ქართველ კინოპროდიუსერებთან მომწონს მუშაობა...

 

 

    საერთაშორისო კინოფესტივალების არაერთი პრიზის ლაურეატი, კინორეჟისორი დიტო ცინცაძე, ავტორი ფილმებისა დახატული წრე, სტუმრები და ზღვარზე ათ წელზე მეტია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბოლო წლების მისი ფილმებია უიღბლო მკვლელები, 2001, გასროლის შიში, 2003, კაცი საელჩოდან, 2006. მათ სულ ახლახანს დაემატა კომპანია სანგუკოში გადაღებული ფილმი მედიატორი და დამოუკიდებელ პროექტში დოკუმენტური ფილმი ელდარ შენგელია.    
   

 

 

კინემა ბატონო დიტო, რაზეა თქვენი ახალი ფილმები?

დიტო ცინცაძე მედიატორი მანკიერ ადამიანებზე, ადამიანთა მანკიერი წრეზეა გადაღებული ესაა ტრილერი, საკმაოდ დაძაბული რიტმით. ერთი სიტყვით, ისეთი, რაც, ვფიქრობ, მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. სანგუკოსთან ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ახალგაზრდა ბიჭებმა ნულიდან დაიწყეს და რაღაც შექმნეს, გააკეთეს, ისინი პატიოსნად შრომობენ და პროდუქციას მაღალ ტექნიკურ დონეზე ქმნიან.

საერთოდ, საქართველოში შესამჩნევია მოძრაობა კინოს სფეროში და ეს, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა. დიდ პატივისცემას იმსახურებს რემკა, ყარაბაღი რომ გააკეთა... მაგრამ, ვშიშობ, თუ 3-4 წელში არ ამოიღეს პროდიუსერებმა ჩადებული თანხები, ისინი გაჩერდებიან. ამიტომ კიდევ უფრო დასაფასებელია მათი მუშაობა, რისკი, რაც ეროვნული კინოს სიყვარულიდან მოდის, მათი კეთილსინდისიერებიდან.

დავამთავრე ფილმი ჩემს პედაგოგზე და ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანზე ელდარ შენგელაიაზე. ფილმი არჩილ გელოვანთან გადავიღე, კომპანია დამოუკიდებელ კინოპროექტში. ფილმი მარტივადაა გაკეთებული, ელდარი საუბრობს, არის ელდარის ფილმების ფრაგმენტები და ქრონიკები. ძალიან მომწონს, რომ ამგვარი პროექტებისადმიც იჩენენ ყურადღებას ჩვენი პროდიუსერები. საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ქართველ კინოპროდიუსერებთან მომწონს მუშაობა...

საინტერესოა, როგორ დაიწყო თქვენი საზღვარგარეთული შემოქმედება?

.. მას შემდეგ, რაც ფილმმა ზღვარზე გაიმარჯვა ლოკარნოში 1993 წელს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი პიროვნებით (2006 წელს დიტო ცინცაძის ფილმი ლოკარნოში კვლავ აღინიშნა, ეს იყო გერმანიაში გადაღებული კაცი საელჩოდან, მსახიობმა ბურგჰარტ კლაუსნერმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი ლეოპარდი დაიმსახურა ჟურნ. ). თუმცა, ყველაფერი ნელ-ნელა მოხდა. ჩემთვის ახლა უფრო გასაგებია ჩემი ცხოვრების დრამატურგია. ახალი ნაცნობობის წყალობით და ევროპის სხვადასხვა ფესტივალზე მიწვევებით დავიწყე, ასე ვთქვათ, ევროპაში მოძრაობა. უფრო ხშირად გერმანიაში ჩავდიოდი. დასაწყისში ჩემი მოგზაურობები თითქოსდა უშედეგო იყო, ასე გაგრძელდა თითქმის 1997 წლამდე. შემდეგ მივიღე სტიპენდია ბერლინში. თუმცა, ისიც ვერ გამოვიყენე შედეგიანად. ამასობაში დამიგროვდა ევროპული შთაბეჭდილებები, ბერლინის გარდა მე, როგორც გითხარით, ევროპის სხვა ქალაქებშიც მიწევდა მოგზაურობა.

1998 წელს მეორე სტიპეტნდია მივიღე და ამავე დროს შევხვდი ერთ-ერთ პროდიუსერს. ჩემს განვლილ გზაზე და ევროპულ შთაბეჭდილებებზე შევთავაზე მას უკვე დაწერილი სცენარი და მაშინვე გადაწყდა ფილმის გადაღება. ასე შეიქმნა უიღბლო მკვლელები.

ფილმის დასრულების შემდეგ ჩამოვედი თბილისში, მაგრამ მეორე პროექტი უკვე შემოთავაზებული მქონდა. ჩამოვედი და მივხვდი, რომ აქ მე ვერაფერს გავაკეთებდი და წავედი ბერლინში ოჯახით.

დღეს მე მარტო ერთი პროდიუსერი არა მყავს და ეს ბუნებრივია, როდესაც იქ ცხოვრობ, ყოველდღე ვიღაცას ხვდები, ძირითადად საქმე მაქვს პატარა კომპანიებთან, რომლებსაც პროდიუსერები განაგებენ.

დიტო, როგორ გრძნობთ თავს სამშობლოდან შორს?

.. იმ სისტემაში, რომელშიც ვცხოვრობ, ცხოვრების რიტმი დაძაბულია, უცხო ხალხში ვარ. ბუნებრივია, იქ როცა ვარ, მენატრება აქაური ხალხი, მაგრამ ჩამოვდივარ მუშაობა მინდა, მივდივარ აქ მინდა და .., მუდმივ მონატრებაში ვარ.... ასე აეწყო ჩემი ცხოვრება, ამჟამინდელი, ყოველ შემთხვევაში. და მაინც, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არაფერი იცვლება, მეჩვენება, რომ სიხარულის განცდა დავკარგე...

იქნებ ეს არა მარტო თქვენი განცდაა, არამედ გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდგომ შესამჩნევი საყოველთაო ჭეშმარიტება.

.. რასაკვირველია, მარადიულობას ვერ გავექცევი და მარადიულობა გიჩვენებს, რა პატარა ხარ ამ კანონზომიერებაში. ერთი რამ მშველის, მუდამ მაქვს ფილმების წყურვილი, მაგრამ ფილმებიც შეიცვალა და ეს გარემოება მოითხოვს იყო მუდმივად ფხიზლად.

დახატულ წრეზე და ზღვარზე მუშაობისას დიტო ცინცაძე ასევე ფიქრობდა?

.. მაშინ სხვა იყო, იყო ახალგაზრდობა, გამოუცდელობა, საქმის აბსოლუტურად უანგარო სიყვარული, მოლოდინი... მერე ჩემს ცხოვრებაში, ანუ ფილმებში (მე ჩემს ცხოვრებას და ფილმებს ერთად განვიხილავ) მკაცრი, შავი იუმორი შემოდის. ნაკლები სიყვარულით და უფრო პესიმისტური. შეცდომებს ვუშვებ, ცხადია. იმ მომენტში არ უკვირდები და მერე ეს ყველაფერი გიბრუნდება ან გახსენდება. ეს ყველაფერი ილექება შენში. ალბათ, ეს განცდებია, შემდეგ ფილმებში რომ ისახება.

ერთიც უნდა ვთქვა: უკან რომ მოიჭრი გზას, მერე რაღაც გამოდის... როგორც ჩანს, მე რადიკალისტი ვარ. მე სახლი გავყიდე. გადავწყვიტე მომეჭრა უკანა გზები, უკან გამოსაქცევი რომ აღარ მქონოდა. სხვანაირად ვერ დავრჩებოდი. ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად მოგიყვებით, ახლა ისევ კინოზე...

რა გეგმები გაქვთ?

.. მომავალ წელს გერმანიაში გადავიღებ ფილმს ჩემი სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიურ ტრილერს, თითქოსდა ეროტიკულად დატვირთულ თამაშს. ფილმში მოქმედება ვითარდება ტყესთან ახლოს, სახლში, ესაა ერთგვარი სამყაროს სიმბოლო, ჩვენიანებიდან მერაბ ნინიძე ითამაშებს. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ერთ ფილმზე ვერ ვფიქრობ, მე ვამართლებ ამას. ჩემი აზრით, სამზე უნდა იფიქრო ერთდროულად. ამიტომაა, რომ ერთი ფილმი დავამთავრე, მეორე დავიწყე და მესამეზე მოლაპარაკება მაქვს, აზერბაიჯანის წინადადებაა...

მოგვიყევით ცოტა რამ იმ ატმოსფეროზე, სადაც თქვენ ტრიალებთ.

.. თქვენ გაინტერესებთ კინოავტორიტეტები... კინოავტორიტეტები აღარ არიან. საავტორო კინო დღეს კლასიკაა, მივიწყებული ლეგენდაა. საავტორო კინო აღარ არის. ალბათ იმიტომაც, რომ სულ უფრო ძნელი ხდება მისი დაფინანსება.

ევროპაში ალმოდოვარი ავტორიტეტია არ უარვყოფ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ალმოდოვარი ესპანეთში არ უყვართ. ესპანელები თვლიან, რომ ის არ აჩვენებს ნამდვილ ესპანეთს, მაგრამ მას თავისი მაყურებელი ჰყავს. როცა ჩემს პროდიუსერთან ალმოდოვარზე ვსაუბრობდი, აღმოჩნდა, რომ მას და მე სხვადასხვა რამ მოგვწონდა ალმოდოვარში. სხვათა შორის, ესპანურ კინოში არიან ახალგაზრდები, რომლებიც სულ სხვა გზით მიდიან, ანტიალმოდოვარისტული კინოა.

ფრანგებიდან მომწონს ოზონი, ფრანსუა ოზონი სიურრეალისტია... კარგი დონის ანალიტიკა აქვს. მასაც თავისი მაყურებელი ჰყავს.

საფრანგეთში მომწონს აგრეთვე დომინიკ მოლი, გერმანული წარმოშობის ფრანგი რეჟისორი, რომელმაც უკვე მეორედ წარადგინა კანში თავისი ფილმი, გახსოვთ, ალბათ, ხუთი წლის წინ დიდი წარმატება ჰქონდა მის ფილმს ჰარი მაგობარი, რომელსაც სიკეთე სურს, ხოლო 2005-ში გადაიღო ლემინგი, ლორან ლიუკას, შარლოტა გინზბურგის, შარლოტა რემპლინგის და ანდრე დიუსოლიეს მონაწილეობით.

საინტერესოა ტომ ტიკვერის შემოქმედება გერმანიაში, იგი ავტორია ფილმისა პარფიუმერი: მკვლელის ისტორია და სხვა, რომელიც ბოლო დროს მეინსტრიმში გადავიდა.. მე პირადად მეინსტრიმში არ ვმუშაობ. ისეთი კინო მიყვარს, რომ არ მოგასვენებს.

არის ფლორიან ჰენკელ ფონ დანერსმარკის სხვათა ცხოვრება, კარგი ფილმია, ოსკარი მიიღო სხვათა შორის... ბუნებრივია, აკადემიზმითაა შექმნილი, ძალიან კარგია მსახიობი ულრიხ მიუე, ვიცნობდი, სხვათა შორის გარდაიცვალა, სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი ინტერესი ეკუთვნის რადიკალური აზროვნების, სარისკო კინოს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფასბინდერის გზას ცოტა თუ მიჰყვება. ამ მიმართულებით მუშაობს უფრო ფაიტიჰ აკინი, მათ შორისაა ახალგაზრდა შტეფან კრომერი, რომელიც ჩემი ასისტენტი იყო... ჩემგან ეს ესთეტიკაც შორსაა საკმაოდ...

ქართველებს იცნობენ?

.. ამ პანორამაში ქართველებს გარკვეულწილად იცნობენ, რასაკვირველია სპეციალისტები. ოთარ იოსელიანს, ნანა ჯორჯაძეს, ელდერ შენგელაიას, გიორგი შენგელაიას, გელა ბაბლუანს... ახლა ის 13-ის რემეიკს აკეთებს ჰოლივუდში. ისე კი, უნდა ვთქვა, რომ იქ არავინ არავის უსმენს. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ახალგაზრდობა თავხედია, მეორეც წარმატება იზომება ფულით. შეგიძლია პრიზები დააგროვო და ეს არტისტული წარმატებაიქნება მხოლოდ, დაგპატიჟებენ, მოგეფერებიან, შეგაქებენ, დაწერენ შენზე... მაგრამ დაფინანსებას მიიღებ მხოლოდ მაშინ, როცა ფილმი ფულს გააკეთებს. მე ვცდილობ იმ ნიშის მოძებნას, სადაც კარგ ფილმსაც გააკეთებ და ფულსაც შემოიტან. ამერიკულ წინადადებაში სწორედ ეს ორი მომენტი. მინდოდა დამეცვა, მაგრამ არ გამოვიდა: როგორც კი საქმე მიდის ბიუჯეტიან ფილმზე რთულია, იქ ყველაფერი ლიმიტირებულია, საფუძველი ამ სიმკაცრისა კი ისაა, რომ კომერციული წარმატების გარეშე შეუძლებელია კინოს არსებობა. პროდიუსერს ფულის მოგება უნდა და ეს გასაგებია. ერთ საათს გადააცდენ და დამატებით თანხას მოგთხოვს. ამდენად, თუ ვისაუბრებთ ცენზურაზე, უმტკიცესი ცენზურა არის კომერციულ საქმეში.

მაგრამ ჩემთან ამგვარი რამ არ არსებობს, ჩემთან არ ერევა პროდიუსერი, რადგან ჩემი ფილმების ბიუჯეტი 2 მილიონს არ სცილდება, როგორც კი 7 გახდება ჩამერევა.

საკუთარ თავთან დარჩენისას კომპრომისზე ხომ არ დაფიქრებულხართ?

.. მიუხედავად ყველაფრისა, მე რაც გავაკეთე, ყველა ის ფილმია, რის გადაღებაც მინდოდა. არცერთი არ გადამიღია სანახევროდ, სტუმრებიდან დაწყებული, თავიდან ბლომდე, ყველა ის არის, რაც მინდოდა.

ერთია მხოლოდ, ხანდახან ძალიან გინდა დასვენება, მაგრამ ვერ ახერხებ, რადგან მუდმივად გიხდება ფხიზლად ყოფნა და ბრძოლა.

ერთი სიტყვით, დაუნდობელი დროა, მე ასე ვიტყოდი, ადამიანის ერთმა სიცოცხლემ მოიცვა დროთა ცვლა და ამიტომ გვიჭირს, მაგრამ, ალბათ, ყოველთვის ასე იყო.

გმადლობთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით მედიატორთან დაკავშირდებით კინემას მომავალ ნომერში.

 

 სტატია გადმოიბეჭდა ჟურნალიდან "კინემა".  იხ. "კინემა", 2008 წლის დეკემბერი, მეორე საიუბილეო ნომერი.დიტო ცინცაძეს   ჟურნალ "კინემას"  სახელით ესაუბრა ეთერ ოკუჯავა,

 

  # 1  (4) . 2009

index.htm

 

   

 

 

Используются технологии uCoz