თამუნა ლაგვილავ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნების მე-4 კურსი

კურისის ხელმძღვანელი პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი

       
    მაკარტიზმი  და  ჰოლივუდის  შავი  სიის  მსხვერპლნი    
 
მაკარტიზმი ეწოდება აშშ-ის ისტორიაში პერიოდს 1940-იანი წლების მეორე ნახევრიდან 50-იანი წლების ბოლომდე, რომელიც აღინიშნა ანტიკომუნისტური ისტერიით. პერიოდს ასევე უწოდებენ მეორე `წითელ~ პანიკას, იგი ხასიათდება გაზრდილი შიშით ამერიკულ ინსტიტუტებზე კომუნისტური გავლენისა და საბჭოთა აგენტების `შპიონაჟის~ შესახებ. ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია ამერიკელი სენატორის ჯოზეფ მაკარტის სახელთან, ხოლო მოგვიანებით სიტყვამ უფრო უფრო ზოგადი მნიშვნელობა მიიღო.

 
აღნიშნულ პერიოდში ათასობით ადამიანი დაადანაშაულეს კომუნისტობაში ან კომუნისტებისადმი კეთილგანწყობაში. მთავარი მსხვერპლნი ასეთი დევნისა გახდნენ მთავრობაში და გასართობ ინდუსტრიაში მომუშავენი. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, მოხვდა ციხეში ან დაენგრა კარიერა. ისინი გაასამართლეს იმ კანონებით, რომლებიც მოგვიანებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. თუ გადავხედავთMმაკარტიზმის ისტორიული მიზეზებს, იგი უბრუნდებოდა 1917-1920-იან წლებში გავრცელებულ პირველ წითელ პანიკას. მას შემდეგ, რაც 1930-იან წლებში ამერიკის კომუნისტურმა პარტიამ მოიპოვა პოპულარობა, გაზარდა წევრთა რაოდენობა და მიაღწია პიკს-50 ათას ადამიანს, ამერიკულ საზოგადოებაში თანდათანობით წარმოიშვა შიში კომუნიზმის, როგორც პოლიტიკური ძალისადმი. სანამ ამერიკა ჩაბმული იყო II მსოფლიო ომში როგორც საბჭოთა კავშირის მოკავშირე, ანტი-კომუნიზმის საკითხი ერთგვარად ტაბუირებული იყო. მსოფლიო ომის დასრულებისთანავე კი საბჭოთა კავშირმა მოაწყო რეპრესიული კომუნისტური მარიონეტული რეჟიმები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვითარება გაამწვავა 1949 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ატომური ბომბის გამოცდამ. იმავე წელს, კომუნისტურმა არმიამ დაამყარა კონტროლი ჩინეთზე იმის მიუხედავად, რომ მათი მეთაურის კონკურენტს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა აშშ. 1950 წელს იფეთქა კორეული ომმა, რომელმაც ამერიკის, გაეროსა და სამხრეთ კორეის ძალები ჩინელ და ჩრდილო-კორეელ კომუნისტებს დაუპირისპირა. როცა ცივი ომი დაიწყო, 1945 წლის შემდეგ, ბევრ ამერიკელს გაუჩნდა შიშისა და სიძულვილის გრძნობა კომუნისტთა მიმართ: სჯობს იყო მკვდარი, ვიდრე წითელი-ასეთი იყო მათი დევიზი.


ამ პერიოდში წინ წამოიწია საბჭოთა ჯაშუშების არსებობის საკითხმა. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი 1948 წელს, იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მუშაკი ელჯერ ჰისი. იგი დაადანაშაულა ყოფილმა კომუნისტმა მისთვის 200 საიდუმლო დოკუმენტის გადაცემასა და კომუნისტობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰისმა ორივე ბრალდება უარყო და მისი საბჭოთა აგენტობა ვერ დამტკიცდა, იგი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ციხეში 5 წლით მაინც გაგზავნეს. მომდევნო სკანდალი გამოიწვია როზემბერგების მიერ ატომური ბომბის საიდუმლოს მოპარვამ და საბჭოთა კავშირისთვის მიყიდვამ. ეს ორი პიროვნება 1953 წელს ელექტრო სკამით სიკვდილით დასაჯეს.


მაკარტის პირადი მონაწილეობა მიმდინარე კულტურულ ფენომენში დაიწყო მის მიერ გაკეთებული განცხადებით 1950 წლის 9 თებერვალს, ლინკოლნის დღეს, როდესაც მან პრესას წარუდგინა სია 205 ადამიანისა, რომლებიც თითქოსდა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდნენ და იყვნენ კომუნისტები.


1953-1954 წლებში თავად მაკარტი ხელმძღვანელობდა სენატის გამოძიებების მუდმივ ქვეკომიტეტს და აქედან ახორციელებდა კომუნისტებზე ნადირობას, მისი პოპულარობაც თანდათანობით იზრდებოდა.


მაკარტიზმს მხარს უჭერდნენ გარკვეული ჯგუფები: ამერიკული ლეგიონი, ქრისტიანი ფუნდამენტალისტები და სხვა ანტიკომუნისტური ორგანიზაციები. მათ აერთიანებდათ წინააღმდეგობა ინტერნაციონალიზმისადმი, სოციალური კეთილდღეობისადმი და რუზველტის ახალი კურსის სხვადასხვა პროგრამისადმი. რიგითი ამერიკელები ირწმუნებოდნენ, რომ ცეცხლის გარეშე კვამლი არ ჩნდება და მხარს უჭერდნენ მაკარტიზმს. 1954 წლის გამოკვლევებით ამერიკის მოსახლეობის 50% მომხრე იყო ამ დევნისა, რადგან მიაჩნდათ რომ ამერიკის კომუნისტურ პარტიაზე სრულ კონტროლს ახორციელებდა მოსკოვი და ნებისმიერ ამერიკელი კომუნისტი აუცილებლად საბჭოთა მარიონეტი იყო. ასევე ამტკიცებდნენ, რომ პარტიის არც ერთ წევრს არ ჰქონდა უფლება გასულიყო ამ ორგანიზაციიდან. ამგვარად, თუ ადამიანი ერთხელ შეაბიჯებდა ამ პარტიაში, იგი სამუდამოდ კომუნისტად უნდა ჩათვლილიყო.


მაკარტიზმის გავრცელებას ხელს უწყობდნენ კონსერვატორი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ლიბერალურ რეფორმებს, მაგალითად, ბავშვთა შრომის კანონს, ქალთათვის ხმის უფლების მინიჭებას და ა.შ. ბევრი პოლიტიკოსი რუზველტის ახალ კურსს აიგივებდა სოციალიზმთან ან სულაც კომუნიზმთან. მაკარტის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ შესაძლოა რუზველტის ადმინისტრაციაშიც არსებობდნენ აგენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ მათთვის უფრო რეალური იყო მთავრობაზე კომუნისტური გავლენის საფრთხე და არა ჯაშუშობა, აგენტობა ან რაიმე სხვა სახის ქმედება.


არსებობდა ბევრი ანტი-კომუნისტური ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებდნენ გამოძიებას ფედერალური, შტატის თუ ადგილობრივ დონეზე. ამ საქმეში ასევე მონაწილეობდნენ კერძო სააგენტოებიც, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ატარებდნენ გამოძიებას დიდსა თუ პატარა კომპანიებში, სადაც შესაძლოა მუშაობდნენ კომუნისტები. კონგრესში ყველაზე ცნობილი ორგანო იყო პალატის ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტი(HUAჩ), რომელიც შეიქმნა 1938 წელს და 1950 წლამდე ხელმძღვანელი იყო მარტინ დაისი; წარმატებული იყო სენატის შიდა უსაფრთხოების ქვეკომიტეტი, შექმნილი 1950 წელს, რომელიც დაკავებული იყო საბოტაჟთან დაკავშირებული კანონების შესრულების უზრუნველყოფით, ასევე სენატის მუდმივი გამოძიების კომიტეტი.
1949-1954 წლებში კონგრესის მიერ 109 გამოძიება იქნა ჩატარებული. ამ პროცესებს მხარს უჭერდა მთავრობაც. პრეზიდენტმა ტრუმენმა 1947 წელს შემოიღო ლოიალობის შემოწმების პროგრამა, რაც განავრცო ეიზენჰაუერმა. 1958 წელს გამოითვალეს, რომ ყოველი 5 დასაქმებული პირიდან ერთს მოეთხოვებოდა ჩაებარებინა რაიმე სახის ლოიალობის ტესტი. თუ ადამიანი ერთხელ დაკარგავდა სამუშაოს, ძალიან ძნელი იყო ხელმეორედ დასაქმება. არც ერთი პასუხისმგებელი დამსაქმებელი არ მისცემდა მას სამუშაოს. რადგან გამომძიებელთა დაჟინებით ინფორმატორთა ვინაობა საიდუმლოდ უნდა შეენარჩუნებინათ, შემოწმების მსხვერპლთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, ვინ დაადანაშაულა და რის გამო. თუ მოწმეები არ დაასახელებდნენ ნაცნობი კომუნისტების სახელებს, ან ციხეში აღმოჩნდებოდნენ, ან კიდევ შავ სიაში. ხშირად დაკითხვაზე დაბარების მიზეზი ადამიანის ჰომოსექსუალობაც იყო. გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი უკანონო ქმედებებით ცდილობდა სამხილების მოპოვებას, ხშირად ვერ ახერხებდა ეჭვმიტანილის ბრალეულობის დამტკიცებას. არალეგალურ მოქმედებაში FBI ჩაერთო, კომუნისტებზე ინფორმაციის მოძიება ხორციელდება ელექტრონული ფოსტის გახსნით, მოსმენით, ქურდობით და ა.შ. მაკარტიზმის დროს ასევე დევნას განიცდიდნენ ის ადვოკატები, რომლებიც გაბედავდნენ და შავი სიის წევრებს დაიცავდნენ. ასეთი რამ შეემთხვა ბარტლი კრამს, რომელმაც ამ გამოძიებების გამო კლიენტები დაკარგა, საბოლოოდ კი ვერ გაუძლო ზეწოლას და 1959 წელს თავი მოიკლა.
ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ყველაზე მწვავედ შეეხო დევნა, იყო ჰოლივუდი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1947 წელს კინოინდუსტრიაში მომუშავე რამდენიმე ადამიანი გამოიძახეს პალატის კომიტეტში, რათა გამოეკვლიათ, იგეგმებოდა თუ არა რაიმე სახის კომუნისტური პროპაგანდა ამერიკულ ფილმებში. ამ 49 ადამიანიდან 19-მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ძირითადი კითხვა, რომელსაც მათ უსვამდნენ, იყო ასეთი-ხართ თუ არა ამჟამად ან ყოფილხართ თუ არა ოდესმე კომუნისტური პარტიის წევრი? უმეტესობა ამ ადამიანებისა მართლაც იყო პარტიის წევრი, წარსულსა თუ აწმყოში, მაგრამ ასეთი წევრობა ხომ არასოდეს ყოფილა არალეგალური? 10 ადამიანი, ვინც საბოლოოდ არ მისცა ჩვენება, დაადანაშაულეს კონგრესისადმი უპატივცემულობაში და საქმე გააგრძელეს. ეს ადამიანები თავის დასაცავად იყენებდნენ პირველი შესწორების მიერ მინიჭებულ უფლებას შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, ისინი ამ უფლების დასაცავად ვაშინგტონშიც კი ჩავიდნენ, მაგრამ ამაოდ. ბევრმა კი იმის გამო თქვა უარი ჩვენების მიცემაზე, რომ ეს კინო-ინდუსტრიაზე უკანონო ზეწოლად მიაჩნდა. მათი პროტესტი უშედეგო აღმოქნდა, მათ საკუთარმა კოლეგებმა არ აუბეს მხარი. ოქტომბერში ერთ-ერთი ასოციაციის პრეზიდენტმა, ერიკ ჯონსტონმა, განაცხადა, რომ სამუშაოდან ითხოვდა ე.წ. ჰოლივუდის ათეულს და ამიერიდან აღარ დაასაქმებდა არც ერთ პირს, ვინც თუნდაც ეჭვმიტანილი იქნებოდა კომუნისტობაში. ეს ფაქტი ისტორიაში შევიდა, როგორც ვოლდორფის განცხადება. ამგვარად, პირველი შავი სია ამოქმედდა.
ამ პროცესებს ზოგიერთმა ჰოლივუდის პროფესიონალმაც დაუჭირა მხარი, მათ შორის იყვნენ რონალდ რეიგანი და უოლტ დისნეი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კინო-ინდუსტრიაში საფრთხე სერიოზული იყო. მსახიობები იმის სურვილსაც გამოთქვამდნენ, რომ პირადად მიეღოთ მონაწილეობა კომუნისტთა წინააღმდეგ დევნაში და გაეძევებინათ ისინი უკან რუსეთში. ხელოვანთა ინიციატივა იყო ანტი-კომუნისტური აღქმის დადების დანერგვა. ამ ინიციატივას მხარი კონგრესმაც დაუჭირა.
სასამართლოში, ჰოლივუდის ათეულის საქმის გამოძიებისას, ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტმა ვერ წარადგინა ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ ჰოლივუდი ნამდვილად ახორციელებდა კომუნისტურ პოროპაგანდას, მაგრამ პროცესები უმართავი გახდა. დაიხურა უამრავი სტუდია, რამაც ამ სისტემის ჩავარდნა გამოიწვია. ბევრი ხელოვანი უბრალოდ ქვეყანას ტოვებდა და ევროპაში პოულობდა თავშესაფარს.


1948 წლის გაზაფხულზე ათეულის ყველა წევრი დამნაშავედ სცნეს. შედეგი არ მოიტანა გადაწყვეტილების გასაჩივრებამ და 1950 წელს ამ პიროვნებებმა 1-წლიანი სასჯელის მოხდა დაიწყეს. იმავე წელს, ერთმა მათგანმა, კერძოდ, რეჟისორმა ედვარდ დმიტრიკმა, საჯაროდ აღიარა, რომ ოდესღაც ის იყო კომუნისტი და აცხადებდა, რომ მისცემდა ჩვენებებს სხვათა წინააღმდეგაც, რაც გააკეთა კიდეც და დააბეზღა საკუთარი მეგობარი, ვინც ადრე მისი 4 ფილმი გამოუშვა. იგი დროზე ადრე გაათავისუფლეს და მისი კარიერაც აღდგა, დანარჩენებმა კი ბოლომდე შეინარჩუნეს დუმილი და შედეგად მრავალი წელი ამაოდ ეძებდნენ სამუშაოს. ზოგი საიდუმლოდ განაგრძობდა ჰოლივუდისთვის წერას ან რადიომაუწყებლობაში მუშაობას, ისინი იყენებდნენ ფსევდონიმებს ან მეგობართა სახელებს.
 

ჰოლივუდის შავი სიის განვრცობაში მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ამერიკული ლეგიონი- ომის კონსერვატორი ვეტერანების გაერთიანება, რომელიც ზეწოლას ახორციელებდა ინდუსტრიის ზელმძღვანელებზე, რათა მათ დაეთხოვათ იმგვარი პოლიტიკური სიმპათიების მქონე პირები, რომლებსაც ორგანიზაციის წევრები არ იზიარებდნენ. 1949 წელს ლეგიონის ამერიკანიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა საკუთარი შავი სია 128 ადამიანისა, ვინც თითქოსდა მონაწილეობდა კომუნისტურ შეთქმულებაში. მათ შორის იყო ცნობილი დრამატურგი ლილიან ჰელმანი, რომელმაც სამუშაო 1960 წლამდე ვეღარ იშოვა. 1952 წლის 27 დეკემბერს ამავე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ მოსწონდა ახალი ფილმი მულენ რუჟი, რომელშიც მთავარ როლს ხოსე ფერერი ასრულებდა. კინოსურათი სრულიად აპოლიტიკური იყო. დაშინებულმა ფერერმა, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული ანტი-ამაერიკული საქმიანობის კომიტეტს, დაუყოვნებლივ შეატყობინა ლეგიონის ადგილობრივ მეთაურს, რომ მოხარული იქნებოდა თუ შეუერთდებოდა მათ კომუნზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ლეგიონი გამოძიებისას მთელ რიგ შეცდომებს უშვებდა; 1954 წელს სცენარისტი ლუის პოლოკი, ადამიანი რომლის პოლიტიკურ შეხედულებებზე ან კავშირებზე არავინ არაფერი იცოდა, უეცრად მოხდა სიაში, რადგან ამერიკულმა ლეგიონს იგი აერია კალიფორნიელ მემაუდე ლუის პოლოკში, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
კიდევ ერთი გავლენიანი ჯგუფი იყო ამერიკელი ბიზნეს-კონსულტანტების გაერთიანება, რომელიც გამოსცემდა ყოველკვირეულ კონტრშეტევას , რათა შებრძოლებოდა კომუნიზმს. თუმცა გამომცემლები უარყოფდნენ, მაგრან მათ ნამდვილად ჰქონდათ კავშირი მთავრობასთან, მათთვის ხელმისწვდომი იყო FBI-სა და სხვა საგამოძიებო ორგანოების დოკუმენტაცია. ამ ეჭვს ადასტურებს 1950 წელს გამოცემული ცნობილი პამფლეტი- წითელი არხები, რომელშიც მოცემული იყო გასართობ ინდუსტრიასა თუ რადიომაუწყებლობაში მოღვაწე 151 ადამიანის სია, რომლებსაც ბრალი ედებოდათ კომუნისტურ საქმიანობაში. ეს პამფლეტი იმაზე მიანიშნებდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მოხვდებოდა შავ სიაში.


შავი სიის შედგენაში აქტიურად მონაწილეობდნენ გაზეთის გავლენიანი მიმომხილველები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს სთავაზობდნენ გასართობ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების სიას, რომელნიც უნდა დაკითხულიყვნენ.
1951 წელს კონგრესმა დაიწყო გამოძიების მეორე ტალღა. პარალელურად, იმ ადამიანებმა, ვინც უარს ამბობდნენ ჩვენების მიცემაზე, შეცვალეს თავდაცვის ტაქტიკა და ნაცვლად პირველ ამენდმენტზე დაყრდნობისა, ისინი იმოწმებდნენ მეხუთე შესწორებით მინიჭებულ უფლებას, რაც გულისხმობდა საკუთარი თავის დასაცავად დუმილის შენარჩუნებას. თუმცა ამ საბაბით სახელების დასახელებაზე უარის თქმა თავისთავად იყო გარანტი შავ სიაში მოხვედრისა. ამ პერიოდში ორგვარი სია არსებობდა: ერთი იყო ოფიციალური, შემდგარი მათგან, ვინც დაკითხვაზე გამოიძახეს და უარი თქვა თანამშრომლობაზე და მეორე- ე.წ. ნაცრისფერი სია-ადამიანები, ვისაც უარი ეთქვა სამუშაოზე კომუნისტებთან პიროვნული ან პოლიტიკური კავშირის გამო. თუმცა შედეგები მეტწილად ემთხვეოდა ერთმანეთს.


ბევრი ადამიანი ვერ უძლებდა ზეწოლას და ნებდებოდა. მაგალითად, მსახიობი ლარი პარკსი თავიდან დიდ წინააღმდეგობას უწევდა გამომძიებლებს. ნაფიც მსაჯულთა წინშე მან გაბედულად განაცხადა: ნუ წარმომიდგენთ არჩევანს, რომ ან კონგრესის უპატივცემულობის გამო ჩავჯდე ციხეში ან გავხდე ინფორმატორი და ტალახში ჩავეფლო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არჩევანია, რომ ეს ამერიკულია, ამერიკული სამართალია. საბოლოოდ მან მაინც მისცა ჩვენება. როცა მას ერთ-ერთ მეგობარზე ჰკითხეს, იცნობდა თუ არა, უპასუხა რომ კი, მაგრამ მის პოლიტიკურ მრწამსზე არაფერი სმენოდა. ეს საკმარისი არმოჩნდა იმისთვის, რომ ის მსახიობი სამუშაოს გარეშე დარჩენილიყო.


შავი სიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გახდა ჩარლი ჩაპლინი, რომელიც 1914-1952 წლებში ცხოვრობდა ამერიკაში და მთავარ წარმატებასაც აქ მიაღწია. თუმცა ის ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ბრიტანულ ფესვებს. მაკარტიზმის პერიოდში ჩაპლინი დაადანაშაულეს ანტი-ამერიკულ ქმედებებში, როგორც კომუნისტთა მხარდამჭერი. მასზე ზეწოლამ კრიტიკულ დონეს მიაღწია 40-იანი წლების ბოლოს, როცა კონგრესი მის სასამართლოში დაბარებასაც კი აპირებდა. თუმცა ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ გამომძიებლებს ეშინოდათ ჩაპლინის მწარე იუმორისა. როგორც აღმოჩნდა, ეს საკმაოდ ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩაპლინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თუ მას გამოუძახებდნენ, თავისი მაწანწალის კოსტუმით გამოცხადდებოდა, რაც ნამდვილად დიდ ხმაურს გამოიწვევდა. 1952 წელს ჩაპლინმა დატოვა შტატები და გაემგზავრა ბრიტანეთში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც თავად წერდა, ომის დასრულების შემდგომ, იგი გახდა სამიზნე ტყუილებისა და პროპაგანდისა იმ ძლევამოსილი ჯგუფების მიერ, ვინც შექმნა არაჯანსაღი ატმოსფერო, რომელშიც ლიბერალურად მოაზროვნე პიროვნებები დევნის საგნები ხდებოდნენ.
პალატის ანტიამერიკული საქმიანობის კომიტეტი წარმატებით ანგრევდა ოჯახებს. მაგალითად, სცენარისტმა რიჩარდ კოლინსმა დაკითხვაზე საკუთარი ცოლი- მსახიობი დოროთი კომინგორი და საკუთარი ვაჟი დაასმინა. ქალმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ქმარს გაეყარა. საბოლოოდ, ის ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. მათი ოჯახის ტრაგიკული ისტორია დრამატიზირებულ იქნა ფილმში- ეჭვით დამნაშავე , 1991 წელს.


ამგვარი ტრაგედიები მრავლად ახლდა თან მაკარტიზმს. როგორც ისტორიკოსები აღწერენ, ნაადრევი დამბლა და გულის შეტევები ჩვეულებრივი რამ იყო შავი სიის წევრებისთვის, სმასთან ერთად, რაც თვითმკვლელობის ერთგვარი ვარიაცია იყო.
ხელოვანთა ნაწილმა სცადა მაკარტიზმს ხელოვნებითვე შებრძოლებოდა, მათგან აღნიშვნის ღირსია არტურ მილერი და მისი პიესა ბრძმედი. თავად ავტორი 1952 წელს დაიბარეს დაკითხვაზე, მაგრამ მილერმა ჩვენების მიცემაზე უარი Gანაცხადა. 1952 წელს მან გამოიყენა სეილემის ჯადოქართა დევნა, როგორც მეტაფორა მაკარტიზმისა.Aავტორს სურდა ეჩვენებინა, რომ მაკატიზმის სტილის დევნა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროსა და ადგილას. პიესის პრემიერა შედგა ბროდვეიზე 1953 წლის 22 იანვარს. თავდაპირველად იგი შეაფასეს, როგორც მტრული, თუმცა 1 წლის შემდეგ ახალი დადგმა წარმატებული არმოჩნდა.
პიველი ჰოლივუდური ფილმი, რომელმაც აშკარად გააკრიტიკა მაკარტიზმი, გამოვიდა 1956 წელს-შტორმ ჩენტერ. მასში მთავარ როლს თამაშობდა ბეტი დევისი, განასახიერებდა რა პატარა ქალაქის ბიბლიოთეკარს, რომელმაც პრინციპულად განაცხადა უარი თაროებიდან წიგნის კომუნისტური ოცნება ჩამოღებაზე.


შავი სიის დარღვევაში მთავარი როლი ითამაშა ჯონ ჰენრი ფოლკმა, რომელიც იყო ერთ-ერთი რადიოშოუს წამყვანი. როდესაც ერთმა კერძო ფირმამ დაასახელა იგი კომუნისტად, ფოლკი რადიოდან დაათხოვეს. იგი იყო თითქმის ერთადერთი ადამიანი, ვინც გადაწყვიტა სასამართლოში ეჩივლა 1957 წელს. თუმცა წლების მანძილზე საქმე სასამართლოდან სასამართლოში გადადიოდა და მხოლოდ 1962 წელს დასრულდა ჰენრი ფოლკის მოგებით, თვითონ სარჩელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომ იწყებოდა შავი სიისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაერფრთხილებინა შავი სიის შემქმნელები, ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი პროფესიონალურ და ფინანსურ ზარალზე, რასაც სიის მსხვერპლებს აყენებდნენ.
ამ დადგენილებით წაქეზებულმა ხელოვანებმა უკვე აშკარად დაიწყეს შავი სიის დარღვევა. 1958 წლის 30 ნოემბერს დაიდგა სპექტაკლი შავი სიის ერთ-ერთი წევრის, კომუნისტ მაკკენის მოთხრობების საფუძველზე. 1960 წლის იანვარში კი რეჟისორმა ოტო პრემინგერმა განაცხადა, რომ მისი მომდევნო ფილმის -ეხოდუს რეჟისორი იქნებოდა Dალტონ ტრამბო, ცნობილი ათეულის ერთ-ერთი წევრი. შავი სია უთუოდ ბოლოსაკენ მიდიოდა, თუმცა მისი გავლენა წლების მანძილზე იგრძნობოდა.

ჰოლივუდის პარალელურად, მდგომარეობა იცვლებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. მაკარტს სულ უფრო და უფრო ბევრი კრიტიკოსიც ყავდა. მათ შორის, არალიბერალები. მაგალითად, პრეზიდენტი ტრუმენი წერდა: თავისუფალ საუკუნეში ჩვენ ვსჯით ადამიანებს იმ დანაშაულთა გამო რაც ჩაიდინეს, მაგრამ არასოდეს იმ შეხედულებათა გამო, რაც გააჩნიათ. ხოლო როცა იგი უკვე აღარ იყო ადმინისტრაციაში, მის მემკვიდრეს, ეიზენჰაუერს აკრიტიკებდა: აშკარაა, რომ ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ აიტაცა მაკარტიზმი, რაც არის სიმართლის დამახინჯება კი არა, დიდი ტყუილის გამოყენება, უსაფუძვლო ბრალდება ამერიკანიზმის სახელით. ეს არის ძალაუფლებაში დემაგოგის მოსვლა, ვინც სიცრუით ცხოვრობს, ეს არის შიშის დანერგვა და რწმენის დანგრევა საზოგადოების ყველა ფენაში. მოწინააღმდეგე ბევრი იყო სენატის შიგნითაც. 1950 წლის 1 ივნისს რესპუბლიკერი სენატორი მარგარეტ ჩეის სმიტი კოლეგების წინაშე გამოვიდა თავისი ცნობილი ცნობიერების დეკლარაციით, რომლითაც აშკარად თავს ესხმოდა მაკარტიზმს და ხაზს უსვამდა ამერიკანიზმის მთავარ პრინციპებს: დამოუკიდებელ აზრს, კრიტიკის, პროტესტის და არაპოპულარული რწმენის ქონის უფლებას.


მაკარტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპონენტი იყო ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ედვარდ მაროუ. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა მაკარტიზმის დასრულება. 1954 წელს მან თავის შოუში პირადად გააკრიტიკა მაკარტი, აჩვენა რა ნაწყვეტები სენატორის გამოსვლებიდან, ხალხს დაანხა მისი რეალური სახე. მაროუმ მოუწოდა ამერიკელებს, არ ევლოთ ერთმანეთისადმი შიშით, გაეხსენებინათ, რომ ისინი არ იყვნენ ბუნებით მშიშარა ადამიანთა შთამომავლები. ეს გადაცემა მიჩნეულია უმნიშვნელოვანესად მაკარტის საქმიანობისთვის წერტილის დასმაში.


გარდა ამისა, 50-იანი წლების ბოლოსკენ ამერიკელი ერის დამოკიდებულება მაკარტიზმისადმი ნელ-ნელა შეიცვალა. ამაში ასევე დიდი წვლილი იქონია სასამართლო გადაწყვეტილებათა სერიამ. 1957 წელს უზენაესმა სასამართლომ შეკვეცა კომიტეტის ძალაუფლება დაესაჯა მოწმე, რომელიც თანამშრომლობაზე იტყოდა უარს, კონგრესისადმი უპატივცემლობის მიზეზით. მოსამართლე ვორენი წერდა: მოწმის სასამართლოში გამოძახება და იძულება, მისცეს ჩვენება, არაკონსტიტუციურია.
ამასობაში,Mმაკარტის საქმიანობა გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მან დაიწყო საზღვარგარეთ საბიბლიოთეკო პროგრამაში ჩართული პირების კვლევა. მისი ზეწოლით დეპარტამენტმა უბრძანა ბიბლიოთეკარებს, ჩამოეღოთ თაროებით ნებისმიერი კომუნისტის, ახალგაზრდა მოგზაურის ან საჭვო პირის მიერ დაწერილი მასალა. აკრძალულ წიგნებს ბიბლიოთეკარები უბრალოდ წვავდნენ ხოლმე, მათ სიაში რობინ ჰუდიც კი მოხვდა.


ამასობაში, მაკარტი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაიწყო გამოძიება ამერიკულ არმიაში, ამტკიცებდა რა, რომ აქ ჯაშუშები იმალებოდნენ, მაგრამ გამოძიებამ ვერაფერი აღმოაჩინა. ეს ფაქტი საბედისწერო არმოჩნდა როგორც პირადად მისთვის, ასევე მის მიერ დაწყებული პროცესებისთვის. გაცოფებულმა ეიზენჰაუერმა გააცნობიერა, რომ უკვე დრო იყო, ბოლო მოეღო მაკარტის ქმედებებისთვის. პრეზიდენტმა დაავალა ვიცე-პრეზიდენტ ნიქსონს დაეწყო მაკარტის საწინააღმდეგო კამპანია. არმიამ ინფორმაცია გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ გადასცა მაკარტის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებს; სხვა ადამიანებიც, რომლებსაც ადრე ეშინოდათ ხმის ამოღებისა, შეუერთდნენ ამ კამნპანიას. სწორედ აქედან დაიწო მაკარტის პოპულარობის შესუსტება. სენატმა მას თანამდებობა დაატოვებინა 1954 წელს და სამ წელში სენატორი ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. თუმცა მაკარტიზმი იყო ბევრად მეტი, ვიდრე ერთი ვისკონსინელი სენატორის კარიერა. ბევრი აცხადებს, რომ მაკარტიზმი ამით არ დასრულებულა და ცივი ომის ბოლომდე გაგრძელდა.
 

მაკარტიზმი ყურადღებას იქცევს, როგორც წმინდად ისტორიული საკითხი. საბჭოთა დოკუმენტების შესწავლით ვიგებთ, რომ ამერიკელთა შიში მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა და 1940-იან წლებში საბჭოთა კავშირი ნამდვილად ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას აშშ-ში. ყველაფრის მიუხედავად, იმის მტკიცება, რომ კომუნისტები ნამდვილად იყენებდნენ ჰოლივუდს, ძნელია. ვერც კომიტეტის მიერწარმოდგენილი დამამტკიცებელი საბუთები იყო დამაჯერებელი. ერთი მსახიობი მხოლოდ იმის გამო დაადანაშაულეს კომუნიზმში, რომ ერთ-ერთ ფილმში ინტერმაციონალს უსტვენდა. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბევრი ხელოვანი იმიტომ შეუერთდა ადგილობრივ კომუნისტურ პარტიას, რომ ის სთავაზობდა ფართო პროფესიულ შესაძლებლობებს; მაგალითად, კომუნისტებს ჰქონდათ პატივსაცემი სცენარისტებისაგან შემდგარი საბჭო, რომლებიც ნებისმიერი დამწყების ნამუშევარს აფასებდა, შესაძლოა ზოგჯერე დოგმატურად, მაგრამ ეს მაინც სასარგებლო იყო. ამგვარად, საფრთხე, რომელიც ენიჭებოდა ამა თუ იმ პიროვნებას ხშირად იყო გადაჭარბებული. ძნელია გამოიანგარიშო მაკარტიზმის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა. დაპატიმრებულთა რიცხვი ასეულობით იყო, ხოლო 10-12 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. კინოინდუსტრიაში კი 300-მდე მსახიობი, ავტორი თუ რეჟისორი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხოლო მათ, ვინც სხვათა დასმენით გადაირჩინეს კარიერა, წლების მანძილზე უწევდან მტკიცება, რომ ეთიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ბევრი კი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა სინდისის ქენჯნას.


ცხადია, რომ ქვეყანაში მაკარტიზმმა უფრი დიდი ზარალი მიაყენა კონსტიტუციას, ვიდრე ამერიკულმა კომუნისტურმა პარტიამ ოდესმე. მაკარტიზმის უდიდესი ეფექტი იყო ანტი-დემოკრატიული ატმოსფეროს შექმნა. ყველა, ვინც იყო ლიბერალი, სამოქალაქო უფლებათა დამცველი, ებრალებოდა ღარიბები, ავტომატურად ითვლებოდა, რომ იყო კომუნისტი. როგორც მოსამართლე ვორენი აცხადებდა, ამ პერიოდში უფლებათა ბილიც კი ვერ მოაგროვებდა საჭირო რაოდენობის დამცველებს.
თუმცა მაკარტზმი შეიძლება მოგვეჩვენოს მხოლოდ ისტორიისათვის საინტერესო საგნად, მაგრამ პოლიტიკური კურსი, რომელიც მან შექმნა, ბევრის აზრით, დღესაც გამოიყენება. არსებობს შეხედულება, რომ გარკვეული მსგავსების ნახვაა შესაძლებელი იმდროინდელ კომუნისტების დევნასა და დღეს მუსლიმთა და ტერორისტთა წინააღმდეგ მიმართულQქმედებებში.
ამგვარად, ის პროცესები რომელიც თავიდან ერთმა რიგითმა სენატორმა დაიწყო, დიდ ადამიანურ ტრაგედიასა და უსამართლო ქმედებების მთელ სერიაში გადაიზარდა, შეიწირა უამრავი პიროვნების კარიერა, პატიოსნება, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი. მაკარტიზმი ამერიკის ისტორიაში დიდი შავი ლაქაა.



index.htm

Используются технологии uCoz