ლელა ოჩიაური

ერთი კოლექციიდან კაცობრიობის ისტორიამდე

 

ალექსანდრე რეხვიაშვილის განახლებული ძველი პროექტი ახალი „დამოუკიდებელი პროექტის“ განზომილებაში მოექცა

 

 

 

  

ბოლო წლებია, თანამედროვე ქართული კინოს მსოფლიო სახელის ოსტატები ჩრდილში აღმოჩნდნენ, რითაც ბევრი დაკარგა ყველამ _ თვითონ ამ შემოქმედებმა, რომლებმაც,  უბრალოდ, შექმნეს ეროვნული კინემატოგრაფი, მისი ნამდვილი სახე და საზოგადოებამაც _ მაყურებელმაც, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის კარგი და რა, ცუდი და რომელიც არასოდეს ტყუვდება.

 

უკვე ოცი წელია, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება (ვფიქრობ, დაკონკრეტება არ სჭირდება, რომელ საზოგადოებას ვგულისხმობ) ალექსანდრე რეხვიაშილის ახალ მხატვრულ ფილმს (ფილმებს) ელოდება. ცხადია ახალს.

 

ალექსანდრე რეხვიაშვილმა  (რომელიც ბოლო წლებია, დოკუმენტური კინოს განხრით მუშაობს, არსებული სინამდვილიდან გამომდინარე) საზოგადოებას მორიგი დოკუმენტური ნამუშევარი _ „იგორ სანოვიჩი. ესკიზი პორტრეტისათვის“ ანუ „კოლეციონერი“  წარუდგინა. ეს ფილმი საქართველოს სახელოვნებო თუ საზოგადოებრივ სივრცეში ახალგამოჩენილი კინოსტუდიის „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ პირველი უკვე რეალიზებული პროექტია, რამდენიმე დაწყებულთაგან, წარმოების სხვადასხვა ეტაპზე რომ იმყოფება.

 

გულახდილად ვიტყვი, რომ როდესაც სტუდიის გენერალურმა პროდიუსერმა, არჩილ გელოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების პრემიერა სამ კვირაში გაიმართებოდა, ქართულ  (არამარტო კინო) რეალობას მიჩვეულმა, ცხადია, ნათქვამი არ დავიჯერე. ჩვენება დაპირებისამებრ, მართლაც სამ კვირაში მოეწყო, თუმცა „იგორ სანოვიჩს“ ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს, ბევრად მეტი, ვიდრე „დამოუკიდებელი სტუდიის“  განზომილებებში იყო მოქცეული.

 

რეჟისორმა „კოლექციონერი“ 10–11 წლ;ის წინ (გავიხსენოთ რა წლები იყო) რუსეთში გადაიღო, მაგრამ დასრულება ვერ შეძლო. დღეს „დამოუკიდებელმა პროექტმა“ მას საშუალება მისცა, საქმე ბოლომდე მიეყვანა და მასალა ფილმად ექცია.

 

ამ, „დასრულებული“ ფილმის ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში“  გაიმართა, თუმცა მოკრძალებულ გარემოში, პატარა დარბაზში. უმიზეზოდ არაფერი ხდება და აუდიტორიის სიმცირესაც, ძალიან „ვიწრო წრეს“ საპატიო მიზეზი ჰქონდა, რასაც ინფორმაციის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, არც მე გავახმაურებ.

ამბავი, რაც ფილმში ხდება, ერთი შეხედვით, თუ ზედაპირული აღქმით, ერთი რუსი კოლექციონერის ერთი კოლექციის ისტორია, რომელსაც რეჟისორი პორტრეტსაც კი არა, ესკიზს პორტრეტისათვის უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში, კადრს „მიღმა“ ის ასახავს  მთელ  ეპოქას, კომუნისტების პერიოდიდან დაწყებული, იმ დრომდე, როდესაც ფილმია გადაღებული (და არა მხოლოდ, დასრულებულ–დამონტაჟებული), ასახავს ეპოქას, ხალხს, რომელიც მაშინ რუსეთში ცხოვრობდა (ზოგი  კვლავ ცხოვრობს, ზოგიც ამქვეყნად უკვე 90–იან წლებში აღარ იყო, მაგრამ ფილმში შევიდა), ის რაც ხდებოდა და რაც უნდა მომხდარიყო.

 

„კოლექციონერის“ საფუძველს ფილმი–პორტრეტის კლასიკური ფორმა წარმოადგენს _ მთავარი გმირის მონათხრობი გახსენება–მონოლოგები, რომლებსაც დრო და დრო, ალექსანდრე რეხვიაშვილის  (რომელსაც სხვადსხვა ეპიზოდებში გაკვრით ვხედავთ) მიერ დასმული კითხვები და რეპლიკები „ჭრის“, რასაც სხვა პერსონაჟების _ სანოვიჩის მეგობრებისა თუ ხელოვნების ექსპერტების შედასებები; კილექციონერის ცხოვრების „ჟანრული“, „ყოფითი“  სცენები ენაცვლება.

 

კოლექციაზე და მის მფლობელზე საუბრით, ალექსანდრე რეხვიაშვილი შორეულ (ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან შორეულ, ისტორიულ) დროში გვამოგზაურებს და ეს მთლიანი  შთაბეჭდილება  (ფილმის მხატვრული გადაწყვეტიდან და დროსა და სივრცეში თვალისმომჭრელი, მაგრამ მშვიდი მოგზაურობიდან) ძალიან ძლიერია. აქ ერთმანეთს ორი ძირითადი ისტორიული ხაზი კვეთს  –  თითოეული ექსპონატი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას ასახავს; ასახავს კილექციონერის პირად, მისი ნაცნობების, მეგობრების, ცნობილი პიროვნებების, ხელოვანების, კოლექციონერების, საბჭოთა ჯალათებისა და „ჩეკისტების“ და ა.შ. და ა.შ. ისტორიას და კოლექციაში ამა თუ იმ ექსპონატის გაჩენის (თუ დაკარგვის – ძარცვის) ამბავს; ასახავს იმ ცხოვრებას, რომლითაც იგორ სანივიჩი „აწმყოში“ ცხოვრობს და საიდანაც ის საკუთარ და სამყაროს მრავალფეროვან წარსულს უკავშირდება.

 

სანოვიჩის კოლექცია მეტად თავისებური და შეიძლება ითქვას, უცნაური კოლექციაა, მდიდარი რამდენიმე ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული შედევრით (მათ რიცხვში, პირველ პლანზე, ცენტრალური ადგილი ნიკო ფიროსმანს უკავია) და ნივთებით, ისტორიული რარიტეტებით ისეთი მდიდარი, რომლის ანალოგიც ალბათ სხვაგან არსად არსებობს. თავისთავად ესეც განაპირობებს ფილმის კონკრეტული ჩარჩოების გარღვევას და ესკიზიდან მოცულობით პორტრეტად მის ქცევას.

 

 

კამერა დაუსრულებლად მოძრაობს კოლექციონერის პატარა, ნახევრადჩაბნელებულ ბინაში, გარეთ იშვიათად გადის, მაგრამ მაყურებელი ამ ჩაკეტილობას, ამ „ჩარჩოს“ ვერ გრძნობს, რადგან რეჟისორის მიერ დრო, ადგილი, ქალაქი სრულიად განფენილია; სათქმელი კი,  „ესკიზურობის“ მიუხედავად,  განზოგადებული და მრავალი პარამეტრისა და სიღრმის შემცველი.

 

მალე ალექსანდრე რეხვიაშვილის კიდევ ერთი ძველი ფილმის (რიგით მეორის „ნეცას“ შემდეგ), 1973 წელს გადაღებული, ავანგარდული „მწვანე მდელოს“ ჩვენება გაიმართება, განახლებული –  თავიდან დამონტაჟებული ვარიანტის, იმის ნაცვლად, რაც საბჭოთა ცენზურას ვერ გადაურჩა და რამაც რეჟისორს ჩანაფიქრისა თუ გადაწყვეტის განხორციელების შესაძლებლობა წაართვა.

 

ეს ალბათ „ბუნებრივიც“ იყო, რადგან, თავის დროზე (საბჭოთა  „გვიან შუა საუკუნეებში“ – 70–იან წლებში), იდეოლოგიური მიუღებლობიდან გამომდინარე, „არასაბჭოთა“  სტილისტურად, ფორმისა თუ მხატვრული წყობის მხრივ არაორდინარულ, ამ „სიურრეალისტურ ფილმს“, პირველქმნილი სახით, არსებობა არ ეწერა

 

P.S. რა თქმა უნდა, ალექსანდრე რეხვიაშვილის მიერ ბოლო ხანებში (19–20 წლის განმავლობაში) შექმნილი, თავიდან დამონტაჟებული თუ დასამთავრებელი დოკუმენტური სურათების („უკანასკნელნი“, „ებრაელთა ბედნიერება“, ‘აღთქმული მიწა. დაბრუნება“, ‘სამკუთხა წრეში“, „კოლექციონერი“ და დაუსრულებელი „ნაპოლეონის ნიღაბი“) ფილმები უდავოდ გამორჩეული და არაერთი თვალსაზრისით ღირებული კინონაწარმოებია, მაგრამ მე (და ალბათ, ბევრი სხვაც) ვთვლი და მწამს (ყოველშემთხვევაში მჯერა), დადგა დრო (თან დიდი ხანია) რომ ალექსანდრე რეხვიაშვილი „შინ დაბრუნდეს“ და სრულიად ახალი და თან მხატვრული ფილმი გადაიღოს. ხოლო იმაში, რომ ის (ან ისინი!), ისეთივე შედევრები რომ იქნება, როგორც „ნუცა“, „ XIX  საუკუნის   ქართული ქრონიკა“, „გზა შინისაკენ“, „საფეხური“ და „მიახლოებაა“, ეჭვი იოტისოდენადაც არ მეპარება.

 

P.P.S.S. რაც შეეხება, „დამოუკიდებელ პროექტს“, ამჯერად „დოკუმენტზე“ დაყრდნობით, საფუძველი მაქვს  ვირწმუნო არჩილ გელოვანის სხვა „დაპირებებიც“, რომ „მწვანე მდელოს“ დასახულ ვადებში და ისედაც, მოჰყვება მერაბ კოკოჩაშვილის „სახლი სიხარულისა“, მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი  XIX  საუკუნის მიწურულის საქართველოს, ცაგარლის „ხანუმას“, ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის 60 წლის „ქეთო და კოტეს“ ისტორიისა და ამ ნაწარმოებთან 120 წლის განმავლობაში დაკავშირებული ადამიანების შესახებ (ფილმი სექტემბერში მზად იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, დეკამბერში აჩვენებენ, როდესაც სავარაუდოდ ქართული კინოს 100 წლისთავი აღინიშნება); ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი (რომელიც ეკრანებზე, ალბათ, სექტემბერში გამოვა); ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმი „სამი სახლი“  (რომლის დახურული ჩვენება, საფესტივალო ცხოვრების დაწყებამდე, ოქტომბრის ბოლოს გაიმართება); დავით ჯანელიძის  „ჯაყოს ხიზნები“ მიხეილ ჯავახიშვილის შედევრის მიხედვით (ის კი არ ვიცი, როდის ვნახავთ ამ გახმაურებულ და თავიდანვე ინტერესის აღმძვრელ ფილმს). ეს ორი უკანასკნელი ნამუშევარი  „ეროვნული კინოცენტრის“ პროდუქციაა და „დამოუკიდებელი პროექტი“ რეჟისორებს მატ დასრულებასი ეხმარება.

მეორე ხაზია – „დამოუკიდებელი  პროექტის“ ახალგაზრდული პროექტები – ანუ ხელშეწყობა საინტერესო და ღირებული სადიპლომო ნამუშევრების გადასაღებად.

 

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც „დამოუკიდებელი პროექტი“ მუშაობს – ქართული კინოს რესტავრაციაა. პირველი, უკვე აღდგენილი ფილმი „ქეთო და კოტეა“, რომელზეც ზემოქსენებული „სახლი სიხარულისაა“ პირდაპირ  „მიბმული“; შემდეგი უახლოეს ხანებში, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ და გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“ იქნება. შემდეგი კი, არაერთი სხვა მნიშვნელოვანი და ეროვნული კულტურისათვის ფასეული ქართული ფილმი.

 

 ##### 3

 URL: index.htm  

 

Π˜ΡΠΏΠΎΠ»ΡŒΠ·ΡƒΡŽΡ‚ΡΡ Ρ‚Π΅Ρ…Π½ΠΎΠ»ΠΎΠ³ΠΈΠΈ uCoz