყო 20-იანი წლების დასაწყისიდან ფეხადგმული ქართული კინო.

 

   #### 2

Π˜ΡΠΏΠΎΠ»ΡŒΠ·ΡƒΡŽΡ‚ΡΡ Ρ‚Π΅Ρ…Π½ΠΎΠ»ΠΎΠ³ΠΈΠΈ uCoz