ეთერ ოკუჯავა

   
 


მიხეილ კობახიძის შემოქმედების დროსთან "თანადროულობის" შესახებ

 

 

 

 

 

მიხეილ კობახიძის პუბლიკაცია ფრანგულ გამოცემაში "Cahiers d` Europe" [1] იოსებ ბროდსკის სიტყვებით იწყება, რომლის განსაკუთრებული მუსიკალობის გამო ტექსტი ორიგინალში მოგვყავს: "И страница и огонь, и стог и зерно и разрезанный волос и лезвие топора, Бог всё сохранит; и более всего слова пращения и любви, которые и есть Его глубокий голос."[2] მიმტევებლობისა და მარადიულობის განცდა ჩანს კობახიძის სურვილში მოიხმოს ბროდსკის ეს ფრაზა, რაც თავად მის ბუნებას, რომელსაც ქართველი კინომაყურებელი 1964 წლიდან იცნობს, არ ცვლის, თუმცა, კობახიძის პიროვნებას მაინც განსხვავებულ სივრცეში წარმოგვიდგენს და ჩვენ გვესმის დროისა და სივრცის დისტანციით დანახული სიმართლე, ყოვლის პატიების განწყობილება... თუმცა, კობახიძე პუბლიკაციის პირველი თავის სათაურად მაინც ირონიული შეფერილობის ფრაზას ირჩევს: `კაშკაშა მომავლის თაობაზე~.
მიხეილ კობახიძე ამ დროს ემიგრანტია და პარიზში ცხოვრობს. იგი ისევ არ ღალატობს თავისუფლებას და მოვლენათა შეფასებების სტილს. იგი იგონებს 1953 წლის სამგლოვიარო მიტინგს, სტალინის გარდაცვალების გამო რომ გაიმართა თბილისში: "გაისმა საყვირთა ხმები. ყველაფერი გაირინდა... შემეშინდა, როცა ქვევიდან ავხედე მამას, გერმან კობახიძეს, მან ქუდი არ მოიხადა, როგორც ყველა იქ მყოფმა. ამისათვის იგი შეეძლოთ ეცემათ, დაეჭირათ. ჩამოვქაჩე და ჩუმად ვუთხარი: "მამა, ქუდი მოიხადე" - მან მიპასუხა _ "მე აქ იმისათვის მოვედი, რომ ქუდში დავრჩე". მისი სიტყვები არავინ გაიგო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დრო დაიწყო. გარდაქმნა." [3]
'სხვა დრო" მიხეილ კობახიძის აზრით სწორედ ამ წუთიდან დაიწყო და არა გორბაჩოვის ე.წ. `პერესტროიკიდან~, რომელიც ჭეშმარიტი "გარდაქმნის"  აფიშირებას წარმოადგენდა მხოლოდ. ბერიას მოედანზე `გარდაქმნის~ განცდილი შეგრძნება კი ნიშნავდა, რომ ადამიანები დაუბრუნდებოდნენ არსებობის ადამიანურ საწყისს, რომ ახალი თაობა სხვა იდეოლოგიურ ნიადაგზე აღიზრდებოდა და მათ მშობლებისაგან განსხვავებით "სხვა" ქვეყანაში მოუწევდათ ცხოვრება, მაგრამ ისიც ნათელი იყო, რომ ეს ყველაფერი მალე არ ასრულდებოდა. მიხეილ კობახიძის შემოქმედებამ და პირადმა ცხოვრებამ ხანგრძლივი დროის ყველა ქარტეხილი გადაიარა.
ქართული კინოს ისტორია თავისი არსებობის ყველა ეტაპზე დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ, და დროით მოტანილ ასპექტებთან. თუ ავტორის პრობლემას ქართულ კინოში ამ კუთხით განვიხილავთ, უმალ შევნიშნავთ, რომ ავტორის შემოქმედებითი ცხოვრება ასევე აღვსილია სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური პლასტების ინდივიდუალური განცდით. ამ სივრცეში, მნიშვნელოვანი ხდება ავტორის მიერ ყველა ზემოხსენებულ მოტივთა თანაწუთიერი ნამდვილობით ასახვა. აქედან გამომდინარე, საკუთრივ ავტორის პიროვნება, ამ მოსაზრების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და არა მხოლოდ ჩვენი დაკვირვების ინტერესიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ამგვარია რეალობა, თუნდაც `საავტორო კინოს~ თვალსაზრისით, რომელსაც უთუოდ მიეკუთვნება მიხეილ კობახიძის შემოქმედება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტერსიც თემისადმი აქედან წარმოიშვა და არა პირიქით. ამგვარად ჩვენთვის საინტერესოა ავტორის პრობლემა – არა როგორც ინდივიდში არეკლილი, საზოგადოების ყოფის ამსახველი სამყარო, არამედ ან სამყაროს ავტორისეული პირად-ინტიმური თვითგანცდით, იქნებ მომავლის პროგნოზირებითაც კი. ხოლო განცდის ხარისხი _ თემატიკისა და სიუჟეტის პარალელურად _ ემოციურ განწყობას რომ გულისხმობს, კინოში ისე როგორც არსად სხვა ხელოვნებაში, განსაკუთრებული კონცეფტუალუარი გააზრებით წარმოსდგება.
ავტორის მიერ სინამდვილის ასახვის მაღალმხატვრული ხარისხი იმის ნიშანიც არის, თუ რა დოზით გადადის იგი მაყურებელზე. სულის გარდასვლას შეიძლება შევადაროთ ეს ემოციური ერთიანობა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება როგორც აქტი, როცა ავტორ-მაყურებლის ერთობა დგება. ავტორის ფიქრისა და განცდის მოძრაობის ანალიზი ემსახურება კიდეც დროის მრავალთემიან ასახვას. ამ თემათა სიმრავლე გადმოცემული ერთი ავტორის საფიქრალით ის უნიკალური კავშირია ხელოვანისა და დროისა, რაც თავისებურად ეპოქალური მნიშვნელობისაა.
დროით განპირობებული მხატვრული სახე, როგორც პრობლემა, მკვლევართათვის ყოველთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაინტერესების საგანს; მასთან დაკავშირებული იდეურ-თემატური და გამომსახველობითი კომპონენტების კვლევა _ რაც ხელოვანთა მიგნებებს არა მხოლოდ ავტორთა, არამედ უკვე შთამომავლობის საკუთრებადაც აქცევს, ვინაიდან ხელოვანის სიტყვა და გამომხატველობის უნარი ხელოვნებისათვის აუცილებელ ესთეტიკურ კატეგორიას ფლობს _ ხელოვნებათმცოდნეთა აღმოსაჩენია. ამ მხრივ, სრული ჭეშმარიტებაა, რომ 60-იანელთა ფილმებმა მართლაც რომ გააღვიძეს მკვლევართა გონება და სული, ისევე როგორც კინომაყურებლის ინტერესები. მათ ჯერ კიდევ ჩამორჩებიან კრიტიკოსები, საქმე ისაა, რომ კრიტიკოსთა უმეტესობა ცენზურის სიმკაცრეს ჯერაც ემორჩილება. მხედველობაში გვაქვს, არა მხოლოდ უშუალოდ გამოცემების ცენზურის მკაცრი წინაღობები, არამედ თვითცენზურაც, რაც ხშირად უფრო საშიშია, რადგან სიტყვის თავისუფლება, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატიის ცნება, ჯერ კიდევ ჩანასახშია. თავისუფალი აზრის ნაწარმოებებს ამ დროს განსაკუთრებით გამბედავი ხელოვანები ქმნიან და ხშირად ისინი ვერც აღწევს მაყურებლამდე. მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, შეიძლება ითქვას, რომ 60-იანი წლები პრაქტიკოსთა ხანაა, სიმართლე ეკრანზე ჯერაც მხატვრულ სახეში თუ ჩნდება, ალეგორიით და მინიშნებით....
" Эх раз, ещё раз…" ცნობილი რუსული რომანსის ეს სიტყვები დღეს საკრალურად ჟღერს კობახიძის `ქორწილში~. ქართული კინოს კრიზისის ფონზე, სწორედ რომ, კიდევ ერთხელ გვსურს გავიხსენოთ მისი დიდების წლები. ამ პატარა ფილმში მიხეილ კიბახიძე სახე-ნიღბებით, უფრო სწორედ _ სახე-ნიშნებით მოგვითხრობს ერთი უბრალო ამბის შესახებ, რასაც სულ ცოტა ხნის წინ არც ერთი რეჟისორი ხელს არ მოჰკიდებდა. ესაა ახალგაზრდა კაცის, ფარმაცევტის, არაფრით გამორჩეული სასიყვარულო გატაცება, რომელიც იმედგაცრუებით მთავრდება. მაგრამ კობახიძისეული თხრობა ჩვეულებრივი არ აღმოჩნდა, ჩვეულებრივი ამბის არაჩვეულებრივი განცდის გამო, `ქორწილმა~ დაიპყრო მაყურებელთა გულები და მსოფლიო კინოს შემფასებელთა ყურადღება _ იგი უნიკალურ ფილმად აღიარეს.
"ქორწილის" გმირი ინფანტილურია, იგი არაამქვეყნიურ გულწრფელობაზე და იმავდროულად ერთგვარ კონსერვატულობაზე მიგვანიშნებს. რატომ? განა 60-იანი წლების შუა ხნისთვის, როცა ეს ფილმი გადაიღო მიხეილ კობაძიძემ, და გადაიღო საკმაოდ რთულ პირობებში [4], ასე მნიშვნელოვანი იყო სწორედ გმირის ეს თვისებები? პირიქით. კობახიძეს, ჩემის ზრით, სწორედ ეს თვისებები არ მოსწონს, მაგრამ კრიტიკისა და ქილიკის ნაცვლად, იგი რბილი იუმორით გვიჩვენებს მათ. გვიჩვენებს თუ რა არასასიამოვნო პერიპეტიები შეიძლება გადახდეს გმირს საკუთარი სურვილების ასრულების გზაზე, როცა ზემოხსენებულ თვისებებს ემორჩილება. მოთხრობილი ამბავი ალბათ ახალგაზრდა კაცის ბუნების ერთგვარი "გარდაქმნის" ისტორიაცაა. კობახიძე არაჩვეულებრივად რბილად, სასაცილოთაც კი, ახერხებს თხრობას, მაგრამ იმასაც მიგვახვედრებს, რომ მისი გმირისათვის, მასისათვის "დადგენილი" მოთხოვნების პანორამაში ჩაწერა მიუღებელია.
როგორც ავღნიშნე, კობახიძის გმირი საკმაოდ გამოკვეთილია ტიპოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ გოგი ქავთარაძის (იგი ფილმის გმირს განასახიერებს) ხაზგასმით ინფანტილური გამომეტყველება და პლასტიკა მაყურებელში იწვევს ღიმილს, მაგრამ არა მიუღებლობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კობახიძე გამომსახველობითი ხერხების მაქსიმალურ უბრალოებას გამოსახულების რეალურობას უთავსებს. ამგვარად იქმნება ეკრანული რეალობა, სადაც თავად ქორწილი, სიუჟეტის მთავარი შემადგენელი ნაწილი, გმირის გარდაქმნის ან უფრო ზუსტად იგავური შეგონების შეგრძნებას იწვევს მაყურებელში.
ფილმის გმირი სახეთა გალერეაში მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ კადრებში ასახულ ზოგად სამოძრაო პლასტიკაში, ფილმის ყველა პერსონაჟი ანსამბლურ ერთიანობაშია. მათი პანტომიმური მოძრაობები (რაც შემდგომ განსაკუთრებით განვითარდა და პლასტიკური დრამატურგიის სახე შეიძინა "ქოლგასა" და "მუსიკოსებში") კობახიძისათვის იქცა სამეტყველო რესურსად. ამასთანავე, გამოსახულების რიტმი და პლასტიკა არც წმინდად მუნჯი კინოს ესთეტიკისაა და არც ხმოვან კინოს ესადაგება. ამ გარემოებამ ცხადყო, რომ კობახიძის გმირებმა, საბჭოთა კინოპროდუქციას შეჩვეულ მაყურებელს იმგვარი რამ წარუდგინა, რაც მათ ჯერაც არ ენახათ. რა იყო ეს _ კომედია, ბუფონადა, ფარსი, იქნებ ჩვეულებრივი პანტომიმა?
იმხანად პასუხი ამ შეკითხვაზე არავის ჰქონდა, მაგრამ ჩვენის აზრით ეს არც იყო მთავარი. მთავარი ის გახლდათ, რომ ფილმში საოცრად მახვილი და ეკონომიური დეტალებით მკაფიოდ დაიხატა ფუნქციონერი ადამიანის (გ.ქავთარაძის გმირი ხომ ფარმაცევტია) "გაადამიანურების" გზა. ბუნებრივია, რთული იყო 60-იან წლებში ამ სათქმელის ხმამაღლა გაცხადება და კიდევ უფრო მეტად, იმგვარი ფორმით, რომ სიტყვას მიეღწია მაყურებლამდე, როგორც ფაქტობრივად ისე შინაარსით და ემოციის მთელი ძალით. კობახიძემ ეს პრობლემა ორიგინალური ჟანრული არჩევანით გადაწყვიტა. ჟანრი სრულიად გარკვევით გვამცნობდა ავტორის სრულ თავისდაღწევას "კლასიკადქცეული" ან დროის დოგმატური კანონებიდან ამოკითხული რეალობიდან. ნათელი იყო, რომ კობახიძის სახით დაიბადა ის, ვისაც კიერკეგორი პოეტს უწოდებს _ მძაფრ სულიერ ტკივილებს რომ განიცდის, მაგრამ რომლის გმინვა მუსიკის მომხიბვლელ ჰანგად გარდაიქმნება.
ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ ჟან ეფშტეინის მიერ XX საუკუნის დასაწყისში გამოთქმული მოსაზრება 20-იან წლებში კინოში პოეზიის ასახვის შესახებ,[5] მიხეილ კობახიძის შემოქმედების შემთხვევაშიც აქტუალურია. და კიდევ ერთი, ცნობილი ფრანგის, ეგზისტენციალიზმის მამამთავრის, მწერლისა და პუბლიცისტის ჟან პოლ სარტრის მხატვრული ნაწარმოებების მთავარი თემა _ გამორჩეული მარტოსულობიდან თავისუფლებისაკენ სწრაფვით _ თავისი ფაქიზი და განტოტილი ასოციაციებით თვისობრივად განახლებულად გამოხატა კობახიძემ, რომელიც არა მხოლოდ საზრისით, არამედ ფორმითაც კინემატოგრაფში ფრანგი ავანგარდისტების შთაბეჭდილებებს აღიარებდა. ამ კონტექსტში დანახული კობახიძის ფილმი ადამიანთა სულთა ერთობაზე რომ მეტყველებს, ზოგადად პლანეტარული აზრისა და განცდის მთლიანობის, მისი მომცველობის სურათად გვეხატება; ამგვარად, 60 – იანი წლები საყოველთაო გარდაქმნებისა და განახლების წლები, ცნობილი მღელვარებებით _ სტუდენტთა თუ სახალხო _ მხედველობაში მაქვს საფრანგეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის ტრაგიკული პერიპეტიები, ხოლო ამერიკაში ჰიპების მასიური ამბოხი და ვიეტნამის აქციის დაგმობა პროგრესული ძალების მიერ _ ყოველვე ეს იყო იმ მძლავრი ენერგიის გამოძახილი, რაც სამყარომ გაიღო როგორც პროტესტი, ხოლო სსრ კავშირში ეს მოძრაობა შიდაპოლიტიკური ყოფის ე.წ. "დათბობით" ჩაეწერა.
ამრიგად, ზოგადი პუნქტირებით, მაგრამ ისევე დისტანციით დანახული დრო, როგორადაც ზემოთ ვწერდით, გვიჩვენებს, რომ დ რ ო , მხატვრული ნაწარმოების შექმნისას ხელოვანის პოზიციის განმსაზღვრელი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელშიაც ჩნდება თვით ავტორის პიროვნება, კინემატოგრაფში მკაფიოდ ავლენს ისტორიულ ხარისხს, ეპოქის მენტალობას, ხასიათს და თანადროული ხელოვნების პროცესების შესწავლის საქმეში უმთავრეს პირობას წარმოადგენს. ამ საერთო სურათში გამოვლენილი პრაქტიკული ცდები, თეორიული ნააზრევი ყოველივეს საზოგადოებასთან კავშირი ხელოვნების იდეურ-ესთეტიკური რაობის განმსაზღვრელი ძირითადი პარამეტრია და მისი შესწავლა ნიშნავს არა საკუთრივ ხელოვნებისეული მახასიათებლების კვლევას, არამედ ქვეყნის, ერის, ცალკეული ადამიანისა და ხელოვანის, მით უფრო, ეპოქასთან მიკუთვნების გათვალსაჩინოებას. ეპოქა და ხელოვანი, საზოგადოება და მისი განვითარება_დახვეწის გზები, ამ პრობლემის მთავარი შემადგენელი ნაწილია და კულტურული ნააზრევის პრაქტიკულ _ თეორიული მემკვიდგეობა ამ ჭეშმარიტებას თვალსაჩინოსა ხდის.
და ბოლოს,…კობახიძის "ქორწილთან"  და ზოგადად მის შემოქმედებასთან დაკავშირებით, კინომცოდნეობაში აღიარებული პოსტულატი, რომ კინო _ ეს ენაა, შეიძლება ასე განვავრცოთ: კინო _ ენაა, რომელიც ამა თუ იმ დროში სხვადასხვა ჟანრებითა და ფორმებით ისახება. მაგრამ არიან თუ არა ეს უკანასკნელნი დროის ადეკვატურნი, ჩვენ მხოლოდ ამ საკითხს შევეხეთ ჩვენი პუბლიკაციის ფურცლებზე და ისიც ქართული კინოს და კერძოდ, მიხეილ კობახიძის ერთი ფილმის მაგალიტზე.
დასასრულს, ისევ კობახიძის მოგონებები...… დროში განფენილნი ისინი საუკეთესოდ გვიხატავაენ ხელოვანის ბედს ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყანაში, მიხეილ კობახიძე თითქმის ანკეტური სიზუსტით რომ აღნუსხავს;
1961 წელი – მოსკოვის "ვგიკის" სტუდენტმა მიხეილ კობახიძემ, მეორე კურსზე დაწერა სცენარი `ახალგაზრდა სიყვარული~ სასწავლო ფილმისათვის; სასწავლო სტუდიამ იგი მიიღო და ასე გადაიღო ახალგაზრდა რეჟისორმა თავისი პირველი ფილმი, თუმცა მოგვიანებით ხელმძღვანელმა `მამებმა~ გაანადგურეს იგი.
1962 წელი - "კარუსელი", კობახიძემ ეს ფილმიც `ვგიკის~ ბაზაზე გადაიღო, მაგრამ ამ მისი ნეგატივი, ისევე როგორც მისი ყველა ასლი, განადგურდა, რადგან სახელმწიფო ვერცხლის კრიზისს განიცდიდა (?!).
1963 წელი – კობახიძე საქართველოში ჩამოდის სადიპლომო ფილმის `რვანახევრის~ გადასაღებად, გადაიღო კიდეც, მაგრამ ფილმი არ იყო მიღებული ხელისუფალთა მიერ, რადგან ფილმში იყო ასეთი ეპიზოდი: კადრსმიღმა ხალხს მიმართავდა ხმა - "როგორ ცხოვრობთ ამხანაგებო", ხალხი ხელებს შლიდა და პასუხობდა `ისე რა~. საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრის მოთხოვნით რეჟისორმა ეპიზოდი ამოიღო. საბოლოო ვარიანტში კობახიძემ პასუხი _ "ისე რა" შეცვალა რეპლკით, "კარგად ვცხოვრობთ." ბუნებრივია, იმავე მიზანსცენით ნათქვამი ეს სიტყვები უფრო მეტად და ხაზგასმით წარმოაჩენდა სინამდვილისადმი ავტორისეულ სარკაზმს. ამდენად, ეს ფილმიც განადგურდა.
1964 წელი _ "ვგიკის"  ხელმძღვანელობამ კობახიძეს შესთავაზა კინოინსტიტუტის დროზე ადრე დამთავრება, რადგან ჯიუტი სტუდენტის "სიურპრიზებს"  მისი მოცილება ერჩიათ, ამიტომ Mმიხეილ კობახიძე თბილისში ჩამოდის და, როგორც კინომოყვარული, საკუთარი ხარჯით იღებს სადიპლომო ფილმს _ ეს ფილმი "ქორწილი" იყო. "ვგიკმა"  კი მისცა მას კინორეჟისორის დიპლომი და გაუშვა...



[1]
"Cahiers d` Europe" (`ევროპული რვეულები~), (კულტურა მეცნიერება,პოლიტიკა), #2, გაზაფხული-ზაფხული, 1997, გვ..339-348
[2] " ფურცელიცა და ცეცხლიც, ზვინიც და მარცვალიც, გადაჭრილი თმაც და ნაჯახის პირიც, ღმერთი ყველაფერს შეინარჩუნებს; ყველაზე მეტად პატიებისა და სიყვარულის სიტყვებს, რაიც არის უფლის სიღრმისეული ხმა." (თარგმანი – ჩვენია)
[3]
"Cahiers d` Europe"(`"ევროპული რვეულები", კულტურა მეცნიერება, პოლიტიკა), #2, გაზაფხული-ზაფხული, 1997, გვ..339
[4] სადიპლომო ფილმის "ჩავარდნის" შემდეგ კობახიძე თბილისში, ტელემაუწყებლობის ბაზაზე, სრულიად უსახსროდ იღებს ამ ფილმს
[5] იხ. ეფ შტეინ ჟ., Le sinmatographe vu de l'Etna, P., 1926;

 

 

 

URL:index.htm   # 3 (6), 2009

       
Используются технологии uCoz