მანანა ლეკბორაშვილი         
    “გიორგობისთვე” 40 წლის შემდეგ    

 

   

 

“განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თუ სცენარისტსა და რეჟისორს დავუჯერებთ, ქარხანაში ყველა - დირექტორიდან დაწყებული მუშამდე - სინდისგარეცხილია, შესაძლებელია ეს მდგომარეობა რომელიმე კონკრეტულმა ფაქტმა უკარნახა ფილმის ავტორებს, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევა ტიპიური ხომ არ არის”.

გაზეთი “სოფლის ცხოვრება”, 29.01.1967

“პირველი და ყველაზე მთავარი, ჩვენი აზრით, ის არის, რომ ფილმი თავიდან ბოლომდე აგებულია ბნელი, უხეში, ტლანქი ძალების ბატონობაზე. იგი უპერსპექტივობას, უიმედობას ქადაგებს. ყველგან ქარხანაშიც, ქუჩაშიც, ზეიმობს სიყალბე, ავი ფიზიკური ძალადობა, რომელსაც ყველა დაუმორჩილებია.

ფილმი ვერ ამართლებს დანიშნულებას - იგი კი არ ამხელს, არამედ სიმახინჯის ყოვლისშემძლეობას, ჯანსაღი, აქტიური ძალების უმწეობას ქადაგებს და თვითონ ეს ჯანსაღი ძალაც არ ჩანს მინიშნებით მაინც.”

გაზეთი “თბილისი”, 2.02.1967

“გიორგობისთვეს” ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასეთია ავტორთა სუბიექტური მისწრაფება, მაგრამ ამ ჩრდილოვან მხარეთ იქით არსებული დიდი და მზიანი სამყარო არ სურთ დაინახონ. ავტორები ცდილობენ არა მარტო ერთი კონკრეტული ღვინის ქარხანა წარმოგვიდგინონ უხამსობის ბუდედ, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, ყველა მხარე დახატონ, რაც შეიძლება მუქი, შავი საღებავებით. ამრიგად, ჩვენ წინ დგება მხოლოდ სიმახინჯე, უსამართლობითა და სიბილწით აღსავსე ცხოვრება, სადაც კეთილისა და ნათელის წარმომადგენლად ერთი უსუსური, უნდილი ბიჭია გამოყვანილი!

...ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს. ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვნებისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. (...) მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არა აქვს რა ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ცუდად ლაპარაკობს”.

გაზეთი “კომუნისტი”, 4.02.1967

 

ეს ყველაფერი ოთარ იოსელიანის ფილმის “გიორგობისთვის” შესახებაა. 1967 წელს, ფილმის ეკრანებზე გამოშვებიდან სულ მცირე ხანში, ორ-ორი დღის ინტერვალით საქართველოს რესპუბლიკის სამ მთავარ გაზეთში ჩნდება გამანადგურებელი სტატიები.

ფილმს უწუნებენ ყველაფერს -მხატვრულ დონეს, “დრამატურგიულ აღნაგობას”, მსახიობების შერჩევას, ცხოვრების ხედვის კუთხეს, პროლოგს და ეპილოგს, მიუღებელ სიმბოლიკას (ეკლესია და ზარების რეკვა).

ერთი შეხედვით უცნაურია — აშკარაა, რომ ფილმის “ოფიციალური” მახასიათებლები: თემა, კონფლიქტის სახე თუ მისი გადაწყვეტა სავსებით ჯდება საბჭოთა ოფიციოზის ერთ-ერთი საყვარელი ჟანრის “საწარმოო ფილმის” სტანდარტებში.

თავად განსაჯეთ: საწარმოში — ღვინის ქარხანაში მოდის ახალგაზრდა კაცი; იქ მას ხვდება დარღვევები სოციალისტური კანონიერების სფეროში — ქარხნის ადმინისტრაცია გეგმის შესასრულებლად მზად არის უხარისხო პროდუქცია გაუშვას ქსელში ანუ ჩამოასხას და გაყიდოს ღვინო, რომლის მახასიათებლებიც არ შეესაბამება სტანდარტებს — შეიძლება ითქვას, ის ჯერ კიდევ არ არის ღვინო, არ გაუვლია ამისთვის საჭირო ტექნოლოგიური ციკლი, მაგრამ ამას დრო სჭირდება, დრო კი არ ითმენს; ქარხანაში ყველა უსიტყვოდ იხრის ქედს გეგმის დიქტატის წინაშე — ზოგი კარიერისტული ენთუზიაზმით, ზოგი -ინერციით, ზოგიც საკუთარ სინდისთან კომპრომისის ხარჯზე.

მხოლოდ ახალგაზრდა კაცს არ აძლევს სინდისი უფლებას შეეგუოს უკანონობას: მუშების უტყვი მხარდაჭერით ის ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ჟელატინს ასხამს ჩამოსასხმელად გამზადებულ ღვინის რეზერვუარში. ამით ფაქტის წინაშე აყენებს ქარხნის დირექტორს და აიძულებს დაიცვას “სოციალისტური ნორმების” არსი და არა ფორმა — პროდუქტის ხარისხი და არა გეგმა.

გავიხსენოთ, 30-იანი წლებიდან მოყოლებული ამ სქემაზე აგებული რამდენი საბჭოთა ფილმი გვინახავს. თითქოს ამ სქემას ახლაც უნდა ემუშავა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ სქემა ქაღალდზე დარჩა; თუმცა ფაბულის დონეზე ყველაფერი მართლაც ასე ხდება, რეალურ ფილმში სიუჟეტის განვითარებას სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს მაყურებლის აზრი.

რამდენიმე დღე ახალგაზრდის ცხოვრებიდან, გადაღებული როგორც პოეტური ქრონიკა: პირველი ნაბიჯები პროფესიულ ასპარეზზე, განზავებული შემთხვევითი შეხვედრებით, ურთიერთობით ქალიშვილთან, რომელიც მოსწონს; პირველი სამუშაო დღე, ახალი წრე, ახალი ურთიერთობები ქცევის ახალ ნორმებს სთავაზობენ ნიკოს, მაგრამ განსხვავებით მისი მეგობარი ოთარისაგან, საზოგადოებაში მიღებული იერარქიული სოციალური როლების ბრმად მორგება უცხოა ნიკოსთვის. იგი სხვა გარემოშია გაზრდილი, გარემოში, სადაც ადამიანი მისი ჭეშმარიტი ღირებულებით იზომება და არა სოციალური ნიღბით.

რეჟისორი ყურადღებით აკვირდება ქალაქის ყოფას. მას ერთნაირად აინტერესებს ქუჩები თუ ბინები, თბილისის კაფეების თუ ქარხნის ატმოსფერო, მთავარი გმირების თუ შემთხვევითი გამვლელების ქცევის ნიუანსები. ერთმანეთს ენაცვლება დოკუმენტური სიზუსტით ასახული ქალაქური ყოფის დეტალები, ოდნავ ირონიული შტრიხები თუ სარკასტული იუმორი.

ამ გარემოში კონფლიქტი თითქოს სრულიად შემთხვევით, სხვათა შორის წარმოიშვება და მისი გადაწყვეტაც ასეთივე, თითქოს შემთხვევითი, სხვათა შორისია. მას არა აქვს მიცემული დაპირისპირების, ბრძოლის ფორმა. დრამატიზმი მაქსიმალურად შენიღბულია. არც სიტყვები, არც გარეგნული მოქმედება არაფერს გვეუბნება ნიკოს სულში მიმდინარე შინაგან ბრძოლაზე — მხოლოდ მისთვის უჩვეულო განწყობა, ერთგვარი შინაგანი მოუსვენრობა, ფარული გაღიზიანებაა თვალში საცემი. “გმირობის” დილას კი — უცნაურად უხეში, ირონიული, “დაკაცებული” ნიკო წარმოგვიდგება თვალწინ.

შინაგანი პროცესების ამგვარი ანარეკლები ყოველგვარ სიტყვებზე უკეთ გვაგრძნობინებს, რომ ეს სულაც არ იყო ნიკოსთვის იოლი გადაწყვეტილება. ის არც ლოზუნგებს ეყრდნობა და არც სამართლიანობისათვის მებრძოლ იდეებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია უბრალოდ, წესიერი კაცის მიერ, რომელსაც სხვანაირად არ შეუძლია. მისი ფესვები კი იმ ტრადიციული ღირებულებების გარემოში უნდა ვეძებოთ, რომელშიც ჩამოყალიბდა ნიკოს პიროვნება და რომელსაც შემთხვევით არ გვათვალიერებინებს ასე დეტალურად რეჟისორი.

“აქ ერთი ელემენტარული აზრია: ადამიანი — ეს ქაღალდის სუფთა, თეთრი ფურცელია, და მეტად მნიშვნელოვანია, ცხოვრება მასზე რა ფრაზას დაწერს პირველს, გადალახავს თუ ვერ გადალახავს თავისი ცხოვრების რუბიკონს, და ეს ნაბიჯი განაპირობებულია ოჯახის წყობის, ყოველივე იმის წყობის, რაც გარს ეხვია, ზრდიდა, ასწავლიდა... მოკლედ, ვინ არის ის — მცენარე ფესვებით თუ ფესვების გარეშე.”

სუსტი აგებულების, რომანტიკოსი მეოცნების გარეგნობის ნიკო სულაც არ ჰგავდა კომუნისტური იდეალებისთვის მებრძოლ საბჭოთა გმირს. ის საბჭოთა პერიოდის დაცინვის ობიექტს, წარსულის გადმონაშთს — უსუსურ ინტელიგენტის ტიპს უფრო მიესადაგებოდა. 60-იან წლებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხელოვნებაში ახალ ტალღასთან შეგუება უჭირდა როგორც ოფიციოზს, ისე საზოგადოებას.

ფილმში ნიკო თავის თავში აღმოაჩენს ძალას აირჩიოს პოზიცია და დაუპირისპირდეს ინდიფერენტულობას, ინერციით მოძრავი საზოგადოების დაუწერელ კანონებს. მაგრამ ეს მხოლოდ მისი “პირადი რევოლუციაა”. გადატრიალება ინდივიდუალურია, საზოგადოება კი კვლავ მშვიდად მიჰყვება დინებას, ისეთები, როგორიც ნიკოა, ამინდს ვერ ქმნიან. დრამატული კვანძის გახსნა — დირექტორის გამამხნევებელი და თან დამამცირებელი წამორტყმა მხარზე: “ყოჩაღ, კარგად მოქცეულხარ!” — ყველაზე მგრძნობიარე დარტყმაა კინოს იმ მოდელზე, რომელიც კომუნისტური იდეალების აუცილებელი გამარჯვებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ფორმალურად იდეალი აქაც იმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.

სწორედ ეს “ინდივიდუალური რევოლუცია” გახდა, ალბათ, ერთ-ერთი გამოწვევა კოლექტიურობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებისათვის. საბჭოთა საზოგადოებაში იბრძოდნენ კოლექტიურად, იმარჯვებდნენ კოლექტიურად. ინდივიდი შეიძლება ყოფილიყო ან მტერი, ან ბელადი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ყველა სიკეთით შემკული იდეალური გმირი, და ისიც მხოლოდ კოლექტივის მძლავრ მხრებზე დაყრდნობილი.

მაგრამ ბრალდების მთავარ პუნქტად მაინც ცალკეული მანკიერი ფაქტების განზოგადება იქცა. საყოველთაოდ მიღებული თამაშის წესებისგან განსხვავებით, “გიორგობისთვეში” სწორედ ნიკოს საქციელი გამოიყურება გამონაკლისად საზოგადოებაში, რომელიც რევოლუციური იდეალების ნანგრევებში მყუდროდ მოკალათებულა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა სასაცილოდაც არ ყოფნის.

ალბათ, გამაღიზიანებელი უნდა ყოფილიყო, როცა დღევანდელი კანონების დინებას მდორედ მიყოლილთ მოურიდებლად შეგახსენებენ სხვა კანონების, სხვა ცხოვრების არსებობას. ამიტომ ესხმიან ასე გააფთრებით ფილმის პროლოგს და ეპილოგს: რთველი ქართულ სოფელში. დაფიქსირებული არ არის არც ადგილი, არც დრო — კადრში სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი სპეციფიკური დეტალებია, ხმოვან რიგსაც სხვადასხვა კუთხის მეტყველება თუ მუსიკალური ჰანგები ავსებს. საერთოა მხოლოდ გლეხის ნაჯაფი ხელები, მზით დაღარული სახეები, ყოველგვარ პათეტიკას მოკლებული შრომის რიტუალი, რომელსაც ასევე დინჯი, ღირსების გრძნობით აღსავსე სუფრა ასრულებს. ექსპოზიციის დასასრულს კი კამერა სწყდება ამ ჭეშმარიტად მიწის ადამიანებს და ცისკენ მიემართება, საიდანაც მათ მთის წვერზე წამომართული ეკლესია დაჰყურებთ. იგივე პანორამა ეკლესიაზე მეორდება ფილმის ეპილოგშიც.

ერთი შეხედვით დოკუმენტური სიზუსტით დახატულ ამ უწყინარ სცენებს ფილმიც და მაყურებლის აზრებიც სხვა განზომილებაში გადაჰყავს: ტრადიცია და დღევანდელობა, ყოველდღიური წვრილმანი ფუსფუსი და მარადიულობა, რომლის საზომითაც უნდა იზომებოდეს ადამიანის ყოველი ნაბიჯი — აი, საკითხების ის წრე, რომელიც აღელვებს ოთარ იოსელიანს და არა კომუნისტური იდეალების დაცვა. ყოველდღიურობის ზოგადსაკაცობრიო საკითხებთან შეპირისპირება, მარადიული ღირებულებების შეხსენება კი არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა მავანთათვის. როგორც ჩანს, ფილმი თავის დროისთვის მეტისმეტად რეალისტური აღმოჩნდა, სარკეში ასახული საკუთარი გამოსახულება კი -არცთუ სიმპათიური.

ასე რომ, გამაღიზიანებელი ამ ფილმში საკმარისზე მეტიც იყო და მის მიერ გამოწვეული აღშფოთება დღეს კანონზომიერი ჩანს. სხვა საქმეა, რომ რეალობაში ამ ტალღის აგორებას ბიძგი ერთი კონკრეტული პირის, “რესპუბლიკური მასშტაბის მეორე ზედამხედველის” (აკაკი ბაქრაძის ტერმინი) ფილმით პირადმა უკმაყოფილებამ და აღშფოთებამ მისცა. დაწვრილებით ამ პერიპეტიების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს აკაკი ბაქრაძის მოგონებებში შეუძლია. იგი ამ დროს კინოსტუდიის სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი იყო და ამდენად მოვლენათა შუაცეცხლში იმყოფებოდა.

მისივე დამოწმებით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე კინოსტუდიაში დაიწყო დენა “მშრომელთა” წერილებმა (ტიპური მინაწერით — ასლი გადაგზავნილია კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში), რომელთა პათოსი საერთო იყო — სირცხვილია ამ ფილმის ჩვენება, აიკრძალოს, განადგურდეს, დაისაჯოს.

მიამიტ ადამიანს შეიძლება გაკვირვების გრძნობაც კი გაუჩნდეს, როდის მოასწრო ამდენმა ხალხმა ამ ფილმის ნახვა და თანაც მაშინვე კალმის მომარჯვება. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ეს ორგანიზებული აღშფოთებაა, მით უმეტეს, როცა ვიგებთ, რომ ფილმის სანახავად სპეციალურად შეიკრიბა ამა თუ იმ საწარმოს აქტივი, როცა წერილები მოდის ფილმის ეკრანებიდან მოხსნის შემდეგაც. მაგრამ მთლიანობაში მთელი ეს კამპანია და განსაკუთრებით ამ წერილების შინაარსი, მეტყველება, პათოსი მეტად საინტერესოდ ახასიათებს ეპოქას.

მას შემდეგ ორმოცი წელი გავიდა. არცთუ მცირე დრო კინოფილმისთვის, მით უმეტეს თანამედროვეობის თემაზე გადაღებული ფილმისთვის. როგორც ცნობილია, დროს ადევნებული ფილმები მალე ბერდებიან — თემატურად, სტილისტურად, სულიერად. “გიორგობისთვე” კი დღესაც აქტუალურია, რადგან არ შეიძლება აქტუალური აღარ იყოს პირადი პასუხისმგებლობა, საკუთარი “მეს” ერთგულება, საქციელი.

ხოლო რაც შეეხება “მუქი, შავი საღებავებით დახატულ ცხოვრებას”, “ნატურალიზმის ჭაობს” — დღეს ეს ეპითეტები ღიმილს თუ იწვევს. ანდრე ბაზენი, ალბათ, კმაყოფილი დარჩებოდა — იოსელიანმა ბევრ დოკუმენტზე უკეთესად შეძლო მომავალი თაობებისთვის შემოენახა 60-იანი წლების თბილისის ცოცხალი სახე, მისი სურნელი, კოლორიტი — ეგზოტიკის გარეშე, ფაქიზი ნიუანსები — პედანტიზმის გარეშე.

  # მეორე (5)

URL:index.htm

 

 

   
Π˜ΡΠΏΠΎΠ»ΡŒΠ·ΡƒΡŽΡ‚ΡΡ Ρ‚Π΅Ρ…Π½ΠΎΠ»ΠΎΠ³ΠΈΠΈ uCoz