კინემა 2. 2008

5

6

 

კინემა

 

ვასილ ამაშუკელი

14.3.1886 _ 1.12.1977

ქართული კულტურა უძველესია, ხოლო მისი ნაციონალური ტრადიციები საკმაოდ ცხოველმყოფელი. უკვე 1912 წელს საქართველოში გაჩნდა პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (1200 მეტრი), რომელიც ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო და ამით აღბეჭდა გამოჩენილი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის საქართველოს სოფლებში მოგზაურობა. ფილმი შემონახულია და მასში არის შესანიშნავი კადრების მთელი წყება.

ჟორჟ სადული

UO (უაკ) 791.43 (100) + 791.43 (479.22)

-523

 

 

 

 

კინემა

ქართული კინო _ 100

ჟურნალის სპონსორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

2 (2) 2008

 

მკითხველს მიეწოდება

სამ თვეში ერთხელ

 

ჟურნალი გამოდის 2008 წლის ნოემბრიდან

დამფუძნებელი

 

იურიდიული პირები

კულტურული ინიციატივების ფონდი “ნატო” და სტუდია “კინემა”

 

ფიზიკური პირები

მიხეილ მრევლიშვილი და

ეთერ ოკუჯავა

ჟურნალის კონცეფციის

ავტორი და

მთავარი რედაქტორი

ეთერ ოკუჯავა

შეფ-რედაქტორი

მაია მენაღარიშვილი

კორექტორი

ქეთევან შარაშენიძე

გამოცემის მენეჯერი

ლიანა ხოშტარია

 

აიწყო და დაკაბადონდა

 

გამომცემლობა “კოლორპრინტში”

დაიბეჭდა სტამბა

“ფავორიტში”

 

 

 

რედაქტორისაგან

ქართული კინო 100 წლისაა...

ბევრი ქვეყანა მოკლებულია ამ ბედნიერებას _ კინემატოგრაფის არსებობის ასწლიან გზას, იმ წარმატებებს და იმდენ ნიჭიერ ხელოვანს, ჩვენ რომ გვყავს. ქართულ კინოს დღეს ძალიან უჭირს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამ რთულ პირობებშიც კი ცდილობს იცოცხლოს და წარმატებებს მიაღწიოს, _ ახერხებს კიდეც.

ალბათ, ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება კინოპროცესის ასწლიანი გზის გამო და თანაც საიუბილეო ჟურნალის ნომერში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერანაირ ფორმატში ვერ ჩავეტეოდით, ამიტომ შემოვიფარგლეთ ქართული კინოს წარსულსა და დღევანდელობაში საკმაოდ “მხიარული” შეჭრით (თუმცა ყველაფერი არ იყო და არც არის მხიარულების მომტანი) და დღევანდელი, დამაიმედებელი სინამდვილის ჩვენებით. ამის საფუძველს გვაძლვს ის, რომ კინოცენტრი, კინემატოგრაფისტთა კავშირი, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი”, კინოსტუდიები თუ კომპანიები “რემკა”, “დამოუკიდებელი კინოპროექტი”, “სანგუკო” და სხვა, აგრეთვე, კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი _ ყველა ერთად ქართული კინოს მომავალს ემსახურება, მათ შორისაა ჟურნალი “კინემაც”.

ყვალას, ქართული კინოს მაყურებელს პირველ რიგში, თვით კინემატოგრაფისტებს, ჩვენში და საზღვარგარეთ მოღვაწე სახელოვან თანამემამულეებს, გილოცავთ, ქართული კინოს იუბილეს და, რა თქმა უნდა, ახალი, 2009 წლის დადგომას.

ბედნიერება და წარმატება დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის მქონე ჩვენს ქვეყანას, დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მის ყველა მოქალაქეს, ყველა ერის ადამიანს.

 

 

ჟურნალის გარეკანის პირველ გვერდზე გამოყენებულია თამარ ფოცხიშვილის პლაკატის “ქართული კინო ასი წლისაა” ფრაგმენტები

 

კულტურული ინიციატივების ფონდი “ნატო”

 

ქართული კინო 100

ნიკოლოზ რურუა

სასიამოვნო დამთხვევა: ქართული კინოს ასწლიანი იუბილე და ახალი წელი 5

კონსტანტინე ჩლაიძე

კინოცენტრი მოქმედების არეალს აფართოებს 5

არჩილ შუბაშვილი

ქართული კინო 6

 

ქართული კინოწარმოება

ქეთი ტრაპაიძე

სად კეთდება ქართული ფილმი 15

ქეთი ტრაპაიძე

უცხოელი პარტნიორები ქართულ კინოწარმოებაში 17

ლელა ოჩიაური

“დამოუკიდებელი კინოპროექტი” 100 წლის სივრცის დამოუკიდებლად გარღვევის ახალ ფორმას ამკვიდრებს 18

“გასეირნება ყარაბაღში 2” “დამოუკიდებელი კინოპროექტის” ახალი პროექტის სივრცეში პირველი მოგზაურობაა 20

დასრულდა კიდევ ერთი ახალი ფილმი

დავით ჯანელიძე

სარეჟისორო განწყობა 23

უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები

დიტო ცინცაძე

“ქართველ კინოპროდიუსერებთან მომწონს მუშაობა...” 25

თანამედროვე ქართული კინოს პრობლემები

მერაბ კოკოჩაშვილი

აღარ გვინდა რევოლუციები... 28

კინომსახიობთა თეატრი

ლელა ოჩიაური

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრად ქცეული კინოსტუდია

“ქართული ფილმის თეატრალური სახელოსნო” 30 წლისაა 31

ქართული კინოს წარსულიდან

მარინე სხირტლაძე

ვასილ ამაშუკელი _ კინოდოკუმენტების კვალდაკვალ 38

კინო ჩემს ცხოვრებაში

გიორგი მარგველაშვილი

კინო არის ნამდვილი მაგია 44

 

ძველი თბილისი ქართულ ეკრანზე

“ქეთო და კოტე” 46

“რაც გინახავს ვეღარ ნახავ” 47

“დათა თუთაშხია” 48

პერსონა

ირინა კუჭუხიძე

რეალურისა და ირეალურის მიჯნაზე _ მიხეილ კობახიძე 49

ფილმის იუბილე

მანანა ლეკბორაშვილი

“გიორგობისთვე” 40 წლის შემდეგ 52

ახალგაზრდა ხელოვანი

ქეთევან ჯაფარიძე

ძიების გზა 55

 

საერთაშორისო კინოფესტივალი თბილისში

სოფო ჩიხელიძე

ფესტივალი დაიწყო...ინტერვიუ თბილისის საერთაშორისო

კინოფესტივალის დრექტორთან გაგა ჩხეიძესთან 57

 

 

 

 

                                          ქართული კინო - 100

ნიკოლოზ რურუა

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი

სასიამოვნო დამთხვევა: ქართული კინოს ასწლიანი იუბილე და ახალი წელი

ძვირფასო კინემატოგრაფისტებო,

გილოცავთ ქართული კინოს 100 წლისთავს. საქართველოსა და ქართველებს მუდამ ბრძოლით უხდებოდათ ქართული კულტურის შემონახვა და განვითარება. ამ საქმეში უდიდესი წვლილი ჩვენს კინემატოგრაფისტებსაც მიუძღვით.

გამოგონებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენში უკვე წარმატებით სარგებლობდა .. სინემა, ასევე ადრეულ წლებს განეკუთვნება ქართველ კინემატოგრაფისტთა პირველი წარმატებები...

ასი წელი არც ისე ბევრია კულტურის სხვა დარგებთან შედარებით. კინემატოგრაფი, მათ შორის ქართულიც, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, და წინ დიდი და საინტერესო გზა აქვს გასავლელი. ჩვენი კინემატოგრაფი, როგორც წარსულში, ისე მომოვალში მუდამ ამ ბილიკის ერთ-ერთი მკვალავი იქნება.

იმედი მაქვს, რომ უკვე დაწყებული კინოპროექტები წარმატებით დასრულდება, ხოლო ის, რაც მომავალში დაიგეგმება, კვლავ სახელისა და დიდების მომტანი იქნება ქართველი ხალხისათვის.

გილოცავთ სახელოვან იუბილეს და ახალ 2009 წელს, გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს ნებისმიერ კეთილშობილურ წამოწყებაში.

 

 

კონსტანტინე ჩლაიძე

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

კინოცენტრი მოქმედების არეალს აფართოებს

2008 წლის ზაფხულში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, სათანადოდ ვერ აღინიშნა ქართული კინოს 100 წლისთავი. მიუხედავად ამისა, კინემატოგრაფისტები, წინა წლებისაგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, აქტიურად მუშაობენ. ფილმებისა და ახალი კინოპროექტების, კინოცენტრის მოღვაწეობისა და პრობლემების შესახებ, “კინემას” რედაქციის თხოვნით, ეროვნული კინოცენტრის დირექტორს — კონსტანტინე ჩლაიძეს ესაუბრა კინომცოდნე სოფიო ჩიხელიძე.

სოფიო ჩიხელიძე — ბატონო კონსტანტინე, რა სიახლეებია კინოცენტრში და რას ჰპირდებით მომავალ წელს კინომაყურებელს?

კონსტანტინე ჩლაიძე — 2009 წელს კინოცენტრი გეგმავს 3 სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას. საერთოდ, კანონის მიხედვით, სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმების პროგრამას ვაცხადებთ ერთი წლით ადრე. როგორც იცით, ჩვენ უფლება გვაქვს დავაფინანსოთ ფილმის მხოლოდ 75%, დანარჩენი უნდა მოიძიოს თვითონ პროდიუსერმა. ამიტომ, როგორც დროის რეზერვი, ეს ერთი წელიც არაა საკმარისი. 2008 წელს ჩვენ დავაფინანსეთ რამდენიმე პროექტი, ამჟამად ორი ფილმი გვაქვს მოსამზადებელ პერიოდში, დღედღეზე გამოვა გიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი”, რომელიც ყაზახებთან ერთად კეთდება.

ვიღებთ 10 სტუდენტურ ფილმს, გადაღება ზაფხულში დაიწყო. ეს პროექტი მხოლოდ კინოცენტრის არ არის, კონკურსი ჩატარდა სტუდია “სინეტეკში”. წელს პირველად გაერთიანდა კინოცენტრი, კინოკავშირი და კინოსტუდია “ქართული ფილმი”. ეს სამი ორგანიზაცია გავერთიანდით სტუდენტების გარშემო, რაც სიმბოლურიცა, თემატიკაზე “მშვიდობით იარაღო” და ძალიან საინტერესო ფილმები გამოდის. აღსანიშნავია, რომ “KODAK”–მა უსასყიდლოდ მოგვცა ფირი. ახალგაზრდებს მიეცათ, ასე ვთქვათ, რაღაცის გაკეთების შანსი. კარგად ვიცით, აქამდე ნულზე იყო დასული ყველაფერი, როგორც წარმოების, ისე კრეატივის მხრივ, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ კრიზისი არა მარტო საქართველოშია, არამედ მთელს მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მდგომარება ჰგავს, როგორც ამბობენ, “სიჩუმეს ქარიშხლის წინ”.

.. — გაიხსნა ბევრი ახალი საპროდიუსერო კომპანია. ამაზე რას იტყვით?

.. — ძალიან მიხარია, რომ არსებობს “დამოუკიდებელი კინოპროექტი”, კინოცენტრი კომფორტულად გრძნობს თავს იმ ადამიანებთან, ვინც იცის კინოს წარმოება. ბევრს ვკამათობთ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ერთნაირი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კინო და ამიტომ შედეგი თითქმის ყოველთვის დადებითია.

მოგეხსენებათ, საბჭოთა კინოწარმოება სრულიად განსხვავებული იყო. პროდიუსერების ნაცვლად იყვნენ ფილმის დირექტორები. კარგ დირექტორად ითვლებოდა ის, ვინც ფულს ფილმსაც კარგად მოახმარდა და თავის ჯიბესაც, ახლა პროდიუსერი ვალდებულია თავად მოიზიდოს ფული. ცოტა ხნის წინ რეჟისორები თავად იყვნენ თავისი ფილმების პროდიუსერები, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ასე მუშაობა შეუძლებელია. 3 წელია, რაც პროდიუსერები გამოჩნდნენ, მართალია, ისინი ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ მათი მოსვლა მაინც შეეტყო კინოპროცესს.

რაც შეეხება კინოცენტრს, მან რელურად 2004 წლიდან დაიწყო საქმიანობა, როცა გაიზარდა დაფინანსება, თუმცა, ესეც არაა საკმარისი.

.. — შემოქმედებითი მხარე არის თუ არა გათვალისწინებული ფილმების დაფინანსებისას?

.. — ბუნებრივია, არის ასევე დილემა, რა მიმართულებით უნდა წავიდეს კინო, რა გვირჩევნია დღეს — ეგრეთ წოდებული სამაყურებლო კინო, თუ “არტ-ჰაუსი”. ის ქართული ფილმები, რომლებსაც დღემდე უყურებს მაყურებელი, სინთეზურია, ჩემი აზრით, “არტ-ჰაუსს” უჭირს, რას იზამ — შეიძლება მოგვიანებით, პროდიუსერებმა თუ დაინახეს, რომ კინო შემოსავლიანი გახდა, თამამად დააფინანსონ იგი.

.. — არის თუ არა პრობლემები “ხელობის” არცოდნის თვალსაზრისით?

.. — სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრობლემაა რეჟისურის და კინოს სხვადასხვა სპეციალობის მხრივ, აგრეთვე ტექნიკური საკითხებია გადასაჭრელი, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 15 წელია არაფერი გადაღებულა და, მოგეხსენებათ, ვინც ადრე იღებდა კინოს, ის ხალხი აღარ ან ვეღარ მუშაობს, ან, უბრალოდ, წავიდა კინოდან. ხშირად ჩვენ გვიჭირს პროექტის წერაც კი, თუმცა, შესაძლოა, იდეა კარგიც იყოს. არ ვართ მზად იმისათვის, რომ უცხოელები მოვიზიდოთ და სხვ.

ბოლო დროს ძალიან კარგი რამ მოხდა: ერთი სამუშაო პროექტის განხორციელების და მისი საბოლოო რეალიზაციის საქმეში ერთად შეკავშირდა “დამოუკიდებელი კინოპროექტი”, კინოცენტრი, კინოთეატრების ქსელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვალნია. ვფიქრობ, მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო ნაბიჯი გადაიდგმება, რომლის მხარდამჭერი და ინიციატორი ყოველთვის იქნება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩემს თანამემამულეებს მისი საყვარელი ქართული კინემატოგრაფის 100 წლისთავს და ახალი, 2009 წლის დადგომას. ვიყოთ მომავალი კეთილი საქმეების იმედით!

 

 

არჩილ შუბაშვილი

ქართული კინო

ქართული კინოს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა, მსოფლიო კინემატოგრაფის გამოცდილებასა და ეროვნული ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნეს მხატვრულად მრავალფეროვანი, ეროვნული ხასიათის მქონე თვითმყოფადი კინემატოგრაფი, რომელსაც საფუძველი 1908-1910 წლებში ჩაეყარა, როდესაც ქართული კინოს პირველმა ენთუზიასტებმა — ვასილ ამაშუკელმა, ალექსანდრე დიღმელოვმა და სხვებმა, დაიწყეს ქართული ყოფის ამსახველი დოკუმენტური სურათების გადაღება.

პირველი კინოსეანსი თბილისში 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. მაყურებელს ლუმერების ფილმები უჩვენეს. მალე სტაციონარული კინოთეატრები გაიხსნა სხვადასხვა ქალაქში.

1912 წელს კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე აღბეჭდა დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის მოგზაურობისა და პოეზიის სახალხო დღესასწაულის ცოცხალი და შთამბეჭდავი სურათები. პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს “აკაკის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში”, თავისი თემატიკით, მეტრაჟითა და მხატვრული დონით, იმდროინდელ მსოფილიო კინემატოგრაფში ანალოგი არ მოეძებნება. 1917 წელს კი, თეატრის ცნობილმა რეჟისორმა, ალექსანდრე წუწუნავამ დადგა პირველი ქართული მხატვრული ფილმი “ქრისტინე”, ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ქართულმა კინომ მომავალშიც, თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მრავალჯერ მიმართა ეროვნული ლიტერატურის ნაწარმოებების ეკრანიზაციას.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ხანმოკლე პერიოდი 1918-1921 წლებით შემოიფარგლა. გასაბჭოების შემდეგ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორები: ივანე პერესტიანი, ამო ბეკ-ნაზაროვი, ვლადიმერ ბარსკი. მათ ხშირად გადაჰქონდათ ეკრანზე ქართული და რუსული ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებები, მაგრამ ეს ფილმები მოკლებული იყო ეროვნულ თვითმყოფადობას, თუმცა ზოგიერთ მათგანში, მაგალითად, ივანე პერესტიანის ფილმში “სამი სიცოცხლე” (1925), დამაჯერებლადაა გადმოცემული XIX საუკუნის საქართველოს სოციალური ყოფა. ასევე ივანე პერესტიანმა შემოიტანა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა. მისი ფილმები “არსენ ჯორჯიაშვილი” (1921) და “წითელი ეშმაკუნები” (1923) საბჭოთა მუნჯი კინოს მნიშვნელოვან ნაწარმოებებად ითვლება.

20-იან წლებში კინოში მუშაობა განაახლა ალ.წუწუნავამ, რომლის ფილმებმაც: “ვინ არის დამნაშავე” (1925), “ხანუმა” (1926, პირველი ქართული კინოკომედია), “ჯანყი გურიაში” (1928) და სხვა, ქართულ კინოს ჭეშმარიტად ეროვნული სახე შესძინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მასალაზე მუშაობისას მრავალი ავტორი სცოდავდა ყალბი რომანტიკულობითა და ეგზოტიკურობისაკენ სწრაფვით, მათი ფილმები მაყურებელთა მოწონებით სარგებლობდა, რასაც მნიშნელოვანწილად შეუწყო ხელი ამ ფილმებში პირველი ქართველი კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის მონაწილეობამ, რომლის ბუნებრივ მომხიბვლელობას, 1923 წლიდან მოყოლებული 50-იან წლებამდე, დაპყრობილი ჰქონდა ქართული ეკრანი. ალ.წუწუნავა იყო ის რეჟისორი, რომელმაც შეძლო პოპულარული მსახიობი ქალის აქტიორული ინდივიდუალობის ჩამოყალიბება და დახვეწა.

1924-1929 წლებში კინოში ნაყოფიერად მუშაობდა გამოჩენილი რეჟისორი, ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი, რომლის ფილმები კინოს ახალი გამომსახველობითი საშუალებების ძიებებითაა აღბეჭდილი. განახლებული ქართული თეატრის გამოცდილების გავლენა იგრძნობა დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვლის” ეკრანიზაციაში (1927). კოტე მარჯანიშვილმა და ალ.წუწუნავამ სათავე დაუდეს ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციებს.

20-იანი წლების მეორე ნახევარში კინოხელოვნებაში ახალი თაობის მოსვლამ ქართული კინო ახალი ჟანრებითა და ორიგინალური გამომსახველობითი საშუალებებით გაამდიდრა. ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, რომელიც ადრე ფუტურისტების ლიტერატურულ დაჯგუფებაში იღებდა მონაწილეობას. ფუტურისტული პოეზიის სტრუქტურამ, რიტმულმა წყობამ, გავლენა იქონია .შენგელაიას ფილმების სტილზე, განსაკურთებით კი მის პოეტურ-რიტმულ მონტაჟზე, რამაც უდიდესი დინამიკა და ექსპრესია შესძინა რეჟისორის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს, ქართული კინოს საეტაპო ფილმს “ელისო” (1928, ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით). ერთი წლით ადრე კი ნიკოლოზ შენგელაიამ ლეო პუშთან ერთად დადგა თავისი პირველი ფილმი “გიული”, სადაც ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სახე შექმნა ნატო ვაჩნაძემ. იგი მოგვიანებით .შენგელაიას მეუღლე გახდა. პოეტურ-მეტაფორული აზროვნების შესანიშნავი უნარი გამოავლინა რეჟისორმა, აგრეთვე, ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლის ამსახველ ფილმში “26 კომისარი”. ნიკოლოზ შენგელაიას ხმოვან ფილმებში, მართალია, შეიმჩნევა ეპოქისათვის დამახასიათებელი თემატური და სტილური სტერეოტიპები, მაგრამ მათშიც იგრძნობა შემოქმედებითი ძიებებისა და მხატვრულ მიგნებათა ცდები, რაც მომავალში, ალბათ, საინტერესო შედეგებს მოიტანდა, ადრეული სიკვდილი რომ არა. ნიკოლოზ შენგელაია 42 წლის ასაკში გარდაიცვალა 1943 წელს. დღეს ქართული კინოს წამყვანი რეჟისორები არიან ნიკოლოზ შენგელაიას და ნატო ვაჩნაძის შვილები — ელდარ და გიორგი შენგელაიები.

1930 წელს ოპერატორმა და რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა სვანეთში გადაიღო შესანიშნავი პოეტური კინონაწარმოები “ჯიმ შვანთე” (“მარილი სვანეთს”), რომლის სტილისტიკური ფორმა დოკუმენტური და მხატვრული კინოს სინთეზშია გამოხატული. კადრების კომპოზიციურმა დახვეწილობამ (ფილმის მხატვარია ცნობილი ქართველი ფერმწერი დავით კაკაბაძე), ეთნოგრაფიული მასალის დოკუმენტური საფუძვლის ერთიანობამ, ექსპრესიულ მონტაჟსა და შიდაკადრობრივი მოძრაობის დინამიკასთან, სვანების მძიმე ყოფის, ბუნებასთან მათი ბრძოლის ამსახველ ამ ფილმს დიდი მხატვრული დამაჯერებლობა შესძინა.

ამ პერიოდის ქართული კინოს სტილისტიკურ მრავალფეროვნებაზე მიუთითებს კოტე მიქაბერიძის ორიგინალური კინოსატირა “ჩემი ბებია” (1929) — ბიუროკრატიის წინააღმდეგ მიმართული მძაფრი ნაწარმოები, რომლის უაზრო, სულიერებას მოკლებული გმირები რეჟისორმა მხატვრების ირაკლი გამრეკელისა და ვლადიმერ სიდამონ–ერისთავის მიერ შექმნილ პირობით დეკორაციებსა და დეფორმირებული გარემოს “ჩაკეტილ წრეში” მოათავსა და ფანტასტიკამდე მისული გროტესკით გამოხატა ამ მარიონეტი პერსონაჟების აბსურდული ყოფა. იმავე წელს ცენზურამ სურათი აკრძალა და იგი მხოლოდ 1961 წელს იხილა ფართო მაყურებელმა. “ჩემ ბებიას”, ისევე, როგორც “ჯიმ შვანთეს”, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კინოში.

მიხეილ ჭიაურელი კინოში მოსვლამდე ქანდაკებით იყო გატაცებული. იგი ბრწყინვალედ იცნობდა ეროვნული სახვითი ხელოვნების ტრადიციებსა და გამოხატვის ფორმებს. მისი ადრეული ფილმები “საბა” (1929) და განსაკუთრებით “ხაბარდა” (1931), აგრეთვე ხმოვანი ფილმი “უკანასკნელი მასკარადი” (1934) მაღალი გამომსახველობითი კულტურით, კინოსა და პლასტიკურ ხელოვნებათა შორის ურთიერთდამოკიდებულების სფეროში ექსპერიმენტული ძიებებით გამოირჩევა. მიხეილ ჭიაურელის ისტორიულ ფილმებში სახალხო გმირთა მონუმენტური სახეები შექმნეს მსახიობებმა სპარტაკ ბაღაშვილმაარსენა”, 1937) და აკაკი ხორავამგიორგი სააკაძე”, 1942-1943). რეჟისორის სწრაფვა მონუმენტალიზმისაკენ, ეპიკური ფორმებისა და ამაღლებული პათოსისაკენ, პარადულობისა და დეკორატიულობისაკენ, მთელი სისრულით გამოვლინდა სოციალისტური რეალიზმისათვის დამახასიათებელი ესთეტიკის ეკრანული ხორცშესხმისას ფილმებში: “დიადი განთიადი” (1938), “ფიცი” (1946), “ბერლინის დაცემა” (1950), “დაუვიწყარი 1919 წელი” (1952) — საბჭოთა ტოტალიტარული ეპოქის სანიმუშო ნაწარმოებებში.

30-იან წლებში შეიქმნა კომედიური ჟანრის საინტერესო ფილმები: “ჟუჟუნას მზითევი” (1934; რეჟ. .ფალავანდიშვილი) და “ნახვამდის” (1934; რეჟ. .მაკაროვი), აგრეთვე, რეჟისორ სიკო დოლიძის რომანტიკულ-სათავგადასავლო სურათები: “უკანასკნელი ჯვაროსნები” (1934) და “დარიკო” (1936, მთავარ როლში თამარ ციციშვილი). მნიშვნელოვან მხატვრულ მოვლენად იქცა დავით რონდელის კომედიური ფილმი XIX საუკუნის დასასრულის აზნაურთა ცხოვრებიდან “დაკარგული სამოთხე” (1937), რომლის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი დავით კაკაბაძისა და ქრისტესია ლებანიძის კინემატოგრაფიულად საინტერესო მხატვრულმა გაფორმებამ. 40-იან წლებში დაიწყეს კინოში მოღვაწეობა რეჟისორებმა: კონსტანტინე პიპინაშვილმა, შოთა მანაგაძემ, ნიკოლოზ სანიშვილმა. დღემდე მაყურებლთა დიდი სიყვარულით სარგებლობს ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მუსიკალური კომედია “ქეთო და კოტე” (1948), სადაც მსახიობთა ბრწინვალე ანსამბლს განუმეორებელი ხიბლი შესძინა მედეა ჯაფარიძის სილამაზემ.

თემატური თვალსაზრისით, 30-40-იანი წლების მთელ ქართულ კინოზე ზოგადად, აშკარა გავლენა მოახდინა სახელმწიფოებრივმა იდეოლოგიამ. “სოციალური დაკვეთით” შექმნილ ამ ფილმებს, ამიტომაც, ხშირად დიდაქტიკურ-პუბლიცისტური, სააგიტაციო ხასიათი ჰქონდა. 50-იანი წლების ქართულ კინოში ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა წინა ათწლეულების კინემატოგრაფის მთავარი ნაკლი — ხასიათებისა და კონფლიქტების ხელოვნურობა და სქემატურობა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა თანამედროვე ცხოვრების ამსახველ ნაწარმოებებში. მიუხედავად ამისა, ძველი თაობის რეჟისორებს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით ქართული კინოს განვითარებაში.

1955 წელს ეკრანებზე გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორების თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ერთობლივი ფილმი “მაგდანას ლურჯა” (ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით), რომელიც საეტაპო ნაწარმოები გახდა ქართული კინოსათვის. ავტორებმა პოეტურად, დიდი ემოციურობით გადმოსცეს XIX საუკუნის დასასრულის ქართული სოფლის ყოფა, უსამართლობასა და ბოროტებასთან პირისპირ, უმწეოდ დარჩენილი გმირების ამაღელვებელი ისტორია და ხასიათები. შემდეგში, რეალისტური სიზუსტითა და დამაჯერებლობით გადმოცემული ცხოვრებისეული მასალის პოეტური გააზრების პრინციპი ქართული კინოს ერთ-ერთ ძირითად, დამახასიათებელ თვისებად იქცა. ნიშანდობლივია, რომ თვითმყოფადობის დაბრუნება კვლავ ეროვნული ხელოვნებისა და ლიტერატურის ტრადიციებზე დაყრდნობით მოხერხდა. “მაგდანას ლურჯასათვის”, ისევე, როგორც თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებელი სურათისათვის “სხვისი შვილები” (1958), არც ნეორეალიზმის ესთეტიკის გავლენაა უცხო, რაც, პირველ რიგში, ამ ფილმების გამომსახველობით პლასტიკაში გამოიხატა.

რეალური ცხოვრების წინააღმდეგობრივი ხასიათი და უშუალობა იგრძნობა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ფილმში “ჩვენი ეზო” (1956), სადაც აღმზრდელობითი დიდაქტიკის გარეშეა მოთხრობილი ახალგაზრდა თანამედროვეების შესახებ. რეზო ჩხეიძის 60-70-იანი წლების ნამუშევრები “ჯარისკაცის მამა” (1964), “ღიმილის ბიჭები” (1968), “ნერგები” (1972), “მშობლიურო ჩემო მიწავ” (1980), “მაცხოვრის საფლაფზე დანთებული სანთელი” (2007) ყურადღებას იქცევს რომანტიკული პათოსით, მთავარი გმირების ხასიათების მასშტაბურობით, რეჟისორის მიერ მსახიობის ინდივიდუალობის გახსნის უნარით. დიდი წარმატება ხვდა წილად ჰეროიკულ დრამას “ჯარისკაცის მამა”, სადაც ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული თხრობის აუჩქარებელი ეპიკურობა და პათეტიკა, ტრაგედიული ინტონაციები და იუმორი, ყოფის დამაჯერებლობა და პოეტური სიმბოლიკა. მსახიობმა სერგო ზაქარიაძემ დიდი ემოციურობით გახსნა ეროვნული ხასიათის თავისებურებანი და მონუმენტური სახე შექმნა ფრონტზე დაჭრილი შვილის სანახავად გამგზავრებული ჯარისკაცის მამისა, რომელიც ომის პირობებშიც არ კარგავს ქართველი გლეხისათვის დამახასიათებელ სიკეთესა და სიბრძნეს.

თენგიზ აბულაძის პლასტიკური აზროვნება, მისი უნარი — ლაკონურად და დამაჯერებლად გადმოსცეს დროის სულისკვეთება, ნათლად გამოიხატა ფსიქოლოგიურ დრამაში “სხვისი შვილები” და ლირიკულ კომედიაში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1962; ნოდარ დუმბაძის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია). რეჟისორმა თავგადასავლების მხიარული და ფერადოვანი, ზღაპრული სამყარო შექმნა ფილმ-იგავში “სამკაული ჩემი სატრფოსათვის” (1972). მაღალი გამომსახველობითი კულტურით გამოირჩევა თენგიზ აბულაძის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი “ვედრება” (1967; ვაჟა-ფშაველას პოემათა მოტივების მიხედვით), სადაც აშკარად გამოიკვეთა რეჟისორის “ფერწერული” კინემატოგრაფის პოეტიკა და მეტაფორული აზროვნების მასშტაბი, ცხოვრების მარადიულ პრობლემებზე ფიქრისა და განსჯის სურვილი, რამაც ლოგიკური გაგრძელება პოვა მის შემდგომ ფილმებში: “ნატვრის ხე” (1976; .ლეონიძის მოთხრობების მიხედვით) და “მონანიება” (1984), რომლებიც “ვედრებასთან” ერთად სიკეთისა და ბოროტების ურთიერთდაპირისპირების ზოგადსაკაცობრიო თემის ამსახველ ტრილოგიას ქმნიან. “მონანიებაში” თენგიზ აბულაძე პირველად შეეხო საბჭოთა ხელოვნებაში ტაბუდადებულ თემას. ფილოსოფიურად გაიაზრა და განაზოგადა არც თუ შორეული წარსულის ისტორიული გამოცდილება, ტოტალური ძალადობის პირისპირ დარჩენილი ადამიანის დრამა, ტირანისა და ხელოვანის, ბოროტებისა და ამაღლებულის შეურიგებლობის თემა და შექმნა ტრაგიკული ფრესკა ტაძრისკენ მიმავალი რთული გზის ძიების შესახებ.

ქართულ კინოს არსებობის 100 წლის მანძილზე გამარჯვებებიც ჰქონდა და წარუმატებლობაც. განსაკუთრებულ წარმატებას ქართულმა კინომ 1960-1970-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები აშკარად გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. ტოტალიტარული სისტემა კინოხელოვნებას იდეოლოგიური პროპაგანდის ძლიერ იარაღად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, საბჭოთა კინორეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობოდა რევოლუციური თემატიკისა და პატრიოტული ჟღერადობის ფილმებს. რაც შეეხება თანამედროვეობას, აქ წამყვანი პოზიცია საწარმოო თემატიკას ეკავა, სადაც ადამიანები თავიანთ ზნეობრივ სახეს ძირითადად სოციალისტური ვალდებულებების შესრულება-არშესრულების პროცესში ავლენდნენ. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისიც, როდესაც ჭეშმარიტად მაღალმხატვრული ნაწარმოებები იქმნებოდა.

მკაცრი ცენზურის პირობებში, როდესაც ნებისმიერი სცენარი, ნებისმიერი გადაღებული მასალა მოსკოვში მტკიცდებოდა, ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ (განსაკუთრებით ეს 60-80-იან წლების პერიოდს ეხება) თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდის მიერ თავს მოხვეული კლიშეებისათვის და ზოგადსაკაცობრიო პლანში განეხილათ უბრალო ადამიანური პრობლემები, წარსულისა და აწმყოს მტკივნეული საკითხები. ამიტომაც დამკვიდრდა ქართულ კინოში ასე მყარად იგავური ფორმა.

60-70-იანი წლების ხელოვანთა თაობას, მიუხედავად განსხვავებული შემოქმედებითი ხელწერისა, საერთო თვისებებიც ახასიათებდა — ინტერესი მწვავე ზნეობრივი საკითხებისადმი, ეროვნული ტრადიციებისა და მისი ფესვებისადმი, ამ ტრადიციათა და თანამედროვეობის საჭირბოროტო პრობლემებს შორის კავშირის ძიება. აღსანიშნავია, რომ სერიოზული, აქტუალური თემების დამუშავებისას ქართული კინო ხშირად მიმართავდა თავის საყვარელ ჟანრს — კომედიას. ამ პერიოდის საუკეთესო კომედიური ფილმებისათვის დამახასიათებელია ქართული ლიტერატურისა (განსაკუთრებით, დავით კლდიაშვილის პროზის) და ადრეული კომედიური ჟანრის ტრადიციების მემკვიდრეობითობა, მხიარულისა და სევდიანის ორგანული შერწყმა, გროტესკული და ტრაგიკომიკური ელემენტების ფართო გამოყენება, ყოფითი დეტალების რეალისტური დამაჯერებლობა. ასევე, აშკარად შეიმჩნეოდა განსაკუთრებული მიდრეკილება ლირიკულ-რომანტიკული განზოგადებისა და გამოხატვის პოეტური ფორმებისადმი. ტევადი, განზოგადოებული სახეებით დატვირთული, ლირიკული ემოციით შეფერილი მხატვრული სისტემების შექმნამ ხელი შეუწყო ქართულ კინოში იგავის ფორმის დამკვიდრებას.

რეჟისორებმა ელდარ შენგელაიამ და თამაზ მელიავამ 1963 წელს გადაიღეს თავიანთი ერთობლივი სადებიუტო ფილმი “თეთრი ქარავანი”, სადაც მწყემსთა ცხოვრების სირთულე და ამ სირთულის წინაშე მდგარი ადამიანების არჩევანის დრამატიზმია ნაჩვენები. დავით კლდიაშვილის მოთხრობის “მიქელას” (1964) სტილისტურად საინტერესო ეკრანიზაციის შემდეგ, ელდარ შენგელაიამ დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით შესანიშნავი კომედიური ფილმები შექმნა. “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968) ირონიული ტრაგიკომედიაა ხელოსნად ქცეული ხელოვანის შესახებ, რომლის ცხოვრებისეული კომპრომისის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ავტორებმა სიყვარულითა და თანაგრძნობით, იუმორით გამოხატეს. “შერეკილებში” (1973) რეზო გაბრიაძე და ელდარ შენგელაია ზღაპრის, გროტესკის, ბუფონადისა და ყოფითი კომედიის შერწყმით იგავურ განზოგადებას აღწევენ და სიყვარულზე, თავისუფლებაზე, გაფრენაზე მეოცნებე გმირების რომანტიკულ სამყაროს ქმნიან. 1977 წელს ელდარ შენგელაიამ კვლავ .კლდიაშვილის პროზის, ამჯერად “სამანიშვილის დედინაცვლის” ეკრანიზაციას მიმართა, სადაც წინა ფილმების ექსცენტრიკული სიმძაფრე უკვე ადგილს უთმობს ფაქიზ, სევდანარევ იუმორს, ცხოვრების ტრაგიკულ გააზრებას. სტილისტური ორიგინალურობა და კინოაზროვნების ახალი ელემენტები გამოავლინა რეჟისორმა თავის შემდგომ ნამუშევრებში. თუ ფილმში “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983) ელდარ შენგელაია ჯერ კიდევ არ ამბობს უარს მისთვის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებზე, იუმორისტულისა და სატირულის შენიღბულ ინტონაციებსა და რბილ ტონალობაზე, “ექსპრეს ინფორმაციაში” (1993) მნიშვნელოვანი სოციალურ-ზნეობრივი პრობლემები, ადამიანების კონფორმისტული დამოკიდებულება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისა და იდეალებისადმი, წარმოჩენილია სარკასტული ირონიით, ხასიათებისა და სიტუაციის შარჟული უტრირებით, დრამატურგიულად და სტილისტურად ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ეპიზოდების მოზაიკური სიჭრელით.

60-იან წლებში, რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს ბრწყინვალე სერიას. მან ორიგინალურად გაიაზრა მუნჯი კინოს, კლასიკური “კომიკურის” ტრადიციები და თავისი “პატარა” კინოშედევრებით: “ქორწილი” (1964), “ქოლგა” (1967) და “მუსიკოსები” (1969) შექმნა ღიმილით, სიყვარულით, ოცნებითა და სევდით, ფანტაზიით, პლასტიკითა და მუსიკით სავსე კინემატოგრაფიული სამყარო. 60-70-იან წლებში დაიდგა, აგრეთვე, საუკეთესო კომედიური ფილმები: თამაზ მელიავას “ლონდრე” (1966), ქართლოს ხოტივარის “სერენადა” (1968), ბაადურ წულაძის “ფეოლა” (1970), ირაკლი კვირიკაძის “ქვევრი” (1970) და “ქალაქი ანარა” (1976), ნანა მჭედლიძის “პირველი მერცხალი” (მთ.როლში დოდო აბაშიძე, 1975.) და “იმერული ესკიზები” (1980), გურამ პატარაიას “რეკორდი” (1973) და სხვ.

თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა გიორგი შენგელაიას შემოქმედება. თავის პირველ ფილმში “ალავერდობა” (1963; გურამ რჩეულიშვილის ნოველის მიხედვით) გიორგი შენგელაიამ დიდი ექსპრესიულობით გამოხატა სულიერად ამაღლებული, ძლიერი ხასიათისა და დაუოკებელი ბუნების ახალგაზრდა გმირის პროტესტი დამახინჯებული ტრადიციებისა და ღრეობაში გადაზრდილი რელიგიური დღესასწაულების მიმართ. რეჟისორმა შემოქმედებით წარმატებას მიაღწია ფილმით “ფიროსმანი” (1969), რომლის სახვითი გადაწყვეტა და პოეტიკა მთლიანად ნიკო ფიროსმანიშვილის — გამოჩენილი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ფერწერული ტილოების განუმეორებელი ხიბლითაა ნაკარნახები. .შენგელაიამ ქართული კინო ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა. “ვესტერნის” ჟანრშია შესრულებული მისი “მაცი ხვიტია” (1966), კლასიკური მიუზიკლის შესანიშნავ ვარიაცას წარმოადგენს “ვერის უბნის მელოდიები” (1976), სადაც მუსიკა და ქორეოგრაფია ორგანულად ერწყმის მელოდრამატულ სიუჟეტს, ძველი თბილისის ცხოვრების სურათებს, კოლორიტულ პერსონაჟთა ხასიათებს. პოპულარობით სარგებლობდა სათავგადასავლო ფილმი “ხარება და გოგია” (1987). გიორგი შენგელაიასთვის ახლობელია სტილიზებული, ფერწერულ-თეატრალური მანერა. ფილმ “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” (1985) სახვითი მხარე, რეჟისორს XIX საუკუნის ფერწერის სტილზე დაყრდნობით აქვს გადაწყვეტილი. გამომსახველობითი პლასტიკა აქ კონკრეტულ აზრობრივ დატვირთვას ატარებს, ანვითარებს და ამძაფრებს ავტორის ჩანაფიქრს და დრამატულ ისტორიას, ახალგაზრდა გმირის ქაოსითა და წყვდიადით მოცულ დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესახებ, თანდათანობით იგავის მრავალმნიშვნელობას ანიჭებს. ჟანრული და საავტორო კინოს ერთმანეთთან დაახლოების ცდაა გიორგი შენგელაიას თანამედროვე თემაზე დადგმული ბოლო ნამუშევრები: სოციალური დრამა “ორფეოსის სიკვდილი” (1996) და კომედია “მიდიოდა მატარებელი” (2005).

ქართული კინოს საერთაშორისო აღიარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის რეჟისორ ოთარ იოსელიანს, რომლის ყოველი ახალი ფილმი, როგორც წესი, მაყურებლისა და კრიტიკის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. ჯერ კიდევ ადრეულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში “აპრილი” (1962) და “თუჯი” (1964) ნათლად გამოიკვეთა დიდი ხელოვანის კინოპოეტიკა, “პროზისა” და “პოეზიის” სინთეზისაკენ სწრაფვა. ოთარ იოსელიანის ცნობილი ნაწარმოებები “გიორგობისთვე” (1966), “იყო შაშვი მგალობელი” (1971) და “პასტორალი” (1976) ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემებზე მოგვითხრობს. მათში ავტორი მძაფრად განიცდის წარსულის ტრადიციების მსხვრევას, დროის დინებისა და არსებობის წამიერების დრამას, ცხოვრების საზრისის ძიების სირთულეს, სულიერი ღირებულებების მომხმარებლური სულისკვეთებით შეცვლას. ყველაფერში იგრძნობა ნოსტალგია იმ ღრმა კავშირების მიმართ, რომელიც ადრე ადამიანსა და გარემოს, სულიერ სილამაზესა და ყოველდღიურ ყოფას, თვით ადამიანებს შორის არსებობდა და რომლის დაკარგვაც რეჟისორისათვის მთლიანობის, ჰარმონიის დაკარგვის ტოლფასია. ოთარ იოსელიანის ხელოვნება იმდენად კინემატოგრაფიულია, რომ ძნელად ემორჩილება სიტყვიერ გადმოცემას. მისი ფილმებისათვის დამახასიათებელია უჩვეულო დრამატურგიული სტრუქტურა, სადაც არ არის ეკრანული თხრობის ტრადიციული სქემა, მოულოდნელი სიუჟეტური სვლები. გმირების დამოკიდებულებები თითქმის შეუმჩნეველ ნიუანსებზეა აგებული. რეჟისორს შესწევს უნარი ზუსტ, უხმო პლანში მოგვცეს პერსონაჟისა და მოვლენის სრულყოფილი დახასიათება. იოსელიანთან ანალიტიკური აზროვნების სიღრმე, ნოსტალგიური განწყობილება მუდამ ფაქიზი, ოდნავ მელანქოლიური იუმორითაა შეზავებული, რაც სამყაროს ლირიკული აღქმის, პოეტური სტიქიის განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს. 80-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანმა მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც გადაიღო ფილმები: “მთვარის ფავორიტები” (1984), “...და იქმნა ნათელი” (1989), “პეპლებზე ნადირობა” (1992), “ყაჩაღები. თავი VII” (1996), “ნახვამდის, ხმელეთო” (1999), “ორშაბათ დილას” (2001), “შემოდგომის ბაღები” (2006). 1995 წელს ევროპისა და საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები იქნა მისი ვიდეოფილმი “საქართველო” (1994).

ქართულ კინოში იგავური ფორმა ძირითადად სხვადასხვა ჟანრისა და სტრუქტურის ელემენტებით, ყოფითი დეტალებით გამდიდრებულ მხატვრულ სისტემად ჩამოყალიბდა. ამ პრინციპისაგან განსხვავებით, რეჟისორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა შექმნა ყოფით-რეალური ნიშნებისაგან მაქსიმალურად განტვირთული იგავის უფრო “წმინდა” სახე და ამ კონსტრუქციის საყრდენად აშკარად გამოხატული ინტელექტუალური საწყისი და მკაცრი გამომსახველობითი სტილისტიკა აირჩია.

ყოველ ფილმში — იქნება ეს მიხეილ ჯავახიშვილის დრამის “უპატრონოს” ეკრანიზაცია “ნუცა” (1971), იგავური განზოგადების პრინციპზე აგებული, ტრაგიკულ ეპოქათა ალეგორიული რეკონსტრუქციები “XIX საუკუნის ქართული ქრონიკები” (1978) და “გზა შინისაკენ” (1981), თუ თანამედროვე მასალზე შექმნილი “საფეხური” (1986) და “მიახლოება” (1989), სადაც ესთეტიკურად სრულყოფილი პირობითი სამყარო აბსურდამდეა მიყვანილი — რეჟისორი ზოგადსაკაცობრიობო თემებისა და პრობლემების ღრმა, ფილოსოფიურ გააზრებას მხოლოდ კინემატოგრაფიული, პლასტიკური საშუალებებით აღწევს. თხრობის ასკეტური სტილი, შენელებული რიტმი, გამოსახულების არაჩვეულებრივი ფოტოგრაფიულობა, ძუნწი, მკაფიო დეტალებით სიღრმისეულ შრეებში წვდომის უნარი და სხვა მხატვრული ნიშნები ანიჭებენ ალექსანდრე რეხვიაშვილის კინოსამყაროს იმ სტილისტურ სრულყოფას, რომელიც რეჟისორის ესთეტიკურ პრინციპად შეიძლება მივიჩნიოთ.

წლების განმავლობაში რეჟისორები ნელი ნენოვა და გენო წულაია ნაყოფიერად მუშაობდნენ საბავშვო კინოს ჟანრში, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 20-იან წლებში, მუნჯი კინოს პერიოდში ჩაეყარა. ეს ტრადიცია გაგრძელდა კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში “ქაჯანა” (1941). 1962 წელს კი, მერაბ კოკოჩაშვილმა დადგა ერთ-ერთი საუკეთესო ქართული საბავშვო ფილმი “არდადეგებზე”. მალე მერაბ კოკოჩაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის, “მუსუსის” ეკრანიზაციას მიმართა და იუმორით გახსნა ეროვნული ხასიათები მოკლემეტრაჟიან სურათში “მიხა” (1965). შემდეგში რეჟისორის შემოქმედების მნიშვნელოვანი თემა გახდა პიროვნების სამყაროსთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის რთული, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების კვლევა. ქართული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის “დიდი მწვანე ველის” (1967) გმირის დრამატიზმი თანამედროვე ცხოვრების რიტმთან დაპირისპირებიდან, ადამიანსა და ბუნებას შორის ორგანული კავშირების რღვევიდან მომდინარეობს. რეჟისორის დამსახურებაა, რომ მსახიობ დოდო აბაშიძის მიერ შექმნილი მწყემსი სოსანას სახე ქართული კინოსათვის იშვიათი ფსიქოლოგიური სიღრმითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა. მართლაც, ქართულ კინოში ძნელად მოიძებნება სხვა ფილმი, სადაც ადამიანი ასე სრულად იყოს გააზრებული და გახსნილი. პოეტური და იგავური ფორმებით, ეროვნული ხასიათის თავისებურებათა კვლევით გატაცებულ ავტორთა შემოქმედებაში, სამწუხაროდ, ჯეროვანი ადგილი არ ეთმობოდა გმირის შინაგანი სამყაროსა და სულიერი მდგომარეობის წარმოჩენას, მის ფსიქოლოგიურ დახასიათებასა და ანალიზს. ამ მხრივ “დიდი მწვანე ველი”, შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი გამონაკლისია. ერის კულტურული მემკვიდრეობისადმი ზნეობრივი დამოკიდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხია წამოჭრილი .კოკოჩაშვილის მომდევნო ფილმში “ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981), რომლის ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები “გზა” (1981) და “ქართული ფენომენი” (1992), რომლებშიც რეჟისორი ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და სულიერ ღირებულებათა სიმდიდრეზე მოგვითხრობს. მერაბ კოკოჩაშვილის ბოლო ნამუშევრებია — სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ნუცას სკოლა” (2000), მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმები: “ვარიაცია ოტელოს თემაზე” (2004) და “უსუი” (2005).

მასალისადმი პირადულმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა რეჟისორი ქალის, ლანა ღოღობერიძის შემოქმედება. მის პირველ მხატვრულ ფილმში “ერთი ცის ქვეშ” (1961) გაერთიანებულია სამი ნოველა, რომლებშიც XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ქართველ ქალთა სახეებია მოცემული. ქალის ხასიათის, მისი ბედისა და დანიშნულების კვლევის სიღრმით ჭეშმარიტად “ქალური” ფილმია “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), სადაც მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა შესანიშნავად გადმოსცა ავტორის ლირიკული ინტონაცია და ფსიქოლოგიურად დამაჯერებლად გახსნა გმირის რთული, უკომპრომისო ხასიათი. ქალისა და დრამატული სამყაროს ურთიერთდამოკიდებულების კვლევის — თავისი მუდმივი თემის ერთგული რჩება ლანა ღოღობერიძე ფილმებშიც: “დღეს ღამე უთენებია” (1983), “ორომტრიალი” (1986) და “ვალსი პეჩორაზე” (1992).

ქართულ კინოში თაობათა მემკვიდრეობითობის ტრადიციამ პირდაპირი გამოხატულება პოვა მამა-შვილის შოთა მანაგაძისასაბუდარელი ჭაბუკი” 1957, “კეთილი ადამიანები”, 1961; “ხევსურული ბალადა”, 1965; “წუთისოფელი”, 1971) და ნოდარ მანაგაძისამბავი ივანე კოტორაშვილისა”, 1974; “ამაღლება”, 1977; “გაზაფხული გადის”, 1983; “ეი, მაესტრო”, 1987; “ნათლისღება”, 1994; “ანგელოზის გადაფრენა”, 2000) შემოქმედებაში.

ერის კულტურული საგანძურისა და ქართული სიმღერის მიმართ სიყვარულითაა გამსჭვალული რეჟისორ სოსო ჩხაიძის ფილმები “ძველი ქართული საგალობლები” (1971) და “შვიდკაცა” (1992). მხატვრული სახის დოკუმენტური ხერხებით შექმნის საოცარი უნარი გამოავლინა სოსო ჩხაიძემ, აგრეთვე, სატელევიზიო ფილმში “თუში მეცხვარე” (1977), სადაც ავტორმა უარი თქვა მოგონილ კონფლიქტზე და გმირთა სულიერი სილამაზე, ბუნებასთან შინაგანი კონტაქტი მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, ცხოვრებისეულ სიმართლეში დაგვანახა.

ქართული კინოსათვის ახალი სტილისტიკური მიმართულების, “რეტროს” სტილის ელემენტები შეიმჩნევა ლიანა ელიავასსინემა”, 1978), ქეთი დოლიძისკუკარაჩა”, 1982) ფილმებში. ამ ტენდენციამ განსაკუთრებით საინტერესო სახე მიიღო ირაკლი კვირიკაძის სურათში “მოცურავე” (1981), სადაც ავტორი, ეყრდნობა რა წარსულის მასალას, იგავის სახით გადმოგვცემს სტალინური ეპოქისათვის დამახასიათებელ აბსურდულ, წინააღმდეგობრივ პერიპეტიებს. ასევე აღსანიშნავია ნანა ჯორჯაძის კინემატოგრაფიული ნაწარმოებები: “რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” (1986), “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” (1996), “ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა” (2000).

ქართულ კინოში განსაკუთრებული ადგილი უკავია რეჟისორ რეზო ესაძის შემოქმედებას. მისი ფილმები: “ერთი ნახვით შეყვარება” (1977), “ნეილონის ნაძვის ხე” (1985), “ჭერი” (2004) ორიგინალური კინემატოგრაფიული აზროვნებით გამოირჩევა და “ინტელექტუალური კინოს” შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენს.

კლასიკური ლიტერატურის საუკეთესო ეკრანიზაციათა რიცხვს ეკუთვნის გელა კანდელაკის ფილმი “უბედურება” (1979), რომელიც რეჟისორმა დავით კლდიაშვილის პროზის მიხედვით გადაიღო.

კინოსტუდია “ქართულ ფილმში” შექმნა თავისი უკანასკნელი ფილმები “ლეგენდა სურამის ციხეზე” (დოდო აბაშიძესთან ერთად, 1984) და “აშუღ-ყარიბი” (1988) შესანიშნავმა ხელოვანმა სერგო ფარაჯანოვმა, რომლის უნიკალური ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიიანი ფილმი “დათა თუთაშხია” (1975-1978; ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია), სადაც მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა შესანიშნავად შეასრულა სიმართლისათვის მებრძოლი აბრაგის როლი.

კონსტანტინე გამსახურდიას რომანების ეკრანიზაციას წარმოადგენს ფილმები: “დიდოსტატის მარჯვენა” (რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი და დევი აბაშიძე, 1970) და “მთვარის მოტაცება” (რეჟ. თამაზ მელიავა, 1973).

სატელევიზიო ფილმების სტუდიაში შეიქმნა მხატვრულად საინტერესო ნაწარმოებები: ბუბა ხოტივარის “ლაზარე” (1973), მიხეილ კალატოზიშვილის “კავკასიელი ტყვე” (1975), დიმიტრი ბათიაშვილის “არასერიოზული კაცი” (1980), გია მატარაძის “შვიდი მოთხრობა პირველ სიყვარულზე” (1981), გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის “ათოვდა ზამთრის ბაღებს” (1985).

კინოდოკუმენტალისტიკაში აღსანიშნავია .აბაშიძის, .ჟუჟუნაძის, .კანდელაკის, .ასათიანის, .ჟვანიას, . ჭუბაბრიას, .გაგუას, .ბაქრაძის და სხვათა ნამუშევრები, აგრეთვე, გურამ პატარაიას ფილმები “რუსთაველის ნაკვალევზე” (1968) და “შორია გურჯისტანამდე” (1970), რეზო თაბუკაშვილის კინოდიალოგიები “ქართველები იტალიაში” (1980) და “მთანი მაღალნი” (1981).

ქართული კინოს ჭეშმარიტი “ვარსკვლავია” ნიჭიერი მსახიობი ლეილა აბაშიძე. მის მიერ შესრულებული როლები ფილმებში — “ქაჯანა” (რეჟ..პიპინაშვილი, 1941), “ჭრიჭინა” (რეჟ..დოლიძე, 1953), “აბეზარა” (რეჟ..სანიშვილი, 1956), “მაია წყნეთელი” (რეჟ. . ჩხეიძე, 1959), “შეხვედრა წარსულთან” (რეჟ..დოლიძე, 1966), “შეხვედრა მთაში” (რეჟ..სანიშვილი, 1967), “ორომტრიალი” (რეჟ..ღოღობერიძე, 1989) — დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს.

ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მსახიობები ლია ელიავა და ოთარ კობერიძე, მომხიბვლავი გარეგნობის ცოლ-ქმარი, რომლებიც პარტნიორობას უწევდნენ ერთმანეთს ეროვნულ-პატრიოტულ თემაზე შექმნილ ფილმებში: “ბაში-აჩუკი” (რეჟ. . ესაკია, 1956) და “მამლუქი” (რეჟ..რონდელი, 1958), აგრეთვე მონაწილეობდნენ სურათებში: “ქალის ტვირთი” (რეჟ..სანიშვილი, 1957), “შეწყვეტილი სიმღერა” (რეჟ..სანიშვილი, 1960), “ზღვის შვილები” (რეჟ..პიპინაშვილი, 1964), “ქალაქი ადრე იღვიძებს” (რეჟ..დოლიძე, 1967).

დასამახსოვრებელი სახეები შექმნა მსახიობმა დოდო აბაშიძემ რეჟისორების გუგული მგელაძისასინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969; “ფესვები”, 1987) და დევი აბაშიძისყვარყვარე”, 1978) ფილმებში.

1972 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქართული კინოს ისტორიაში. კინოფაკულტეტი გაიხსნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც შემდგომში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

ქართული კინოსკოლის აღზრდილებმა, საერთოდ 80-90 წლების თაობათა რეჟისორებმა, ახალი სუნთქვა, ახალი პრობლემები და სამყაროს ახალი ხედვა მოიტანეს ქართულ კინოში.

ორიგინალური კინოაზროვნებითა და ავტორისეული მსოფლმხედველობით გამოირჩევიან რეჟისორები: თემურ ბაბლუანიბეღურების გადაფრენა”, 1980; “ძმა”, 1982; “უძინართა მზე”, 1992), გოდერძი ჩოხელიადგილის დედა”, 1978; “ბაკურხეველი ხევსური”, 1980; “ადამიანთა სევდა”, 1984; “ცოდვის შვილები”, 1989; “სამოთხის გვრიტები”, 1997; “ლუკას სახარება”, 1998; “მიჯაჭვული რაინდები”, 1999), ალეკო ცაბაძელაქა”, 1985; “ღამის ცეკვა”, 1991; “მარტოობის ორდენის კავალერი”, 1999), დიტო ცინცაძედახატული წრე”, 1988; “სტუმრები”, 1991; “ზღვარზე”, 1993; “უიღბლო მკვლელები”, გერმანია, 2001; “გასროლის შიში”, გერმანია, 2003), “კაცი საელჩოდან” (2006), “მედიატორი” (2008), ლევან ზაქარეიშვილიმამა”, 1983; “თემო”, 1987; “ისინი”, 1992; “თბილისი-თბილისი”, 2005), ნანა ჯანელიძეოჯახი”, 1985; “იავნანა”, 1994; “მშრალი ხიდის სიზმრები”, 2003; “საშობაო საჩუქარი”, 2005), დათო ჯანელიძედედუნა”, 1985; “მდგმურები”, 1990; “ციხესიმაგრე”, 1993; “მეიდანი-სამყაროს ჭიპი”, 2004), კახა მელითაურიახალი წელი”, 1982, დათო შენგელიძესთან ერთად; “როგორც ლურჯა ცხენები”, 2004, თინა მენაბდესთან ერთად), ტატო კოტეტიშვილიანემია”, 1987), ერეკლე ბადურაშვილიავტოპორტრეტი”, 1983; “ცოდვის დღესასწაული”, 1990; “თბილისი ჩემი სახლია”, 1994; “კიდევ ერთი ქართული ისტორია”, 2004), ლევან ღლონტიდღე”, 1990; “ხახვის ცრემლები”, 2002), ზაზა ხალვაშიიქ, ჩემთან”, 1990; “მიზერერე”, 1996), გიო მგელაძეარა, მეგობარო”, 1993; “ატუ-ალაბა”, 1995; “ტიბეტი”, 2001), ლევან ანჯაფარიძეორმაგი სახე”, 1997; “არის ასეთი ქვეყანა”, 2004), გიორგი ხაინდრავაოცნებების სასაფლაო”, 1997), ზაზა ურუშაძემათთვის, ვინც მამამ მიატოვა”, 1991; “აქ თენდება”, 1998; “სამი სახლი”, 2008), მერაბ თავაძეხვეული კიბით”, 2001), ლევან თუთბერიძენაზარეს უკანასკნელი ლოცვა”, 1989; “წარსულის აჩრდილები”, 1996; “მოგზაურობა ყარაბაღში”, 2005) და სხვ.

რომანტიკული განზოგადებისა და პოეტური ფორმებისადმი სწრაფვამ, რამაც 60-70-იანი წლების რეჟისორთა ძალისხმევით, ქართული კინოს ფენომენი შექმნა, ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებაში თანდათან ადგილი დაუთმო თანამედროვეობის პრობლემებისა და გმირთა ხასიათების დრამატულ გააზრებასა და მკაცრ, ხშირ შემთხვევაში, ნატურალისტურ სტილისტიკას.

ეს ტენდენცია, განსაკუთრებით, უკანასკნელ ათწლეულში გამოიკვეთა, თუმცა, ამ პერიოდის კინოპროდუქციის ანალიზისას გასათვალისწინებელია მწვავე პოლიტიკური ფონი, ცხოვრების ყველა სფეროში არსებული ტოტალური კრიზისი, რამაც შესამჩნევად შეაფერხა კინოპროცესის განვითარება. სახელმწიფომ ვეღარ უზრუნველყო კინოწარმოება სათანადო მატერიალური მხარდაჭერით, უსახსრობის გამო ცალკეულ ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. თუმცა, მსოფლიო კინოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ანალოგიური სიტუაციები ხშირად “ახალი ტალღების” შემოჭრის წინაპირობა გამხდარა. სამწუხაროდ, ჩვენში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი და შემოქმედებითი საქმიანობა, უმეტესწილად, პირდაპირ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა.

დაბოლოს, მართალია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართულ კინოში არ დაწყებულა აღმავლობა, მაგრამ დროის ზოგადი განწყობისა და ატმოსფეროს ფიქსაციის თვალსაზრისით, იგი საკმაოდ საგულისხმო სურათს გვთავაზობს, ათწლეულის განმავლობაში შექმნილი კინოპროდუქციის ეკლექტიკურ სიჭრელეში მაინც იკვეთება გარკვეული ტენდენციები, საერთო სიმპტომატური ნიშნები. კერძოდ, როგორც უკვე ითქვა, 90-იანი წლების ქართული კინო თანდათანობით შორდება პოეტურ-იგავურ ფორმებს, რომანტიკული, “შერეკილი” გმირების ადგილს თითქმის მთლიანად იკავებენ კონკრეტული სოციუმის, მეტწილად კი .. “ფსკერის” წარმომადგენლები და ამ პერიოდის კინოპროდუქცია ძირითადად განწირულობის, დაბნეულობის, შიშის, ტოტალური ქაოსის შეგრძნებით ხასიათდება.

ძნელია ამ მოკლე მიმოხილვაში ქართული კინოს საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე შექმნილი კინოპროდუქციის სრული გაანალიზება. მით უმეტეს, რომ მასალა სრულიად არაერთგვაროვანია თემატიკის, ჟანრის, მსოფლმხედველობითი თუ ესთეტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული კინემატოგრაფი სწორედ ამ არაერთგვაროვნებასა და წარსულის საუკეთესო ტრადიციებში მონახავს ძალებს განახლებისა და განვითარებისათვის.

წერილი დასტამბულია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ნარკვევების კრებულში “ქართველი კინორეჟისორები” (ნაწილი II)2007 წელს.

 

ქართული კინოს შესახებ ფოტომასალის მოწოდებისათვის “კინემა” მადლობას უხდის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მუზეუმს და პირადად ქალბატონ აზა დუნდუას.

 

 

 ქეთი ტრაპაიძე

სად კეთდება ქართული ფილმი

 

ქართული კინო გარდაქმნის ურთულეს გზას გადის. დღეს ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, თუმცა გარდაქმნა მრავალმხრივ შეიძლება გავიაზროთ. კრიზისი, რომელმაც წარმოებას და მხატვრულ ღირებულებებს თანაბრად შეუტია, დღეს თანამედროვე სამყაროს ზოგადმა პირობითობამ უნდა ჩაანაცვლოს. ჩვენ ამ საკითხის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის გამორკვევა დავისახეთ მიზნად. სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დირექტორის მოადგილესთან, არჩილ მენაღარიშვილთან საუბრისას, ყურადღება ძირითადად კომპანიის საერთო მიზნებსა და, ამოცანებზე გავამახვილეთ. “ქართულ ფილმში” მომხდარმა ცვლილებებმა უამრავ კითხვას გასცა პასუხი და თუმცა ჩვენთვის უმთავრესი მაინც ადგილობრივი წარმოების შედეგებია, რა თქმა უნდა, ქართული კინოწარმოება ჯერჯერობით მოსამზადებელ და გარდამავალ ეტაპზეა. როგორც ჩანს, მასზე, როგორც ხელოვნების და წარმოების ერთიან დარგზე, ზუსტად აისახებოდა და კვლავაც აისახება ყოველივე, რაც ქვეყანამ გამოიარა. ვისაუბრეთ ამჟამად მოქმედ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტივებზე, რაც არჩილ მენაღარიშვილმა მაქსიმალურად კონკრეტული და სახიერი ფორმით წარმოგვიდგინა.

 

 

ქეთი ტრაპაიძე — როგორ დაიწყო ფაქტობრივად უმოქმედო სტუდიის “ქართული ფილმის” მატერიალური და ფუნქციონალური რეორგანიზაცია?

არჩილ მენაღარიშვილი — კინოსტუდია “ქართული ფილმი”, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხანი იყო სავსებით უმოქმედო. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ჯგუფმა (დათო ცინცაძე, გოგა დავარაშვილი, თამარ ფოცხიშვილი, არჩილ მენაღარიშვილი და სხვ. – ..)1 გადაწყვიტა ამ პრობლემის შეძლებისდაგვარად კარდინალურად გადაწყვეტა, ბევრი კონსულტაცია გავიარეთ. ეს შრომატევადი, რთული და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მრავალი სხვადასხვა პრობლემით მოცული საქმე აღმოჩნდა. საბოლოოდ შეიქმნა ისეთი ტიპის პროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სტუდიის ფუნქციონირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სხვაგვარად მის არსებობას საბოლოოდ გამართლებულს ვერ დავარქმევდით, რადგან კვლავ ვერ დავაღწევდით თავს წარმოების ჩავარდნის საფრთხეს.

ხსენებული პროექტი ჯგუფმა სახელმწიფო სტრუქტურას შესთავაზა. თავდაპირველად სამეთვალყურეო საბჭოც შეიქმნა (გოგა დავარაშვილი, თამარ ფოცხიშვილი, მე), რომელმაც მაშინვე შეიმუშავა და პრაქტიკულად გაიარა ყველა ოფიციალური იურიდიული პროცედურა, რაც ასეთ დროს აუცილებელია. სხვადასხვა ეტაპზე სიახლეები იჩენდა თავს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში 90-მდე კინოთეატრი რეესტრში რეგისტრირებული არც ყოფილა. ეს პროცესი თითქმის დავასრულეთ. ვესაუბრეთ კინოთეატრების ხელმძღვანელებს, შევისწავლეთ რეალურად არსებული სურათი და გავარკვიეთ ყველა უთანხმოება. რასაკვირველია, ამას გარკვეული დრო და პროცედურები დასჭირდა. 2010—2011 წლებისათვის დამთავრდება კინოთეატრების ძირითადი ნაწილის რეაბილიტაცია. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ ზოგადი ტენდენცია, რომელიც მთელს მსოფლიოში შეინიშნება, კინოთეატრის პირველად ფუნქციას კი არ ზრდის, არამედ პირიქით... როგორც წესი, კინოფილმის დემონსტრირებისთვის განკუთვნილი დარბაზები, კარგა ხანია, უამრავ სხვა დანიშნულებასაც ითავსებს. ამიტომ, რეალური სიტუაციიდან და სოციუმის არაერთგვაროვანი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, 500-კაციანი დარბაზის მაგივრად, შეიძლება მივიღოთ ორი 100-კაციანი დარბაზი, სადაც იქნება სხვა გასართობი საშუალებებიც. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს უკვე მსოფლიოში აპრობირებული და საინტერესოდ დანერგილი მოვლენაა...

.. — რა ეტაპზეა ამჟამად სააქციო საზოგადოება როგორც წარმოება და როგორც იურიდიულად მოქმედი ორგანიზაცია?

.. — სააქციო საზოგადოების 2/3 წილი ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო მისი 1/3 აქციონერთა ჯგუფის — სტუდიის თანამშრომელთა საკუთრებაა. ჩვენ თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ მთავარი მიზნების განხორციელება. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სტუდიის ტექნიკური გადაიარაღება იყო, რაც ჯერაც არ დასრულებულა. დამეთანხმებით, ალბათ, ამის გარეშე, არცერთი თანამედროვე სტუდიის არსებობა, თუნდაც საწყის საფეხურზე, არ შეიძლება იყოს სრულფასოვანი. დაუზოგავად ვცდილობთ “ქართული ფილმი” გადავიდეს საკუთარ წარმოებაზე. ამჟამად პირველ სართულზე ვამზადებთ კოსტიუმებისა და რეკვიზიტის შემნახველ ბაზას. აქვე განთავსდება მოქმედი ტექნიკის შემნახველი ბაზა, სამკერვალო და სამრეცხაოც. ჩვენი ამოცანაა, მეორე სართულზე ფუნქციონირებდეს 2-3-წლიანი სკოლა ტექნიკური და მეორადი პროფესიებისათვის, რომელიც საკუთარ კურსდამთავრებულებს “ქართულ ფილმში” დაასაქმებს. ეს, ზოგადად, ქართული კინოს პრობლემაა. აუცილებელია ახალგაზრდები დავაინტერესოთ. დაიწყო მოლაპარაკება თეატრისა და კინოს ინსტიტუტთან, რათა სტუდენტებმა პირველადი პრაქტიკა გაიარონ ამ პროფესიების ტექნიკის ასათვისებლად. უნდა გაიმართოს სარეკლამო-გაცნობითი კამპანია და შედეგად წარჩინებული სტუდენტები მომზადდებიან ისეთი პროფესიისათვის, როგორიცაა, მაგალითად, გამნათებელი — ვფიქრობ, მსგავსი ჩანაფიქრი გაამართლებს.

.. — როდის დასრულდება აუცილებელი ეტაპი, . . ტექნიკური გადაიარაღება და რომელი პროექტების რეალიზების პროცესი მიმდინარეობს ამჟამად?

.. — ტექნიკური გადაიარაღება უნდა დასრულდეს 2009 წელს. ამჟამად ხდება სტუდენტური პროექტის რეალიზება. კომპანია “სინეტეკი”, “ქართული ფილმი”, კინოცენტრი, სამხატვრო აკადემია და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ერთობლივად ვმუშაობთ ამაზე. ჩვენი მხრიდან სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან კამერით და ელექტროვერსიის ჩაწერით. რაც შეეხება თაობას, რომელსაც დიდი ხანია სათქმელი დაუგროვდა — მათთვის დაწყებულია კიდევ ერთი პროექტი სახელწოდებით “ჯარისკაცის მამა” (რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით). პროექტი მოიცავს 10 სერიას და თითოეული მათგანი თემატურად უპასუხებს 10 მცნებას. ამ ეტაპზე ჩვენ პრაქტიკულად ორიენტირებული ვართ “კოპროდუქციაზე” (იგივე ერთობლივ პროდუქციაზე), მაგალითად, ზაზა ურუშაძისა და ლევან თუთბერიძის ფილმების შექმნაში მივიღეთ მონაწილეობა. მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანულ პროექტზე, სადაც მნიშვნელოვანი ფუნქციით — კამერით, ლაბორატორიით, ცოცხალი რესურსით ვმონაწილეობთ. თემატიკა და იდეა აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის. ამას გარდა, პროექტი სწორ მარკეტინგულ მიზნებსაც ემსახურება. ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ სომხურ პროექტშიც. იქაც დაწყებულია მხატვრული ფილმის გადაღება, მხოლოდ ეს არ არის კოპროდუქცია და მასში ქართული მხარე მონაწილეობს ტექნიკით. სხვათა შორის, საბოლოო შეთანხმებას აზერბაიჯანელ კოლეგებთან კანში მივაღწიეთ.

გარდა ამისა, სექტემბერში ვგეგმავდით ბოლივუდის წარმომადგენლის მოწვევას საქართველოში, კერძოდ, სააქციო საზოგადოება “ქართულ ფილმში”. ნიუ-იორკის კინოსკოლასთან თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება ჩვენთან ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით. სექტემბრის პერსპექტივები, მოგეხსენებათ, დროებით შეჩერდა, უფრო სწორად, მხოლოდ დროში გადაინაცვლა და ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოში განვითარებული მოვლენები იყო. მთლიანობაში კი, “ქართული ფილმი” მთელი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და, იმედი გვაქვს, რომ ხუთიოდე წლის შემდეგ ეროვნული კინო შეძლებს საკუთარი პოტენციალის ბოლომდე რეალიზებას.

.. — გმადლობთ. ვფიქრობ, ამგვარი ინფორმაცია არა მხოლოდ საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის, არამედ ნათლად და ზუსტად ასახავს იმ პერსპექტივას, რომელიც ქართულ კინოწარმოებაში იბადება.

ქეთი ტრაპაიძე

უცხოელი პარტნიორები ქართულ კინოწარმოებაში

“კინემას” თხოვნით კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძე შეხვდა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენელს ქრისტიანე ბიუხნერს და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორს ვერნერ ვიოლს. საუბრისას გაირკვა უცხოელი სტუმრების ვიზიტის ძირითადი მიზნები.

ქეთი ტრაპაიძე — როგორია ქართულ კინოსამყაროსთან თქვენი ურთიერთობის ამჟამინდელი ფორმა და ზოგადად პრინციპი, თქვენი ჩამოსვლის ძირითადი ფუნქცია და მიზანი?

ქრისტიანე ბიუხნერი — ჩვენი ფესტივალი, ესე იგი ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, ღიაა უამრავი ქვეყნის წარმომადგენელთათვის. ზოგადი სურათის შესაქმნელად საინტერესოა ყველა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ფილმები. მე პირადად პასუხისმგებელი ვარ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფილმების არჩევანზე. ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი რეგიონში (იგულისხმება სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი) და ამის შემდეგ ხშირად ვისმენდი საუბარს იმაზე, თუ რამდენი რამ შეიცვალა, რომ იღებენ უფრო მეტ ფილმს და სხვ. ეს ცვლილებები ხორციელდება კონკრეტულად საქართველოშიც. ის, რომ ნებისმიერი ტენდენცია აისახება კინემატოგრაფზე, ფაქტია. მე მინდოდა გამეგო და დამეკონკრეტებინა, მართალია ეს თუ არა, თუ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. გადავწყვიტე კვლავ ჩავსულიყავი აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. ჯერჯერობით ორი დღეა, რაც აქ ვარ და ის, რომ კინემატოგრაფიული გარემო განსხვავებულია, ცხადია, თუმცა ჩემი მიზანია ამ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დავამყარო, ვნახო ნამუშევრები და გავეცნო გარემოს.

. . — თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ამჟამად გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი?

. . — საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში ჩემი ჩამოსვლის კონკრეტული მიზანი, რომელიც უკვე ვახსენეთ, არის ის, რომ ნათლად წარმოვაჩინოთ ჩვენი კინოფესტივალი. ეს პერსპექტივების წინაპირობაა, ვინაიდან მაქსიმალურად ბევრი და მნიშვნელოვანი კონტაქტი რეჟისორებთან, კინომწარმოებლებთან, ვიდეობაზართან, სტუდიებთან, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავეცნოთ სწორედ იმ პროდუქციას, რომელიც მათ შექმნეს და მათგან აირჩევა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალში მონაწილეობისთვის.

. . — ბუნებრივია, საქართველოში არსებული სიტუაცია ყველაფერზე აისახებოდა. ეროვნულმა კინომ გადაიტანა როგორც მატერიალური, ისე თემატური კრიზისი და ის, რაც ამ პერიოდს უნდა მოჰყვეს, ნათელ სურათს უნდა ქმნიდეს კინოში არსებული პოტენციალის შესახებ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთი შეხედვით, რა ეტაპს მიუახლოვდა კინო ჩვენს ქვეყანაში?

.. — ის, რომ ქვეყანაში მძიმე სინამდვილე განსაზღვრავდა ბევრ რამეს, ასევე განსაზღვრავდა ზედმეტ რეალობას კინოშიც. სურათი, ალბათ, იცვლება და სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დათვალიერებისას ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ვნახოთ, რა შედეგს ვიხილავთ. კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება: ობერჰაუზენის ფესტივალის კარი ღიაა. მასში მონაწილეობისთვის მისაღებია როგორც მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ისე ვიდეოფილმები, ვიდეოკლიპები, მუსიკალური კლიპები, ანიმაციური ფილმები. არეალი საკმაოდ დიდია.

ვერნერ ვიოლი — გოეთეს ინსტიტუტის მხრიდან, მინდა დავამატო, რომ მომავალ წელს გვაქვს საინტერესო პროექტი სახელწოდებით “89-09”. ფილმები შეიქმნება იმაზე, თუ რა შეიცვალა ამ ათი წლის განმავლობაში ადამიანებში, ქვეყანაში და ოთხ რეჟისორს მიეცემა შესაძლებლობა გადაიღოს ოთხი სხვადასხვა ფილმი ამ თემასთან დაკავშირებით.

.. — როგორც ვხედავთ, შესაძლებლობები და მიზნები საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ გულდასმით დავათვალიერეთ ახლად აღჭურვილი და ჯერ კიდევ ტექნიკური გადაიარაღების პროცესში მყოფი სტუდიის შენობა, რომელიც წარმოების რეალურ პერსპექტივაზე მეტყველებს. მოვისმინეთ როგორც მასპინძლების, ისე პოტენციური პარტნიორების აზრი და ვიხილეთ გზა, რომელიც უკვე დაწყებულ და არსებულ პროექტებამდე მისასვლელად განვლო სტუდიის ამჟამინდელმა შემადგენლობამ. ქართული კინოს საკმაოდ არაერთგვაროვანი ისტორიული სინამდვილის გათვალისწინებით და თანამედროვე სამყაროსთან ინტეგრირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დღეს რეალურ პერსპექტივებზე მეტყველებს.

 

1 _ჟურნალში დათო ცინცაძის და გოგა დავარაშვილის ნაცვლად უნდა იკითხებოდეს: დავით ნაცვლიშცილი, კიბა დავარაშვილი და შემდგომ როგორც ტაქსტშია. ჟურნალის რედაქცია ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომისათვის. 

 

  ლელა ოჩიაური

“დამოუკიდებელი კინოპროექტი” 100 წლის სივრცის დამოუკიდებლად

გარღვევის ახალ ფორმას ამკვიდრებს

 

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ზოგადად ქვეყანაში არსებული კრიზისების და კონკრეტულად კინოკრიზისის შესახებ, მაგრამ, უმეტესწილად, ეს მხოლოდ სიტყვად რჩება და საქმედ არ იქცევა. შესაბამისად, არ ხდება პრობლემის გადაწყვეტა და პროცესი უსასრულოდ იწელება.

იმისთვის, რომ სიტყვა საქმედ ექციათ და ეცადათ მაინც, გაეგოთ, რა არის საერთოდ შესაძლებელი ან თვითონ რა შეუძლიათ, ორმა ახალგაზრდა პროდიუსერმა — არჩილ გელოვანმა და ლევან კორინთელმა კინოსტუდია “დამოუკიდებელი კინოპროექტი” დააფუძნეს და ქართული კინოს გადარჩენის ფორმების ძიებას შეუდგნენ. საინტერესოა, რომ მათ დამოუკიდებლობაც შეინარჩუნეს (მატერიალური) და თავიანთი “დამოუკიდებლობა” სახელმწიფოს კინოწარმოებას (როდესაც ადრე, პირიქით ხდებოდა — კინო სახელმწიფო დოტაციაზე იყო დამოკიდებული) მოახმარეს. იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა იგეგმება უახლოს მომავალში, “კინემას” არჩილ გელოვანი უამბობს.

 

 

ლელა ოჩიაური — როდის და როგორ შეიქმნა “დამოუკიდებელი კინოპროექტი”?

არჩილ გელოვანი: “დამოუკიდებელი კინოპროექტი” მე და ლევან კორინთელმა შევქმენით რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როდესაც პროექტზე “რუსული სამკუთხედი” ვმუშაობდით. დაახლოებით ერთი წლის წინ კი გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პატარა სტუდია სრულფასოვან, მრავალშრიან კინოსტუდიად გადაგვექცია, რომელიც საკუთარ პროექტებსაც განახორციელებდა და თან სხვებსაც მოემსახურებოდა.

ამდენად, შევქმენით სტუდია, რომელიც დღეს ორ ქვეგანყოფილებას აერთიანებს. ერთია — საპროდიუსერო ცენტრი და მეორე — მომსახურების კომპანია. ერთს ეწოდება “დამოუკიდებელი კინოპროექტი”, მეორეს — “დამოუკიდებელი კინოსერვისი”.

. . — რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?

. . — “დამოუკიდებელ კინოსერვისში” შედის ტექნიკური ბაზა — რამდენიმე სამონტაჟო, ფილმის გადაღების მთელი აღჭურვილობა, კამერები, განათებისა და ხმის აპარატურა, ურიკები, ამწეები; მანქანები, გრინვაგენები, კამერავაგენები...

… სულ ახლახანს, ჩვენთან გაიხსნა განყოფილება, რომელიც ფერის კორექციითაა დაკავებული. იანვრის ბოლოს კი ხმის პოსტპროდუქციის განყოფილება იხსნება. ეს ნიშნავს, რომ აქ გვექნება გახმოვანების შესაძლებლობა, მართალია, ჯერჯერობით, “დოლბის” ლიცენზიის გარეშე (იქამდე, ჯერ გაზრდაა საჭირო), მაგრამ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ. ანუ, შეგვიძლია, სხვაგან გამგზავრების გარეშე, ფილმი თავიდან ბოლომდე საქართველოში გადავიღოთ (ამისთვის ჩვენ აღარავინ გვჭირდება) და შემდეგ დასრულებულ პროდუქტამდე მივიყვანოთ.

“დამოუკიდებელ კინოპროექტში” შედის საპროდიუსერო ბაზა. ესაა კომპანია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი სცენარით ან მზა პროექტით მოვიდეს (რასაც ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ) და, რა თქმა უნდა, თუ დავინტერესდებით, ან საპროდიუსერო მომსახურებას შევთავაზებთ, ან ერთობლივად განვახორციელებთ.

. . — რომელიმე პროექტის განხორციელება მოასწარით?

. . — შარშან, წლის ბოლოს, გაგვიჩნდა სარესტავრაციო მოღვაწეობის დაწყების იდეა. ამისთვის საფუძვლის შექმნას ამ წლის დასაწყისში შევუდექით. ჩავატარეთ რამდენიმე ვორქშოფი — ჩამოგვყავდა სპეციალისტები ავსტრიიდან, რუსეთიდან, ინგლისიდან, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს ასწავლიდნენ. დღეს ისინი უკვე დამოუკიდებლად ახორციელებენ ფილმების, ნებისმიერი კინომასალის აღდგენას.

პირველი ფილმი, რომელსაც ხელი მოვკიდეთ, იყო ალექსანდრე რეხვიაშვილის “მწვანე მდელო”, რომლის სრული რესტავრირება მოვახდინეთ; შემდეგ იყო რამდენიმე პატარა პროექტი (რითაც, უბრალოდ, საკუთარ პროექტებს ვემსახურებოდით) — ფრაგმენტები სხვადასხვა ძველი ფილმიდან, რომლების აღდგენაც გვჭირდებოდა ჩვენს დოკუმენტურ ფილმებში ჩასასმელად.

მომდევნო ფილმები, რომელთა რესტავრირებაც ერთმანეთის პარალელურად მოხდება არის, კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” და მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველი” და, იმედი მაქვს, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის ამ სამუშაოებს დავასრულებთ.

საერთოდ, რესტავრაციის განყოფილება ჩვენი პირმშოა, რომელიც ძალიან გვახარებს. აუცილებლად მიგვაჩნია ძველი ქართული ფილმების გადარჩენა, რომლებიც უსაშინლეს მდგომარეობაშია. უცხოეთში მათი რესტავრირება ძალიან ძვირია, ჩვენ კი დავამტკიცეთ, რომ ამის გაკეთება საკუთარი ძალებით შეგვიძლია.

ამ წელს რამდენიმე საკუთარი პროექტიც გვქონდა.

მას შემდეგ, რაც დიტო ცინცაძესთან ერთად გავაკეთეთ ფილმი ელდარ შენგელაიას შესახებ, გაჩნდა ცნობილ ქართველ რეჟისორებზე, შემოქმედ ადამიანებზე (რომლებიც განადიდებდნენ ჩვენს ქვეყანას) ფილმების ციკლის გადაღების იდეა.

გადავიღეთ მერაბ კოკოჩაშვილის “სახლი სიხარულისა”, მიძღვნილი ვახტანგ ტაბლიაშვილის “ქეთო და კოტეს” 60 წლის იუბილესადმი. თავდაპირველად, პატარა, დოკუმენტურ ფილმს ვგეგმავდით, მაგრამ მხატვრულ-დოკუმენტური გამოვიდა. ის მზად ჯერ კიდევ სექტემბერში იყო, მაგრამ გვინდა, რომ ეკრანებზე დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ვაჩვენოთ.

ფილმი, წმინდა პროდიუსერული თვალთახედვით, მეტად წარმატებული გამოდგა, რადგან, აღმოჩნდა, რომ მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ის ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, დანახარჯი უკვე ამოვიღეთ, ამასთან, მეტად უცნაურ ბაზარზე — ბელორუსიაში, ბალტიისპირეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და ისრაელში. ბუნებრივია, ეს ის ქვეყნებია, სადაც პოსტსაბჭოთა მოსახლეობა დომინირებს.

ოდნავ მოგვიანებით ჩავერთეთ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწყებულ პროექტებში — ზაზა ურუშაძის “სამი სახლი” და ლევან კოღუაშვილის “ქალები საქართველოდან” (რომელიც ასევე დასრულებულია და ეკრანებზეც უკვე გამოვიდა).

. . — რას აკეთებთ ახალს?

. . — ახლა პროცესში გვაქვს “გასეირნება ყარაბაღში 2”. პირველი ფილმი 4 წლის წინ შეიქმნა და საქართველოში საკმარისად დიდი კომერციული წარმატება ჰქონდა. ჩვენ გვჯერა, რომ მისი გაგრძელებაც ასევე კომერციული იქნება და გეტყვით, რატომ.

იმიტომ კი არა, რომ მილიონების მოგებას ველით (თუმცა, არც ესაა ბოლო პუნქტი ჩვენს “სიაში”). უბრალოდ, დარწმუნებული ვართ, რომ ის საკუთარ ხარჯებს აანაზღაურებს; ჩვენ გვჯერა, რომ შეიძლება საქართველოში ფილმები გადაიღო და ქვეყნის შიგნით მისი კომერციული წარმატებისა და მოგების იმედი გქონდეს.

თუ, “გასეირნება ყარაბაღში 2”-ის შემთხვევაში, ამის პრეცენდენტი მოხდა და ნამდვილად მივხვდებით, რომ ასეთი რამ მართლა შესაძლებელია (თუმცა, ჩვენ რეალურად გვწამს, რომ შესაძლებელია), მაშინ ეს იქნება ახალი დინება ქართულ კინოში, რადგან ბევრი ადამიანი დასაქმდება. მათ გაუჩნდებათ სტიმული, მათ გაუჩნდებათ მყარ საფუძველზე მუშაობის შესაძლებლობა, რადგან ეს მუდმივ სამუშაო ადგილებს მოიტანს კინოსთან დაკავშირებული პროფესიების წარმომადგენლებისთვის, მსახიობებიდან დაწყებული, ტექნიკოსებით დამთავრებული.

ღმერთმა ქნას, შევძლოთ დიდბიუჯეტიანი ფილმების გადაღება. სამწუხაროდ, ფორმატი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც კინოსთვის არსებობდა დიდი სახელმწიფო დოტაცია, დღეს აღარ არსებობს. ჩვენ ამ ეტაპზე, უფრო საბაზრო პირობებზე უნდა გადავიდეთ, მცირებიუჯეტიან ფილმებზე და თუ ამის მიღწევას მოვახერხებთ, ნამდვილი აღორძინება ეს იქნება.

აი, სწორედ ამ დიდი პროექტის ნაწილია ჩვენი ფილმიც, რომელსაც, წარმატების შემთხვევაში, წელიწადში, მინიმუმ, ორი-სამი ასეთი, პირველ რიგში, შიდა ბაზარზე ორიენტირებული, ფილმი მოჰყვება.

. . — აქედან გამომდინარე, წელს მხოლოდ ამ პროექტს ახორციელებთ?

. . — არა მხოლოდ. მომავალი წლისთვის გვაქვს კიდევ ორი პროექტი, რომელსაც კინოცენტრთან ერთად ვაკეთებთ. ერთია ლევან კოღუაშვილის ფილმი “ბიჭები”, მეორე — ალეკო ცაბაძის “რენე მიდის ჰოლივუდში”

. . — მახსოვს, თქვენ გქონდათ კონკურსი ახალგაზრდებისთვისაც. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით?

. . — ეს იყო სტუდენტური კონურსი, რომელიც ზაფხულში გამოვაცხადეთ. შედეგად, ჩვენმა სამხატვრო საბჭომ, ამ ეტაპზე, ორი ათწუთიანი ფილმის პროექტი დაამტკიცა. ახლა, რამდენადაც ვიცი, მიდის გადაღებებისთვის მზადება. ერთის გადაღებები თებერვალში იწყება, მეორის — მაისში (რადგან, მასში, სცენარის მიხედვით, მოქმედება გაზაფხულზე ხდება). ამ პროექტზე ოთხი თვე ვიმუშავეთ. ჩვენი სამხატვრო საბჭოს წევრები დაეხმარნენ ავტორებს სცენარების დამუშავებაში, დრამატურგიაში, კადრირებებში, საერთოდ კონცეფციაში. ჩვენი პროდიუსერები ეხმარებოდნენ პროექტის შედგენაში, შემუშავებაში, გათვლასა და დაგეგმვაში. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს აღმასრულებელი პროდიუსერის სპეციალობა, რადგან ამას არ ასწავლიან, ამდენად, ახალგაზრდებმა არ იციან, რა რამდენი ღირს, როგორ უნდა შედგეს ხარჯთაღრიცხვა და .. ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში არიან დაკავებული, ყველა რეალური ცხოვრებიდანაა გამოსული და არა უნივერსიტეტებიდან, რაც, სხვათა შორის, ასევე დიდი პრობლემაა.

. . — კვლავ თქვენს ახალ პროექტს მინდა დავუბრუნდეთ. თვითონ “ყარაბაღის” თემა უკვე მომგებიანია, მით უმეტეს, პირველი ფილმის გამოცდილებიდან, კომერციული წარმატებიდან გამომდინარე. მაგრამ ასეთი მასალა ბევრი არაა. როგორ აპირებთ წელიწადში სამი-ოთხი ამგვარი პროექტის განხორციელებას?

. . — რამდენიმე თემა უკვე მოფიქრებული გვაქვს. მაგალითად, ლაშა ბუღაძის “ჰიტი” — “ბოლო ზარი”, რომელიც გათვლილია მათზე, ვინც ძირითადად წარმოადგენს დღევანდელ მაყურებელს — თინეიჯერებზე. გარდა ამისა, ძალიან გვინდა მელოდრამის გაკეთება, რაც, დიდი ხანია, არავის გადაუღია, ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას ურთიერთობაზე. გახსოვთ, ლაშა თაბუკაშვილის “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”?

უნდა აჩვენო ის, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ხედავენ, რომ ამისკენ ისწრაფოდნენ. მათ არა აქვთ სიყვარული, მათ არა აქვთ წარმატება. აი, ასეთ თემებს უნდა ჩაებღაუჭო და ამავე დროს, უნდა აჩვენო რეალური ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. უნდა აჩვენო განცდები, თანაგრძნობა, თანაგანცდა, სიყვარული... სიყვარული კი მარადიულია.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუ არ სცადე, ვერ მიხვდები.

ლელა ოჩიაური

“გასეირნება ყარაბაღში 2” “დამოუკიდებელი კინოპროექტის”

ახალი პროექტის სივრცეში პირველი მოგზაურობაა

კინოსტუდია “დამოუკიდებელ კინოპროექტში” დასრულდა ახალი მხატვრული ფილმის “გასეირნება ყარაბაღში 2”–ისკონფლიქტის ზონა”) გადაღებები. ამით ქართულ კინოსამყაროში ახალი დამოუკიდებელი კინოსტუდიის ხელმძღვანელები — პროდიუსერები არჩილ გელოვანი და ლევან კორინთელი ქართული კინემატოგრაფის, კინოწარმოების, დისტრიბუციისა და კინოსისტემის განვითარების ახალი პროექტის განხორციელებას იწყებენ.

“გასეირნება ყარაბაღშისიქველია. ესეც სიახლეა ქართული კინოწარმოებისთვის. მეორე ასეთ შემთხვევას ვერ გაიხსენებ. როგორც ფორმის კანონი “მოითხოვს”, მეორე ფილმი (დიდი სხვაობის მიუხედავად) პირველს ბევრი ხაზით უკავშირდება (პერსონაჟები, ამბების გადაკვეთა და ..) და რაღაც წახნაგებით მის (არა მარტო “გასეირნების” მხრივ) გაგრძელებას წარმოადგენს.

პირველი “ყარაბაღი” აკა მორჩილაძის მოთხრობის “მოგზაურობა ყარაბაღში” მიხედვით ლევან თუთბერიძემ გადაიღო. “ყარაბაღი 2”-ის ორიგინალური სცენარის ავტორები არიან ლევან კორინთელი, ირაკლი სოლომანაშვილი (რომლებიც პირველი ფილმის სცენარის თანაავტორებიც არიან) და ვანო ბურდული. რეჟისორიც ვანო ბურდულია (რომელსაც მრავალგზის პრემირებული “გრაფიტი” აქვს გადაღებული და სერიალ “თამაშის მეფეების” ერთ-ერთი ავტორია).

მთელი შემოქმედებითი ჯგუფიც წარმომადგენლობითია და პროფესიონალებისგან (თავი-თავის სფეროში) შედგება (მათგან უმეტესობა ჯერ კიდევ პირველ ფილმზეა ნამუშევარი). მხატვარია კოტე ჯაფარიძე, ოპერატორი — გიორგი ბერიძე, კომპოზიტორი — ნიაზ დიასამიძე. მთავარ გმირებს ზურაბ ინგოროყვა და მიშა მესხი ასახიერებენ. მონაწილეობენ ლევან დობორჯგინიძე, დათო იაშვილი, ნუცა კუხიანიძე, კაბუ, ნატო მურვანიძე, ზურა ყიფშიძე, დავით დვალიშვილი, მიშა გომიაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ნინი ბადურაშვილი, ია სუხიტაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი...

“გასეირნება ყარაბაღში” ლევან კორინთელის მიერ განხორციელებული პირველი ქართული დამოუკიდებელი და გამორჩეულად წარმატებული საპროდიუსერო პროექტი და ასეთივე სარეჟისორო ნამუშევარი იყო. მეორე ფილმი, როგორც აღვნიშნე, “დამოუკიდებელი კინოპროექტის” საქმიანობის ერთ-ერთი ახალი მიმართულების დასაწყისია და, იმედია, პირველივით, არაერთმხრივ წარმატებული და მიზანმიღწეული იქნება.

ლევან კორინთელი ახალი პროექტის საწყისად “ყარაბაღის” სიქველის გადაღებას, ისტორიის გაგრძელების განზრახვას სწორედ იმით ხსნის, რომ პირველმა ფილმმა საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია; რომ მას ბოლო ათწლეულის ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა (ის საქართველოში მაშინ არსებულ ორ კინოთეატრში, 50000 კაცმა ნახა) და რომ ეს იყო ყველაზე კომერციული კინოპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში განხორციელდა.

“ყარაბაღი 2”-, წინამორბედის მსგავსად, კომერციული პროექტია, მაგრამ “დამოუკიდებელი პროექტის” ჩანაფიქრი, მიზანი და ამოცანა, ამ შემთხვევაში (კომერციულობის მხრივ), სხვაგვარია.

საერთოდ, როგორც ლევან კორინთელი ამბობს, კინოგაქირავება საქართველოში ძნელია; ფილმის შექმნას მხოლოდ შიდა ბაზრისთვის, ფაქტობრივად, აზრი არა აქვს, რადგან ქართული კინობაზარი ძალიან პატარაა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობს. “გასეირნება ყარაბაღში 2”-ით, პროდუსერები, პირველ რიგში, სწორედ ამ “მითის დანგრევას” აპირებენ.

ამის ერთ-ერთი პირობა კი, “დამოუკიდებელ კინოპროექტში” შექმნილი “დამოუკიდებელი კინოსერვისია”, სადაც კინოწარმოებისთვის ყველა პირობაა, სადაც ყველაფერი - ტექნიკა იქნება თუ ფილმის გადასაღებ-დასასრულებლად (მონტაჟი, ხმა და ..) აუცილებელი ნებისმიერი აპარატურა (ცხადია, სპეციალისტებიანად) საკუთარია. აქედან გამომდინარე, ფილმების (ოღონდ, კარგი), წარმოება შედარებით იაფი (და არა იაფფასიანი) ჯდება. დღევანდელ პირობებში კი, ეს, ქართული კინოს გადასარჩენად, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი გამოსავალია. თუმცა, მთავარი სხვა რამაა.

ლევან კორინთელი: “არჩილ გელოვანი და მე დავუკავშირდით კინოთეატრების მეპატრონეებს და შევთავაზეთ, გვეცადა ისეთი ერთობლივი პროექტის გაკეთება, რომლის ფარგლებშიც, ფილმი გაქირავებში “ნულზე” მაინც გავიდოდა ანუ წარმოებაზე დანახარჯს მაინც ამოიღებდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, კინოსთან დაკავშირებულმა, არსებულმა ინფრასტრუქტურამ მთლიანად იმუშაოს.

ჩვენ გქონდა საუბარი კინოცენტრის დირექტორთანაც. კოტე ჩლაიძეს ეს იდეა ძალიან მოსწონს და დაინტერესებულია მასში მონაწილეობით. ცხადია, რა შესაძლებლობაც აქვთ, იმისდა მიხედვით. შეიძლება მისი უშუალო მოვალეობა არაა, მაგრამ ადამიანი, რომელიც კინოცენტრს სათავეში უდგას, ვფიქრობ, ვალდებულადაც უნდა თვლიდეს თავს, რომ ასეთ პროექტებში მონაწილეობა მიიღოს

ახალი “ყარაბაღის” შემქმნელების მიზანს ასრულება რამდენიმე ფაქტორით უწერია. პირველია, როგორც ყოველთვის, იდეა და სცენარი (რაც უკვე გადაღებულ და პირადად ჩემ მიერ ნანახ მასალასთან ერთად), რაც უდავოდ საინტერესოა და არანაკლებად იმედის მომცემია ამ ჩანაფირებისა და სათქმელის გამოხატვის ფორმები, გადმოცემის ხერხები, რაც, მაინც ფრთხილად ვიტყვი: ქართული კინოფორმებსტილისტიკისთვის სიახლეა. ამ პროცესს აგრძელებს შემოქმედებითი ჯგუფიც, მეტად ზუსტად შერჩეული მსახიობები და მათ მიერ ორგანულად შერჩეული სამსახიობო ხერხები, პერსონაჟების სახეების გახსნისას.

ფილმში დღევანდელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სათქმელი, თანადროული პრობლემებია ჩადებული და არაერთი შრისგან, ერთმანეთის გადამკვეთი ხაზისგან — ბედისგან (რომლებიც კალეიდოსკოპივით ცვლის და ეჯაჭვება ერთმანეთს) შედგება.

საუბარი ტრიალებს იმ მოვლენათა გარშემო, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა და რაც მისთვის (ჩვენთვის) კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ის (მიუხედავად იმისა, რომ სცენარი ბევრად ადრე შეიქმნა და გადაღებებიც ბევრად ადრე დაიგეგმა), თითქოს ეხმიანება აგვისტოს მოვლენებსაც, თუმცა, აფხაზეთის ომის პერიოდის საქართველოში, 1993 წელში გვაბრუნებს. შიდა და გარე ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთის ომი, ომი სამაჩაბლოში (თუ ნებისმიერი სხვა) მაშინ არ დასრულებულა. მის არსებობას მუდამ შევიგრძნობთ, რადგან ნაღმები, რომლებიც საქართველოს “მიწაში” 90-იან წლებში (იქნებ, კიდევ უფრო ადრე) ჩაიდო და ამოქმედდა, დღესაც მოქმედებს, დღესაც არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ბევრი ბილიკი კვლავ გაუვალია. ხოლო ადამიანი და მისი არსებობა ომიანობის ჟამს (გნებავთ, მის შემდეგ), ის, თუ როგორ ანგრევს და ანადგურებს ძალადობა საზოგადოებას, რა ემართებათ მათ, როდესაც ნიადაგი ეცლებათ, ყველა დროში და ყველა ერისთვის უცვლელი რჩება და ჩვენს (არა მარტო) საზოგადოებას ამაზეც კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება.

ლევან კორინთელი: “ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობა გვაქვს, რომ თვითონაც გავიხსენოთ და სხვასაც ვაჩვენოთ, რა პერიოდი იყო საქართველოსთვის 90-იანი წლები, რა და როგორ ხდებოდა, რა შეცდომები იყო დაშვებული, რა ხალხი ეწირებოდა ამ შეცდომებს, რატომ, ვისი არაკომპეტენტურობის მიზეზით... და არის კიდევ გულისტკივილი იმ ყველაფრის გამო, რაც მოხდა. ეს დევს სცენარში და ვნახოთ, რა გამოვა

თუმცა, ამავე დროს, ისტორია, რომელიც “გასეირნება ყარაბაღში 2”-ია ასახული, დრამატიზმის, სევდიანი და ტკივილიანი შეგრძნებების პარალელურად, იუმორით, პატარა-პატარა ხალისიანი ამბებითა და სიმსუბუქითაა გამსჭვალული და ასეთი ხედვა, თითქოს შეუმჩნევლად ცვლის ერთმანეთს. არსებობს არა პრობლემების გაიაფფასურება, არამედ, მათი, კინოენაზე მსუბუქად თხრობა.

თამაში ტრაგიკომიკურის ზღვარზე მიდის, განსხვავებული და, შეიძლება ითქვას, კონტრაპუნქტული აქცენტებით, მათი ცვალებადობით, ქვეტექსტითა თუ სააშკარაოზე გამოტანილი სისტემებით, განსხვავებული პერსონაჟებითა თუ მსახიობების თამაშის არაერთგაროვანი მანერით, ამ პერსონაჟების სახეების ტიპაჟური, განზოგადებული პორტრეტების შესაქმნელად.

სამყაროც, რომელიც ფილმის ვიზუალურ ატმოსფეროს ქმნის და მუსიკაც, რომელიც მის შინაგან “გახმოვანებას” ახდენს, ერთიან კონსტრუქციაშია ჩაწერილი და მიზანს ზუსტად ესადაგება.

ფილმის, რომლის მოქმედებაც თბილისში, აფხაზეთსა და აზერბაიჯანში ხდება, გადაღებები თბილისსა და მის შემოგარენში მიმდინარეობდა. აფხაზეთში (სხვა, მთავარი, პრობლემა რომ არ იყოს) ფილმის დაბალი ბიუჯეტის გამო (კარგი იქნება, მხოლოდ ეს ყოფილიყო მიზეზი), გადამღები ჯგუფი ვერ წავიდოდა. შორი მანძილების დაძლევა და კინოექსპედიციებში (აზერბაიჯანში თუ ზღვისპირა აჭარაში, თუნდაც ხანმოკლე) გამგზავრება ვერ მოხერხდა, ამიტომ, ქალაქის სცენებს მიღმა შეირჩა ისეთი ნატურა, რომელიც მოქმედების ადგილებთან მიახლოებულ და ამავე დროს, განზოგადებულ (ფილმის არსიდან და მასში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე) გარემოს, ატმოსფეროს, ხასიათს ქმნის და, ამდენად, ეს ბარიერიც დაძლეულია.

კომერციული ფილმი (რომელსაც, ზოგადად, თავისი კანონები აქვს) მხოლოდ იაფფასიანს, დაბალ ხარისხს და მდარე გემოვნებას არ ნიშნავს. მსოფლიო კინოს (მათ შორის, ქართულის) ისტორიაში არის ფაქტები, როდესაც “კომერციულობა” მხატვრულობას ხელს არ უშლის და მასთან მშვიდობიანად თანაარსებობს. მთავარია, ვის რა და როგორ ესმის.

ლევან კორინთელი: “პირადად მე (ჩვენი სტუდიის მიზანიც ესაა) ისეთი პროდუქცია მინდა შევქმნა, რომლის წარდგენით თუ არ ვიამაყებ, ყოველ შემთხვევაში, არ შემრცხვება. ხარისხს ვგულისხმობ. ამავე დროს, მე ფილმს მაყურებლის თვალით ვუყურებ — ანუ უნდა შევქმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება, რომელიც მას მოიზიდავს. მინდა-არ მინდა, ამ მხარეზეც უნდა ვიფიქრო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გამომდის, კარგი პროდიუსერი ვარ და თუ არ გამომდის — ცუდი.

ამას გარდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ “გასეირნება ყარაბაღში 2” (თუ ჩვენი სხვა პროდუქცია) მხოლოდ საქართველოში არ დარჩეს. ის, რომ ფილმი ქართული ბაზრისთვის კეთდება, სრულებით არ ნიშნავს, რომ მას რამეს ვაკლებთ, პირიქით, ჩვენ ყველაფერს ყოველთვის სულითა და გულით ვაკეთებთ, რადგან მჯერა, რომ, თუ სიყვარული არ გაგაჩნია, თუ სიყვარულით არ ეკიდები, საერთოდ ყველა საქმეს და ამას, მით უმეტეს, არაფერი გამოვა. “ხალტურას” მართლა არ ვაკეთებთ და მნიშვნელოვანია, რომ თუ საქართველოს გავცდით, ყველაფერი ბონუსის სახით, უკან მოგვიბრუნდება

“დამოუკიდებელ კინოპროექტს” და მის პარტნიორებს ამ პროექტში - ეროვნულ კინოცენტრს და კომპანია Mოვინგ Pიცტურეს- განზრახული აქვთ, რომ ის საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე უკვე თებერვალში გამოვიდეს — წარმოებაში ჩაშვებიდან 4 თვის შემდეგ.

სარეკორდო დროში და სარეკორდოდ მცირე ბიუჯეტით ფილმის გადაღებას თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, მთავარია, დამტკიცდა, რომ ეს შესაძლებელია.

ეს იყო ერთგვარი სასინჯი ნაბიჯი, რადგან, თუ მეორე “ყარაბაღმა” გაამართლა, მაშინ პროექტიც გამართლებული იქნება და ქართული ფილმწარმოება-გაქირავების ეს მიმართულება აქტიურად ამუშავდება. თუ ასე მოხდა, “დამოუკიდებელი კინოპროექტი” (როგორც მისი ხელმძღვანელები გვპირდებიან) ქართველ მაყურებელს წელიწადში რამდენიმე ქართული ფილმით გაანაბივრებს და თანამედროვე ქართული კინოს “მცირეფილმიანობის”, მცირებიუჯეტიანობის პირობებში, მისი გამოღვიძება-აღორძინებისთვის კარგი გამოსავალი იქნება.

ხოლო ის, თუ როგორი იქნება ყარაბაღში მეორე გასეირნება, როგორც მხატვრული ნაწარმოები, თუნდაც კომერციული ელფერით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე, ყველა პირადად შევიტყობთ.

 

 

 

 დავით ჯანელიძე

სარეჟისორო განწყობა

 

როდესაც “კინემას” რედაქციამ მიმართა ინტერვიუსთვის კინორეჟისორ დავით ჯანელიძეს, იგი “ჯაყოს ხიზნების” დამასრულებელ სამუშაო ეტაპზე იყო და ამიტომ მან ვრცელ წერილს სამუშაო ჩანაწერების გაზიარება ამჯობინა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მოგვეწონა და მომავლისათვის შემოვინახეთ ფილმის შესახებ სარეცენზიო პაკეტის შექმნა — მხედველობაში გვაქვს რამდენიმე კრიტიკოსის აზრი, თვით რეჟისორთან ინტერვიუ, მსახიობების წარდგენა და .., რასაც შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ. ამჯერად გთავაზობთ ემოციათა და ფერთა ზეიმს, მიხეილ ჯავახისვილის შემოქმედებიდან რომ იღებს სათავეს...

 

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის...

გალაკტიონი

 

ქარი შესაძლოა ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდეს...

სიო, ნიავი, ქარი, ქარიშხალი... ვიზუალური მხარის მთავარი ატრიბუტი და ფილმის კონსტრუქციული საყრდენი იქნება.

გმირებიც კი შეგვიძლია ასეთნაირად აღვიქვათ:

თეიმურაზი - სიო

მარგო - ნიავი

ჯაყო - ქარი.

საბოლოოდ, ამ სამი მახასიათებლის შეერთებით მივიღებთ იმ ტრაგიკულ ქარიშხალს, რომელიც ფილმის დასკვნით ნაწილში ამოვარდება.

თუ გავიხსენებთ შიდა ქართლის ჩალისფერ ლანდშაფტს, თავისი მკაცრი პოეტიკით, იოლად წარმოვიდგენთ იმ გარემოს, სადაც ეს ქარიშხალი ბობოქრობს.

ძირითადი დრამატურგიული კონფლიქტი იმ თითქოსდა ტიპური საბედისწერო სამკუთხედისა, ინტელექტუალურისა და მატერიალისტურის შეჯახებაში დევს.

ქალური საწყისის არჩევანი კი საბაზო დრამატურგიული ელემენტია.

თუმცა ეს ტიპურობა ირღვევეა, თუ გმირებს არ აღვიქვამთ დადებითად ან უარყოფითად. სამივე გმირი, ერთსა და იმავე დროს, არის დადებითიც და უარყოფითიც.

თითოეულს თავისი სიმართლე აქვს და თითოეული თანაგრძნობას იწვევს:

მარგოც, თეიმურაზიც და ჯაყოც კი, ერთდროულად სიმპათიასაც იწვევენ, თანაგრძნობასაც, სიძულვილსაც და ზიზღსაც.

ყველა მთავარი გმირია, რადგან მათი ურთიერთქმედება შეგვიძლია ნებისმიერად განვალაგოთ:

 

 

თეიმურაზი ჯაყო მარგო (foto)

 

 

მარგო ჯაყო თეიმურაზი მარგო ჯაყო თეიმურაზი

ეს ერთგვარი ტოლგვერდა სამკუთხედია, რომლის ყველა გვერდი თანაბარია.

ფილმის კონსტრუქციული საყრდენი პოლარულ დაპირისპირებაზე აიგება:

ჯაყო - თეიმურაზი

თეიმურაზი - მარგო

მარგო - ჯაყო

და ეს პოლარიზაცია იქნება ამოსავალი წერტილი მსახიობებისათვის, რომლებზეც დიდწილადაა დამოკიდებული დრამატურგიის სწორი გააზრება, რადგან “ჯაყოს ხიზნები” მსახიობური ფილმი იქნება.

გარდასახვა — მსახიობთა მთავარი ტექნიკური საშუალება, გადამწყვეტია გმირების სწორი გააზრებისათვის.

ჯაყოს გარდასახვა — აღმავალი.

თეიმურაზის გარდასახვა — დაღმავალი.

მარგოს გარდასახვა ერთდროულად აღმავალიც და დაღმავალიც.

კიდევ ერთი პოლარიზაცია: ქალაქი — სოფელი.

თუმცა, ისევე როგორც მოქმედი პირები, ანტურაჟიც ანტიგმირის პრინციპით იქნება გამოსახული:

ქალაქი - ანტიპოეტიკა

სოფელი - ანტიპასტორალი,

რაც როგორც ვიზუალური საშუალებებით, ისე მეორეხარისხოვანი გმირების მოქმედებით იქნება მიღწეული.

დრამატურგიის სწორ აღქმაში ფერის დინამიკაც დაგვეხმარება:

ჩალისფერი ფონი ძლიერი გაელვებებით:

შტრიხი - შავი და წითელი.

ლაქა - ლურჯი.

ფენა - ყვითელი.

მწვანე - როგორც მშვიდი ფერი, უგულებელყოფილი იქნება.

ფერის დინამიკური გამოყენების საშუალებას H D (HDეფინიტიონ) ციფრული ტექნოლოგია მოგვცემს.

კამერა მუდმივად იმოძრავებს გმირებთან ერთად და დამკვირვებლად, გამყოლად, ფაქტობრივად მოქმედ პირად აღვიქვამთ.

მოკლე კადრები, სწრაფი მონტაჟი, საწინააღმდეგო პოლუსების ძიება ყველაფერში, ზოგადად კონფლიქტური დინამიკის გაძლიერებაში დაგვეხმარება.

კონფლიქტური დინამიკა, ქარის დინამიკა — ასე შეიძლება ვუწოდოთ დრამატურგიულ-ვიზუალურ ღერძს, რომელზეც ფილმის კონსტუქცია იქნება დამყარებული.

 

 

 

 

 

დიტო ცინცაძე

“ქართველ კინოპროდიუსერებთან მომწონს მუშაობა...”

 

საერთაშორისო კინოფესტივალების არაერთი პრიზის ლაურეატი, კინორეჟისორი დიტო ცინცაძე, ავტორი ფილმებისა “დახატული წრე”, “სტუმრები” და “ზღვარზე” ათ წელზე მეტია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბოლო წლების მისი ფილმებია “უიღბლო მკვლელები”, 2001, “გასროლის შიში”, 2003, “კაცი საელჩოდან”, 2006. მათ სულ ახლახანს დაემატა კომპანია “სანგუკოში” გადაღებული ფილმი “მედიატორი” და “დამოუკიდებელ პროექტში” — დოკუმენტური ფილმი “ელდარ შენგელია”.

ჟურნალ “კინემას” მეშვეობით დიტო ცინცაძე გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს

 

“კინემა” — ბატონო დიტო, რაზეა თქვენი ახალი ფილმები?

დიტო ცინცაძე — “მედიატორი” მანკიერ ადამიანებზე, ადამიანთა მანკიერი წრეზეა გადაღებული — ესაა ტრილერი, საკმაოდ დაძაბული რიტმით. ერთი სიტყვით, ისეთი, რაც, ვფიქრობ, მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. “სანგუკოსთან” ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ახალგაზრდა ბიჭებმა ნულიდან დაიწყეს და რაღაც შექმნეს, გააკეთეს, ისინი პატიოსნად შრომობენ და პროდუქციას მაღალ ტექნიკურ დონეზე ქმნიან.

საერთოდ, საქართველოში შესამჩნევია მოძრაობა კინოს სფეროში და ეს, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა. დიდ პატივისცემას იმსახურებს “რემკა”, “ყარაბაღი” რომ გააკეთა... მაგრამ, ვშიშობ, თუ 3-4 წელში არ ამოიღეს პროდიუსერებმა ჩადებული თანხები, ისინი გაჩერდებიან. ამიტომ კიდევ უფრო დასაფასებელია მათი მუშაობა, რისკი, რაც ეროვნული კინოს სიყვარულიდან მოდის, მათი კეთილსინდისიერებიდან.

დავამთავრე ფილმი ჩემს პედაგოგზე და ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანზე ელდარ შენგელაიაზე. ფილმი არჩილ გელოვანთან გადავიღე, კომპანია “დამოუკიდებელ კინოპროექტში”. ფილმი მარტივადაა გაკეთებული, ელდარი საუბრობს, არის ელდარის ფილმების ფრაგმენტები და ქრონიკები. ძალიან მომწონს, რომ ამგვარი პროექტებისადმიც იჩენენ ყურადღებას ჩვენი პროდიუსერები. საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ქართველ კინოპროდიუსერებთან მომწონს მუშაობა...

“” — საინტერესოა, როგორ დაიწყო თქვენი საზღვარგარეთული შემოქმედება?

.. — მას შემდეგ, რაც ფილმმა “ზღვარზე” გაიმარჯვა ლოკარნოში 1993 წელს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი პიროვნებით (2006 წელს დიტო ცინცაძის ფილმი ლოკარნოში კვლავ აღინიშნა, ეს იყო გერმანიაში გადაღებული “კაცი საელჩოდან”, მსახიობმა ბურგჰარტ კლაუსნერმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი “ლეოპარდი” დაიმსახურა — ჟურნ. “”). თუმცა, ყველაფერი ნელ-ნელა მოხდა. ჩემთვის ახლა უფრო გასაგებია ჩემი ცხოვრების დრამატურგია. ახალი ნაცნობობის წყალობით და ევროპის სხვადასხვა ფესტივალზე მიწვევებით დავიწყე, ასე ვთქვათ, ევროპაში მოძრაობა. უფრო ხშირად გერმანიაში ჩავდიოდი. დასაწყისში ჩემი მოგზაურობები თითქოსდა უშედეგო იყო, ასე გაგრძელდა თითქმის 1997 წლამდე. შემდეგ მივიღე სტიპენდია ბერლინში. თუმცა, ისიც ვერ გამოვიყენე შედეგიანად. ამასობაში დამიგროვდა ევროპული შთაბეჭდილებები, ბერლინის გარდა მე, როგორც გითხარით, ევროპის სხვა ქალაქებშიც მიწევდა მოგზაურობა.

1998 წელს მეორე სტიპეტნდია მივიღე და ამავე დროს შევხვდი ერთ-ერთ პროდიუსერს. ჩემს განვლილ გზაზე და ევროპულ შთაბეჭდილებებზე შევთავაზე მას უკვე დაწერილი სცენარი და მაშინვე გადაწყდა ფილმის გადაღება. ასე შეიქმნა “უიღბლო მკვლელები”.

ფილმის დასრულების შემდეგ ჩამოვედი თბილისში, მაგრამ მეორე პროექტი უკვე შემოთავაზებული მქონდა. ჩამოვედი და მივხვდი, რომ აქ მე ვერაფერს გავაკეთებდი და წავედი ბერლინში ოჯახით.

დღეს მე მარტო ერთი პროდიუსერი არა მყავს და ეს ბუნებრივია, როდესაც იქ ცხოვრობ, ყოველდღე ვიღაცას ხვდები, ძირითადად საქმე მაქვს პატარა კომპანიებთან, რომლებსაც პროდიუსერები განაგებენ.

“” — დიტო, როგორ გრძნობთ თავს სამშობლოდან შორს?

.. — იმ სისტემაში, რომელშიც ვცხოვრობ, ცხოვრების რიტმი დაძაბულია, უცხო ხალხში ვარ. ბუნებრივია, იქ როცა ვარ, მენატრება აქაური ხალხი, მაგრამ ჩამოვდივარ — მუშაობა მინდა, მივდივარ — აქ მინდა და .., მუდმივ მონატრებაში ვარ.... ასე აეწყო ჩემი ცხოვრება, ამჟამინდელი, ყოველ შემთხვევაში.

და მაინც, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არაფერი იცვლება, მეჩვენება, რომ სიხარულის განცდა დავკარგე...

“” — იქნებ ეს არა მარტო თქვენი განცდაა, არამედ გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდგომ შესამჩნევი საყოველთაო ჭეშმარიტება.

.. — რასაკვირველია, მარადიულობას ვერ გავექცევი და მარადიულობა გიჩვენებს, რა პატარა ხარ ამ კანონზომიერებაში. ერთი რამ მშველის, მუდამ მაქვს ფილმების წყურვილი, მაგრამ ფილმებიც შეიცვალა და ეს გარემოება მოითხოვს იყო მუდმივად ფხიზლად.

“” — “დახატულ წრეზე” და “ზღვარზე” მუშაობისას დიტო ცინცაძე ასევე ფიქრობდა?

.. — მაშინ სხვა იყო, იყო ახალგაზრდობა, გამოუცდელობა, საქმის აბსოლუტურად უანგარო სიყვარული, მოლოდინი... მერე ჩემს ცხოვრებაში, ანუ ფილმებში (მე ჩემს ცხოვრებას და ფილმებს ერთად განვიხილავ) მკაცრი, შავი იუმორი შემოდის. ნაკლები სიყვარულით და უფრო პესიმისტური. შეცდომებს ვუშვებ, ცხადია. იმ მომენტში არ უკვირდები და მერე ეს ყველაფერი გიბრუნდება ან გახსენდება. ეს ყველაფერი ილექება შენში. ალბათ, ეს განცდებია, შემდეგ ფილმებში რომ ისახება.

ერთიც უნდა ვთქვა: უკან რომ მოიჭრი გზას, მერე რაღაც გამოდის... როგორც ჩანს, მე რადიკალისტი ვარ. მე სახლი გავყიდე. გადავწყვიტე მომეჭრა უკანა გზები, უკან გამოსაქცევი რომ აღარ მქონოდა. სხვანაირად ვერ დავრჩებოდი. ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად მოგიყვებით, ახლა ისევ კინოზე...

“” — რა გეგმები გაქვთ?

.. — მომავალ წელს გერმანიაში გადავიღებ ფილმს ჩემი სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიურ ტრილერს, თითქოსდა ეროტიკულად დატვირთულ “თამაშს”. ფილმში მოქმედება ვითარდება ტყესთან ახლოს, სახლში, ესაა ერთგვარი სამყაროს სიმბოლო, ჩვენიანებიდან მერაბ ნინიძე ითამაშებს. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ერთ ფილმზე ვერ ვფიქრობ, მე ვამართლებ ამას. ჩემი აზრით, სამზე უნდა იფიქრო ერთდროულად. ამიტომაა, რომ ერთი ფილმი დავამთავრე, მეორე დავიწყე და მესამეზე მოლაპარაკება მაქვს, აზერბაიჯანის წინადადებაა...

“” — მოგვიყევით ცოტა რამ იმ ატმოსფეროზე, სადაც თქვენ ტრიალებთ.

.. — თქვენ გაინტერესებთ კინოავტორიტეტები... კინოავტორიტეტები აღარ არიან. საავტორო კინო დღეს კლასიკაა, მივიწყებული ლეგენდაა. საავტორო კინო აღარ არის. ალბათ იმიტომაც, რომ სულ უფრო ძნელი ხდება მისი დაფინანსება.

ევროპაში ალმოდოვარი ავტორიტეტია — არ უარვყოფ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ალმოდოვარი ესპანეთში არ უყვართ. ესპანელები თვლიან, რომ ის არ აჩვენებს ნამდვილ ესპანეთს, მაგრამ მას თავისი მაყურებელი ჰყავს. როცა ჩემს პროდიუსერთან ალმოდოვარზე ვსაუბრობდი, აღმოჩნდა, რომ მას და მე სხვადასხვა რამ მოგვწონდა ალმოდოვარში. სხვათა შორის, ესპანურ კინოში არიან ახალგაზრდები, რომლებიც სულ სხვა გზით მიდიან, ანტიალმოდოვარისტული კინოა.

ფრანგებიდან მომწონს ოზონი, ფრანსუა ოზონი სიურრეალისტია... კარგი დონის ანალიტიკა აქვს. მასაც თავისი მაყურებელი ჰყავს.

საფრანგეთში მომწონს აგრეთვე დომინიკ მოლი, გერმანული წარმოშობის ფრანგი რეჟისორი, რომელმაც უკვე მეორედ წარადგინა კანში თავისი ფილმი, გახსოვთ, ალბათ, ხუთი წლის წინ დიდი წარმატება ჰქონდა მის ფილმს “ჰარი — მაგობარი, რომელსაც სიკეთე სურს”, ხოლო 2005-ში გადაიღო “ლემინგი”, ლორან ლიუკას, შარლოტა გინზბურგის, შარლოტა რემპლინგის და ანდრე დიუსოლიეს მონაწილეობით.

საინტერესოა ტომ ტიკვერის შემოქმედება გერმანიაში, იგი ავტორია ფილმისა “პარფიუმერი: მკვლელის ისტორია” და სხვა, რომელიც ბოლო დროს მეინსტრიმში გადავიდა.. მე პირადად მეინსტრიმში არ ვმუშაობ. ისეთი კინო მიყვარს, რომ არ მოგასვენებს.

არის ფლორიან ჰენკელ ფონ დანერსმარკის “სხვათა ცხოვრება”, კარგი ფილმია, ოსკარი მიიღო სხვათა შორის... ბუნებრივია, აკადემიზმითაა შექმნილი, ძალიან კარგია მსახიობი ულრიხ მიუე, ვიცნობდი, სხვათა შორის — გარდაიცვალა, სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი ინტერესი ეკუთვნის რადიკალური აზროვნების, სარისკო კინოს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფასბინდერის გზას ცოტა თუ მიჰყვება. ამ მიმართულებით მუშაობს უფრო ფაიტიჰ აკინი, მათ შორისაა ახალგაზრდა შტეფან კრომერი, რომელიც ჩემი ასისტენტი იყო... ჩემგან ეს ესთეტიკაც შორსაა საკმაოდ...

“” — ქართველებს იცნობენ?

.. — ამ პანორამაში ქართველებს გარკვეულწილად იცნობენ, რასაკვირველია სპეციალისტები. ოთარ იოსელიანს, ნანა ჯორჯაძეს, ელდერ შენგელაიას, გიორგი შენგელაიას, გელა ბაბლუანს... ახლა ის “13”-ის რემეიკს აკეთებს ჰოლივუდში. ისე კი, უნდა ვთქვა, რომ იქ არავინ არავის უსმენს. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ახალგაზრდობა თავხედია, მეორეც — წარმატება იზომება ფულით. შეგიძლია პრიზები დააგროვო და ეს არტისტული წარმატება იქნება მხოლოდ, დაგპატიჟებენ, მოგეფერებიან, შეგაქებენ, დაწერენ შენზე... მაგრამ დაფინანსებას მიიღებ მხოლოდ მაშინ, როცა ფილმი ფულს გააკეთებს. მე ვცდილობ იმ ნიშის მოძებნას, სადაც კარგ ფილმსაც გააკეთებ და ფულსაც შემოიტან. ამერიკულ წინადადებაში სწორედ ეს ორი მომენტი. მინდოდა დამეცვა, მაგრამ არ გამოვიდა: როგორც კი საქმე მიდის ბიუჯეტიან ფილმზე — რთულია, იქ ყველაფერი ლიმიტირებულია, საფუძველი ამ სიმკაცრისა კი ისაა, რომ კომერციული წარმატების გარეშე შეუძლებელია კინოს არსებობა. პროდიუსერს ფულის მოგება უნდა და ეს გასაგებია. ერთ საათს გადააცდენ და დამატებით თანხას მოგთხოვს. ამდენად, თუ ვისაუბრებთ ცენზურაზე, უმტკიცესი ცენზურა არის კომერციულ საქმეში.

მაგრამ ჩემთან ამგვარი რამ არ არსებობს, ჩემთან არ ერევა პროდიუსერი, რადგან ჩემი ფილმების ბიუჯეტი 2 მილიონს არ სცილდება, როგორც კი 7 გახდება — ჩამერევა.

“” — საკუთარ თავთან დარჩენისას კომპრომისზე ხომ არ დაფიქრებულხართ?

.. — მიუხედავად ყველაფრისა, მე რაც გავაკეთე, ყველა ის ფილმია, რის გადაღებაც მინდოდა. არცერთი არ გადამიღია სანახევროდ, “სტუმრებიდან” დაწყებული, თავიდან ბლომდე, ყველა ის არის, რაც მინდოდა.

ერთია მხოლოდ, ხანდახან ძალიან გინდა დასვენება, მაგრამ ვერ ახერხებ, რადგან მუდმივად გიხდება ფხიზლად ყოფნა და ბრძოლა.

ერთი სიტყვით, დაუნდობელი დროა, მე ასე ვიტყოდი, ადამიანის ერთმა სიცოცხლემ მოიცვა დროთა ცვლა და ამიტომ გვიჭირს, მაგრამ, ალბათ, ყოველთვის ასე იყო.

“” — გმადლობთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით “მედიატორთან” დაკავშირდებით “კინემას” მომავალ ნომერში.

 

 

 

მერაბ კოკოჩაშვილი

აღარ გვინდა რევოლუციები...

 

“კინემას” რედაქციაში შედგა საქმიანი საუბარი კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, ვფიქრობთ, რომ, მიუხედავად მტკივნეული პრობლემებისა, რომლებზეც ბატონმა მერაბმა ისაუბრა, წინამდებარე დიალოგი ოპტიმიზმის განწყობის მომგვრელი უნდა იყოს ქართული კინოს მოყვარული მკითხველისათვის.

მერაბ კოკოჩაშვილი: 18 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. ბუნებრივია, ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ქართული კინო, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც გასაკეთებელი იყო, ვერ გავაკეთეთ — ქართული კინო ვერ შევიყვანეთ იმ საერთაშორისო კინოწარმოებისა და კინოგაქირავების სისტემაში, რითაც მთელი მსოფლიოს კინოსისტემა მუშაობს. ეს სიტემა კი ძირითადად იმას გულისხმობს, რომ კინოცხოვრების მთელ პროცესს წარმართავს არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო, არამედ დამოუკიდებელ კინოპროდიუსერთა ერთიანობა, და ისეთ შედარებით პატარა ქვეყნებშიც კი, როგორიც საქართველოა. სხვათა შორის, საქართველოში კანონიც კი არის მიღებული, რომელსაც სათაურად აქვს: “კანონი ეროვნული ქართული კინოს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის შესახებ

საბედნიეროდ, ვფიქრობ, დღეს საქართველოში გამოჩნდნენ დამოუკიდებელი კინოპროდიუსერები, რომლებიც ამ ჩანასახში მყოფი პროცესის განხორციელებას ცდილობენ.

 

“კინემა” — ჩვენ არა გვაქვს საპროდიუსერო სასწავლო ცენტრი. იქნებ, ისევ ეს ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში კინოპროდიუსერის სპეციალობაში დაოსტატების საქმეს, თუნდაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც ბევრი საინტერესო სიახლე ინერგება ბოლო წლებში. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელიცაა, რადგან, ისევ და ისევ თქვენი სიტყვებიდან ჩანს, და მე ნამდვილად გეთანხმებით ამაში, რომ პროდიუსერი კინოინდუსტრიის (თუ გვაქვს პრეტენზია ინდუსტრიაზე) და, რბილად მეტი რომ არ ვთქვა, კინოცხოვრების ლიდერი უნდა იყოს.

.. — რამდენიმე ხნის წინ მე შევთავაზე კინოპროდიუსერის კურსის სწავლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზოგიერთ, ვფიქრობ, საინტერესო პიროვნებას, რომლებსაც ტელევიზებსა და კინოში საპროდიუსერო საქმიანობის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. მაგრამ დღემდე ვერ დავითანხმე, მოიმიზეზეს დაკავებულები ვართო.

ვიმეორებ, დამოუკიდებელი საქართველოს კინოს საბჭოურიდან ახალ საფეხურზე გადასვლაზე და ამასთან დაკავშირებით საპროდიუსერო სისტემის შექმნაზე ფიქრი დიდი ხანია დაიწყო. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს კინოსტუდია “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოში კინემატოგრაფისტებთან ერთად მუშობდნენ ისეთი გამოცდილი ეკონომისტები, ფინანსისტები და სტრატეგიული მართვის სპეციალისტები, როგორიცაა დავით ონოფრიშვილი (ყოფილი ფინანსთა მინისტრი), ნიკო ორველაშვილი (ცნობილი ეკონომისტი), ნიკო მელიქაძე (სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი). სამწუხაროდ, მათი დახმარებით შემუშავებულ წინადადებებს, უნდა ითქვას, საკმაოდ რადიკალურ, მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებელ წინადადებებს, მაშინ კინოსტუდიის კოლექტივი დაუპირისპირდა. ჩვენ ვამბობდით, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა სრულიად ახალი რეალობაა, რომ არ შეიძლება მუდამ ხელგაწვდილი ვიყოთ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს კინოს შენახვას და განვითარებას, რადგან არც შესაბამისი ფული აქვს და არც პრიორიტეტად თვლის კინოკულტურას. საჭიროა ახალი გზების ძიება — ეს კი საკუთარი უძრავი და მოძრავი ქონების უფრო რაციონალური გამოყენებაა, საერთაშორისო კინოპროცესში შესვლა, იქ არსებულ ფონდებთან დაკავშირება და სხვ. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისთანავე მისმა თავმჯდომარემ მაშინვე მოითხოვა ყველა თანამშრომლის არა მწირი და საშუალო ხელფასით შენახვა, არამედ მხოლოდ იმათი დაფინანსება, ვინც იმ წუთს საქმით იყო დაკავებული. მან შეზღუდა ხელფასების გაცემა, რადგან სტუდიას ამისი არავითარი რესურსი არ გააჩნდა და 1000-ზე მეტი ადამიანის ნაცვლად ხელფასი მხოლოდ ასეულს დაუტოვა. ეს მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. სტუდია ვალებში იყო ჩავარდნილი. სხვათა შორის, იმ დროს გაყინული ხელფასი პირადად მე მხოლოდ ამ ორი თვის წინ მივიღე.

სამეთვალყურეო საბჭო ითხოვდა გაძარცული და სამოქალაქო ომის შედაგად დანგრეული კინოთეატრების ნაწილის გაყიდვას და შემოსული თანხით იმ კინოთეატრების აღდგენას, რომელთა შეკეთება ჯერ კიდევ შეიძლებოდა, შემოსული თანხა კი კინოთეატრების ქსელს და კინოწარმოებას მოხმარდებოდა. ეს რეალისტური წინადადებაც მაშინ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, რადგან ყველა ამ ნახევრად დანგრეულ და გაძარცულ კინოთეატრს ჰყავდა დირექტორი, მოლარე და .., ისინი აქციონერები იყვნენ და მათი თანხმობის გარეშე ვერავითარ რეფორმას ვერ განახორციელებდი. შენობებში კი ფილმების ნაცვლად ყველანაირ დაწესებულებას შეხვდებოდოთ — სათამაშო ბიზნესით დაწყებულს და საუნით დამთავრებულს. გავიდა დრო და უკვე 21- საუკუნეში ეს კინოთეატრები გაიყიდა, სანაცვლოდ კი თითო-ოროლა თუ განახლდა. მაგრამ მაშინ ეს წინადადებები მძაფრ დაპირისპირებებს იწვევდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს წინადადებები არ იყო ემპირიული და ერთეული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნიკო მელიქაძემ სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” მოქმედების სტრატეგიული გეგმაც კი ჩამოაყალიბა, რომელიც განხილული და მხარდაჭერილი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა პლენუმზე.

ასეა თუ ისე, “ქართული ფილმის” კოლექტივი დაუპირისპირდა სამეთველყურეო საბჭოს და ამ საბჭომ შეწყვიტა არსებობა.

შედეგად კი ასეთი სიტუაცია მივიღეთ: 1990 წლისათვის მთელი ქართული ტელეკინოსისტემა ასამდე ფილმს იღებდა. აქედან 10-12 მხატვრული ფილმი “ქართულ ფილმში” იყო გადაღებული, 10 ნაწილი — ანიმაცია, 25–მდე ან მეტიც სატელევიზიო მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური, ფილმი-ბალეტი და ქრონიკა, 60–მდე დოკუმენტური და დაკვეთილი ფილმი. ასი ფილმი პროფესიონალების უზარმაზარ შტატს ნიშნავს. დღეს სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ამ სისტემის არც ამმუშავებელი, არც შემნახველი და არც მსურველი არ არის. ის, რაც 18 წლის წინ რეალობა იყო, დაინგრა და, ბუნებრივია, სხვა გზებია საძებნელი, თუ ჩვენ გვჯერა, რომ კინოს ზეგავლენა საზოგადოებაზე აუცილებელია და თვით სისტემა — ასამოქმედებელი.

სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ფიქრობენ ამაზე და ზოგიერთებმა გზებიც კი გამონახეს. მაგალითად, ყაზახები და ყირგიზები ძალზე აქტიურად არიან ჩაბმული საერთაშორისო კინოფონდებში. იქ თანხის წინასწარი შეტანაა საჭირო საწევროს სახით. სანაცვლოდ ბევრად მეტს გაძლევენ ეროვნული კინოს გასავითარებლად და ფილმების გადასაღებად. ჩვენ ამ მხრივ არაფერი გაგვიკეთებია. აქამდე ვერა და ვერ გავიგეთ, რომ კინო ინტეგრირებული ხელოვნებაა, რომ ის, რასაც შენ გადაიღებ, კიდევ სადღაც სხვაგან უნდა წავიდეს, პარტნიორი უნდა დაინტერესდეს შენთან ფულის ჩადებით და ამ შემთხვევაში ის დაინტრესებული იქნება ნამოღვაწარის გაქირავებით. ამ საქმიანობაში პროდიუსერის როლი, მისი პირადი დაინტერესება, მისი ჯიბის ინტერესი გაცილებით შედეგიანია, ვიდრე სახელმწიფოს შედარებით ზოგადი ინტერესები.

“” — როგორ მუშობდით ამ პირობებში, 2000 წლიდან დღემდე თქვენ ხომ არ გაჩერებულხართ?

.. — ოღონდ მემუშავა, ფილმი გადამეღო და მე მზად ვიყავი ყველანაირ პირობაზე, თუნდაც ძალზე მწირი დაფინანსებით. “უსუის” რომ ვიღებდი, ეს იყო 2000 წელი, “ნეოსტუდიის” აპარატურით და სამონტაჟოთი. მანანა შევარდნაძე დამეხმარა. იმიტომ, რომ მე, როგორც პროდიუსერს, უნდა მომეძებნა ინვესტორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ფილმის შექმნაში. კინოცენტრის თანხა არ გვყოფნიდა. წესდების თანახმად, იქ იძლევიან 75 პროცენტს, 25 — უნდა მოიზიდო. ქალბატონი მანანა, როგორც აღვნიშნე, თავისი სტუდიის შესაძლებლობებით დამეხმარა. ასევე დამეხმარა თეატრი “სარდაფი”, მისი ხელმძღვანელი ლევან წულაძე. მიუხედავად ამისა, ჩემი საკუთარი საპროდიუსერო ჰონორარი ისევ ფილმის წარმოებას მოვახმარე. ეს იყო ემპირიული, ამ შემთხვევაში არასერიოზული საპროდიუსერო მუშაობა. დღეს პროდიუსერმა არჩილ გელოვანმადამოუკიდებელი პროექტის” ხელმძღვანელი) უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად შემიქმნა ფილმის ნორმალური გადაღების პირობები. ვგულისხმობ ფილმს “სახლი სიხარულისარომელსაც მაყურებელი სულ მალე იხილავს.

ახლა ნელ-ნელა უკვე გაჩნდნენ ადამიანები, ვისთვისაც საპროდიუსერო საქმიანობა პროფესიაა. მაგალითად, ლევან კორინთელი, გუკა რჩეულიშვილი, არჩილ გელოვანი. არჩილი უკვე სტუდიას ქმნის. მას დიდი დიღმის კინოსტუდიაში 25 ოთახი აქვს იჯარით აღებული და ზუსტად აქვს დანაწილებული ყველა მიმართულების — მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს გადამღები ჯგუფების სამუშაო აპარტამენტები, ფილმების განახლების ბოქსები, არქივი. ცოტა ხანში შესაძლოა ისეთი არქივი დაფუძნდეს, რომლის საფუძველზეც მატიანე შეიქმნება. არჩილ გელოვანს დაგეგმილი აქვს ახალგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთ საპროდიუსერო საქმის დასაუფლებლად. სულ მალე კი ჩამოვა ერთი ძალიან ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი და ჩაატარებს მასტერკლასებს.

“.” — ვიცით, რა ამაგი გაქვთ ტელეფილმების სტუდიაზე, განიცდით, ალბათ, მისი დაშლის ფაქტს. ამაზე რას იტყვით.

.. — რევოლუცია ნიშნავს ნგრევას, და მხოლოდ ამის შემდეგ შენებას. ისიც სათუოა, ნგრევის შემდეგ ყოველთვის პროგრესია თუ არა. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო პირველი არხის რეორგანიზაცია და რეფორმის კონცეფციის შესაქმნელად და გასატარებლად შეიქმნა მრჩველთა საბჭო. დღეს ამ საბჭოს ზოგიერთი წევრი ხელისუფლებაშია, ზოგიერთი კი გაქრა უკვალოდ. ტელევიზიის სფეროში მათგან არცერთი აღარ მუშაობს. გაქრნენ, რადგან ტელე–და კინოსაქმის არც პროფესიონალები იყვნენ და არც რამის სერიოზული მრჩველები. იმ საბჭოს ერთადერთი დანიშნულება არსებულის ნგრევა იყო. შენება კი უკვე სხვებს, ასეთივე არაპროფესიონალებს დაავალეს. რა საზოგადოებრივი არხიც ააშენეს, დღეს ყველასთვის ნათელია.

მოგეხსენებათ, “ტელეფილმების სტუდია” ტელემაუწყებლობასთან არსებული ფილმების მწარმოებელი დამოუკიდებელი სტუდია იყო. მაშინ მას შესაბამისი იურიდიული სტატუსი ჰქონდა. 90-იანი წლების მიწურულს ეს სტატუსი გაუქმდა. ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი ზაზა შენგელია ტელეფილმების იურიდიული სტატუსის დადგენას არც ჩქარობდა, იგი ამბობდა, რომ მაუწყებლობა საზოგადოებრივად უნდა გადაიქცეს, ეს კი ახალი სტატუსის დადგენას ნიშნავს და ტელეფილმებსაც მაშინ დაუდგინდება ახალი სტატუსიო.

ამასობაში მოხდა ვარდების რევოლუცია. მრჩეველთა საბჭომ ტელერადიომაუწყებლობას დაუდგინა საზოგადოებრივი სტატუსი, ხოლო ტელეფილმების წარმოება ორი მიზეზით გააუქმა: 1. სტუდიას არა აქვს იურიდიული სტატუსი და 2. ფილმები ტელევიზიის დაკვეთით უნდა გადაიღონ დამოუკიდებელმა სტუდიებმაო. მაშინ არსებობდა ასეთი რამდენიმე ემპირიულად შექმნილი, დაბალპროფესიული და დაბალი ხარისხის აპარატურით აღჭურვილი სტუდია. ისინი ძალზე იაფად იღებდნენ პროდუქციას, რომელსაც მე ფილმს ვერასოდეს დავარქმევ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — დაანგრიეს და გაანადგურეს პროფესიული, 40 წლის ტრადიციის მქონე სტუდია, სანაცვლოდ კი არაფერი შექმნეს.

ბუნებრივია, ჩვენ ვიბრძოდით, წერილებს ვწერდით ხელისუფლებას. ბატონი ზურაბ ჟვანია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სწორად შეაფასა ტელეფილმების სტუდიის მნიშვნელობა და მიიღო გადაწყვეტილება: სტუდიას გავუგრძელოთ არსებობა, ამ პერიოდში მოხდეს რეფორმის შემუშავება და იურიდიული სტატუსის დადგენა, რადგან ათწლეულების გამოცდილების დაკარგვა სატელევიზიო კინოს მიმართულებით დანაშაული იქნებაო. ერთი კვირის შემდეგ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. ხელისუფლებამ ტელეფილმები დაივიწყა. იმ ჯგუფმა კი, სადაც კინოს დარგის არცერთი პროფესიონალი არ იყო, სატელევიზიო კინოს განადგურებას რეორგანიზაცია დაარქვა.

დღეს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი ფილმწარმოების ორგანიზაციის თვალსაზრისით დაუბრუნდა ქართული ტელევიზიის გარიჟრაჟს. მაშინ მხოლოდ რედაქცია არსებობდა, სტუდიის ჩამოყალიბებას კი 8 წელი დასჭირდა. ეს 1968 წელს მოხდა. შემდეგ ამ სტუდიაში შეიქმნა უნიკალური შემოქმედებითი მიმართულებები — მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური, ფილმ-ბალეტების, ქრონიკალური მასალების დაგროვების .. საფონდო... პირველი ქართული სატელევიზიო სერიალებიც ამ სტუდიაში იყო გადაღებული. სტუდიის 4 შემოქმედი რუსთაველის პრემიით დაჯილდოვდა, 16 სახელმწიფო პრემიით, მრავალ მსოფლიო კინოფესტივალზე აღიარეს სტუდიაში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ნოველები. 2004 წელს კი ტელეფილმები გააქრეს. შენობაც გაიყიდა ან გაქირავდა. გაურკვეველია არქივის მდგომარეობა. სხვადასხვა გადაცემასა და ფილმში ჭარბად იყენებენ ტელეფილმებში გადაღებულ მასალას, ხოლო ტელეფილმების სტუდიას არც კი ახსენებენ. ეს საავტორო უფლების დარღვევაა, დანაშაულია.

“” — დღეს პირველ არხზე ჩნდება ხოლმე პატარ-პატარა ფილმები ტელეფილმების მასალის აქტიური გამოყენებით, მაგრამ ეს ხდება, მგონი, იმ ადამიანების ხსნების გარეშე, ვინც შექმნა ეს მატიანე.

.. — რასაკვირველია, ჯერ მარტო 18 მატიანეა არქივში დაცული. არ არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერიოდი, საინტერესო ფაქტი, ასახული რომ არ იყოს. ეს ყველაფერი პროფესიონალების გარეშეა, ჟურნალისტები აკეთებენ ამ გადაცემებს, ისინი რატომღაც ფილმებად მოიხსენიებენ თავის ქმნილებებს. როგორ შეიძლება, იმათ გვარებს რომ არ აწერ, ვინც ყველაფერი ეს გააკეთა? ასეთი მოქმედება კრიმინალია, სხვათა შორის, ჩვენ ამაზეც ვწერდით, მაგრამ ვინ მოგვაქცია ყურადღება.

“” — თქვენი დოკუმენტური ფილმის “გზის” შესახებ მინდა გკითხოთ, ბოლო დროს ვნახე და უმძიმეს მდგომარეობაშია, უნდა გითხრათ. 5-საათიანი ფილმია, ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ყველა პარამეტრით გადასარჩენი ფილმია.

.. — ამის შესახებ მე მიჭირს საუბარი, რადგან სტუდია, სადაც შეიქმნა ეს ფილმი, აღარ არსებობს და არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეიძლება მიმართო ამ საკითხზე ან თავად გული შესტკიოდეს. მე რამდენჯერმე მივმართე საზოგადოებრივი ტელევიზიის წინა ხელმძღვანელობას წერილობითი თხოვნით, რათა ნეგატივიდან თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე გადმოეტანათ ფილმი “გზა”, რომელიც საქართველოს ისტორიის შესახებ მოგვითხობს და დღესაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები ითხოვენ ასლებს ისტორიის სასწავლო კურსის საილუსტრაციოდ. სამწუხაროდ, ჩემს წერილებზე პასუხიც კი არ მიმიღია.

იმ განყოფილებას, სადაც ჩვენი მასალების გამოყენებით ფილმები იქმნება, ყოფილი ტელეფილმების სტუდიის ახალგაზრდა კინორეჟისორი, წესიერი ახალგაზრდა ლევან ახობაძე ხელმძღვანელობს. იმედი მაქვს, ლევანი ბევრ რამეს გამოასწორებს, თუმცა ხომ გაგიგონიათ, “მარტო კაცი”...

ჩვენი სტუდია მართლაც უნიკალური სტუდია იყო, მე ვთვლი, რომ იმ სტუდიამ გამზრდა. იმიტომ, რომ დოკუმენტური ფილმები მე არ მქონდა იქამდე, ვიდრე ტელეფილმებში დავიწყებდი მუშაობას. სოსო ჩხაიძე, გელა კანდელაკი, გურამ პატარაია, ლერი სიხარულიძე, დიმიტრი ბათიაშვილი, ზაალ კაკაბაძე, ალეკო ნინუა და სხვები, რომელთა სიაც ძალიან დიდია, უაღრესად საინტერესოდ მუშაობდნენ. მაგალითად, სოსო ჩხაიძე ისე მუშაობდა, რომ მისი მხატვრული ფილმი დოკუმენტური გეგონებოდა, გელასი და ლერის დოკუმენტალისტიკა — მხატვრული. გაიხსენეთ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმები... ან ალეკო ცაბაძის “ლაქა”... უნიკალური ფილმი გადაიღო გოდერძი ჩოხელმა — “მეკვლე”, ლერი სიხარულიძის ფილმი “ლელოს შემობრუნება” მართლაც ფანტასტიკურია... თუნდაც, ფილმი-ბალეტები მხოლოდ ჩვენთან კეთდებოდა... ერთი სიტყვით, მართლაც ეროვნული კერა იყო. ამ სტუდიამ დაამტკიცა, რომ მხატვრული და დოკუმენტური კინო ერთნაირად ფასეული შემოქმედებაა, ეს სტუდია კი დაშალეს...

ამიტომ რევოლუციები აღარაა საჭირო, ისე როგორც აშშ-ში, ხელისუფლება იცვლება, მაგრამ სტრატეგია არ იცვლება. ყველაფერი ჩაივლის და “ქვიშანი დარჩებიანო”, ხომ გაგიგონიათ.

“” - მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მეჩვენება, თოთქოსდა ეროვნული მუხტი იკარგება.

.. — ახლა ნუ გამიგებთ ისე, რომ საყვედურს ვამბობ, მაგრამ ის პერიოდი, რაც ჩვენ ვიბრძოდით, კინომცოდნეობა, ვფიქრობ, პასიური იყო, ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდა. მე საერთო კინოპროცესის ანალიზს არ ვგულისხმობ. სხვა რამეს ვამბობ — ფაქტობრივად პერიოდულ პრესაში თქვენი ადგილი ჟურნალისტებმა დაიკავეს. სამწუხაროდ, პროცესი, თუნდაც მწირი, აფიშირებული არ იყო, რეჟისურა შეფუცხუნდებოდა, კინოცენტრი იძულებული გახდებოდა ეფიქრა, არ ვიტყვი, რომ რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა, მაგრამ მაინც ბრძოლა ერთობლივი იქნებოდა.

“” - კინომცოდნეები იგნორირებული იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, რეჟისორებისგან, თქვენს შეკრებებზე, რამდენადაც მახსოვს, არ გვეძახოდნენ.

მეორე — თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ბაზაზე, რომელსაც პროფესორი ირინა კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა, სწორედ ამ დროს შეიქმნა ორტომეული “ქართული კინოს რეჟისორები”, რაც საფუძველია წიგნისა ქართული კინოს ისტორიის შესახებ, სისტემატურად გამოდიოდა “თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი კრებული”, ახლა უკვე სახელშეცვლილი — “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”, 2000 წლიდან კი გამოვიდა ნათია ამირეჯიბის “ოთარ იოსელიანი”, მარინე კერესელიძის “მერაბ კოკოჩაშვილი”, ლია კალანდარიშვილის “რეზო ესაძე”, ეთერ ოკუჯავას “დავით კაკაბაძე თეატრსა და კინოში”; თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში, თქვენთან, მომზადდა და ახლა იბეჭდება “ქართული კინოს ენციკლოპედია”, ამავე წლებში გამოდიოდა გიორგი გვახარიას ჟურნალი “კინო”. გაზეთ “რეზონანსში” კინომცოდნე ლელა ოჩიაურს დღესაც მიჰყავს ხელოვნების გვერდი, ეს გაზეთი სისტემატურად აქვეყნებდა და ახლაც აქვეყნებს პრობლემურ სტატიებს, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა... მართალია, თქვენ და ჩვენც მეტი გვინდა. ვფიქრობ, მოგვაკლდა კავშირის შეკრებები, კონფერენციები, წლიური განხილვები ანუ პროცესის “ხმაურიანი” განსჯა, მაგრამ პროცესის სიმწირის და მატერიალური ფონის გათვალისწინებით, ალბათ, ესეც კანონზომიერია. ამჯერად “კინემა” ეროვნული კინოცენტრის დირექტორის კოტე ჩლაიძის მადლობელია, რომელმაც მხარი დაუჭირა “კინემას” გამოცემას და 2009 წლიდან დააფინანსა ჩვენი ჟურნალი, მისი გადაწყვეტილება ყველას წაგვადგება.

.. - მართალია, პიკირების გარეშე შეუძლებელია კამათი. მე მხოლოდ მეტ აქტიურობას გთხოვთ, პრესა ქართულ კინოს სჭირდება. კინომეცნიერების და აქტიური კრიტიკის გარეშე კი შემოქმედი ვაკუუმშია გამომწყვდეული.

“” — ჩვენი ცხოვრება, ვფიქრობ, მართლაც გააქტიურდება, თუნდაც სულ პატარა, მცირე დოზით, რასაც “კინემა” შეიტანს, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ კინომცოდნეთა მიმართ თქვენნაირი მეგობრული დამოკიდებულება ბევრს არა აქვს, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს ვიყოთ აქტიურები. გმადლობთ საუბრისათვის.

 

 

 

 

 

ლელა ოჩიაური

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრად ქცეული კინოსტუდია “ქართული ფილმის თეატრალური სახელოსნო” 30 წლისაა

 

1978 წელი სამუდამოდ დარჩება კინოსტუდია “ქართული ფილმის” და პირადად რეზო ჩხეიძის და იმხანად საქართველოს სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის აკაკი დვალიშვილის დიდ გამარჯვებად; სწორედ მათი ძალისხმევით შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი ანუ “ქართული ფილმის თეატრალური სახელოსნო”, რომელსაც სათავეში მიხეილ თუმანიშვილი ჩაუდგა. მას შემდეგ თეატრმა ხანგრძლივი შემოქმედებითი გზა განვლო.

მის დღევანდელ სახეს, ჟურნალ “კინემას” თხოვნით, კინომცოდნე ლელა ოჩიაური გვაცნობს.

2008 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში (რომელიც კინოსტუდია “ქართული ფილმის” ბაზაზე შეიქმნა და ასეც ეწოდებოდა — “კინოსტუდია “ქართული ფილმის” თეატრალური სახელოსნო”) ორი იუბილე აღინიშნა: 30- სეზონის გახსნა და მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლის “ბაკულას ღორების” 30 წელი სცენაზე, რომელიც 1975 წელს, თეატრის პირველი, ოფიციალური სეზონის რეპერტუარში შევიდა და მას შემდეგ სცენიდან არ ჩამოსულა. ამავე დროს, 2008 წელი მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 85 და გარდაცვალებიდან 10 წლისთავს დაემთხვა.

კინომსახიობთა თეატრში 30 წლის შემდეგ კვლავ თამაშობენ  30 წლის (გაორებულ) “ბაკულას ღორებს”

 

 

2008 წლის 30- საუბილეო სეზონი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა სწორედ 30 წლის “ბაკულას ღორებით” გახსნა. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ სინამდვილეში, როდესაც სპექტაკლი არასოდეს შეჩერებულა და სცენიდან არასოდეს ჩამოსულა. თუმცა, ეს “რეკორდი” არაფერია იმასთან შედარებით, რასაც საერთოდ წარმოადგენს “ბაკულას ღორები” და იმასთან, რომ ამ ხნის განმავლობაში დადგმა კი არ დაძველდა, გაფუჭდა და სამუზეუმო რარიტეტად იქცა, არამედ უკეთესი და უკეთესი გახდა, ახალ-ახალი სამსახიობო სიურპრიზებით გამდიდრდა და ახალი ჟღერადობაც შეიძინა.

სიურპრიზები სეზონის გახსნის დღეს — 22 ნოემბერს, 18.30სთ-ზე, თეატრის წინ გამართულ (და გაჩირაღდნებულ) ორღობეში დაიწყო. მაყურებელს, რომელთაგან ბევრს ახსოვდა 30 წლის წინ, თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილის ან ახალგახსნილი თეატრის თუ სახელოსნოს სცენაზე გადატანილი “ბაკულას ღორები”, ბევრს, 30 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ნახვით ახსოვდა და ზოგს, ნანახი არასოდეს ჰქონდა, ორი ზენათი — ლაურა რეხვიაშვილი და მზია არაბული ეგებებოდა და შენობაში — “ბაკულას ღორების” სამყაროში მიუძღოდა.

“ბაკულას ღორები” მიხეილ თუმანიშვილმა 1978 წელს, სამსახიობი ფაკულტეტის III კურსელების მე-19 ჯგუფთან დადგა (როდესაც “ბაკულას” უყურებ, დაუჯერებლად გეჩვენება, რომ ის ასაკოვანი და, რაც მთავარია, საკურსო წარმოდგენაა). რეჟისორის ასისტენტები იყვნენ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და ცოტნე ნაკაშიძე, დამდგმელი მხატვარი — .ცერაძე, სიმღერები დაამუშავა გიული დარახველიძემ, ინსცენირების ავტორია ცოტნე ნაკაშიძე.

დღეს “ბაკულას ღორებში”, ისევე როგორც, საერთოდ, თუმანიშვილის თეატრში, მეოთხე შემადგენლობა, მეოთხე თაობაა. საიუბილეო წარმოდგენაში გაორებულ პერსონაჟებს ის მსახიობები ასახიერებდნენ, ვინც ამა თუ იმ როლს სხვადასხვა დროს და წლების განმავლობაში ასრულებდა და კვლავ ასრულებს: გალაქტიონი — რამაზ იოსელიანი, ზენათი — ლაურა რეხვიაშვილი და მზია არაბული; პიტია — ნატო შენგელაია და გვანცა გურგენიშვილი, სეკრეტარი — პაატა ბარათაშვილი, შაშა — გოგა პიპინაშვილი და გიორგი ყიფშიძე, ანდრია — თემო ნატროშვილი, კაცია — ზურაბ გეწაძე, სონიე — დარეჯან ჯოჯუა, ალფეზა — გია აბესალაშვილი, ნიკო - ვანო თარხნიშვილი, სარდიონი — გუგა კახიანი, პორფირი - ზაზა მიქაშავიძე და ზურაბ ყიფშიძე, პირველი ჭორიკანა - ნინელი ჭანკვეტაძე, მეორე ჭორიკანა — რუსუდან ბოლქვაძე და დარეჯან ხაჩიძე, მასწავლებელი — ნინო გაბრიაძე.

პირველ “ბაკულას ღორებს” 1978 წელს ასრულებდნენ მესამეკურსელები: რამაზ იოსელიანი — გალაქტიონი, ზენათი — მანანა ბერიკაშვილი, პიტია — ნატო შენგელაია, შაშა — ლევან უჩანეიშვილი, პორფირი — ირაკლი ნიჟარაძე, კაცია — თენგიზ წულაია, ეკვირინე - ნინო ჩხეიძე, ანდრია — ზურაბ მჭედლიშვილი, ალფეზა — გიორგი ფირცხალავა, კირილე — ბადრი მაისურაძე (III კურსის მე-20 ჯგუფის სტუდენტი), ჭინკები — ნინელი ჭანკვეტაძე და ნინო შარაბიძე (სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი), სონია — მანანა ითონიშვილი, პელაგია — თინა ჭაბუკიანი, ნიკო — ნოდარ ბეგიაშვილი, სეკრეტარი — გიორგი მარგველაშვილი და სარდიონი — მამუკა არეშიძე (სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები). მსახიობი, რომელიც სტუდენტობის დროიდან, ერთსა და იმავე პერსონაჟს შემცვლელის გარეშე ასახიერებს, ნინო ჩხეიძეა, ეკვირინეს როლში (სწორედ ამ ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა ახალგახსნილი თეატრის პირველ დასში, პირველ დამფუძნებლებთან ერთად.) აღსანიშნავია, რომ “ბაკულას ღორებში” ერთად თამაშობენ მამა-შვილი ყიფშიძეები. სხვა შემთხვევაში, ასეთი ფაქტი გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ხდება სპექტაკლში, რომელიც მაშინ დაიდგა, როდესაც გიორგი ყიფშიძე დაბადებულიც არ იყო.

“ბაკულას ღორები”, ისევე როგორც მიხეილ თუმანიშვილის ყველა სპექტაკლი, მართლაც სოლისტების ორკესტრია და ეს ანსამბლურობა მაშინაც კი არ დაირღვა, როდესაც ერთი და იგივე პერსონაჟი სცენაზე ორმაგი სახით წარმოდგა, თამაშის ორმაგი, მეტად ინდივიდუალური წესით, ფეიერვერკული იმპროვიზაციებითა და ისეთი სამსახიობო კლასით იყო წარმოდგენილი, რომ თეატრის სასწაულებრიობას ადვილად დაიჯერებდი.

მიხეილ თუმანიშვილი მოგვიწოდებდა, გვყვარებოდა თეატრი, ეს სასწაული, სანამ იგი ჩვენთანაა. “კინომსახიობთა თეატრის” ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს უყვარს დღესასწაულების მოწყობა და მან, 30 წლის “ბაკულას ღორების” თამაშით, 30 წლის თეატრთან, მთელ მის შემადგენლობასთან ერთად, 22 ნოემბერს, თეატრის წინ და მის შიგნით, ორღობესა და სცენაზე ასეთი დღესასწაული მოაწყო და სასწაულის არსებობა შეგვახსენა.

თუმანიშვილის თეატრი “თეატრობანას” თამაშით

დაიწყო და სოლისტების ორკესტრად იქცა

დღეს თეატრში იმ ჯგუფიდან, რომელმაც მიხეილ თუმანიშვილთან ერთად კინომსახიობთა სახელოსნო (ვისი სტუდენტური სპექტაკლების საფუძველზეც ის შეიქმნა) დააარსა, მაესტროს ცხრა შეგირდია. ესენი არიან — მსახიობები: დარეჯან ჯოჯუა, დარეჯან ხაჩიძე, ლაურა რეხვიაშვილი, მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, ზაზა მიქაშავიძე, რეჟისორები: ქეთი დოლიძე, ნუგზარ ბაგრატიონი და თურქეთში დროებით მოღვაწე და თეატრში ახალდაბრუნებული ცოტნე ნაკაშიძე.

რამდენიმე მათგანი იხსენებს, როგორ დაიწყო მათი იუბილარი თეატრის ისტორია.

— როგორ დაიწყო ახალი თეატრი?

ზაზა მიქაშავიძე: იმისთვის, რომ მსახიობი გახდე, მეტყველებისა თუ ოსტატობის ლექციების მოსმენა საკმარისი არაა. პირველ კურსზე მუყაოს ნაჭრები მოვიტანეთ სხვადასხვა უნივერმაღიდან და მე-11 აუდიტორიაში პატარა თეატრივით ავაშენთ, სადაც, ცხადია, ვიყავით მსახიობები და სადაც შემდეგ დირექტორი, მთავარი რეჟისორი დაინიშნა. პრინციპი ასეთი იყო: თუ, ვთქვათ, ერთი თვე რეჟისორი ქეთი დოლიძე იყო, დირექტორი - ნუგზარ ბაგრატიონი, ცოტნე ნაკაშიძე კი, კიდევ ვიღაც სხვა, შემდეგ ისინი იცვლებოდნენ და, ვთქვათ, ცოტნე ხდებოდა რეჟისორი, ნუგზარი — დირექტორი და .. “თეატრობანას” თამაში დავიწყეთ, ოღონდ, ამ თამაშით, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩვენი თეატრი შეიქმნა.

თეატრი, სანამ “ესმერალდას” დავდგამდით, ჩვენი, ინსტიტუტის სპექტაკლებით — (“ახალგაზრდა გვარდიის სახელით”, “კარებს აჯახუნებენ”, “სისხლიანი ქორწილი”), რამდენიმე წელი არსებობდა. გასტროლებიც გვქონდა თელავში, ბათუმში, ქობულეთში, ცხინვალში... ეს ისეთი დადგმები იყო, არ შეგრცხვებოდა, რომ თამაშობდი. ეს ისევ და ისევ იქიდან მოდის, პირველი კურსიდან, იმ თეატრობანას თამაშიდან. ჩვენ თეატრისთვის, პრინციპში, მზად ვიყავით და ყველა ბედნიერი ვართ, თეატრი ბატონ მიშასთან ერთად რომ გავხსენით.

დარეჯან ხაჩიძე: მიხეილ თუმანიშვილი უკვე წარმატებული რეჟისორი იყო, ჰქონდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები რუსთაველის თეატრში. რატომ მოდის იგი თეატრიდან? არა მარტო იმიტომ, რომ მას პირადი წყენა ჰქონდა. არა. როდესაც იგი აქ მოვიდა, რა თქმა უნდა, ენატრებოდა რუსთაველის თეატრი, თავისი მსახიობები, სცენა, მაგრამ იქ მან თავი ამოწურა. როდესაც “რუსთაველში” “იულიუს კეისარი” დადგა, სპექტაკლში უკვე ორი შემადგენლობა იყო — ძირითადი დასი და ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც, როგორც უწოდებდა, სახალხო სცენებში დააკავა.

პაატა ბარათაშვილი: ბევრი ყოფილა ბატონი მიშას მოწაფე, მაგრამ საინტერესოა, თუ რატომ მოხდა თეატრის გახსნა სწორედ ჩვენ, ჯგუფთან ერთად. ჩვენი სტუდენტობისა და შეგირდობის პერიოდი იმ დროს დაემთხვა, როდესაც ბატონი მიშა უკვე წამოსული იყო რუსთაველის თეატრიდან და, ფაქტობრივად, მთელი ყურადღება ჩვენზე ჰქონდა გადმოტანილი. ის, რომ უთეატროდ დარჩა, რა თქმა უნდა, მისთვის ტრაგედია იყო, მაგრამ ჩვენთვის იყო ბედნიერება, რადგან მან ჩვენთან ერთად შექმნა თეატრი.

დარეჯან ჯოჯუა: როდესაც ინსტიტუტი დავამთავრეთ, ჩამოყალიბებული მსახიობები ვიყავით. ბევრი სპექტაკლი ვითამაშეთ და გვეგონა, რომ მეტი რაღა უნდა გვესწავლა, მაგრამ, როდესაც მოვედით აქ — ძველ კინოსტუდიაში (რომელიც მართლაც მოუწყობელი იყო და, შეიძლება ითქვას, თვითონ ავაშენეთ), ბოლომდე, ბატონი მიშას გარდაცვალებამდე, მისგან სულ ვსწავლობდით.

— რა იყო მიხეილ თუმანიშვილთან მუშაობის პრინციპი?

..: ჩეხოვის სავარჯიშოებს გავდიოდოთ, ისეთი სისტემით ვმუშაობდით, “უმაღლესი მათემატიკა” შეიძლება ვუწოდოთ. გავიარეთ ყველაფერი, რაც აკადემიურობას სჭირდებოდა. ვინ როგორ მივიღეთ, სხვა საკითხია, მაგრამ ეს პროფესიონალიზმის მიღწევაში გვეხმარებოდა.

..: ბატონმა მიშამ მიგვაჩვია, რომ ლექციების დაწყებამდე 15 წუთით ადრე მზად, ჩაცმულები უნდა ვყოფილიყავით. ვთქვათ, ლექცია ოსტატობაში 9 საათზე იწყებოდა, ცხრის ნახევარზე ჩვენ უკვე ადგილზე უნდა ვყოფილიყავით, 15 წუთში უკვე მომზადებული ვიყავით, რომ ტრენინგები გაგვევლო და რეპეტიციაზე “გახურებული” შევსულიყავით. ასეთმა რეჟიმმა მიგვაჩვია, რომ დღესაც, თუ სპექტაკლი 19 საათზე იწყება, 17 საათზე ჩვენ უკვე თეატრში ვართ.

..: მიხეილ თუმანიშვილმა გვასწავლა არა ის, თუ როგორ უნდა გააკეთო როლი, თუ როგორ უნდა მუშაობა, არამედ ის, რაც კიდევ უფრო მაღლაა. იგი გვეუბნებოდა, რომ თქვენი ყოველი სპექტაკლი თქვენი გამოცდაა, თოკზე გასვლაა და ჩვენ ასეთი დამოკიდებულება დღემდე შემოგვრჩა. ყველა, დღესაც, 50- სპექტაკლიც რომ იყოს, ისე გადის სცენაზე, როგორც პირველად.

..: ბატონი მიშა გვეუბნებოდა, მაყურებლის ტაშის მიხედვით არასოდეს განსაზღვროთ, ასე ითამაშეთ თუ ისე ითამაშეთო. თუ აჰყევი, შეიძლება მაყურებლის ტაკიმასხარა გახდეთ, მე დამიჯერეთო. ახლა ბატონი მიშა აღარაა და მის ნაცვლად, ჩემს ჯგუფელებს, ჩემს თანამოაზრეებს ვეკითხები და მათ ყველა შენიშვნას ვითვალისწინებ. თუ ვცოდავ, უნდა მითხრა, ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ. მე მათ ვუჯერებ ისევე, როგორც მათ ჩემი სჯერათ. ამასაც ბატონმა მიშამ მიგვაჩვია. დაგვსვამდა და ყველას თითოეული ჩვენგანის ნამუშევარზე აზრს ეკითხებოდა.

— როგორ იქმნებოდა როლები?

..: მე მოწმე ვარ, როგორ ქმნიდა ბატონი მიშა სპექტაკლებს. ხანდახან ჩვენ საშუალებას გვაძლევდა, რომ როლის შექმნისას, მის მიერ დადგენილი სცენა დაგვერღვია და თუ იმ დროს დაბადებული ჭეშმარიტების ვარიანტი საინტერესოდ მიაჩნდა, შეეძლო ჩვენი მიგნება დაეტოვებინა. იმასაც ამბობდა, მარტო თქვენ კი არ გასწავლით, მეც ვსწავლობ თქვენგანო.

..: მან ტელევიზიაში მუშაობის დროს ნახა, რას ნიშნავს მსხვილი ხედი, რა საინტერესოა, როდესაც მსახიობს ასე ახლოდან უყურებ. მან აიყვანა მსახიობებისა და რეჟისორების ჯგუფი და მათთან ამ პრინციპით მუშაობდა — აი, აქ, ახლა, ჩვენთან. ყველა სპექტაკლი, რომელიც ბატონმა მიშამ ამ თეატრში დადგა, სწორედ ამ პრინციპით იგებოდა. მან საოცრად დააახლოვა მსახიობი მაყურებელს. სცენა ძალიან ახლოს იყო. მოქმედება თითქმის ყოველთვის დარბაზში ხდებოდა. ასეთ დროს, თითქოს შიშველი ხარ. შენი ყოველი ამოსუნთქვა მაყურებელს ზუსტად ესმის. დიდი ენერგია დავხარჯეთ, რომ ამ შედეგისთვის, ახლო ხედის ეფექტისთვის მიგვეღწია.

..: როდესაც ასეთ სცენაზე, ასეთ პირობებში მუშაობ, უმცირეს სიყალბესაც კი ყველა ამჩნევს. ბატონი მიშას გენიალურობა ქმედითი ანალიზის მეთოდითაც გამოიხატებოდა. დავუშვათ, ათკაციან სპექტაკლში, ყოველთვის ხუთი-ექვსი მხატვრული სახე იყო შექმნილი.

..: ყველა როლს თავისი ხაზი, თავისი ფუნქცია ჰქონდა. არსებობს სისტემები — სტანისლავსკის, ჩეხოვის, ბრეხტის... ჩვენ ყველაფერს ვსწავლობდით, ბატონ მიშასთან მუშაობის დროს ამ ყველაფრის სინთეზი იყო, მაგრამ ცხოვრებისეული რეალობის სცენაზე ხელოვნების დონეზე გადმოტანა ისე, როგორც ჩვენს თეატრში ხდებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბატონი მიშას სისტემა იყო.

— რას ნიშნავს ბატონი მიშას სისტემა?

..: ის, რამაც ჩვენი თეატრი დღემდე მოიტანა, იყო სკოლა, რასაც ჰქონდა ძალიან დიდი საფუძველი.

..: იგი თვლიდა, რომ, როდესაც პირველი ვიოლინო უკრავს, მას არ შეიძლება საყვირი უშლიდეს ხელს, მაგრამ არც პირველმა ვიოლინომ (რაც არ უნდა მთავარი ინსტრუმენტი იყოს) უნდა შეუშალოს ხელი საყვირს. ბატონი მიშას დამსახურება იყო ის, რომ იგი ქმნიდა ერთ მთლიან ანსამბლს, როგორც თავად უწოდებდა — სოლისტების ორკესტრს, რომლის წევრებს, წინა პლანზე თუ უკანა პლანზე, ყველას თავისი საქმე უნდა ეკეთებინა.

იგი გვაწერინებდა პერსონაჟების ბიოგრაფიებს (რომლებსაც დიდი სიხარულით ვთხზავდით), რომლებიც სცენაზე არ ვითარდებოდა, მაგრამ რომლებსაც მაყურებელი “ხედავდა”. ის ხედავდა, თუ რას წარმოადგენდა ყოველი გმირი, რომელთაგან თითოეულს თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. სწორედ ამის საფუძველზე იქმნებოდა სრულფასოვანი წევრისგან შემდგარი ერთი მთლიანი გუნდი. ეს იყო მიხეილ თუმანიშვილის სტილი. სწორედ ამით გამოირჩეოდა მისი სარეჟისორო მანერა და ხელწერა. მთავარი იყო — რისთვის გავდივარ სცენაზე, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ და ეს დამოკიდებულება ყველა მსახიობს ჩაუნერგა. ეს სათქმელად ადვილია და თითქოს ასეც უნდა იყოს, მაგრამ განხორციელება ძალიან რთულია.

..: იმას, რომ მაყურებლის თვალწინ მხატვრული ატმოსფერო და მხატვრული სახე შექმნილიყო, რომელიც გადამდები იქნებოდა და რომელიც თამაშში მაყურებელსაც ჩაითრევდა, წინ უძღოდა არანორმალური, კატორღული შრომა. ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენ ვაკეთებდით სავარჯიშოებს, ვაკეთებდით ეტიუდებს, ვატარებდით ფსიქოტრენაჟებს, ვვარჯიშობდით მეტყველებაში, ცეკვაში და ..

..: მიხეილ თუმანიშვილი ჩვენში არსებობს. ის კი არა, რომ მისთვის სპეციალურად ვთამაშობთ, არამედ, ქვეცნობიერად. ყოველთვის ვფიქრობ, რას მეტყოდა ბატონი მიშა იმაზე, დღეს როგორ ვითამაშე, ისევე როგორც ამას ყოველი სპექტაკლის შემდეგ გვეუბნებოდა.

ერთად მუშაობის გარეშე სოლისტების ანსამბლი ვერ გამოვა

“თუმანიშვილის” განვლილ გზას აფასებს თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე მანანა ანთაძე, რომელიც 1981 წლიდან თეატრის ისტორიის მონაწილეა, რომელმაც ეს ისტორია უმცირეს ნიუანსებამდე იცის და რომელმაც მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის თეატრის განვითარების ფონდი დააარსა.

— რთულია გარკვევა, როდისაა თეატრის ნამდვილი იუბილე. რამდენიმე თარიღი სახელდება.

მანანა ანთაძე: თეატრი, უფრო ზუსტად, შენობა, ოფიციალურად, 1978 წლის 14 იანვარს გაიხსნა, თუმცა, თვითონ თეატრი 1975-1976 წლების სეზონში დაარსდა. მის შექმნას ბიძგი მისცა ბატონი მიშას სტუდენტების 1975 წლის გამოშვებამ — რეჟისორებისა და მსახიობების ექსპერიმენტულმა ჯგუფმა. აქ დღესაც, 30 წლის შემდეგაც, არიან ბატონ მიშასთან ერთად თეატრის დამაარსებლები: ქეთი დოლიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, ზაზა მიქაშავიძე, მზია არაბული, დარეჯან ხაჩიძე, პაატა ბარათაშვილი, ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ჯოჯუა და ცოტნე ნაკაშიძე.

კინოსტუდიაში თეატრის შექმნის შესახებ დაიწერა ბრძანება — ყველაფერი ბატონმა რეზო ჩხეიძემ გააკეთა. ამასთან, რომ არა ქეთი დოლიძე, ფანატიკური სიყვარულით თეატრის მიმართ, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა. მას თეატრის დაარსებაში, ოფიციალურად გაფორმებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამდენად, იყო დასი, იყო რეჟისორი, იყო ბრძანება, მაგრამ არ იყო შენობა. პირველ სპექტაკლებს (რომლებიც ინსტიტუტში შეიქმნა), სხვადასხვა სცენაზე თამაშობდნენ და შენობას ელოდნენ.

თეატრისთვის გამოიყო ყოფილი კინოდარბაზის შენობა, რომელიც თეატრად ბატონი მიშას გეგმით გადაკეთდა. მან დახაზა სამი მხრიდან გახსნილი, სამივე მხრიდან მოქმედი სცენის გეგმა, რომლის მოდელადაც შექსპირისდროინდელი “გლობუსის” სქემა აიღო. ფარდაც მოხსნა, რაც მისი კონცეფცია იყო ჯერ კიდევ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზიდან, რათა სცენა მაყურებელთან ახლოს ყოფილიყო და მსხვილი ხედით ემუშავა.

თეატრს თავდაპირველად კინოსტუდია “ქართული ფილმის თეატრალური სახელოსნო” ეწოდა, დირექტორი იყო კოტე სურმავა.

— რომელი იყო თეატრის პირველი სპექტაკლი?

..: სცენა, როგორც გითხარით, 1978 წლის 14 იანვარს გაიხსნა და, რადგან ეს იყო კინომსახიობთა თეატრი და კინოსტუდიაში არსებობდა, გაიხსნა ლევან ჭელიძის კინოსცენარის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით “ესმერალდა”, რომელიც ბატონმა მიშამ დადგა, როგორც თეატრისა და კინოს ურთიერთობის გამომსახველი. რეპერტუარში სხვა სპექტაკლებიცახალგაზრდა გვარდიის სახელით”, “კარებს აჯახუნებენ”, “ბაკულას ღორები”, “სისხლიანი ქორწილი”, მოგვიანებით, “წამებაი დედოფლისა”, “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”) შევიდა და თეატრმა ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყო.

— და როგორ წარიმართა ეს ცხოვრება?

..: მე თეატრის 30-წლიან ისტორიას სამ ნაწილად ვყოფ. პირველი ათწლეული გენიალური სპექტაკლების პერიოდია. ჩვენს თეატრში მართლაც არის წარმატებული, აშკარად გამორჩეული სპექტაკლები. ერთ-ერთია “ბაკულას ღორები”, რომელიც ინსტიტუტში დაიდგა. ქართული თეატრის ისტორიაში არ არის მეორე ასეთი შემთხვევა, როდესაც სპექტაკლი სცენაზე ამდენი წელი უწყვეტადაა. არის დადგმები, რომლებიც გაჩერებული იყო და შემდეგ აღადგინეს, მაგრამ ისეთი, რომელიც 30 წელია არსებობს, “ბაკულას” გარდა, არ არის. ამ სპექტაკლში ბატონი მიშას ექსპერიმენტული თეორია პრაქტიკულად განხორციელდა. მის შექმნაში ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. მაგალითად, ცოტნე ნაკაშიძემ ინსცენირება გააკეთა, გოგი მარგველაშვილმა სუფრის ცნობილი, ძალიან კარგი სცენა დადგა.

გავიხსნებდი ისეთ დადგმებს, როგორიცაა ნუგზარ ბაგრატიონის “წამებაი დედოფლისა”, მანანა ანასაშვილის “ბნელ ოთახში”, ქეთი დოლიძის “ვეფხვიცოტნე ნაკაშიძის “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, ნუგზარ ლორთქიფანიძის “წუთისოფელი ასეა” და მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებს “ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე” და “საქმე”. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამოსაყოფია “დონ ჟუანის” (ეს უკვე თეატრის მსოფლიო დიდებაა, რომელმაც ბევრი ქვეყანა მოიარა) და “ჩვენი პატარა ქალაქი”, რომელიც ბატონი მიშასთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო.

პირველი ათწლეული ყველაზე პროდუქტიული, ყველაზე კარგი სპექტაკლებით, დიდი ენთუზიაზმით სავსე წლებია. ამ დროს იყო შეუდარებელი ატმოსფერო და, ალბათ, რაღაც ეტაპიც დასრულდა. როგორც ბატონი მიშა ამბობდა, სტუდიის სიცოცხლე 10 წელი გრძელდება. ეს იყო თეატრის ოქროს ხანა, ბატონ მიშასთან ერთად, ვიდრე ყველა დაიღლებოდა; ვიდრე არსებობდა მეთოდი — პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობის მოდელი, რასაც თან სდევდა მიხეილ თუმანიშვილის კოდექსი, თეატრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო უსიტყვო მორჩილება. ამავე დროს, ბატონ მიშას უყვარდა რიტუალები, რომელიც ამ თეატრში ყოველთვის არსებობდა, ერთ-ერთი იყო ახალი წლის ერთად შეხვედრა 31 დეკემბერს.

ბოლო ხანს უკვე ძალიან ვწვალობდით. ჭერზე ნაჭერი იყო აკრული, სახურავი საშინელ მდგომარეობაში იყო, სცენაზე წვიმდა, კატები დასეირნობდნენ, ხან ერთი კედელი გადავარდებოდა, ხან მეორე. 1985 წელს, ჩვენს ეზოში კოცონი ავანთეთ, ახალი წელი ერთმანეთს ნანგრევებში მივულოცეთ, რის შემდეგაც თეატრი, ორი წლით, რემონტის გამო დაიხურა. ამ პერიოდში სპექტაკლებს სხვადასხვა სცენაზე ვთამაშობდით: მსახიობის სახლში, კავშირგაბმულობის შენობაში, “პროფკავშირებში”, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში და ასე დავდიოდით აქეთ-იქით, ვიდრე ჩვენს შენობაში არ დავბრუნდით.

მეორე ათი წელი დიდი გასტროლების ათწლეულია. ვერ ვიტყვი, რომ მანამდე გასტროლები არ იყო. პირველი, დიდი და მნიშვნელოვანი გასტროლი მოსკოვში გვქონდა 1982 წელს. მოსკოვს მოჰყვა ბაქო, კიევი, ლენინგრადი და დიდი გასტროლები ლიტვაში (კაუნასსა და ვილნიუსში).

უცხოეთში პირველად 1987 წელს ესპანეთში წავედით, მადრიდის ფესტივალზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ედინბურგიდან მიწვევები 1982 წლიდან გვქონდა. უცხოეთთან კონტაქტებში ძალიან მეხმარებოდა ბატონი ნიკო ყიასაშვილი (ვისთანაც პარალელურად ვმუშაობდი, საზღვარგარეთული ლიტერატურის მიმდინარე პროცესების ლაბორატორიაში). ჩვენი თეატრით დაინტერესებული პირველი უცხოელების ჯგუფი სწორედ ბატონი ნიკოს მოწვევით ჩამოვიდა. სპექტაკლი, რომელიც ინგლისელებმა ნახეს და ედინბურგის ფესტივალზე მიიწვიეს, “ბაკულას ღორები” იყო, თუმცა ჩვენ ის ედინბურგში ვერ წავიღეთ.

რამდენიმე წელი, რამდენჯერაც ბატონი რეზო ჩხეიძე მოსკოვში წავიდოდა, მივდევდი, თან დავყვებოდი ხან “გოსკინოში”, ხან კულტურის სამინისტროში, ხან “კაგებეში” და ხან სად, რომ გასვლის უფლება მიგვეღო. მაშინ ეს ძალიან ძნელი იყო, ფაქტობრივად, შეუძლებელი. ბოლოს ნებართვა მივიღეთ, რის საფუძველზეც წავედით ესპანეთში. რეკომენდაცია მიხეილ თუმანიშვილის პედაგოგმა, გიორგი ტოვსტონოგოვმა გაგვიწია. იგი აღტაცებული იყო ბატონი მიშათი, რომლის სპექტაკლები პეტერბურგში ჩვენი თეატრის გასტროლების დროს ნახა. როგორც ბატონი მიშა ამბობდა, პედაგოგს ანგარიში ჩააბარა და თავისი შემოქმედება აჩვენა. საოცარი ეფექტი იყო.

მადრიდში “დონ ჟუანი” ვაჩვენეთ. იქ მოხდა ის, რასაც ჩვენ შემდეგ ყველგან ვაწყდებოდით და მივეჩვიეთ — ნებისმიერ ფესტივალზე “დონ ჟუანით” ყოფნა ნიშნავდა, რომ იყავი ვარსკვლავი და საუკეთესო. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ყველა აღნიშნავდა სპექტაკლის ანსამბლურობას. ეს იყო ბატონი მიშას თეატრის მთავარი პრინციპი. მისი საყვარელი ფრაზა იყო — სოლისტების ორკესტრი. ეს მისთვის თეატრის იდეალი იყო, თეატრის, სადაც ყველა მსახიობი, ერთი და იმავე მნიშვნელობისაა. სწორედ ამას აღნიშნავდნენ რეცენზიები.

მადრიდის შემდეგ მსოფლიო თეატრალურ ელიტაში ხმა გავარდა, რომ “დონ ჟუანი” საუკეთესო სპექტაკლია, რასაც მოჰყვა ის, რომ 1987 წლის შემოდგომაზე, პიტერ ბრუკი “დონ ჟუანის” სანახავად სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისში. ამის შემდეგ მისი რეცენზიები ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა, ხოლო პიტერ ბრუკი — მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მეგობრად.

სალიმა ჩიაევასთან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რა არის მისი აზრით “გარდაქმნა”, პიტერ ბრუკმა უპასუხა: “გარდაქმნა არ ვიცი რა არის, მაგრამ, მე მგონი, ეს უნდა იყოს, მოძრაობა თავისუფლებისკენ... რაც ჩვენ დღეს ამ თეატრის სცენაზე ვნახეთ. ესაა ყველაფრისგან გათავისუფლება, უმაღლესი ხელოვნება და მხოლოდ იმპროვიზაციაზე დაყრდნობილი თეატრალური შემოქმედება. მას მე ცოცხალ თეატრს ვუწოდებ... ესაა ცოცხალი თეატრი, ნამდვილი თეატრი

1992 წელს დაიდგა “ზაფხულის ღამის სიზმარი”. საშინელი პერიოდი იყო. არ არსებობდა შუქი, გათბობა. იყო შიში, სიბნელე და სროლა ქუჩაში. ბატონმა მიშამ ყველას სათითაოდ დაგვირეკა და გვითხრა, იქნებ თეატრამდე ნელ-ნელა, კედელ-კედელ მოხვიდეთო. თეატრი გაყინული იყო, ბნელოდა და ბატონმა მიშამ, ძალიან ბედნიერი სახით გამოგვიცხადა — ჩვენ ვდგამთ “ზაფხულის ღამის სიზმარსგაოგნებულები დავრჩით. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა. რეზო იმნაიშვილი გლდანიდან ფეხით მოდიდიოდა. ოთხი საათი გზაში იყო, რეპეტიციებს გაივლიდა და ფეხითვე ბრუნდებოდა შინ.

სპექტაკლი 1992 წლის 25 დეკემბერს გამოვუშვით. ედინბურგში რომ ჩავედით, მაშინვე დაიწერა, რომ თბილისში ომია, სიცივე, შიმშილი და სპექტაკლი პასუხია ამ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რადგან თეატრს სხვანაირად არ შეუძლიაო. მართლაც არაჩვეულებრივი მხატვრული ფორმა, პასუხი იმაზე, რაც საქართველოში ხდებოდა, პასუხი სიკეთით, სილამაზით, სიყვარულით, ზღაპარში წასვლით. აბა, სხვანაირად რეალობას ვერ გაექცეოდი.

1994 წელს ლონდონში შექსპირის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. მთელი მსოფლიოდან ხუთი სპექტაკლი იყო არჩეული და მათ შორის “ზაფხულის ღამის სიზმარი” საუკეთესოდ აღიარეს. ამას მოჰყვა პრინც ჩარლზის წერილი შევარდნაძისადმი და საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო წერილი, სადაც ითქვა, რომ ორი ქვეყნის ელჩი კულტურაზე უკეთესი არაფერი შეიძლება იყოს და რომ ესაა ქვეყნებს შორის ურთიერთობის საუკეთესო პოლიტიკა.

სწორედ დიდი გასტროლების პერიოდში შეიქმნა გოგი მარგველაშვილის გენიალური სპექტაკლი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, დათო დოიაშვილის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი “ცხოვრება იდიოტისა”, ბატონი მიშას “ზაფხულის ღამის სიზმარი” (რომელმაც, როგორც “დონ ჟუანმა”, დაიწყო საერთაშორისო აზრის აკრება) და მისივე უკანასკნელი სპექტაკლი “ამფიტრიონი 38”.

მიხეილ თუმანიშვილი 1996 წელს გარდაიცვალა. გარდაიცვალა ბატონი მიშა და დადგა თეატრის ცხოვრების მესამე ნაწილი. მას დასადგმელი დარჩა “ალუბლის ბაღი”, რომელზე მუშაობაც სამჯერ, სხვადასხვა დროს დაიწყო, მაგრამ გაჩერდა. ამ პროცესში ბევრი რამ იცვლებოდა და, რაც მთავარია, იცვლებოდა კონცეფცია — ბატონი მიშას დამოკიდებულება ძველთან გამომშვიდობებისა და ახალთან მიახლოების მიმართ. დარწმუნებული ვარ, იგი დღეს რომ ყოფილიყო, კვლავ სხვა მიდგომა ექნებოდა. ეს მუდამ ცვალებადი, მოძრავი პრობლემაა და პიესის გენიალობის ერთ-ერთი საფუძველიც ესაა.

მის გარეშე პირველი სპექტაკლი “სერობა”, ქეთი დოლიძემ 1997 წელს დადგა და ბატონ მიშას მიუძღვნა. პრემიერა 6 თებერვალს, მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს გაიმართა. მას შემდეგ 18 სპექტაკლი შეიქმნა. გოგი მარგველაშვილმა დადგა ძალიან კარგი და საინტერესო სპექტაკლი “ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი”; შემდეგ, “ალუბლის ბაღი”. ვფიქრობ, ამ სპექტაკლით კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა და თან ახალი დაიწყო.

რა დაგვრჩა დღეს, გარდა იმისა, რომ გვაქვს შენობა და ბატონი მიშას სახელი, რომელსაც თეატრი ატარებს?! არის კარგად გაწვრთნილი დასი, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. დღეს ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ეს და მზად უნდა ვიყოთ ახალი მოდელის მისაღებად, რომელიც თეატრში დაიბადება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძველი მოდელით ცხოვრება აღარ შეიძლება, ბატონი მიშაც, ჯერ კიდევ მაშინ, ასევე ფიქრობდა.

— რა უნდა გაკეთდეს ?

..: ერთადერთი საზომი მაღალმხატვრული, კარგი სპექტაკლების დადგმაა, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა დაბრუნდეს ცხოვრების ის წესი, სტუდიური ფორმა, თავისი ვარჯიშებით. ანსამბლის პრინციპმა შეიძლება გადაარჩინოს დღეს თეატრი. ამასთან ერთად აუცილებელია ახალგაზრდების მოსვლა თეატრში (რაც ყოველთვის ხდებოდა) და მათი გაზრდა სახელოვან პროფესიონალებთან ერთად (ვარჯიში ამისთვისაა საჭირო).

ჩვენი არსებობის მესამე ეტაპი ძალიან რთული, ვიტყოდი, ძიების პერიოდია. ძნელი გზა უნდა გადავიტანოთ. ერთად მუშაობის გარეშე სოლისტების ანსამბლი ვერ გამოვა და, ვფიქრობ, ესაა თეატრის გადარჩენის ერთადერთი ფორმა.

მინდა, რომ თეატრს ლაბორატორიის სახე დაუბრუნდეს

წარსულს იხსენებს და მომავლის გეგმებზე საუბრობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე “ბაკულელი” გიორგი მარგველაშვილი სულ ახლახანს შეცვალა.

— 30- სეზონზე თქვენთან სიახლეებია.

..: ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი სტრესი გადავიტანეთ, ძალიან ბევრი ტკივილი მივიღეთ ყველამ სათითაოდ, თავის მხრივ, ყველა თვლის, რომ მართალი იყო. მაგრამ რეალობა იყო ერთი — ჩვენთან ბოლო სეზონი პრაქტიკულად ჩავარდა. ჩვენ ვერცერთი პრემიერა ვერ ვითამაშეთ. ჩვენ, ვერცერთმა რეჟისორმა, ფაქტობრივად, ვერაფერი გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ისიც სტრესია ჩემთვის, რომ გოგი მარგველაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. ჩემთვის სტრესია, რომ ამ თანამდებობაზე მე დავინიშნე და, ასე მგონია, ნულიდან ვიწყებ ყველაფერს.

აქ ისეთი უნიკალური მსახიობები და ისეთი შესანიშნავი რეჟისორები არიან — გოგი მარგველაშვილი, ნუგზარ ბაგრატიონი, იგივე ცოტნე ნაკაშიძე (რომელიც თურქეთიდან დაბრუნდა და, იმედია, ჩვენთან იქნება), რომ, რა თქმა უნდა, ნულიდან დაწყებაში სხვა რაღაცას ვგულისხმობ.

მე ცოტა ძველმოდური ადამიანი ვარ და ამიტომ ვუფრთხილდები ყველანაირ არქივს. შენ მაინც იცი, იმდენი რამ მაქვს სახლში, ჩემ მიერ გადაღებული ვიდეომასალა, აფიშები, დღიურები და .. და ვუფრთხილდები ამ ყველაფერს, რამდენი წელია. სამწუხაროდ, ჩვენი თეატრის არქივიდან ბევრი რამ დაიკარგა. ჩვენ გვქოდა უნიკალური ჩანაწერები. ერთხელ, ბატონმა მიშამ შეუკვეთა ძალიან დიდი, ტყავის ყდაში ჩასმული “დღიურები”, რომლებსაც სპეციალური დანაყოფები ჰქონდა, იმდენდღიანი, რამდენიც გრძელდებოდა სეზონი და ჩვენ, რეჟისორები, ყოველ სპექტაკლზე ვმორიგეობდით და შემდეგ შენიშვნებს ვიწერდით ამ დღიურებში. აი, ამ მორიგეობას აუცილებლად აღვადგენ. ამ პრინციპს ყოველთვის ვიცავ. არ ყოფილა ჩემი სპექტაკლი (იმ იშვიათი შემთხვევების გარდა, როდესაც თბილისში არ ვიყავი), რომელსაც არ დავსწრებოდი და აივნიდან არ მეყურებინა. პრაქტიკულად, არ ყოფილა სპექტაკლი, რომელსაც ბატონი მიშა არ დასწრებოდა და აივანზე მდგომს, მისთვის თვალი არ ედევნებინა. ნიშნების წერის პრაქტიკა მეც დავტოვე. შეიძლება ახლა სასაცილოა, მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ამ ნიშნებს, ამ შეფასებას ყველა მსახიობი ელოდა.

მსახიობი ვერასოდეს ხვდება, იშვიათი შემთხვევის გარდა, სინამდვილეში, “რა ეკუთვნის”. მე თვითონ მსახიობის ტყავში არაერთხელ ვყოფილვარ და რომ გგონია, დღეს ყველაზე კარგად თამაშობ, სწორედ იმ დღეს ხარ ყველაზე ცუდი. ძალიან მინდა, ეს პრაქტიკა აღვადგინო. საერთოდ მინდა, რომ ამ თეატრს ლაბორატორიის სახე დაუბრუნდეს. ბატონმა მიშამ თეატრის აფიშიდან “სახელოსნო” ამოიღო და თქვა, რომ ის უკვე თეატრად გადაიქცა. თუ შევძლებ, რომ კოლეგებთან ერთად ლაბორატორიის პრინციპი აღვადგინო, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება.

მე მგონია, რომ ძალიან ბევრ სპექტაკლს ინერციით ვთამაშობთ და ყოველდღე არ არის ახალი, იმპროვიზაცია და აღმოჩენა. რაღაც თითქოს დაიტკეპნა და ამას აუცილებლად უნდა მივხედოთ. თეატრი არ უნდა იყოს მარტო პარსაკევი, შაბათი, კვირა, როდესაც წარმოდგენები იმართება, თეატრში ყოველდღე უნდა იყოს რეპეტიცია და ძალიან აქტიური რეპეტიცია და აუცილებლად ყველა მსახიობი უნდა იყოს დაკავებული. აუცილებელია ყველა მსახიობს როლი და ყველა რეჟისორს სამუშაო ჰქონდეს.

მიმაჩნია, რომ ჩვენთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს ორ კვირაში ერთხელ სპექტაკლების გამოშვება. ეს არანორმალურად აზიანებს თეატრს, არანორმალურად აზიანებს მსახიობს და ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მე გავიზარდე და რითაც მე მინდა თეატრში ცხოვრება, აუცილებლად ზიანდება. ხომ შეიძლება ერთი თეატრი იყოს თეატრი-ლაბორატორია?

— რა სიახლეები იქნება თეატრში?

..: მე უკვე დავიწყე დაკავშირება თუმანიშვილის ყველა წარმატებულ ნამოწაფართან და მინდა, რომ ამ რეჟისორებმა ჩვენს თეატრში თითო-თითო სპექტაკლი დადგან. გვინდა, რომ ეს იყოს ერთაქტიანი სპექტაკლები და მათში მარტო ჩვენი დასის მსახიობები იყვნენ დაკავებული. საერთოდ, მე არ ვარ მსახიობების მოწვევის წინააღმდეგი, თვითონაც ვიწვევ ხოლმე მათ, მაგრამ ეს პროგრამა მხოლოდ ასეთი იქნება.

მე ბევრი მსახიობი მსაყვედურობდა, რატომ არა ვარ შენს სპექტაკლებში დაკავებულიო. შეიძლება, ჩემთან არ იყოს და სხვასთან იყოს. არ შეიძლება, რომ სამუშაო მხოლოდ ერთსა და იმავე მსახიობს ჰქონდეს და სხვას — არა. მე ვთვლი, რომ ასეთი, ერთი, მაღალი რანგის არტისტები, ჩვენთან რომ არიან, იშვიათად ჰყავს ხოლმე თეატრს.

მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნია გამართლებულად თეატრის მუზეუმად გადაქცევა, მგონია, არაფრით არ შეიძლებოდა “ზაფხულის ღამის სიზმრის” გადაგდება. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, როდესაც სპექტაკლი გაჩერდა, მაშინვე უნდა შეეყვანათ ახალგაზრდა ოთხეულზე, წყვილებზე მსახიობები, თორემ, ტიტანიას და ობერონის პრობლემა დღესაც არ არის. აუცილებელი არაა, ისინი 25-30 წლის არტისტებმა ითამაშონ. ეს სპექტაკლი იმდენად სრულყოფილია, რომ ჩვენ, იმის მიხედვით, რა ჩანაწერებიც გვაქვს, თან ის ყველას ზეპირად გვახსოვს — გოგი მარგველაშვილს, მე, მსახიობებს, ახალგაზრდებს თვითონ ისინი შეიყვანენ, ვინც ამ როლებს თამაშობდა — იგი აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. აღსადგენია “ჩვენი პატარა ქალაქი”. ეს ხომ შედევრია. შეგვიძლია, ვთქვათ, თვეში ერთხელ ვითამაშოთ “ამფიტრიონი”. რატომ უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი?! ამისი უფლება არა გვაქვს.

რა თქმა უნდა, სამაყურებლო სპექტაკლებიც უნდა იყოს ისეთი, როგორიც გოგი მარგველაშვილის ვოდევილია — “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, როგორიც, ვთქვათ, ჩემი მომავალი სპექტაკლია, ამერიკული პიესის მიხედვით. ეს კომედიაა და, ვფიქრობ, ძალიან სამაყურებლო იქნება. მაგრამ მაყურებლის მოზიდვა სერიოზული სპექტაკლითაც ხომ შეიძლება?! იმ დღეს თემურ ჩხეიძის “ანტიგონეს” ვუყურე და არ ვიცი, რომელია დღეს თბილისში ასეთი წარმოდგენა, ყველამ მაპატიოს, მაგრამ “ანტიგონესა” და “არტის” დონის სპექტაკლი არც ერთ თეატრში არ მეგულება.

— რამდენადაც ვიცი, სპექტაკლების დასადგმელად უცხოელი რეჟისორების მოწვევასაც აპირებთ.

..: აუცილებლად. მაგალითად, ტოლია ვასილევმა უკვე თქვა თანხმობა, მაგრამ იგი ძალიან დაკავებულია, წელიწადში ორ სპექტაკლს დგამს და დიდხანს მუშაობს ხოლმე, ამჯერად სწორედ თავისუფალი დროის გამოძებნაზე მიდის საუბარი და დაახლოებით ერთ თვეში მეტყვის, განრიგის მიხედვით, როდის ჩამოვა. ამავე დროს, გადასაწყვეტია, რა უნდა დადგას. მე ვთხოვე, რომ ეს იყოს კლასიკა. მირჩევნია ბერძნული, რადგან უნივერსალურია და მას ძალიან ბევრი აქვს ასეთ მასალაზე ნამუშევარი.

თუ მოვახერხე და სიტუაცია ცოტა დალაგდა, მინდა პოლონეთიდან მოვიწვიო ქშიშტოფ იაჟინა — სასწაული, უნიკალური რეჟისორი. პრაქტიკულად, უკვე თანხმობა თქვა მიხეილ მარმარინოსმა — რადგან შენ ხარ ჩემი ზურგი, მომავალ წელს, ოთხ თვეს გავატარებ თბილისშიო. მისი ორივე სპექტაკლი — “მედეა — გახლეჩილი სამყარო” და “ეროვნული ჰიმნი” ნამდვილად იყო მოვლენა (ზოგმა ეს ვერ დაინახა, ზოგმა დაინახა), სად არ არის იგი მიწვეული, სად არა აქვს სპექტაკლი დადგმული. მე მგონია, რომ ქართულ თეატრს ასეთი ექსპერიმენტი აკლია.

ჰილარი ვუდს აქვს ფანტასტიკური ჩანაფიქრი, ტენესი უილიამსის “კამენორიალის” (პიესა ქართულად ნათარგმნი არაა და გვინდა მანანა ანთაძემ თარგმნოს) დადგმა უნდა და ჩვენი მსახიობების გარდა, დიდი სურვილი აქვს მოიწვიოს ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება. მიხეილ თუმანიშვილი სულ ამბობდა, ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ მე და ოთარი ვერ შევხვდით ერთმანეთსო. თუ მოწვევაზე მიდგა საქმე, მე სწორედ ამ თაობის მსახიობებს მოვიწვევდი, ოღონდ სპექტაკლში, სადაც ისინი ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად იმუშავებენ. აი, ეს არის ჯერჯერობით, ჩემი პროგრამა მინიმიუმი და პროგრამა მაქსიმუმი.

 

P.S.

დარეჯან ხაჩიძემ პატარა წერილით, რომელსაც “ოღონდ კიდევ ერთხელ მაჩვენა “მაესტრო მიშას” რეპეტიცია” უწოდა, მიხეილ თუმანიშვილის შეგირდების საუბარს მისი თეატრის მეთოდის, სტილის, წარსულის და, ალბათ, მომავლის შესახებ, ერთგვარი რეზიუმე გაუკეთა:

“წარმოიდგინეთ, პრემიერის წინ უწყვეტი რეპეტიცია... დაწყებას რამდენიმე წუთი უკლია... თუ ეს ის წარმატებული სპექტაკლია, რომელიც ასე ბევრი იყო მაესტროს შემოქმედებაში, მაშინ იგი მოთმინებით ზის თავის პატარა შავ სარეპეტიციო მაგიდასთან, სადღაც შორს იყურება და მექანიკურად აწვალებს ულვაშს. მის ირგვლივ დარბიან — გრიმიორი, მხატვარი, გამნათლებელი... რეჟისორის ასისტენტი მსახიობებს აგროვებს. სცენაზე რეკვიზიტორი გაირბენს — “რაღაც დაავიწყდა”. ისმის უკანგადახვეული მუსიკის ხმა.

ბატონ მიშას მსახიობები გამოჰყავს, რამპაზე სვამს, საბოლოო შენიშვნებსა და რჩევებს აძლევს. შემდეგ ყველა კულისებში გადის. “კულისებში შედით. ჩანხართ!” “მოემზადეთ. სიჩუმემაესტრო სამჯერ აკაკუნებს სარეჟისორო მაგიდაზე ბამბუკის ჯოხს, წარმოთქვამს ჯადოსნურ სიტყვას — “დავიწყეთსინათლე ქრება. ისმის მუსიკის ხმა და იწყება...

დარბაზში — გარინდებული მაყურებელი... თვალს ადევნებ შენი მეგობრების ნამუშევარს და შედიხარ ჯადოსნურ, მხატვრულ სამყაროში. არის მომენტი, როდესაც სუნთქვაშეკრული უყურებ მსახიობს და წამით ფიქრობ: რა უფრო რეალურია, ის, რაც სცენაზე ხდება, თუ... შენ?!..”

 

 

მარინე სხირტლაძე

ვასილ ამაშუკელი - კინოდოკუმენტების კვალდაკვალ

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში ქართული კინოს ისტორიის ამსახველი მრავალი საინტერესო მასალაა დაცული, მათ შორის პირველი ქართველი კინოოპერატორის, ვასილ ამაშუკელის პირადი ფონდი.

არქივის თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, ჩვენი ქვეყნის ურთულეს პერიოდში, სიცივესა და უხელფასობაში მათ არ მოაკლეს ყურადღება და პროფესიული ზრუნვა არქივში დაცულ მატერიალურ სიმდიდრეს და მაშინაც კი, თუ რომელიმე მკვლევარი მოიცლიდა მათ შესასწავლად, ერთგულად ემსახურებოდნენ მსურველებს. კინომკვლევარები განსაკუთრებით ვემადლიერებით ჩვენს მეგობრებს — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას და “კინემას” საიუბილეო ნომერში ჟურნალის მკითხველთა ფართო წრეს (კინომცოდნეებმა ეს იციან) ვთავაზობთ ორ ძალზე საინტერესო მასალას.

ვასილ ამაშუკელის ფონდში არსებული ხელნაწერი — მოსაწვევი ბარათი, რომელიც 1908 წლის 15 მაისით თარიღდება, ჩვენი არქივის ერთ-ერთი განსაკუთრებული განძია. ესაა ბაქოს ქალაქის მმართველობის ტიპოგრაფიის საქმეთა მმართველის ნოე რამიშვილის სავიზიტო ბარათი, რომელიც ადასტურებს ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული კინოფირის თანამშრომლებისათვის ჩვენების ფაქტს.

1908-1909 წლებში ვასილ ამაშუკელს უკვე ფირზე ჰყავს აღბეჭდილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: კოტე მესხი, ეფემია მესხი და სხვ. მას ასევე გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “ბაქოს სტამბის მუშათა მუშაობა”, “გემების გადმოტვირთვა”, “ნახშირის აზიდვა აქლემებით”, “გუნიბის პოლკის აღლუმი” და “ბაქოს ნავთის ჭაბურღილზე მუშაობა”. ქართული კინოს სათავე სწორედ ამ პერიოდშია.

ვასილ ამაშუკელის როლი უკვე ამ ჩანახატებით იქნებოდა განუზომელი მნიშვნელობის, მაგრამ 1912 წელს მის მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” სრულიად განსხვავებულ სიმაღლეზე და მნიშვნელობის ჭრილში აყენებს იმხანად მოყვარული ოპერატორის ქართული კულტურისადმი გაწეულ ღვაწლს. ესაა პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, მიძღვნილი პოეტისადმი, ერის საამაყო შვილისადმი, რაც (როგორც შემდეგ კინომცოდნეები იტყვიან) მთელ ქართულ კინოს დემოკრატიულ, ჰუმანისტურ საფუძველზე აყენებს.

ვასილ ამაშუკელს აკაკისადმი დამოკიდებულება ჩანაწერებითაც აქვს გამოთქმული. გთავაზობთ ამ მოგონებებს მცირედი კუპიურებით, იგი პატარა შესავლით იწყება.

ამაშუკელი წერს (ბარათში სრულადაა დაცული ავტორის სტილი — ..): “ამ პატარა მოგონებაში ვეხები მხოლოდ ზოგიერთ მომენტებს, რომელიც გადაღებულია აკაკის იუბილეს ისტორიულ სურათშიდ, როგორც ქართული პირველი კინოფილმი და რომელმაც დიდი ყურადღება და აღტაცება გამოიწვია 1912-1913 ..-ში.

...მართალია, კინოს განვითარება რუსეთში იწყება 1900-იან წლებიდან, მაგრამ ამ დიდ საქმეს მეფის რუსეთის მთავრობა უყურებდა, როგორც უბრალო კერძო გასართობს და ვერ წარმოედგინა მისი კულტურულად გამოყენება; ან კი რა გასაკვირია ასეთი შეხედულება ქონოდა მეფის მთავრობას კინოსა და თეატრზედ, როდესაც თეატრებსა და მწერლობას კარი ქონდა დახშული, კინოთეატრები იყო მხოლოდ და მხოლოდ კერძო მწარმოებლების შემოსავლიან საგნად. იდგმებოდა ისეთი სურათები, როგორიც იყო “ტყის ყაჩაღები”, “ზღვის მეკობრეები”, “დურაშკინები”, თავპირსამტვრევი ტრიუკები და სხვა, რომ უფრო მეტი შემოსავალი ჰქონოდათ კინოს მეპატრონეებს; უშვებდნენ რეკლამებს, სეანსების დამთავრების შემდეგ მამაკაცთათვის — დახურულ სეანსებს... კინოფაბრიკებზედ ხომ ხსენებაც არ იყო რუსეთშიდ... კულტურულად გამოყენება კინოსი ხომ უცხო ხილი იყო...” (იხ. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, . 211, აღწ.1, საქ.1).

ასეთი შესავლის შემდეგ იწყება თავად დოკუმენტი, რომელსაც სათაურიც დაურთო ვასილ ამაშუკელმა:

“როგორ შეიქმნა პირველი ქართული კინოსურათი “აკაკი წერეთლის

საიუბილეო მოგზაურობა

რაჭა-ლეჩხუმში” — 1912 წელი

1907 წლიდან ბაქოში არსებულ ქართველ საზოგადოებათა საკრებულოში მდებარე ნიკოლოზის ქუჩაზე, კვირაში ერთჯერ იმართებოდა ქართული წარმოდგენები, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი კოტე მესხი; ამავე საკრებულოში თავისუფალ დღეებში გადიოდა კინოსურათები. კინო ეკუთვნოდა ეფემია მესხის ქმარს, ცნობილ პედაგოგს ივანე მიხეილის ძე გეპნერს. კინო-მოწყობილობა საზღვარგარეთის “გომონის” ფირმისა იყო. მე ვმუშაობდი კინო-აპარატზე და სცენის განათებაზე; კინოსა და სცენას განაგებდა კოტე მესხი. კინოს ქონდა აგრეთვე სურათების გადასაღები კინოაპარატიც. ამ აპარატით დროდადრო ვიღებდით ბაქოს ნავთის წარმოების პატარ-პატარა სურათებს, ბაქოს ქრონიკებს და ვდგამდით ჩვენს კინოში. უნდა აღინიშნოს, რომ კოტესა და მის სიძეს, სხვა კინოებთან შედარებით უფრო კულტურულად ქონდათ დაყენებული თავიანთი კინო და იდგმებოდა უფრო ხშირად სამეცნიერო სურათები: ასტრონომია, მედიცინა, ტეხნიკა და სხვა, რომელთაც საზღვარგარეთიდან ღებულობდნენ, მაგრამ ასეთი სურათები ხარჯს ვერ ფარავდა და თეატრი დავალიანებაში ვარდებოდა, სახალტურო და პორნოგრაფიული სურათები დიდ შემოსავალს აძლევდათ სხვა კინოების მეპატრონეებს, მაგრამ ჩვენს კინოში ასეთ სურათებს ადგილს არ უთმობდნენ. ჩვენმა კინომ ორი წლის არსებობის შემდეგ ზარალს ვერ გაუძლო და დაიხურა: 1911 წელს ქუთაისში ტიხონ ასათიანმა და პავლე მეფისაშვილმა განიზრახეს კინოთეატრის აშენება... მათი მიწვევით შევუდექი ელექტროგაყვანილობისა და კინოაპარატის მოწყობას. მათ შევაძენინე გეპნერისაგან კინოს გადამღები აპარატი, ამ აპარატით ვიღებდით ქუთაისის სანახაობებს, გამართულ აღლუმებს და ვდგამდით ჩვენს კინოში. ასეთ სურათებს ხალხი ბლომად ესწრებოდა.

1912 წელს, ივლისის თვეში, ასათიანთან მოვიდნენ პედაგოგი სამსონ დათეშიძე და ლადო ბზვანელი, რომლებმაც აცნობეს ასათიანს, რომ ეწყობოდა დიდი მგოსნის მიწვევა რაჭა-ლეჩხუმში და სასურველი იქნებოდა ეს ისტორიული მომენტები აღბეჭდილიყო კინოლენტზე... ასათიანმა გამომიძახა და მკითხა — ვიკისრებდი თუ არა ასეთ პასუხსაგები საქმის ხელის მოკიდებას; მე სიხარულით დავთანხმდი, გავიფიქრე — რა ბედნიერება მეწვია, ჩვენს საქართველოში გადავიღებ ისეთ სურათს, სადაც ჩვენი დიდი მგოსანი იქნება გამოვლინებული. შევუდექი სამზადისს. გამგზავრების დღეთ დანიშნული იყო 21 ივლისი. შევადგინე გეგმა. ეს სურათი ერთ მთლიან პროგრამად უნდა შემექმნა, ჩემს განკარგულებაში კი აღმოჩნდა 300 მეტრი ლენტა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ქრონიკათ გამეკეთებინა აკაკის საიუბილეო მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში და პროგრამის გარეშე დაგვედგა კინოში. მთლიან პროგრამას კი ჭირდებოდა არა ნაკლებ 1000 მეტრისა. ადვილი წარმოსადგენია როგორ შთაბეჭდილებას დატოვებდა მაყურებელზე... დროც ცოტა რჩებოდა ლენტების გამოსაწერად, სულ 7-8 დღეღა დაგვრჩა გამგზავრებამდე. ლენტებს ვიწერდით კერძო აფთიაქის მეპატრონე კოკოჩაშვილის მეშვეობით . ვარშავიდან. შევუკვეთეთ ლენტები კოკოჩაშვილს, იმედი კი ცოტა მქონდა, რომ მოგვისწრებდა. მოახლოვდა გამგზავრების დღე — 21 ივლისი, დილის 7 საათზე მოვიყარეთ თავი სასტუმრო “გრანდ-ოტელთან”, სადაც იუბილარი იმყოფებოდა. დილის რვა საათზე გავუდექით გზას. საგანგებოდ მორთულ ეტლში ისხდნენ აკაკი, საიუბილეო კომიტეტი და თემის რედაქტორი... ჭომაში, წერეთლის ეზოში ქუთაისში მცხოვრებ რაჭველებს გაემართათ იუბილარისათვის გზის დასალოცი საუზმე. საუზმემ ზეიმის ხასიათი მიიღო, ზურნაზე საგანგებოდ ითამაშეს ძმებმა კირვალიძეებმა. ეს მომენტი გადაღებულია. გამგზავრების წინ ასათიანმა მითხრა კოკოჩაშვილს დეპეშა მოსვლია ლენტები გამოგზავნილია და თუ დროზე მოვიდა გზაში დაგაწევთო. გადავწყვიტე რაც ლენტები ხელთ მქონდა ეკონომიურად მეხმარა და გადამეღო მხოლოდ ხუთი-ექვსი ღირსშესანიშნავი მომენტი და მთლიანად საიუბილეო სანახაობისათვის კი თავი დამენებებინა. დაწყებული ქუთაისიდან ალპანამდე, ისეთი გრანდიოზული შეხვედრები და ზეიმები გაიშალა და მეც გამიტაცა ამ არნახულმა საიუბილეო ზეიმებმა, რომ ჩემდა უნებლიეთ ლენტები გამომლეოდა. ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში... ჩემთვის ადვილი წარმოსადგენი შეიქნა: ალპანიდან ონამდე და ნიკორწმინდამდე, ამ თვალწარმტაც ბუნებასთან ერთად, რამდენი ძვირფასი სანახაობა და მომენტები მრჩებოდა ლენტზე აღუბეჭდავი... ჩემი ოპერაციების დამთავრება არც აკაკის დარჩა სასიამოვნოთ. მიმიხმო და წყენით მითხრა: — ასე ვიცით ბიძია იმერლებმაო, დაწყება ვიცით, მაგრამ ჩხირს იქ მივატეხთ, სადაც საჭირო არ არისო. — გამცილებელთა შორის ბზვანელი დიდ დახმარებას მიწევდა სურათების გადაღების დროს, რომ ხალხს ხელი არ შეეშალა და სწორედ ბზვანელი მახარობელი შეიქნა: — ალპანის ფოსტას ამანათი მიეღო ჩემს სახელზე... ეს ამბავი ყველასთვის სასიამოვნო იყო, ჩემთვის კი განსაკუთრებულად.

მთელი საიუბილეო მოგზაურობა აღბეჭდილი მაქვს ისტორიულ ფილმში, არ ვცდილვარ ჩემი ინიციატივა გამომევლინა ამა თუ იმ ზეიმების შეჩერება დაწყებაში, არამედ ვიღებდი რეალურად ისე, როგორც ხდებოდა აპარატის წინ...

...ჭრებალოში რომ შევედით თვალწინ გადაგვეშალა დიდებული სურათი:

პროცესია მწყობრად მოდიოდა, ცხენოსნებით გარს შემორტყმული აუარებელი ხალხი ეგებებოდა საყვარელ მგოსანს. ამბროლაურის ახლოს შემოგვხვდა ავტო უცხო ტურისტებით, მსვლელობა შეჩერდა, აკაკის მიესალმა ტურისტთა ხელმძღვანელი, პროფესორი ანისიმოვი, მე ვიღებ ამ შეხვედრის მომენტს, ტურისტებს კი აკვირვებთ, რომ კინოაპარატიც ახლავს ჩვენს მგოსანს. გაკეთებული იყო დიდი თაღი, ზედ აკაკის სურათით და წარწერით, თაღის იქით აუარებელი ხალხი... ბუნებაც კი ლაღობდა... მე როგორც ოპერატორი დავწინაურდი, რომ შესაფერი ადგილიდან გადამეღო ეს ზეიმი, მოვმართე აპარატი, ის იყო სახელურს ხელი მოვკიდე, რომ ზურგს უკან მომესმა ცხენების ფეხის თქარუნი, — “ვაშა აკაკის!” — ძახილი და თოფების გრიალი. გამოჩნდა მხედართა რაზმი, ის იყო უნდა გადავეთელე ცხენებს, მაგრამ მოვასწარი აპარატიანად განზედ გახტომა, გონს რომ მოვედი, მოვინაცვლე ადგილი და ეს სანახაობა უხიფათოდ გადავიღე.

ბარაკონაში დილით ადრე გამოგვაღვიძა ფერხულისა და სიმღერის ხმამ, ეს დაუვიწყარი სანახაობა წარუშლელია ჩემს მეხსიერებაში. ახლად ამოსული ზაფხულის მზის სხივები, უხვად მოფენოდა ციხის მიდამოებს... აკაკი უკვე აივნიდან გადაჰყურებდა გასაოცარ ძველებურ ფერხულს... ეს იყო ნამდვილი ხალხური შემოქმედება, რაც ძველთაგან შემოუნახავს ზემო რაჭას... აკაკისთან მდგომმა დიასამიძემ მანიშნა მივსულიყავ, აკაკიმ მითხრა: — არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი ძლიერ კარგი იქნებაო, მგოსანს ეტყობოდა გატაცება ამ ფერხულის სანახაობით. იღბლათ გამართლდა აკაკის სურვილი, ფერხული სურათში კარგად გამოვიდა...

მეორე დღეს ონში, იუბილარის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე, რომლის სათავეში საგანგებოდ მორთულ სავარძელში აკაკი იჯდა, ორივე მხრივ, ჩამწკრივებულად ისხდნენ ძვირფას ქართულ ტანსაცმელში ჩაცმული ულამაზესი რაჭველი მანდილოსნები. ამ ზეიმზე სხვა მომენტთა შორის გადაღებულია ონის ებრაელობის წარმომადგენელი, რომელსაც სიტყვის დასასრულს აკაკი კოცნის და საპასუხო სიტყვას თვალცრემლმორეული ეუბნება... მივემგზავრებით ნიკორწმინდისკენ... მოღრუბლულობისა და წვიმიანი ამინდის გამო ხოტევის დიდ ზეიმსა და ნადიმს ვერ ვიღებ. ვუახლოვდებით ჭელიშის მონასტერს... ნიკორწმინდას.... თვალ-წარმტაცია შაორის მიდამოები თავისი ხარისთვალა ტბით,.. ეს მიდამოები და შაორზე ნავით გასეირნება გადაღებულია კინოფილმში. დილით ადრე ნიკორწმინდის ტაძრის ბარელიეფებს ვიღებ გარედან. აკაკი მხლებლებითურთ ტაძრის შიგნით ათვალიერებს უძველეს განძეულობას, როდესაც გარეთ გამოვიდა მომიახლოვდა და მითხრა: — ქართული ისტორიული ეპოქის ძეგლები ეცადე მთლიანად და კარგად გადაიღო, თუ მოხერხდეს შიგნითა ფრესკები გადაიღეო...

ზეიმის მეათე დღეა, მივემგზავრებით ლაილაშისკენ... ლაჯანურის ხეობა, ეს ბუნების საოცრება, შიშის მომგვრელი სანახაობაა. ჟრუანტელს გვრის ადამიანს... გადავიღე რამდენიმე მომენტი და მეორე დღეს, დილით ადრე გამოვემგზავრეთ ქუთაისისკენ...

დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, დავამთავრე საიუბილეო სურათების გადაღება. ქუთაისში რომ ჩამოვედით მეორე დღეს ბაღში გადავიღე აკაკის გამოთხოვება თანმხლებლებთან. ეს სურათი სექტემბრის თვეში, აკაკის თანდასწრებით, ქართული წარწერებით დაიდგა ჩვენს თეატრში, ბილეთები რამოდენიმე დღით ადრე გაიყიდა. როგორც დარბაზში, ისე ქუჩაშიც ხალხის ტევა არ იყო... დაუსრულებელი ტაშის გრიალითა და ოვაციებით შეხვდა საზოგადოება დიდ მგოსანს, სურათი თხუთმეტი დღის განმავლობაში იდგმებოდა კინოში და ხალხით დარბაზი ყოველდღე გაჭედილი იყო. შემდეგ დაიდგა მრავალ სხვა ქალაქსა და დაბაში და დიდი წარმატებით სარგებლობდა.

პირობისამებრ სურათი დათეშიძის ხელით ჩაბარდა საქართველოს მუზეუმს” (იხ. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, .211, აღწ.1, საქ.2).

ვასილ ამაშუკელის მოგონებას აქვს საინტერესო მინაწერი:

“აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, ძალიან დაგვქანცა ეტლებმა, მოხუცი მგოსანი ხშირად გვაჩერებდა გზაში და მუხლების გასამართავად ძირს გადმოდიოდა. ერთ-ერთ ასეთ შეჩერებაზე გაზეთ “თემის” რედაქტორი . დიასამიძე მგოსანს შეეხმიანა: — ბატონო აკაკი, როდის ეღირსება ჩვენს ქვეყანას ავტომანქანები, ევროპაში კი დიდი ხანია ეტლები ხმარებიდან გამოვიდა. - ჰე, ჩემო გიგო, სანამ ჩვენს ქვეყანას რუსეთის თვითმპყრობელობის კანონი მართავს, ღმერთს მადლობა შეწირე, რომ ეტლები არ გააუქმონ და ძველებურ ურმებზე არ შეგვასკუპონო” — უპასუხნია აკაკის. ამ მინაწერმა ილიას “მგზავრის წერილები” გამახსენა, რატომღაც თვალწინ დამიდგა “პირდაუბანელი “იამშჩიკი”, რუსის “პოვოსკა”, სამგზავროდ გამზადებული ილია და განვითარებული ევროპის სახე-სიმბოლო “ფრანსიელი”, რომელიც “სიცილით იჭაჭებოდა”... მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, მრავალჯერ ამოვთქვით პირველი რომანტიკოსის სიტყვები: “ვაჰ, დრონი, დრონი...”

“კინემას” მკითხველს მეორე დოკუმენტსაც შევთავაზებთ ამჯერად, ოღონდ უკვე საკმაო დროით, უფრო ზუსტად ნახევარი საუკუნით დაშორებულს, როცა ქართულ კინოს უკვე იცნობენ იმდროინდელ სსრ კავშირში. ამ დროს, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის, მიდიოდა მსჯელობა შემოქმედებით გეგმებზე, წარმოებაში მყოფი ფილმების ირგვლივ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. აი, ასეთ დოკუმენტს ვთავაზობ მკითხველს, რომელიც ერთ-ერთი რიგითი სამხატვრო საბჭოს ოქმიდანაა ამოღებული, ცხადია, ეთიკის ნორმების დაცვის გამო გვარებს სიტყვა სიტყვა “ამხანაგით” ჩავანაცვლებ (ასე მიმართავდნენ ერთმანეთს კინემატოგრაფისტები), რადგან წინამდებარე დოკუმენტი დროის საჩვენებლადაა მოხმობილი და არა იმისათვის, რომ ესა თუ ის ადამიანი ვამხილოთ.

სხდომის წევრები ეკრანზე ხედავენ დოკუმენტურ კინომასალებს, რაც ფილმში უნდა აისახოს, ესაა — როგორც ოქმიდან ვიგებთ (ამჯერადაც სტილი დაცულია): “ხუჭუჭა ტყეებით დაბურული მთები... იალაღები... გალაღებული საქონელი... მწვანედ გაგიჟებული სანაპირო და ჩაის პლანტაციები... ნარინჯის ბაღები... ყანებში ხომალდებივით დაცურავენ კომბაინები... მდინარეები... ხიდები და ჰიდროელექტროსადგურები ძვირფასი ბეჭდებივით შვენის... ქუთაისი... ავტომობილები კონვეიერიდან ჩამოდიან... რუსთავი... მეტალურგიული ქარხანა... დედაქალაქის საერთო ხედი... ლენინის მოედანი... ლენინის ძეგლი... რეაქტიულმა თვითმფრინავებმა სივრცე გადასერეს... ბედნიერი ბავშვები თაიგულებით ხელში ცას გასცქერიან...”

ოქმში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ კადრებს თან ახლავს სიმღერა საქართველოზე და დიქტორის ხმა:

“ჭაღარა კავკასიონის სამხრეთით, შავი ზღვის პირას მდებარეობს ეს მხარე... საბჭოთა საქართველო... საქვეყნოდაა ცნობილი ქართული ფოლადი, ქართული მარგანეცი, ქართული ჩაი, ქართული ღვინო... და ჩვენი ბედნიერება...”

ამგვარად, “ახალმა” ცხოვრებამ ახალი თემები და პერსონაჟები დაბადა თუ დააბადინა ქართულ კინოს, მათ არა ერთ საოქმო ჩანაწერში ვეცნობით და, რაც მთავარია, ეკრანზე ვხედავთ. “ახალი ადამიანის” ტიპზე მსჯელობისას, ვაწყდებით კურიოზულ მოთხოვნებს, რომელთა გათვალისწინებაც უხდებოდათ ფილმის შემქმნელებს.

საარქივო დოკუმენტებმა ერთ-ერთი ასეთი ფილმის ლიტერატურულ და სარეჟისორო სცენარებთან ერთად სტენოგრაფიული ჩანაწერებიც შემოგვინახა. მაგალითად, 1957 წლის 19 ივნისს კინოსტუდია “ქართული ფილმის” სამხატვრო საბჭოს სხდომაზე განიხილეს შოთა მანაგაძის სურათ “საბუდარას” პავილიონში გადაღებული მასალა, იმავე წლის 13 დეკემბერს - უკვე სრულმეტრაჟიანი ფილმი “საბუდარელი ჭაბუკი”. განხილვას ესწრებოდნენ “ამხანაგები”: ლორთქიფანიძე, ბელიაშვილი, თევდორაძე, ნიკოლაძე, რონდელი, კერესელიძე, ესაკია, ჩხეიძე, დოლიძე, პიპინაშვილი... — თავმჯდომარეობდა . გიგოლაშვილი. გამომსვლელები, უმეტესწილად მწერლები და კრიტიკოსები, აქტიურად ჩაებნენ კამათში და თავმჯდომარის სიტყვებით რომ ვთქვათ, “თავიანთი პრინციპული დამოკიდებულება გამოხატეს... ამხანაგები ბოლშევიკურად აღნიშნავდნენ იმ უარყოფით მხარეზე, რასაც ადგილი აქვს ჯერ-ჯერობით

გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული სხდომების სტენოგრაფიული ანგარიშებიდან (როგორც ზემოთ აღვნიშნე, საახალწლო განწყობისა და ეთიკური ნორმების გათვალისწინებით გამომსვლელთა გვარებს არ ვასახელებ):

“ამხანაგი” # 1 : — “სურათი გადაღებულია შესანიშნავად, რეჟისორის მუშაობა ჩანს, მშვენივრად არის მოცემული ბუნება. ასე კარგად მოცემული მთა მე პირველად ვნახე,... მაგრამ... (მიაქციეთ ყურადღება ამ სიტყვას, მას თითქმის ყველა ხმარობს - ..), პირდაპირ შეძრწუნებული ვარ ამ ფილმით... მატარებელში ეს სამი საშინელი კაცი სხედან და ბღავიან, ეს რა არის? ან შემდეგ გაჩერება მატარებლის. რა ხდება აქ? ხულიგნობა ჩვეულებრივი, უიდეო... ან ეს ცემა-ტყეპა, რომელი კარმენია ეს თებროლე, რომ ყველას ურტყამს... შემდეგ — კაცი წამოვიდა, მიატოვა მეურნეობა მთაში, იმისთვის, რომ დარაჯად დადგეს? სად ნახეთ რომ ქართველი კაცი ასე სიხარულით დგებოდეს დარაჯად?

მე, როგორც ქართველი მწერალი, როგორ შემიძლია გულგრილად ვუყურო ამ კაცს, რომელიც ჩაის ჭიქებს ატრიალებს, დღე, ღამე მთვრალია და მეტი არაფერი, ამისთვის მიატოვა მან მეურნეობა? ან ეს ქოთნების მტვრევა რა არის? ეს არის ნამდვილი სიგიჟე

“ამხანაგი” # 2: — “მე ძალიან პატივს ვცემ ამხანაგ შოთას, ის ჩემი მეგობარია. გადაღებულ მასალაში ჩანს რეჟისორის ნიჭი, გამომგონებლის თვალი... მაგრამ... (ისევ მაგრამ — ..) მეტისმეტად დამიწებულია სურათი, აქ არის ჩვენი ყოფა-ცხოვრების გაშარჟება... როგორ შეიძლება ქართველი დედა მაჭანკლის როლში ვაჩვენოთ?... დედა არ შეიძლება მაჭანკლობდეს, ის უნდა ტყუვდებოდეს... (?! — ..) ამდენი ჭამა არ არის საჭირო,.. როდესაც ახალგაზრდა ქალი გაიხდის და ჩაიცვამს — ეს კარგია, მაგრამ რა საჭიროა ვაჩვენოთ ხნიერი ქალი რომ იხდის და იცვამს,.. ისიც უკან გახეული იუბკა აცვია... ეს იმ ტენდენციიდან მოდის, რომ სადაც კი წაეწევა, ამხ. შოთამ ყველაფერი უნდა რომ გააშარჟოს. ასევე კვანტალიანის ხუმრობა არის ყოვლად უკბილო... ეს იმას ნიშნავს, რომ ის აღვირი, რომელიც შენ უნდა გეჭიროს, მიშვებულია...”

“ამხანაგი” # 3: — “ამხანაგებო, მე ამ სცენარს ვიცნობ, დაახლოებით ვიცი, რომ ეს უნდა გახდეს ქარხნის მუშა... ველოდი თანამედროვე სურათის დანახვას, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამიმართლდა... ჩვენ ამ სურათში ვაჩვენებთ ხალხს, მათ ურთიერთობებს... მაგრამ... (ისევ მაგრამ — ..) არ არის საჭირო მათი ინტიმური ცხოვრება ვაჩვენოთ... ამიტომ მე სრულიად ზედმეტად მიმაჩნია ერთად რომ წვანან ცოლ-ქმარნი... ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო ამ მასალამ. აქ შელანძღულია ჩვენი მანერა, ჩვენი კულტურა. ჩვენ ყველანი გოგიტები ვართ... როგორ შეიძლება ასე დაკნინება ყველაფრის... ჭამა არ იციან, ჩაცმა არ იციან, როგორ შეიძლება ეს? დაწოლა არ იციან,.. ვაჩვენებთ, რომ ხელით სჭამენ,.. ჯერ ხელი მაინც დააბანინეთ და შემდეგ აჭამეთ.. აქ ლაპარაკი იყო, რომ ცეცილიამ არ უნდა გაიხადოსო, მაგრამ თუ ისეთ პირობებში ჩავაყენეთ, რომ გაიხადეო — გაიხდის აბა რას იზამს.... აქ ფორმალიზმია. ჩვენ ყველაფერს ჩავდივართ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერს ვერ ვაჩვენებთ...”

“ამხანაგი” # 4: — “პოზიტიურ ნაწილში გამოსულ ამხანაგებს ვეთანხმები, მაგრამ... (ისევ მაგრამ — ..) არ ვარგა როცა კვანტალიანი გაურეცხავ მწვანილს ამოიღებს პორტფელიდან და სჭამენ...

ისმის რეპლიკები:

— რუსს რომ არაყს უსხამენ, ეს არ ვარგა, ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ვაჩვენოთ.

— არ მომეწონა გიტარაზე რომ უკრავს ეს ახალგაზრდა. მას პირდაპირ უზის მამა. მამის გასწვრივ ზის დედა, ქალიშვილი და ძმა... პირდაპირ შამფურზეა მთელი ოჯახი აგებული.

— არც ის ვარგა, როდესაც ბიჭი იღვიძებს და წინა პლანზე დაბმული მამალი გყავთ.

(ამ რეპლიკას მანაგაძე პასუხუბს ადგილიდან: — დაბმული არ არის, ის იჯდა)

— თუ იჯდა უნდა გადმოგეგდოთ, იმიტომ, რომ სინამდვილე ვაჩვენოთ...”

“ამხანაგი” # 5 : — “შენიშვნების უმრავლესობა ეხება არა ავტორისეულ მასალას, არამედ იმ ინტერპრეტაციას სარეჟისორო სცენარისას, რომელსაც ავტორმა ხელი არ მოაწერა. ეს ეხება არყის სცენას, კომენდატის სცენას და სხვა... რეჟისორი სცვლის სცენარს და აკეთებს იმას, რაც მას სურს... ავტორს არა აქვს ის ეპიზოდი გიტარას რომ უკრავენ. უშანგის მოუტანა ღვინო და გაუშვა სამსახურში მთვრალი კაცი...”

“ამხანაგი” # 6 - “ერთი სიტყვით, ჩემო შოთა, რაც ჩვენ გითხარით, უნდა ანგარიში გაუწიო და უნდა იცოდე, როცა სურათი გამოდის ეკრანზე არ კითხულობენ ჟორჟიკა მდივანმა რა თქვა (ჟორჟიკა მდივანი გახლავთ გიორგი მდივანი, ფილმის სცენარის ავტორი — ..), სურათს აკეთებ შენ და შენვე მოგეთხოვება პასუხი” (იხ. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, .52, აღწ.1, საქ.157).

გამომსვლელთა უმთავრესი შენიშვნა კი ის იყო, რომ (ისევ ოქმიდან ამონარიდი) — “მასალა არ იყო იმ გასაღებით გაღებული, რომლითაც უნდა ყოფილიყო, ეს იყო გლეხკაცის გაპროლეტარების თემა, რეჟისორმა კი გვიჩვენა უბრალო ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

დასასრულ, ალბათ, უნდა ითქვას, რომ ამ ვითარებაში მართლაც ნამდვილი ხელოვანი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ვაიკრიტიკოსების ზეწოლისათვის გაეძლო და შეექმნა ისეთი ფილმი, რომელსაც დღესაც სიამოვნებით უყურებს კინომაყურებელი, ცხადია, დროის დამღის გათვალისწინებით. სამაგიეროდ ფილმმა შემოგვინახა: ფანტასტიკური ბელა მირიანაშვილის, სესილია თაყაიშვილის, აკაკი კვანტალიანის, იპოლიტე ხვიჩიას, გრიგოლ ტყაბლაძის, გივი თოხაძის და იმედა კახიანის დებიუტი კინოში, სხვათა საინტერესო სახეები.

გიორგი მარგველაშვილი

კინო არის ნამდვილი მაგია...

უკვე 100 წელზე მეტია, რაც კინემატოგრაფმა პოპულარობით და საზოგადოებასთან უმყარესად მიჯაჭვით ხელოვნების ყველა სხვა დარგს გაუსწრო. ყოველ ჩვენგანს “საკუთარი” კინო აქვს, საკუთარი სამყარო ამ სივრცეში.

“კინემა” იწყებს საუბრების ციკლს — “კინო ჩემს ცხოვრებაში”, რაც გულისხმობს საუბარს საზოგადოებასთან, ხელოვნების თუ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ კითხვას უპასუხებენ.

ამჯერად თავის კინოშეხედულებებს გაგვაცნობს თეატრის რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი.

“კინემა” — რას ფიქრობთ კინოს შესახებ?

გიორგი მარგველაშვილი — კინო არის ნამდვილი მაგია. მისი გამოჩენა თავიდანვე ასე იყო შეფასებული და დღევანდელი კინო ხომ ამ განსაზღვრებას (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კინოხელოვნებაში ასეთი მასშტაბით ჩაერია კომპიუტერული ტექნოლოგიები) კიდევ უფრო ამყარებს.

“” — თქვენ თვითონ თუ გიყვართ კინო?

.. — კინო დიდი ხანია ორ ნაწილადაა გაყოფილი — სამაყურებლოდ და საავტოროდ. მე ძალიან მიყვარს საავტორო კინო. იყო დრო, როდესაც კინო ძირითადად ის იყო, რასაც საავტორო ჰქვია. და იყო ძალიან საინტერესო. უცნაური რაღაც ხდება. ალბათ, კანონზომიერი. ახლა ადამიანები ძირითადად უყურებენ ფილმებს — პროდუქციას, პროდუქტს, როგორც დღეს უწოდებენ. ადრე მას სხვაგვარად აფასებდნენ და იყვნენ ჯადოქრები. მაყურებელი კი, კონკრეტული ჯადოქრის ფილმს ელოდა.

იმისთვის, რომ ვნახოთ, რა მნიშვნელოვანი განსხვავებაა ადრინდელ და დღევანდელ დროს შორის კინოხელოვნებაში (ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება), მაგალითისთვის ავიღოთ 50-60-70-იანი წლების ევროპული კინემატოგრაფი, ვთქვათ, იტალიური. ეს, თითქოს რაღაცით, გამეორება იყო — აღორძინების ხანის გამეორება ოსტატებით პიროვნებებით. კინო იყო პიროვნული. ერთი ჯადოქრის ფილმი მეორის ფილმს არ ჰგავდა. არანაირად არ ჰგავდა ანტონიონის ფილმები ფელინის ფილმებს. ეს იყო ანტონიონის კინო. ეს იყო ფელინის კინო. ეს იყო ვისკონტის კინო. ეს იყო ბერტოლუჩის კინო. იყო ძმები ტავიანების ფილმები... არ აგერეოდა ერთმანეთში. შეუძლებელი იყო შეგშლოდა.

ახლა შეიძლება შეგეშალოს, ვერ მიხვდე, ვინაა ავტორი.

ამერიკული პროდუქცია ტექნოლოგიურად კარგი გადაღებულია. ფენომენალურ დონეზეა, მაგრამ, დღევანდელი კინემატოგრფი ნაკლებად ატარებს იმ ნიშანს, იმ თვისებას, რაც ჰქონდა. — არ არის პიროვნული. თუ ფილმში არ დევს მისი შემქმნელის მსოფლმხედველობა, მისი შემქმნელის შინაგანი ტემპო-რიტმი, მისი შემქმნელის დამოკიდებულება სამყაროსადმი, მისი შემქმნელის ღირებულებათა შკალა თუ არ ჩანს — მაშინ ეს არის ატრაქციონი. კინემატორგაფი, საბოლოოდ, მართლა ნამდვილ ატრაქციონად იქცა.., კიდევ ერთხელ ვამბობ, ტექნოლოგიურად, ფენომენალურ დონეზეა აყვანილი, მაგრამ ის მომხიბვლელობა, რაც ჰქონდა, უფრო და უფრო ნაკლებია. და ლამის, უკვე ანომალიური მოვლენა გახდეს მართლა კარგი საავტორო კინო, რომელიც მიბმული არაა რომელიმე ჯგუფის ინტერესზე, სოციალური იქნება ეს, პოლიტიკური თუ რამე სხვა.

“” — გახსოვთ, რომელი იყო პირველი ფილმი, რომელიც ნახეთ ან, რომელმაც პირველად მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

.. — არა, ასეთი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ფილმები, რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე. თან მაშინ, კინოთეატრები სხვა ფუნქციის მატარებელი ადგილი იყო.

არა, მახსოვს! “ჯანყი გურიაში”. კიდევ, “სამი სიცოცხლე”. იქ არის ერთი სცენა — ქმარი კლავდა ცოლს, ოღონდ ვერ ხედავდა მას (ბუნდოვნად მახსოვს), რადგან იგი ზეწრის თუ ფარდის უკან იყო... ეს ეპიზოდი რატომღაც ჩამრჩა... მერე, “გიორგი სააკაძე”...

“” — პირადად თქვენი რეჟისორი რომელია?

.. — ფენომენალური ბრესონი, მაგრამ, გამორჩეულად, მაინც უფრო ბუნიუელი მიყვარს. საოცრებაა. ბუნიუელი, ჩემთვის, კინემატოგრაფის პირანდელოა. მის ფილმებს დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო და სულ ახალი და ახალი აღმოვაჩინო. უფრო ზუსტად, კი არ აღმოვაჩინო, არამედ მათი ნახვა სულ ახალს და ახალს ბადებს ჩემში. საერთოდ, ძალიან მიყვარს შავ-თეთრი კინემატოგრაფი. მართალია, ბუნიუელი ფერად ფილმებსაც იღებდა, მაგრამ მისი შავ-თეთრი კინემატოგრაფი მაინც უფრო მეტად მიყვარს, საზოგადოდ, ძალიან ბევრი ფილმია შავ-თეთრ ფირზე შექმნილი და თუ რამეზე შეგიძლია თქვა, რომ არის შედევრი, თამამად შეგიძლია თქვა, რომ ბუნიუელის, ფელინის, ვისკონტის ფილმები ნამდვილად შედევრებია, ფერადიც და შავ-თეთრიც.

ავტორები, ვისაც ვასახელებ — ჯადოქრები — ქმნიდნენ ამ შედევრებს. ისინი ქმნიდნენ ძალიან მაღალი ხარისხის ხელოვნების ნიმუშებს და არა პროდუქციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება. კარგი ფილმები, რა თქმა უნდა, ახლაც იქმნება, მაგრამ განუზომლად, ბევრად მცირე რაოდენობით. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ, ელემენტარულად, მთელ მსოფლიოში, სულ უფრო და უფრო რთული გახდა სახსრების მოძიება მსგავსი ფილმების გადასაღებად.

სულ არის ლაპარაკი ამერიკულ და ევროპულ კინოზე. რა თქმა უნდა, კარგ ფილმებს ამერიკაშიც იღებენ, გადაუღიათ და, ალბათ, კიდევ გადაიღებენ. ჩემი გადაწყვეტილი ხომ არ არის — რამდენადაც ვიცი, “მოქალაქე კეინი”, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფილმად აღიარეს — ამერიკულია. მე რამდენად ვეთანხმები, სხვა საქმეა, მაგრამ, როდესაც ყველა ქვეყნის პროფესიონალი თანხმდება, რომ ეს ფილმი რევოლუცია იყო, ნამდვილი, .. ეს ასეა. მე მაინც ევროპული კინო მირჩევნია. ბევრად უფრო საინტერესოა. მაგრამ, საკვირველია, როგორ ახერხებდნენ ოსტატები, ვისზეც ვსაუბრობდით, ყოველგვარი სისასტიკის, ყოველგვარი ტექნიკური ეფექტების გარეშე ასეთი შედევრების გადაღებას.

“” — მაინც, როგორ ფიქრობთ, როგორ ახერხებდნენ?

.. — ალბათ იმიტომ, რომ მათ ფილმებში მთავარი იყო, რას ყვებოდნენ და როგორ. დღევანდელ კინოში უფრო ჭარბობს — როგორ. რას — უკვე დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის. ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, პერსონაჟები გადადიან ერთი ფილმიდან მეორეში. სიუჟეტები მეორდება. კინემატოგრაფისტები ერთმანეთს ატრაქციონის უფრო და უფრო მაღალტექნოლოგიურ დონეზე შესრულებაში ეჯიბრებიან და “შიგნიდან” ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. იმდროინდელი გასართობი კინოც ასეთი იყო, უბრალოდ, უფრო მწირი იყო ტექნიკური შესაძლებლობები.

კინოში და თეატრში, ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ესაა მთავარი — ამბავი უნდა მოყვე. ამბის მოყოლა უნდა შეძლო ისეთი ფორმით, რომ ეს იყოს მხატვრული ღირებულების მატარებელი, რომ ეს იყოს შენი დამოკიდებულების მაჩვენებელი. რეჟისორი თავის დამოკიდებულებას, თავის ღირებულებებს სწორედ ფორმაში სვამს — ადამიანების ურთიერთობის ფორმაში, პერსონსაჟების ურთიერთობის ფორმაში, ამა თუ იმ მოვლენის გათამაშების ფორმაში.

“” — კინო არის სათქმელი?

.. — კინო ნამდვილად არის ფილოსოფია, იმ პერიოდის - 50-60-70-იანი წლების ევროპულმა კინემატოგრაფმა — ბუნიუელმა, ბერგმანმა, ბრესონმა, ანტონიონიმ, ფელინიმ, პაზოლინიმ, ვისკონტიმ, გოდარმა, ბერტოლუჩიმ კინო ფილოსოფიის დონეზე აიყვანეს. თავისი უზარმაზარი წვლილი შეიტანეს აზროვნების განვითარებაში, ესთეტიკის დახვეწაში, გემოვნების დახვეწაში. ადრე ხელობას ფილოსოფიური ნაწარმოების შესაქმნელად იყენებდნენ, ახლა იყენებენ ატრაქციონის შესაქმნელად. იმ დიდი რეჟისორების გვერდით, თანამედროვეებიდან, შემიძლია, კისელევსკი დავაყენო, როგორც ფილოსოფოსი, თუმცა არა ისეთი მასშტაბის. ოთარ იოსელიანიც ხომ ნამდვილი ფილოსოფოსია. და არის კიდევ ერთი ფილმი, პატარა ფილოსოფიური შედევრი, ნამდვილი შედევრი; ყველაფერია ამ პაწაწინა ფილმში ჩატეული, ყველაფერი, ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენები, ამ, ნახევრადხუმრობით გადაღებულ ფილმში — “ქორწილი”.

50-70-იანი წლების კინემატოგრაფი ისეთივე ვულკანი იყო, როგორც საფრანგეთის ის საოცარი პერიოდი, როდესაც ერთდროულად ხატავდნენ — გოგენი, ვან გოგი, შემდეგ მოდილიანი, პიკასო, სალვადორ დალი. ამ დროს რუსეთში კანდინსკი იყო, მალევიჩი, ბაკსტი...

როგორც ჩანს, კაცობრიობობის ისტორიაში არის დრო, როდესაც ხელოვნება რაღაცას აგროვებს, მერე ეს კულტურისა და ხელოვნების სფეროში აფეთქებას ამზადებს და ბოლოს აფეთქება, ამოფრქვევა ხდება. ასეთი აფეთქება მოხდა კინემატოგრაფში. კინო ახალგაზრდაა, გასულ საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გამოიყენა, ყველაფერი შეისრუტა და ფენომენალური შედეგი მიიღო.

 

 

 

 

 

 

ირინა კუჭუხიძე

რეალურისა და ირეალურის მიჯნაზე _ მიხეილ კობახიძე

 

მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული კინოს აღზევებასა და ფართო აღიარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა სრულიად გამორჩეულმა და თვითმყოფადმა მოვლენამ — მიხეილ კობახიძის კინოსამყარომ. ეს ხელოვანი ნოვატორია, რადგან მისი, ყველასგან განსხვავებული ფილმების დახვეწილი და პირობითი ფორმა, რომლისადმიც იგი აქტიურ ინტერესს იჩენს, ქართული კინოსთვის ერთობ ახალი ეკრანული სივრცის შემქმნელი აღმოჩნდა. მან საგულისხმო გავლენა მოახდინა ქართულ კინოაზროვნებაზე, გაუხსნა რა მანამდე უხილავი ჰორიზონტები თავის თანამედროვე და მომდევნო თაობის არაერთი რეჟისორის შემოქმედებას. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დასაბამი მიეცა ლაკონიურ აზროვნებას და ერთ დროს ფართოდ აღიარებული “ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის” საუკეთესო ტრადიციებს. 60-იანი წლების დასაწყისში მიხეილ კობახიძემ ისე შემოაბიჯა დიდ კინემატოგრაფში, როგორც ბუნებით მომადლებული ნიჭით დაჯილდოებულმა, დასრულებულმა და ლაღმა ოსტატმა. ამიტომაც ამ დებიუტმა თუ “ნათლობამ” ახალგაზრდა რეჟისორს ჭეშმარიტი წარმატება და საყოველთაო აღიარება მოუტანა — ეს იყო ქართული კინოს პატარა შედევრი, უკვდავი და საყვარელი ფილმი “ქორწილითუმცა, ხელოვანის შემოქმედებითი ინტერესები ჯერ კიდევ სტუდენტურ ფილმებში, განსაკუთრებით კი “კარუსელში” მოინიშნა, რამაც დახვეწილი და უნაკლოდ ოსტატური ხორცშესხმა, რა თქმა უნდა, მომდევნო და მის მთავარ ფილმებში პოვა. “ქორწილმა” (1964), რომლის მხატვრული სრულყოფილება დღესაც ეჭვმიუტანელი რჩება, ნათელყო რეჟისორის ხელწერისა და სტილის თავისებურებანი, უცდომელი გემოვნება, შემოქმედებითი ინტუიცია, რაღაც საოცარი შინაგანი თავისუფლება და სილაღე.

პირველივე ფილმში გამოვლინდა რეჟისორის მიდრეკილება მხატვრული განზოგადების პირობითი ფორმებისადმი, ერთდროულად სევდანარევი იუმორისა და კინოსახის ლირიკულ-ექსცენტრიკული გადაწყვეტისადმი. შესანიშნავად გრძნობს რა ფორმის, ჟანრის თავისებურებას, ეკრანული პლასტიკის ხასიათს, რეჟისორი თავის შემოქმედებას ყოველთვის აზღვევს იმ ნაკლოვანებებისგან, რომლებიც არცთუ იშვიათად იჩენენ ხოლმე თავს ამგვარი სტილური მიმართულების ნაწარმოებებში. მიხეილ კობახიძის ფილმები იმდენად ორგანულია მისი ნიჭისთვის, რომ მათი პირობითობა, სახეების სიმბოლურობაც არა გონებისმიერ აბსტრაქციებად წარმოგვიდგებიან, არამედ ძალდაუტანლობის, სილაღის შეგრძნებას ბადებენ და სიცოცხლეს ასხივებენ. ამით მისი პერსონაჟები მაყურებლისთვის საინტერესონი ხდებიან, თანაგრძნობას იწვევენ და მათ შორის, როგორც წესი, ძლიერი და უწყვეტი ემოციური კავშირი მყარდება. გავიხსენოთ “ქორწილის” გმირი: დაუშრეტელ სიხალისეს, პირველი გრძნობის სინატიფეს, ახალგაზრდულ შემართებასა და ოპტიმიზმს, განცდის უშუალობას და გულუბრყვილობას — ამ თვისებებს განა ინდივიდუალური შტრიხებით არ წარმოსახავს მსახიობი გოგი ქავთარაძე?..

ძალზე “პროზაული” პროფესიის (ფარმაცევტი!), მაგრამ პოეტური ბუნების მეოცნებე ვაჟს შეუყვარდა ლამაზი ქალიშვილი, რომელიც ყოველდღე მასთან ერთად ავტობუსით მგზავრობს. მათ შორის აღმოცენებული ურთიერთსიმპათიის იმპულსები სერიოზული და ღრმა გრძნობების თუ ურთიერთობის ბედნიერ მომავალზე არ მიგვანიშნებს. მაგრამ ამას ჩვენ — მაყურებლები ვგრძნობთ და ვეჭვობთ, ვაჟი კი ოცნებობს და სჯერა... ქალიშვილის აქტიური დედა მუდმივად უთვალთვალებს და ფხიზლად დარაჯობს თავის პირმშოს, ისიც ოცნებობს — წარმოსადეგ, . . “მაღალი წრის” წარმომადგენელ სასიძოზე. საგულისხმოა, რომ, ვაჟისაგან განსხვავებით, გოგონა უმაღლესი სულიერების ხელოვნებას ეუფლება — იგი მევიოლინე უნდა გახდეს. რეჟისორი აქ თითქოს თავდაყირა აყენებს ლოგიკას, პარადოქსის ხერხს მიმართავს და ფინალში გოგონა, ალბათ, დედის მიერ არცთუ უანგაროდ არჩეულ მამაკაცს მიჰყვება ცოლად. ჩვენი გმირი კი, კარგავს რა ზღვარს რეალობასა და ოცნებას შორის, იმის განხორციელებას შეუდგება, რაც მის წარმოსახვაში დაიხატა: საზეიმოდ გამოწყობილი, ყვავილებით ხელში, მოღიმარი სახითა და ენერგიული ნაბიჯით ქალიშვილის სახლისაკენ მიიჩქარის, რათა მკაცრ და კაპას დედას, რომელიც ოცნებებში ლამის კეთილ ანგელოზად ევლინება, მისი ხელი სთხოვოს. თავდაჯერებული და ხალისიანი შეაბიჯებს სადარბაზოში და აქ თავისი რჩეულის საქორწილო რიტუალს წააწყდება. დამალვას ცდილობს, მოულოდნელობისგან სახეზე ღიმილნარევი სევდა გამოეხატება, მაგრამ...

“ქორწილში” მიხეილ კობახიძე კინოენით გვესაუბრება ძალზე უბრალო, ყველასთვის გასაგებ, ნაცნობ და ამაღელვებელ, მაგრამ მარადიულ ადამიანურ გრძნობებზე — სიყვარულზე, მის თანმხლებ სიხარულსა და ნაღველზე, პირველ იმედგაცრუებაზე... და, რაც მთავარია, ფილმი გვაზიარებს ადამიანთა ურთიერთობის შინაგანი სიწრფელის სილამაზეს. შესაბამისად, მისი იუმორიც განსაკუთრებულ შეფერილობას იძენს: მასში ლირიზმი და სიცოცხლის დამამკვიდრებელი მსოფლშეგრძნება ჭარბობს. ფილმის გმირმა — კეთილი ოცნებებით აღვსილმა ახალგაზრდამ პირველ სიყვარულთან ერთად ტკივილი და იმედგაცრუება იწვნია, მაგრამ, ვფიქრობ, რაც სიუჟეტით გადახდა, მისი ბიოგრაფიის წარუშლელ ფაქტად ვერ გადაიქცევა, რადგან ყვავილებით ხელში კვლავ გზას განაგრძობს ენერგიულად, ამაყად, ის თავისი ოცნებისკენ შეუჩერებლად მიაბიჯებს. ცნობილი რომანსი “эх, раз, еще раз"..., რომელიც რეფრენივით გასდევს ფილმს და ფინალურ კადრებსაც, იუმორით თუ ირონიითაა გამოყენებული და სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ეს მუსიკალური გადაწყვეტა აღნიშნულ ეფექტს იმიტომ ახდენს, რომ ფილმის გმირის და რომანსის გმირის სულიერი წყობა კონტრასტულია. პირველი სიცოცხლით და იმედით სავსე ახალგაზრდაა, მეორე კი ცხოვრებისგან უკვე დაღლილია და მისი ბიოგრაფიის ყოველი ახალი ეპიზოდი კიდევ ერთი კარგად ნაცნობი და მოყირჭებული შთაბეჭდილებაა.

“ქორწილში” რეალობასთან კავშირი ჯერ კიდევ საკმაოდ მჭიდროა, რაზეც ნათლად მეტყველებს თბილისის ხალხმრავალი ქუჩები, ბუნებრივი ხმაური, ინტერიერების ძალდაუტანებელი კომპოზიციური წყობა, ყოფით დეტალებზე ყურადღების გამახვილება... ამგვარი, პირობითად რომ ვუწოდო, “დოკუმენტური სტილისტიკა” ძალზე არტისტულადაა გამოყენებული და ამიტომ ერთგვარი ატრაქციონის ილუზიასაც კი ბადებს. ჩანს, სწორედ ამ, სიტყვით გამოუთქმელ არტისტიზმში იმალება ის პოტენცია, რომელიც გამჟღავნებას ითხოვს და რომელმაც მიხეილ კობახიძე “ქოლგამდე”, . . საკუთარ პირობით საეკრანო სამყარომდე მიიყვანა. მეტაფორულ-სიმბოლური აზროვნება აქ უფრო შორს მიდის და ჩვენ თვალწინ უსულო საგანი — ქოლგა ცოცხლდება, დამოუკიდებელ არსებად მოგვევლინება, იწყებს მოძრაობას, მოქმედებას, ანცობას... სიმბოლო არასოდესაა ერთმნიშვნელოვანი, აქაც ასეა — გაშიფვრას ითხოვს, მაგრამ ფილმის ეს “პერსონაჟი” რომ რაღაც უცხოსი, მოუხელთებლის, გმირებისთვის ძალზე მიმზიდველის და, ბოლოს და ბოლოს, ცდუნების სიმბოლოა — ეს ცხადზე ცხადია.

შეყვარებული წყვილი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან, მათ შორის სულიერი კავშირის ძაფებიც ძლიერადაა გაბმული და ამიტომაც რკინიგზის პირას მეისრის ჯიხურში მარტოდმარტო მცხოვრებ ახალგაზრდებს მოწყენილობა არასდროს ეუფლებათ. მათ ჰარმონიასა და სიხალისეს თითქოს არაფერი ემუქრება... მაგრამ უეცრად ცაში გრაციოზულად მოფარფატე ქოლგა გამოჩნდება და შეყვარებულებს მოსვენებას უკარგავს. ისინი ამ უცნაურ არსებას აქეთ-იქით დასდევენ, მის დაჭერას ლამობენ, ერთმანეთისთვის თითქოს აღარ სცალიათ. ქოლგა კი აცდუნებს, აღიზიანებს, ხან თვალს მოეფარება, მერე კვლავ მიუახლოვდება... ამ დროს პერსონაჟების ინტენსიური მოძრაობა, მოცეკვავე მიმოხრა, მთლიანად ეკრანული მოქმედების პლასტიკური მონახაზი გმირების ხასიათის თუ შინაგანი მდგომარეობის საოცრად ზუსტ და მრავლისმთქმელ დახასიათებას იძლევა. აი, უეცრად მესამე პერსონაჟიც გამოჩნდება — მამაკაცი ვიწრო გზაზე უცნაურად მოკუნტრუშებს და ძალზე იოლად ეუფლება შეყვარებულებისთვის ნანატრ ქოლგას, თავაზიანად გაუწვდის ქალიშვილს და ისიც ფრთხილად ხელს შეავლებს მაცდურ საგანს... ერთი წამით შეყვარებულ ვაჟს და ჩვენც — მაყურებელს იმედგაცრუების გრძნობა გვეუფლება. მაგრამ მიხეილ კობახიძე სიუჟეტის ასეთ სვლას ვერ დაუშვებს და ჰარმონიას მალევე აღადგენს: ქალიშვილი საპასუხო თავაზიანობით უბრუნებს მამაკაცს ქოლგას და შეყვარებულს უბრუნდება. მოკუნტრუშე არსება კი ქოლგით ხელში გზას გაუყვება.

როგორც უკვე ითქვა, მიხეილ კობახიძემ პირველივე ფილმებით გვამცნო თავისი მიდრეკილება მხატვრული განზოგადების სუბიექტური და პირობითი ფორმებისადმი, რაც დროთა განმავლობაში უფრო გამოკვეთილ სახეს იძენდა. მისი მინიატიურებისთვის დამახასიათებელია ერთგვარი მონოლოგიურობა, ეს ვლინდება ხელოვანის მიერ ადამიანთა გრძნობებისა და ურთიერთდამოკიდებულებათა თავისებური გამოხატვით, სამყაროს ხილვისა და ამ ხილვის მატერიალიზების მისეული შტრიხებით. ერთი სიტყვით, მიხეილ კობახიძის ფილმებში ყოველივე სუბიექტურ განწყობილებათა პრიზმაშია გატარებული. ამასთან, ავტორი არ გაურბის ამ განწყობილებების მძაფრ ემოციურ შეფერილობას, რაც ბუნებრივად ითხოვს და იწვევს კიდეც პოეტური და ექსცენტრიკული ხერხების გამკვეთრებას. მიხეილ კობახიძის ნაწარმოებთა კომპოზიციური სრულყოფილება და მოხდენილობა ხშირად დაფუძნებულია ფილმის ხმა-ხედვითი სტრუქტურის ამა თუ იმ ელემენტის განსაკუთრებულ გააზრებასა და აქცენტირებაზე. ასე მაგალითად, “ქორწილში” და “ქოლგაშიც” ხმოვანი შეხამებები, მუსიკალური ლაიტმოტივები ფილმის რიტმული ფორმირების მნიშვნელოვანი სტიმულატორები ხდებიან, ისინი საჭირო გუნება-განწყობილებას კი არ ქმნიან მხოლოდ, არამედ საუცხოოდ მეტყველებენ ადამიანურ განცდებზე, გმირების სულიერ მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, მათდამი ავტორის დამოკიდებულებაზე. ამგვარად, იქმნება ფილმის რამდენადმე დამოუკიდებელი ხმოვანი სახე, პარტიტურა, რომელიც, ალბათ, გამოსახულების გარეშეც კი შეგვაგრძნობინებდა ემოციურ განწყობილებათა მთელ გამას, სიუჟეტის მიღმურ სულიერ ფონს. მართლაც, მუსიკა აქ აქტიური დრამატურგიული კომპონენტია და, ვიმეორებ, გარკვეულწილად დამოუკიდებელი მხატვრული სახის მნიშვნელობასაც იძენს. ის ხან სიყვარულის ჟღერადი ხატია, უხილავი ძაფი, ორ ადამიანს შორის რომ გაბმულა, მათი ცხოვრება ბედნიერი გაუხდია და სულიერებით აღუვსია, ხან კიდევ მუსიკა ცდუნების, ზოგჯერ სევდის, იმედგაცრუების ან საზეიმო შთაგონებისა თუ თავშეკავებული სიხარულის გამომხატველია... და მაინც, ის უფრო მეტად ავტორის ლირიკული ან იუმორისტულ-ირონიული დამოკიდებულების გამოვლენის უზუსტესი საშუალებაა. . კობახიძის ფილმებში მუსიკა სწორედ ასერიგად მრავალფეროვან აზრობრივ, ემოციურ და ინტონაციურ აქცენტებს ქმნის. მაგრამ კინო რომ უპირველესად მოძრავი გამოსახულებაა, ეს მიხეილ კობახიძემ შესანიშნავად იცის და ამიტომაც თავის შემოქმედებაში მაინც უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს მთლიანად ფილმის, ეპიზოდის, ცალკეული კადრის თუ პერსონაჟის პლასტიკურ ნახაზს, რომლის ყველა ნიუანსი ავტორის ემოციური ტონუსის მანიშნებელიცაა და სახეების გამოკვეთის თუ აზრისა და გრძნობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაც. მით უმეტეს, რომ რეჟისორი თანამიმდევრულად და პრინციპულად უარს ამბობს ისეთ მხატვრულ-სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორიც სიტყვაა. აქედან გამომდინარე, მიხეილ კობახიძისთვის მსახიობის ფუნქციის გააზრებისა და შერჩევისას, უთუოდ, გადამწყვეტი ხდება მათი შესაძლებლობები და უნარი, რაც შეიძლება სრულად, ოსტატურად გამოხატონ პერსონაჟების სულიერი მდგომარეობა, განწყობები პლასტიკით, ჟესტით, მიმიკით... როგორც წესი, მისი მსახიობი ვირტუოზულად ფლობს საკუთარ სხეულს, მსუბუქად მოძრაობს, ცეკვავს, აქვს მდიდარი და ზუსტი მიმიკა. ყოველივე ეს კი რეალურისა და თითქმის ფანტასტიკურის, ყოფითისა და ექსცენტრიკულის მიჯნაზე იმყოფება. ერთი სიტყვით, რეჟისორი მსახიობისგან ითხოვს ჩვეულებრივი გრძნობების, აზრის და მოქმედებების ხაზგასმულად უჩვეულო გამოხატვას.

მიხეილ კობახიძე ფილმიდან ფილმში აძლიერებს კინოსახის პირობითობას, კომიკური ეფექტის, ექსცენტრიკის მნიშვნელობას და შესანიშნავ მინიატიურაში “მუსიკოსები” ეს ვექტორი გარკვეულ უკიდურესობამდე მიჰყავს. თუკი “ქორწილში” ექსცენტრიკა ვლინდებოდა უპირატესად როგორც სულის მდგომარეობა, როგორც კომიკურისა და სევდიანის წინააღმდეგობრივი ერთიანობა, თუკი აქ ჯერ კიდევ ძლიერი იყო, ასე ვთქვათ, რეალისტური პასაჟები, მომდევნო ფილმებში ექსცენტრიკა უკვე წარმოგვიდგა როგორც სინამდვილესთან თავისებური თამაში.

“მუსიკოსები” გრაფიკულად უნაკლოდ შესრულებული კინოზღაპარია. გმირები მოქმედებენ თეთრ ფონზე, რომელიც კონკრეტული ადგილისა და დროის ნიშნებს არაფრით ავლენს. გაზვიადების ხერხი მოქმედ პირთა (და ეს სულ ორი მამაკაცია) მოძრაობას, ჟესტებს, მიმიკას ძალზე აშორებს რეალურ ყოფაში ადამიანების საქციელს. ეს ორიგინალური კინოეტიუდი სიტყვის გარეშე ნათლად გადმოგვცემს აზრს ადამიანებს შორის უთანხმოების, მტრობის აბსურდულობის შესახებ. ავტორი პირველივე კადრებიდან გვთავაზობს “თამაშის წესს” — ფილმში ყოველივე ხაზგასმულად პირობითი ფორმით განეფინება. პირობითია გარემო, უფრო ზუსტად, ის არ არსებობს; პირობითია გმირების გარეგნობა: მათი ჩაცმულობა, მათ მიერ გარკვეული საგნების თუ აქსესუარების უჩვეულო გამოყენება; პირობითია გრძნობათა გამოხატვის მანერა, გაზვიადებული ჟესტიკულაცია, პლასტიკა და ფილმის სხვა ელემენტები. მაგრამ თავად ეს ემოციები, შინაგანი მდგომარეობა და იმპულსები, რომლებიც ასე უცნაურად გამოიხატება, ძალზე ნაცნობი, ნათელი და გასაგებია.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ “მუსიკოსებში” ყოველივე მიზნად მხოლოდ მაყურებლის სიცილის გამოწვევას ისახავს. მაგრამ საკმარისია კომედიური და ექსცენტრიკული ეფექტების მიღმა “გავიხედოთ” და ნათელი გახდება, რომ რეჟისორის მიერ მიგნებული ესა თუ ის ხერხი, ხანდახან ტრიუკიც, ავტორის და ნაწარმოების სტილისთვის ზედმიწევნით ორგანულია. . კობახიძე აღწევს ექსცენტრიკული, აბსურდული კომედიის ორგანულ შერწყმას სევდითა და იმავდროულად იმედით აღსავსე აზრთან და ფიქრთან. ასეთი ჟანრული საწყისები “მუსიკოსებში” პირველივე კადრებიდან იჩენს თავს: მამაკაცი საჭადრაკო დაფას მიჯდომია და თავის თავს ეთამაშება. სიტუაცია თითქოს სულაც არ არის კომიკური, მაგრამ გმირის ხაზგასმული სერიოზულობა, საკუთარი ღირსების და თვითკმაყოფილების შეგრძნებით გამსჭვალული სახის გამომეტყველება, ჭადრაკის ფიგურების გადაადგილების და მთლიანად სხეულის მიმოხრის მანერა მაშინვე სიცილის რეაქციას აღგვიძრავს. სერიოზულობა და გაუმართლებლად გაზვიადებული სოლიდურობის თამაში გმირის ყოველ მოძრაობაში ჩანს: იმაში, თუ როგორ ზის, როგორ შემოტრიალდება, აიღებს ბინოკლს და თეთრ ფონზე გამოჩენილ შორეულ შავ წერტილს მიაჩერდება. ამ ხანმოკლე ექსპოზიციას მოსდევს ეფექტური კონტრასტი — ამოიცნო რა მოახლოებულ ადამიანში კეთილი ნაცნობი, მოჭადრაკე უმალ გარდაიქმნება. ეს კონტრასტი თუ მეტამორფოზა იმდენადვე ფსიქოლოგიურია, რამდენადაც გარეგნულად მკვეთრად ექსცენტრიკული, მისი გამოხატულება კი — პლასტიკურად საოცრად მდიდარი რიტმული გარბენა. მოულოდნელი შეხვედრისგან ბავშვური აღტაცებით შეპყრობილი ორი ადამიანის ცეკვა, რომლითაც ეს ეპიზოდი მთავრდება, მართლაც რომ შესანიშნავი სანახაობაა. ტექნიკურად დასრულებული და დახვეწილი მოძრაობები, მიმიკური თამაში სავსებით და მთლიანად ჩაენაცვლება სიტყვას. “მუსიკოსები” ხმა-ხედვითი და პლასტიკურ-რიტმული კონტრაპუნქტის იდეალური ნიმუშია. ფილმში მიხეილ კობახიძე — “მოჭადრაკის” როლის შემსრულებელი — ისეთივე ნიჭიერ მსახიობად მოგვევლინა, როგორადაც რეჟისორის რანგშია აღიარებული. ზოგადად, ამ ხელოვანის შემოქმედება .. “საავტორო კინოს” უტყუარი ნიმუშია: ყველა ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი, მუსიკალური პარტიტურის შემქმნელი და ზოგჯერ მსახიობიც თავადაა.

როდესაც მიხეილ კობახიძის შემოქმედებაზე და ქართული კინოს განვითარებაში მის წვლილზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კიდევ ერთი დეტალი: ქართული კინო ფორმისა და სტილურ მიმართულებათა ძიების თვალსაზრისით წამყვანი მსოფლიო კინემატოგრაფიების მიღწევებს თითქმის ყველა ეტაპზე თავისებურად ირეკლავდა. მას ზოგჯერ ცნობილი მიმდინარეობების მოწაფური მიბაძვაც შეჰპარვია. რა თქმა უნდა, პრინციპული მიღწევებიც ჰქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი პირველი ქართველი კინემატოგრაფისტი, რომელმაც შეძლო ფორმით, სტილით დახვეწილი ფილმები შეექმნა ისე, რომ ამ პრიორიტეტს თვითმიზნური ხასიათი არ ჰქონოდა, უთუოდ მიხეილ კობახიძეა.

წერილი დასტამბულია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ნარკვევების კრებულში “ქართველი კინორეჟისორები” (ნაწილი I) 2005 წელს.

მანანა ლეკბორაშვილი

“გიორგობისთვე” 40 წლის შემდეგ

“განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თუ სცენარისტსა და რეჟისორს დავუჯერებთ, ქარხანაში ყველა - დირექტორიდან დაწყებული მუშამდე - სინდისგარეცხილია, შესაძლებელია ეს მდგომარეობა რომელიმე კონკრეტულმა ფაქტმა უკარნახა ფილმის ავტორებს, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევა ტიპიური ხომ არ არის”.

გაზეთი “სოფლის ცხოვრება”, 29.01.1967

“პირველი და ყველაზე მთავარი, ჩვენი აზრით, ის არის, რომ ფილმი თავიდან ბოლომდე აგებულია ბნელი, უხეში, ტლანქი ძალების ბატონობაზე. იგი უპერსპექტივობას, უიმედობას ქადაგებს. ყველგან ქარხანაშიც, ქუჩაშიც, ზეიმობს სიყალბე, ავი ფიზიკური ძალადობა, რომელსაც ყველა დაუმორჩილებია.

ფილმი ვერ ამართლებს დანიშნულებას - იგი კი არ ამხელს, არამედ სიმახინჯის ყოვლისშემძლეობას, ჯანსაღი, აქტიური ძალების უმწეობას ქადაგებს და თვითონ ეს ჯანსაღი ძალაც არ ჩანს მინიშნებით მაინც

გაზეთი “თბილისი”, 2.02.1967

“გიორგობისთვეს” ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასეთია ავტორთა სუბიექტური მისწრაფება, მაგრამ ამ ჩრდილოვან მხარეთ იქით არსებული დიდი და მზიანი სამყარო არ სურთ დაინახონ. ავტორები ცდილობენ არა მარტო ერთი კონკრეტული ღვინის ქარხანა წარმოგვიდგინონ უხამსობის ბუდედ, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, ყველა მხარე დახატონ, რაც შეიძლება მუქი, შავი საღებავებით. ამრიგად, ჩვენ წინ დგება მხოლოდ სიმახინჯე, უსამართლობითა და სიბილწით აღსავსე ცხოვრება, სადაც კეთილისა და ნათელის წარმომადგენლად ერთი უსუსური, უნდილი ბიჭია გამოყვანილი!

...ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს. ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვნებისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. (...) მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არა აქვს რა ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ცუდად ლაპარაკობს”.

გაზეთი “კომუნისტი”, 4.02.1967

ეს ყველაფერი ოთარ იოსელიანის ფილმის “გიორგობისთვის” შესახებაა. 1967 წელს, ფილმის ეკრანებზე გამოშვებიდან სულ მცირე ხანში, ორ-ორი დღის ინტერვალით საქართველოს რესპუბლიკის სამ მთავარ გაზეთში ჩნდება გამანადგურებელი სტატიები.

ფილმს უწუნებენ ყველაფერს - მხატვრულ დონეს, “დრამატურგიულ აღნაგობას”, მსახიობების შერჩევას, ცხოვრების ხედვის კუთხეს, პროლოგს და ეპილოგს, მიუღებელ სიმბოლიკას (ეკლესია და ზარების რეკვა).

ერთი შეხედვით უცნაურია — აშკარაა, რომ ფილმის “ოფიციალური” მახასიათებლები: თემა, კონფლიქტის სახე თუ მისი გადაწყვეტა სავსებით ჯდება საბჭოთა ოფიციოზის ერთ-ერთი საყვარელი ჟანრის “საწარმოო ფილმის” სტანდარტებში.

თავად განსაჯეთ: საწარმოში — ღვინის ქარხანაში მოდის ახალგაზრდა კაცი; იქ მას ხვდება დარღვევები სოციალისტური კანონიერების სფეროში — ქარხნის ადმინისტრაცია გეგმის შესასრულებლად მზად არის უხარისხო პროდუქცია გაუშვას ქსელში ანუ ჩამოასხას და გაყიდოს ღვინო, რომლის მახასიათებლებიც არ შეესაბამება სტანდარტებს — შეიძლება ითქვას, ის ჯერ კიდევ არ არის ღვინო, არ გაუვლია ამისთვის საჭირო ტექნოლოგიური ციკლი, მაგრამ ამას დრო სჭირდება, დრო კი არ ითმენს; ქარხანაში ყველა უსიტყვოდ იხრის ქედს გეგმის დიქტატის წინაშე — ზოგი კარიერისტული ენთუზიაზმით, ზოგი - ინერციით, ზოგიც საკუთარ სინდისთან კომპრომისის ხარჯზე.

მხოლოდ ახალგაზრდა კაცს არ აძლევს სინდისი უფლებას შეეგუოს უკანონობას: მუშების უტყვი მხარდაჭერით ის ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ჟელატინს ასხამს ჩამოსასხმელად გამზადებულ ღვინის რეზერვუარში. ამით ფაქტის წინაშე აყენებს ქარხნის დირექტორს და აიძულებს დაიცვას “სოციალისტური ნორმების” არსი და არა ფორმა — პროდუქტის ხარისხი და არა გეგმა.

გავიხსენოთ, 30-იანი წლებიდან მოყოლებული ამ სქემაზე აგებული რამდენი საბჭოთა ფილმი გვინახავს. თითქოს ამ სქემას ახლაც უნდა ემუშავა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ სქემა ქაღალდზე დარჩა; თუმცა ფაბულის დონეზე ყველაფერი მართლაც ასე ხდება, რეალურ ფილმში სიუჟეტის განვითარებას სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს მაყურებლის აზრი.

რამდენიმე დღე ახალგაზრდის ცხოვრებიდან, გადაღებული როგორც პოეტური ქრონიკა: პირველი ნაბიჯები პროფესიულ ასპარეზზე, განზავებული შემთხვევითი შეხვედრებით, ურთიერთობით ქალიშვილთან, რომელიც მოსწონს; პირველი სამუშაო დღე, ახალი წრე, ახალი ურთიერთობები ქცევის ახალ ნორმებს სთავაზობენ ნიკოს, მაგრამ განსხვავებით მისი მეგობარი ოთარისაგან, საზოგადოებაში მიღებული იერარქიული სოციალური როლების ბრმად მორგება უცხოა ნიკოსთვის. იგი სხვა გარემოშია გაზრდილი, გარემოში, სადაც ადამიანი მისი ჭეშმარიტი ღირებულებით იზომება და არა სოციალური ნიღბით.

რეჟისორი ყურადღებით აკვირდება ქალაქის ყოფას. მას ერთნაირად აინტერესებს ქუჩები თუ ბინები, თბილისის კაფეების თუ ქარხნის ატმოსფერო, მთავარი გმირების თუ შემთხვევითი გამვლელების ქცევის ნიუანსები. ერთმანეთს ენაცვლება დოკუმენტური სიზუსტით ასახული ქალაქური ყოფის დეტალები, ოდნავ ირონიული შტრიხები თუ სარკასტული იუმორი.

ამ გარემოში კონფლიქტი თითქოს სრულიად შემთხვევით, სხვათა შორის წარმოიშვება და მისი გადაწყვეტაც ასეთივე, თითქოს შემთხვევითი, სხვათა შორისია. მას არა აქვს მიცემული დაპირისპირების, ბრძოლის ფორმა. დრამატიზმი მაქსიმალურად შენიღბულია. არც სიტყვები, არც გარეგნული მოქმედება არაფერს გვეუბნება ნიკოს სულში მიმდინარე შინაგან ბრძოლაზე — მხოლოდ მისთვის უჩვეულო განწყობა, ერთგვარი შინაგანი მოუსვენრობა, ფარული გაღიზიანებაა თვალში საცემი. “გმირობის” დილას კი — უცნაურად უხეში, ირონიული, “დაკაცებული” ნიკო წარმოგვიდგება თვალწინ.

შინაგანი პროცესების ამგვარი ანარეკლები ყოველგვარ სიტყვებზე უკეთ გვაგრძნობინებს, რომ ეს სულაც არ იყო ნიკოსთვის იოლი გადაწყვეტილება. ის არც ლოზუნგებს ეყრდნობა და არც სამართლიანობისათვის მებრძოლ იდეებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია უბრალოდ, წესიერი კაცის მიერ, რომელსაც სხვანაირად არ შეუძლია. მისი ფესვები კი იმ ტრადიციული ღირებულებების გარემოში უნდა ვეძებოთ, რომელშიც ჩამოყალიბდა ნიკოს პიროვნება და რომელსაც შემთხვევით არ გვათვალიერებინებს ასე დეტალურად რეჟისორი.

“აქ ერთი ელემენტარული აზრია: ადამიანი — ეს ქაღალდის სუფთა, თეთრი ფურცელია, და მეტად მნიშვნელოვანია, ცხოვრება მასზე რა ფრაზას დაწერს პირველს, გადალახავს თუ ვერ გადალახავს თავისი ცხოვრების რუბიკონს, და ეს ნაბიჯი განაპირობებულია ოჯახის წყობის, ყოველივე იმის წყობის, რაც გარს ეხვია, ზრდიდა, ასწავლიდა... მოკლედ, ვინ არის ის — მცენარე ფესვებით თუ ფესვების გარეშე

სუსტი აგებულების, რომანტიკოსი მეოცნების გარეგნობის ნიკო სულაც არ ჰგავდა კომუნისტური იდეალებისთვის მებრძოლ საბჭოთა გმირს. ის საბჭოთა პერიოდის დაცინვის ობიექტს, წარსულის გადმონაშთს — უსუსურ ინტელიგენტის ტიპს უფრო მიესადაგებოდა. 60-იან წლებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხელოვნებაში ახალ ტალღასთან შეგუება უჭირდა როგორც ოფიციოზს, ისე საზოგადოებას.

ფილმში ნიკო თავის თავში აღმოაჩენს ძალას აირჩიოს პოზიცია და დაუპირისპირდეს ინდიფერენტულობას, ინერციით მოძრავი საზოგადოების დაუწერელ კანონებს. მაგრამ ეს მხოლოდ მისი “პირადი რევოლუციაა”. გადატრიალება ინდივიდუალურია, საზოგადოება კი კვლავ მშვიდად მიჰყვება დინებას, ისეთები, როგორიც ნიკოა, ამინდს ვერ ქმნიან. დრამატული კვანძის გახსნა — დირექტორის გამამხნევებელი და თან დამამცირებელი წამორტყმა მხარზე: “ყოჩაღ, კარგად მოქცეულხარ!” — ყველაზე მგრძნობიარე დარტყმაა კინოს იმ მოდელზე, რომელიც კომუნისტური იდეალების აუცილებელი გამარჯვებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ფორმალურად იდეალი აქაც იმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.

სწორედ ეს “ინდივიდუალური რევოლუცია” გახდა, ალბათ, ერთ-ერთი გამოწვევა კოლექტიურობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებისათვის. საბჭოთა საზოგადოებაში იბრძოდნენ კოლექტიურად, იმარჯვებდნენ კოლექტიურად. ინდივიდი შეიძლება ყოფილიყო ან მტერი, ან ბელადი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ყველა სიკეთით შემკული იდეალური გმირი, და ისიც მხოლოდ კოლექტივის მძლავრ მხრებზე დაყრდნობილი.

მაგრამ ბრალდების მთავარ პუნქტად მაინც ცალკეული მანკიერი ფაქტების განზოგადება იქცა. საყოველთაოდ მიღებული თამაშის წესებისგან განსხვავებით, “გიორგობისთვეში” სწორედ ნიკოს საქციელი გამოიყურება გამონაკლისად საზოგადოებაში, რომელიც რევოლუციური იდეალების ნანგრევებში მყუდროდ მოკალათებულა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა სასაცილოდაც არ ყოფნის.

ალბათ, გამაღიზიანებელი უნდა ყოფილიყო, როცა დღევანდელი კანონების დინებას მდორედ მიყოლილთ მოურიდებლად შეგახსენებენ სხვა კანონების, სხვა ცხოვრების არსებობას. ამიტომ ესხმიან ასე გააფთრებით ფილმის პროლოგს და ეპილოგს: რთველი ქართულ სოფელში. დაფიქსირებული არ არის არც ადგილი, არც დრო — კადრში სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი სპეციფიკური დეტალებია, ხმოვან რიგსაც სხვადასხვა კუთხის მეტყველება თუ მუსიკალური ჰანგები ავსებს. საერთოა მხოლოდ გლეხის ნაჯაფი ხელები, მზით დაღარული სახეები, ყოველგვარ პათეტიკას მოკლებული შრომის რიტუალი, რომელსაც ასევე დინჯი, ღირსების გრძნობით აღსავსე სუფრა ასრულებს. ექსპოზიციის დასასრულს კი კამერა სწყდება ამ ჭეშმარიტად მიწის ადამიანებს და ცისკენ მიემართება, საიდანაც მათ მთის წვერზე წამომართული ეკლესია დაჰყურებთ. იგივე პანორამა ეკლესიაზე მეორდება ფილმის ეპილოგშიც.

ერთი შეხედვით დოკუმენტური სიზუსტით დახატულ ამ უწყინარ სცენებს ფილმიც და მაყურებლის აზრებიც სხვა განზომილებაში გადაჰყავს: ტრადიცია და დღევანდელობა, ყოველდღიური წვრილმანი ფუსფუსი და მარადიულობა, რომლის საზომითაც უნდა იზომებოდეს ადამიანის ყოველი ნაბიჯი — აი, საკითხების ის წრე, რომელიც აღელვებს ოთარ იოსელიანს და არა კომუნისტური იდეალების დაცვა. ყოველდღიურობის ზოგადსაკაცობრიო საკითხებთან შეპირისპირება, მარადიული ღირებულებების შეხსენება კი არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა მავანთათვის. როგორც ჩანს, ფილმი თავის დროისთვის მეტისმეტად რეალისტური აღმოჩნდა, სარკეში ასახული საკუთარი გამოსახულება კი - არცთუ სიმპათიური.

ასე რომ, გამაღიზიანებელი ამ ფილმში საკმარისზე მეტიც იყო და მის მიერ გამოწვეული აღშფოთება დღეს კანონზომიერი ჩანს. სხვა საქმეა, რომ რეალობაში ამ ტალღის აგორებას ბიძგი ერთი კონკრეტული პირის, “რესპუბლიკური მასშტაბის მეორე ზედამხედველის” (აკაკი ბაქრაძის ტერმინი) ფილმით პირადმა უკმაყოფილებამ და აღშფოთებამ მისცა. დაწვრილებით ამ პერიპეტიების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს აკაკი ბაქრაძის მოგონებებში შეუძლია. იგი ამ დროს კინოსტუდიის სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი იყო და ამდენად მოვლენათა შუაცეცხლში იმყოფებოდა.

მისივე დამოწმებით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე კინოსტუდიაში დაიწყო დენა “მშრომელთა” წერილებმა (ტიპური მინაწერით — ასლი გადაგზავნილია კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში), რომელთა პათოსი საერთო იყო — სირცხვილია ამ ფილმის ჩვენება, აიკრძალოს, განადგურდეს, დაისაჯოს.

მიამიტ ადამიანს შეიძლება გაკვირვების გრძნობაც კი გაუჩნდეს, როდის მოასწრო ამდენმა ხალხმა ამ ფილმის ნახვა და თანაც მაშინვე კალმის მომარჯვება. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ეს ორგანიზებული აღშფოთებაა, მით უმეტეს, როცა ვიგებთ, რომ ფილმის სანახავად სპეციალურად შეიკრიბა ამა თუ იმ საწარმოს აქტივი, როცა წერილები მოდის ფილმის ეკრანებიდან მოხსნის შემდეგაც. მაგრამ მთლიანობაში მთელი ეს კამპანია და განსაკუთრებით ამ წერილების შინაარსი, მეტყველება, პათოსი მეტად საინტერესოდ ახასიათებს ეპოქას.

მას შემდეგ ორმოცი წელი გავიდა. არცთუ მცირე დრო კინოფილმისთვის, მით უმეტეს თანამედროვეობის თემაზე გადაღებული ფილმისთვის. როგორც ცნობილია, დროს ადევნებული ფილმები მალე ბერდებიან — თემატურად, სტილისტურად, სულიერად. “გიორგობისთვე” კი დღესაც აქტუალურია, რადგან არ შეიძლება აქტუალური აღარ იყოს პირადი პასუხისმგებლობა, საკუთარი “მეს” ერთგულება, საქციელი.

ხოლო რაც შეეხება “მუქი, შავი საღებავებით დახატულ ცხოვრებას”, “ნატურალიზმის ჭაობს” — დღეს ეს ეპითეტები ღიმილს თუ იწვევს. ანდრე ბაზენი, ალბათ, კმაყოფილი დარჩებოდა — იოსელიანმა ბევრ დოკუმენტზე უკეთესად შეძლო მომავალი თაობებისთვის შემოენახა 60-იანი წლების თბილისის ცოცხალი სახე, მისი სურნელი, კოლორიტი — ეგზოტიკის გარეშე, ფაქიზი ნიუანსები — პედანტიზმის გარეშე.

 

 

 

  ქეთევან ჯაფარიძე

ძიების გზა

 

ქართული ხასიათისათვის დამახასიათებელი ტრაგიკომედიურობა ხშირად აისახებოდა ქართულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი კინოში. მაგრამ, ბოლო წლების ფილმებიდან ეს ჟანრი თითქმის საერთოდ გაქრა, გაქრა არა მხოლოდ ეს საკმაოდ რთული ჟანრი, არამედ თვით იუმორიც კი, ასე ღრმად გამჯდარი ჩვენს სულში, ალბათ სხვადასხვა მიზეზის გამო.

 

32 წლის ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი მასხარაშვილის შემოქმედება სწორედ ტრაგიკომიზმით გამოირჩევა. ასეთივე ხასიათისაა მისი გრაფიკული ნახატებიც.

გიორგი მასხარაშვილმა თავდაპირველად თავისი ნიჭი მხატვრობაში გამოავლინა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მან თბილისის კინოსა და თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა ლევან ზაქარეიშვილის სახელოსნოში, რომელიც 2004 წელს დაამთავრა. თანაკურსელთაგან იგი ყველაზე გამორჩეული და პროდუქტიული აღმოჩნდა. სწავლის პროცესში გადაიღო სამი ფილმი, რომელთა რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი და ოპერატორიც თვითონ იყო. ყველა მისი ფილმი არა ერთხელ არის დაჯილდოებული სხვადასხვა სტუდენტურ ფესტივალზე როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ საუკეთესო რეჟისურისათვის, საუკეთესო მხატვრობისათვის, საუკეთესო მუსიკისათვის თუ მსახიობთა საუკეთესო შერჩევისათვის.

გიორგი მასხარაშვილის პირველი ფილმია “კედელი”, რომელიც მან პირველ კურსზე გადაიღო და უმალ მიიპყრო კინოსაზოგადოების ყურადღება. ესაა 90-იანი წლების ახალგაზრდობის ყოფის ამსახველი ფილმი, ახალგაზრდებისა, რომლებსაც ცხოვრების დაწყების ეტაპზე ბევრი უბედურება ნახეს, დაკარგეს მეგობრები, ცხოვრობდნენ უაზროდ და უშინაარსოდ.

ფილმში ასახულია ახალგაზრდა ბიჭის ჩვეულებრივი, მორიგი დღე. იღვიძებს გვიან, სახლში მოხუცი ბებიის გარდა არავინაა, არც მაცივარშია რამე. საჭმლის საძიებლად სარდაფში ჩადის, სადაც ერთ ქილა მჟავეს პოულობს, მაგრამ სახლში ვეღარ შედის, რადგან დაყრუებულ ბებიას ზარის ხმა არ ესმის. ბიჭის უაზრო ყოფა, ასეთივე უაზრო დღით გაგრძელდება — დარბის სართულიდან სართულზე მშიერი, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს თავისნაირ უსაქმურ და უაზროდ მყოფ მეზობელთან აფარებს თავს, სადაც მის მჟავე კიტრს სასმელიც ემატება და გრძელდება გუშინდელი თუ გუშინწინდელი დღე ვითომ ბრძნულ და ამავე დროს აბსურდულ საუბარში — ამბავი კედელზე, რომლის იქით არავინ ყოფილა და არც არავინ იცის, იქით რა ხდება. კედლის აღმოჩენა და მასზე გადასვლა ბიჭის მიზანი ხდება. იგი პოულობს კედელს, რომელზეც მისი გარდაცვლილი მეგობრების ფოტოებია გამოკრული. იმის იქით კი, უცნობი და უსასრულო სამყაროა, საიდანაც უკან არავინ დაბრუნებულა. ბიჭის ცდაც, გადაახტეს კედელს და ნახოს რა ხდება გადაღმა, ტრაგიკულად მთავრდება. ჩამოვარდება და თავს დაარტყამს ქვას, რის გამოც სამუდამოდ უტყვი რჩება.

დამწყები რეჟისორი, ერთი შეხედვით, მსუბუქ, გასართობ ფილმში დრამატულ თემებს ეხება. არ ერიდება თამამ კინემატოგრაფიულ ხერხებს, აქტიურად იყენებს სუბიექტურ კამერას. აქვს რიტმის გრძნობა და ამ დინამიკური ფილმის დასრულების შემდეგ ბევრ საფიქრალს უტოვებს მაყურებელს, რაც საერთოდ დამახასიათებელია მისი შემდგომი ფილმებისათვის.

2003 წელს გადაღებული “Pოსტ პუნკ”- — ახლგაზრდა მხატვრის შესახებ, ცხოვრების ჭრილში დანახული ამბავი. ნიჭიერი და სუფთა ადამიანის გვერდით ცხოვრობენ ნარკომანები, ნაძირალა პოლიციელები, გოგონები, რომლებიც ჭეშმარიტ სიყვარულს შემთხვევით კავშირებს ამჯობინებენ. ამ უზნეო და ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულ სამყაროში, მართალია, მანკიერი ადამიანები ჭარბობენ, მაგრამ ისინი განწირული არიან და ყოველ მათგანს სიკვდილი სდევს თან. მხოლოდ მხატვარი რჩება ცოცხალი. შემოქმედი ნათელი წერტილია ამ ბნელით მოცულ საზოგადოებაში. ოპტიმისტურია რეჟისორის განწყობაც. ფილმის ფინალში მხატვარი ხატავს ულამაზესი ფეხმძიმე ქალის პორტრეტს, რომლის სხეულშიც ახალი ცხოვრება იწყება და მიგვანიშნებს მომავალზე, რომელიც აუცილებლად ნათელი იქნება. თუმცა, ფილმის ბოლო კადრები ეძღვნება პოლიციელის მხრიდან ძალადობის ფაქტს და უდანაშაულო მსხვერპლს.

მისი შემდეგი ფილმია “გავრიკა — 2004 წელი”. ოდნავ სიურრეალისტური, ხალისიანი, ამავე დროს ტრაგიკულ ელემენტებზე აგებული სამი ახალგაზრდის თავგადასავალი. მათ ურთიერთობაში იჭრება შემთხვევითი პირი, ექსცენტრიული გავრიკა, რომელიც კეთილი კარლსონივით სახურავზე ცხოვრობს. ის აკვირდება ადამიანებს, მთავარანგელოზ გაბრიელივით (შემთხვევითი არ არის სახელი გავრიკა) აგროვებს მათ ცოდვებს და შეძლებისდაგვარად აგვარებს მათ პრობლემებს. წასაყვანი კი თან მიჰყავს. ეს თითქოსდა ხალისიანი ისტორია რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის მატარებელი და სიღრმისეულია. ფილმში განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს მუსიკას, რასაც რეჟისორი მუდამ დიდ როლს ანიჭებს. თითქმის ყველა მისი ფილმი ნიკა კაჩაროვის მუსიკალურ ნაწარმოებებზეა აგებული, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული სხვადასხვა ფესტივალზე.

2007 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას სტუდია “სანგუკოს” დახმარებით გიორგი მასხარაშვილი იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან, ექსპერიმენტულ ფილმს “ბროდვეი — 45”.

ახალგაზრდა მხატვარი ბედის საძიებლად ჩამოდის ნიუ-იორკში საზეიმო აღლუმის ფონზე. იგი ჩადის ოცნების ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველა სურვილი აღსრულებადია და ყველა მიზანი მიღწევადი. და იწყება მისი ოდისეა... რკინაბეტონის შეუვალ ქალაქში, ასეთივე რკინაბეტონის ცივ სამყაროში, ცივი სულის მქონე ადამიანთა გარემოცვაში. იწყება კონფლიქტები გამვლელებთან, მეტროში ზანგებთან, უსაქმურად მდგომ ახალგაზრდებთან. მისი ნახატები არავის არ სჭირდება. ქართველი გალერისტიც კი, ვისთანაც თბილისიდან იყო გამოგზავნილი, უარით ისტუმრებს მას. მიუხედავად საერთო დრამატული ინტონაციისა, ყოველივე იუმორისტული კუთხითაა დანახული.

რეჟისორი ანგრევს მითს ამერიკულ კეთილდღეობაზე, იმ ყოვლისშემძლე სამყაროზე, სადაც ყველაფერი მიღწევადია. კვლავ ღიმილიანი ტრაგიზმი: მხატვრის მეგობარს კოლეჯში საბუთების მიღებაზე უარს ეუბნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იგი, კოლეჯის ეზოში ლამაზი გოგონას ყურებით გართული, ბოძს დაეჯახა და თვითონ დაზარალდა, მაგრამ ამით სახელმწიფო ქონება დააზიანა, რისთვისაც პოლიციელი ჯარიმას ახდევინებს.

ფილმის მთელი მოქმედება ნიუ-იორკში მიმდინარეობს, სადაც ადამიანების და მანქანების მდინარეები მიედინება. ამ უსასრულო ნაკადში მხოლოდ ფილმის გმირისათვის (მას შესანიშნავად ანსახიერებს მიშა მესხი) არ არის ადგილი. ის სამშობლოში ბრუნდება. მისი თავგადასავლის ამსახველი კადრებით კი ვიღაც გამვლელი, რომელიც მას და მის მეგობარს ფოტოებს უღებდა, ფოტოგამოფენას აწყობს.

გიორგი მასხარაშვილის გმირები, მიუხედავად ავბედითი გარემოცვისა, არ კარგავენ, ასე ვთქვათ, ადამიანურ სახეს და სიკეთის მუხტს ატარებენ. რეჟისორისათვის დამახასიაებელია ახლო ხედით გადაღება, რაც ხშირად სარისკოც კია (ბევრი გამოცდილი რეჟისორი ერიდება გადაღების ამ ხერხის გამოყენებას), მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მის ფილმებში ძირითადად არაპროფესიონალები თამაშობენ. მას აქვს ნიჭი დაარწმუნოს ისინი, რომ პროფესიონალები არიან, რასაც წარმატებით აღწევს.

თითქმის ყველა ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპი თავად რეჟისორია. ბიჭი, რომელსაც ბევრი მეგობარი დაეღუპაკედელი”), მხატვარი (“Pოსტ პუნკ”), ბედის მაძიებელი ამერიკაშიბროდვეი”-45), მისი განცდებისა და თავგადასავლების ამსახველი ადამიანები არიან.

რეჟისორს, რომელიც მუდამ ძიებაშია, აღელვებს თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრების სტილი, ეძებს სიკეთეს მკაცრ გარემოში, აკრიტიკებს არსებულ ყოფას, ანგრევს სტერეოტიპებს და მომავლის იმედი აქვს. იგი სულ უფრო ხვეწს თავის შემოქმედებას, გადაღების მანერას, ეცვლება ინტერესები. უაღრესად აქტიური პიროვნება ვერ იტანს გაჩერებას. თუ ფილმს არ იღებს, ხატავს, სარეკლამო რგოლებს იღებს, თუ არა და სულაც მთაში მიდის (ის ხომ გამოცდილი მთამსვლელია). გიორგის ხშირად ფილმებშიც იღებენ. ლევან ზაქარეიშვილის ფილმში “თბილისი-თბილისი” მან მთავარი როლი შეასრულა და ბაქოს საერთაშორისო ფესტივალზე 2005 წელს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზიც დაიმსახურა. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა “პირველი ღმერთის შემდეგ” (2005) — რეჟისორი ვასილი ჩიგინსკი, პროდიუსერი მიხეილ კალატოზიშვილისა და დიტო ცინცაძის ბოლო ფილმისა “მედიატორი”, კოტე ჯაფარიძესთან ერთად.

ამჯერად საკუთარი სცენარის მიხედვით იწყებს სრულმეტრაჟიანი ფილმის “მესაათის” გადაღებას, რომლის დამდგმელი მხატვარიც თვითონ იქნება. მისი ახალი ნამუშევრების შეფასება ჯერ კიდევ წინაა.

 

 

სოფო ჩიხელიძე

ფესტივალი დაიწყო...

ინტერვიუ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორთან

_ გაგა ჩხეიძესთან

 

კინოფესტივალი ნებისმიერი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომ ქართველი კინომოყვარულები ყოველთვის დიდი ინტერესით, მოუთმენლად ელიან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებას, რომელიც უკვე 9 წელია ტარდება ჩვენს ქალაქში და წლების მანძილზე სულ უფრო იზრდება მისი მნიშვნელობაც და ხარისხიც.

აგვისტოს მოვლენებისა და მსოფლიოში “ჩამოწოლილი” ეკონომიკური კრიზისის ფონზე, წელს ფესტივალი დაგეგმილზე მოკრძალებულია.

დასანანია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კონკურსში მონაწილეობას არ იღებს არცერთი ქართული ფილმი. როგორც ფესტივალის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ გვითხრა, წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ევროპული კინო იქნება წარმოდგენილი (ასევე აღნიშნული მიზეზების გამო).

გაგა ჩხეიძე — ჩვენ საკონკურსო პროგრამაში ვაჩვენებთ ახალგაზრდა რეჟისორების პირველ ან მეორე ნამუშევარს. წელს კონკურსში გვაქვს 10 ფილმი. 5–წევრიანი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს ნამუშევრებს, წელს ჟიურის ხელმძღვანელობს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, ჩამოდის ასევე უკვე ძალიან ცნობილი რეჟისორი ჯო რაიტი.

ფესტივალს გახსნის ჯო რაიტის ფილმი “სინანული”, რომელსაც დამსახურებული აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი “ბასტა” და ოქროს გლობუსი 2008 წელს. აქვე წარმოდგენილია რაიტის ფილმი “სიამაყე და ცრუ რწმენა”. ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელს ეძლევა საშუალება გაესაუბროს რეჟისორს.

მნიშვნელოვანია, რომ ფილმის შემდეგ იქნება დისკუსია. გვინდა ეს ტრადიცია დავამკვიდროთ. შარშანდელისაგან განსხვავებით, მასტერკლასი წელს არ გვექნება. ასევე შეგნებულად ვთქვით უარი ბევრ რამეზე, მაგალითად, პროგრამიდან ამოვაგდეთ ქართული ფილმები. ჩავთვალეთ, რომ ქართულ ფილმებს მაყურებელი მაინც ნახავს, ისედაც ამ ფილმების პრემიერა უკვე შედგა და ხალხი მათ ასე თუ ისე იცნობს, ამიტომ, აქცენტი გავაკეთეთ ევროპულ კინოზე, რადგან წელს ვერ გავწვდებოდით აზიას და და მთელ რიგ ქვეყნებს. პროგრამაში იქნება ასევე 2 რუსული ფილმი. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრეთ, გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ფილმებთან, ჩვენ გვინდოდა კონტაქტების გაღრმავება, გვინდა მოვიწვიოთ რეჟისორები, ძალიან გვაინტერესებს რა ხდება რუსეთში ამ მხრივ.

.. — კიდევ რა არის დაგეგმილი ფესტივალზე?

.. — არის ასევე სპეციალური ჩვენება ფაიტ ჰელმერის ფილმისა “აბსურდისტანი”, რომელიც კომედიაა და, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მაყურებლისათვის, რომელიც ქართულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთადაა გადაღებული. ასევე ვაჩვენებთ ალექსეი გერმანის ფილმს “ქაღალდის ჯარისკაცი”, სადაც მერაბ ნინიძე და ჩულპან ხამატოვა, ძალიან ნიჭიერი რუსი მსახიობი ქალი მონაწილეობენ... კიდევ გვაქვს მიშა კალატოზოვის ფილმი “ველური ველი”, რომლითაც დაიხურება ფესტივალი. იქნება ახალგაზრდა რეჟისორის ტატო კოტეტიშვილის გახსენება და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი “ნოსტალგია”. უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტი, რომელსაც, როგორც ყოველთვის, საინტერესო პროგრამა — “დამზადებულია გერმანიაში”— აქვს წარმოდგენილი. ასევე, მონაწილეობს საფრანგეთის კულტურის ცენტრი. ფრანგული პროგრამიდან გვაქვს ანიეს ვარდას მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა, რომელსაც ფაქტობრივად ქართველი მაყურებელი არ იცნობს. გვაქვს ასევე 1968 წლის მაისის მოვლენებისადმი მიძღვნილი ფილმები “68 წლის მაისი” და ფილმები, რომლებიც გაერთიანდა ერთ თემაში — ქვეშ “თანაცხოვრება”. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

მართალია, ქართული ფილმები კონკურსში არ მონაწილეობს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იქნება აღდგენილ (ფირზე თავიდან დაბეჭდეს) ქართული უხმო ფილმების რეტროსპექტივა. მათ შორის ერთ–ერთი, მიხეილ კალატოზაშვილის ფილმი “ლურსმანი ჩექმაში” (1931) საერთოდ დაკარგულადაც ითვლებოდა.

წელს პირველად კინოფესტივალი თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რაც ორგანიზატორების აზრით, ძალიან კარგი ფაქტია, რადგან მასმედიას აქვს უდიდესი საშუალება — რეკლამა გაუწიოს ფესტივალს, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, 9 წლისაა. მისი დაარსების იდეა და სახელწოდება რეჟისორ სიკო დოლიძეს ეკუთვნის. თავდაპირველად ფესტივალი თეატრალური ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ჩაისახა.

.. — როგორ დაიწყო ყველაფერი?

.. — ჩვენ დავიწყეთ 1998 წელს პატარა კინოპროგრამით ფესტივალ “საჩუქრის” ფარგლებში. ქეთი დოლიძე აწყობდა ამ ფესტივალს. ეს არ იყო მხოლოდ თეატრალური ფესტივალი, ეს იყო ხელოვნების ყველა დარგისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მაშინ ქეთიმ მთხოვა, რომ გამეკეთებინა პატარა კინოპროგრამა, რაზეც დავთანხმდით და გავაკეთეთ კიდეც. მომდევნო წელს 1999–შიც მივიღეთ მონაწილეობა. მაშინ თხუთმეტამდე მხატვრული ფილმი ვაჩვენეთ რუსთაველის კინო თეატრში. 2000 წელს ოფიციალურად გავაფორმეთ ფესტივალის დაარსება. კიდევ 2 წლის განმავლობაში ფესტივალი ტარდებოდა “საჩუქრის” ფარგლებში, მაშინ ჯეოსელი იყო ჩვენი სპონსორი, რამაც საშუალება მოგვცა, რომ სათანადო დონეზე ჩაგვეტარებინა ფესტივალი.

ჩამოვიყვანეთ ძალიან ცნობილი კინემატოგრაფისტები — კშიშტოფ ზანუსი, ფრანკო ნერო. როგორც იცით, ფესტივალ “საჩუქარის” ძალიან დიდი მეგობარი იყო ვანესა რედგრეივი, ძალიან კარგი ფესტივალი გამოვიდა. 2002 წლიდან უკვე დამოუკიდებლად ვარსებობთ. ფესტივალის ორგანიზატორი არის კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე”. ჩვენი მთავარი პრიზია ვერცხლისა და ოქროს “პრომეთე”. ეს არ არის შემთხვევითი სახელი — გამოვიყენეთ სიკო დოლიძის იდეა, რომელსაც უნდოდა დაარსებულიყო ფესტივალი “პრომეთე”.

ამგვარად, ნელ-ნელა გავიზარდეთ... და, მაგალითად, შარშან შეგვეძლო გვეთქვა, რომ ფესტივალი თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას საერთაშორისო ფესტივალებს არა რაოდენობით, არამედ ხარისხით. ძალიან კარგი ფესტივალი გამოვიდა. მიუხედავად მცირედი პრობლემებისა, იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ქართველ კინომოყვარულებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ევროპული კინოს სიახლეებს და ტენდენციებს.

 

 

 

კულტურული ინიციატივების ფონდი `ნატო~

FUND OF ULUAL INIIAIVE “NA

კულტურული ინიციატივების ფონდი `ნატო~ დაარსდა თბილისში 2004 წლის 14 ივნისს.

განხორციელებული პროექტი: კონკურსი `ქველი~

მხარდამჭერები: თბილისის ზარაფხანა და რუსთაველის დრამატული თეატრი

კონკურსი `ქველი~ ეწყობა შემოდგომის მიწურულს ან საშობაოდ და აჯამებს საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მიერ ქართულ კინოში შეტანილი წვლილის შედეგებს.

კონკურს `ქველის~ მთავარი პრიზი

დიპლომი

 

ქართულ კულტურაზე ზრუნვით თქვენს მომავალს ემსახურებით

 

 

    kinema 2

 

URL:index.htm

 

Π˜ΡΠΏΠΎΠ»ΡŒΠ·ΡƒΡŽΡ‚ΡΡ Ρ‚Π΅Ρ…Π½ΠΎΠ»ΠΎΠ³ΠΈΠΈ uCoz